წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

Sex and the City რუსთავი 2-ზე

თუკი თქვენთვის ჯერ ტვინი არ გამიბურღავს  ფრაზებით სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”-დან, ე.ი. ზედაპირული ურთიერთობა გვქონია და უბრალოდ, ვერ მოვასწარი:) ჩემი ამ სერიალით აღფრთოვანების ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია, მიყვარს. ძალიან თან.

ამიტომ, როცა მორიგი ფარცხისური ვოიაჟიდან დაბრუნებულს, ელკამ მახარა, რომ მე-6 სეზონის რამდენიმე სერია იყო სათარგმნი რუსთავი 2-სთვის, დაახლობით ის გრძნობა განვიცადე, რაც შარლოტამ დაფეხმძიმებისას:) ასეა თუ ისეა, სერიალის ზეპირად ცოდნის მიუხედავად, ადგილ-ადგილ მაინც რთული სათარგმნი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ის მომენტები, რომელთა ქართული შესატყვისი საერთოდ არ გვაქვს, იუმორი კი შესანარჩუნებელი იყო.

მოკლედ, ჩემი და რამდენიმე ადამიანის აზრით /რომლებმაც თარგმანის საბოლოო ვარიანტი წაიკითხეს/, მისია წარმატებით შევასრულე:) აქვე დავდებ იმ სერიების სიას, რომლებიც ჩემი გაკეთებულია:)) როდის გავლენ ეთერში ჯერ არ ვიცი. როცა გამოვთვლი, მივუწერ გვერდზე:))

სეზონი 6

  • ეპიზოდი 08 – დაჭერა
  • ეპიზოდი 09 – ქალს აქვს უფლება ფეხსაცმელი იქონიოს
  • ეპიზოდი 13 – დაე, იყოს სინათლე!
  • ეპიზოდი 14 – “ფუ!”-ს ფაქტორი
  • ეპიზოდი 15 – 38 წლის ქალი
  • ეპიზოდი 16 – საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეცი
  • ეპიზოდი 17 – ცივი ომი
  • ეპიზოდი 18 – ტყლაშ!
  • ეპიზოდი 19 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი პირველი)
  • ეპიზოდი 20 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი მეორე)

და როგორც ფეისბუქის სტატუსში დავწერე – მლანძღეთ!:)))

Kiss My Name (დამოკიდებულებები)

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე ფარცხისში, ოჯახის ყველა მოქმედ წევრთან ერთად აღმოჩენილს, ფიქრების ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მამოძრავებდა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ იმაზე საშინელება, ვიდრე მეტ-ნაკლებად ბოჰემური ცხოვრების მოყვარულს, ისეთი ბანალური ინსტიტუტით, როგორიცაა ქორწინება, თავის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდო, შეიძლება მხოლოდ ახლადშექმნილ თინეიჯერულ თემთან ერთად თანაარსებობა იყოს, რომელთა აზრები გარშემო მცხოვრებთა მატერიალური მონაპოვრების, სხვა ორფეხა არსებობის ქვედა კიდურების, მშობლების ხარჯით უსაქმურობისგან დასვენებისა და რემონტის კეთების თუ სხვა, ჩემთვის სრულიად შორეული, საკითხების განხილვას ეთმობა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტში, დაუმსახურებელი სიყვარულისა თუ ყურადღების მორევში გაბრუებულმა, პერმა-რეგულარული მეორე ნახევრის შეძენაც კი გავიფიქრე. თუმცა, ყოველივე ეს ძალიან ჩამოგავდა სამიოდე კვირის წინ, მანგლისში, მამა გაბრიელზე მოგონებების კითხვისას, სასულიერო აკადემიაში სწავლა-განათლების მიღების რამდენიმეწუთიან სურვილს, რომელიც იმ დროს, წიგნში მსუფევი სასწაულმოქმედი ჯადოსნური სამყაროთი იყო ფორსირებული.

გავაცნობიერე რა, რომ ასე მარტივად არაფერი იცვლება, ამჯერადაც გადავწყვიტე, რომ ყველანაირი რადიკალური ნაბიჯი უკვე დაგვიანებული იყო; და რომ არც მეზობლებთან სატრაბახოდ აწ უკვე მივიწყებული “ზალას” ფუნქციის აღდგენა და არც “მაღალი” გურჯმოდის ბოლო ტენდენციის მხარის ასაბმელად — “ხატების კუთხის” მოწყობა, ვერ მაქცევდა პერიოდულად-ასე-ძლიერ-სასურველ რიგით, არაინდივიდუალურ, ჯგუფურ თანამემამულედ.

ასეა თუ ისეა, მტრის ბანაკში მოხვედრილს, მხოლოდ თანამოაზრეებთან ჯანსაღი დიალოგი თუ მიშველიდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არაამქვეყნიური სიკეთის, პატიოსნების, ერთგულების, შრომისუნარიანობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების თუ სხვა ჩემთვის მისაღები თვისებების ეტალონი, რომელიც უკანასკნელი სამწლედის განმავლობაში, ჩემს მენტორად, სულიერ მეგობრად და ერთი სიტყვით, უახლოეს ადამიანად იქცა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ღამეს დროებითი დაკავების იზოლატორში ათევდა.

და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ახალადადუღებული ყავა ყვე… შარვალზე გადამესხა და აზრზე მომიყვანა, მივხდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ცოლებიც ღალატობენ, სასულიერო პირებიც მასტურბირებენ, ინტელექტუალებიც ხვდებიან ოთხ კედელში, საყვარელი შემსრულებლებიც უშვებენ ყლეურ ალბომებს და საერთოდ, “სწორი” ცხოვრების შემეცნებისგან გამოწვეული “გვერდითი მოვლენების” მიუხედავად, მე სულაც არ ვარ ისეთი ცუდი, როგორიც თავი მგონია /ხოლმე/.

What Me Worry? [ჩარეცხა დედის მუტელი]

იყო და არა იყო რა, იყო ერთი რიგითი ჯადოქარი, რომელსაც ერთი არაჩვეულებრივი თვისება ქონდა: მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ლამაზ გოგონებს მარგალიტებად აქცევდა, ხოლო შემდეგ ამ ძვირფას ქვებს ჯიბეში იწყობდა და ინახავდა. ერთხელ, როცა ზემოხსენებული ჯადოქარი მანგლისს უფრენდა თავზე, ორი მარგალიტი გადმოუცვივდა და ასე და ამგვარად, ჩვენს სუფრაზე, სადაც მე და კროკერი საზამთროსგან დარჩენილ ბოლო ნაჭრებს ვშთანთქავდით, აღმოჩნდნენ ეკა და სალომე. ამ ველური ისტორიის დასრულების შემდეგ, ეკამ, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ისტერიულ სიცილს ძლივს — მაგრამ მაინც — იკავებდა, მანდილოსნების სადღეგრძელო შესვა. ჭიქაში კი ის არაყი ესხა, რომელიც იმავე შუადღეს, ნაბახუსევზე, მე და კროკერმა, ლომინაშვილების საგვარეულო აბაზანის ჯართში ჩაბარების შედეგად მოპოვებული 12 ლარით ვიყიდეთ. ამ ჟანრის ისტორიების სიუხვის მიუხედავად, თავიდან არ ამომდიოდა აზრი იმის შესახებ, რომ არაფერი მეშველება მანამ, სანამ ალკოჰოლური სუბსტანციებით რიგიანად გაჟღენთილი, ყველა ახლადგაცნობილ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ “ოდნოკლასნიკებსა” თუ “ფეისბუქზე” მოციმციმე პოტენციურ “ფრენდებად” წარმოვიდგენ; სანამ არ შევწყვეტ ყოველივე ამის გააზრებისგან რაღაც ავადმყოფური სიამოვნების მიღებას — თითქოს, პლიუს ერთი მეგობარი სოციალურ ქსელებში შენს ამ პლანეტაზე მოღვაწეობას რაიმე ფუნდამენტური გზით ამართლებდეს. თუმცა, რატომ უნდა ამართლებდეს რაიმე სულიერი ან სულიერთა ერთობა შენს რაობას საერთოდ? ეს ხომ, როგორც წესი, შენი სიკვდილის შემდეგ კაცობრიობისთვის ნაანდერძევი სხვადასხვა მატერიალური ნივთი ან რაიმე სახის საქციელია, რომელიც ცოტათი მაინც გაზვიადებულ ლეგენდად გაქცევს; ხალხი რა შუაშია, საერთოდ?

Continue reading

Рефлексия

Рефлексия – это осознание 6-ти частей своей личности:

Я «сам собой» + Я «на людях» + «Крутой» Я + Я «сам собой» в восприятии другого + Я «на людях» в голове другого + Я «крутой» в воприятии другого.

– ეს ერთ-ერთ იმ ტერმინთაგანია, რომელიც ჩემი სამდღიანი ქალაქში არყოფნის მანძილზე ჩემს მიერ საგულდაგულოდ მომზადებული “საზოგადოებათმცოდნეობის” სახელმძღვანელოდან ავითვისე. თუმცა 213 გვერდის მაგივრად, მხოლოდ 40 გვერდის დაძლევა შევძელი, მაგრამ ყველაფერი წინაა, რადგან შევთანხმდით, რომ ვოიაჟი შემდეგ კვირაშიც იგივე ფორმატში ჩაივლის.

Continue reading

ურბანული კრიზისები და მათგან თავის დაღწევის ხერხები

პოსტის სათაურიდან გამომდინარე, თითქოს, წესით, რაღაც სახელმძღვანელო უნდა დამეწერა მათთვის, ვისაც ქალაქური ცხოვრებისგან გადაღლილს თუ ურბანული თავისებურებებებით განგაღიზიანებულს, ამ კრისიზისიდან გამოსვლის გზების პოვნაში და ყველაფრის დროებით დავიწყებაში დავეხმარებოდი. თუმცა, ყოველდღიური ყელშიამოსული თბილისური ყოფისგან დასვენებას ამჯერად თავად ვაპირებ, რაშიც ჩემი მფარველი ანგელოზი – ლოლა, როგორც ყოველთვის, დროულად დამეხმარა ინიციატივით.

დიახ, კვირას საღამომდე მივდივართ აგარაკზე…

…არანაირი ინტერნეტი, არანაირი ტელევიზორი, არანაირი ტელეფონი… მხოლოდ ბუნება, ყვავილები, ბალახები, ძროხის ნაკელი, ღორების სუნი, მამლების ყივილი და ყოველთვის უდროო კბილის ტკივილი, თანაც, როცა არანაირი წამალი გარშემო არ მოგეპოვება. თუმცა, ამაშიც არის თავისებური ეგზოტიკა…

კომპიუტერიდან მომწყდარი კი, საკუთარი თავის განათლებას და წინასწარ გამზადებული საზოგადოებათმცოდნეობის 213-გვერდიანი სახელმძღვანელოს წაკითხვას ვაპირებ… და კიდევ, ბევრი ჰოლანდიური ყველის ჭამას:))