Chi non viaggia a Capodanno..

პრინციპში, ახალი 2013 წლის შესახვედრად იდეა და შესაძლებლობაც ბევრი იყო. რომანწიული პარიზი; რომი – რომელშიც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი, იგივე მილანი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში უფრო მეტჯერ მოვინახულე, ვიდრე ჩემი აგარაკი – მთელი ჩემი ზრდასრულობის მანძილზე. შედარებით ნაკლებადპერსპექტიული საოცნებო სკანდინავიური ქალაქები იყო. თუმცა ელემენტარული მონდომებით, მაინც მგონია, რომ არაფერი არარეალური არ არსებობს და სკანდინავიის მიწაზეც შეიძლებოდა ფეხის დადგმა.

ასეა თუ ისეა, ბევრი განხილვის, წაკითხულის, გაგებულის და აწონ-დაწონვის შემდეგ, 2013 წლის შემობიჯების აღსანიშნავად, არჩევანი იტალიის ემილია-რომანიის ქალაქ ბოლონიაზე შევაჩერე. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სადღაც ამოვიკითხე, თურმე ბოლონიური ტრადიციის მიხედვით, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს, პიაცა მაჯორეზე შეკრებილი ქალაქის მცხოვრებნი და მათი სტუმრები ახალ წელს ე.წ. “ვეკიონეს” დაწვით აღნიშნავენ. ეს “ვეკიონე” კი უზარმაზარი ქანდაკებაა, რომელსაც ყოველ წელს სხვადასხვა ადგილობრივი ხელოვანი ქმნის და თავისი არსით, გასულ წელს აღნიშნავს. და რადგან ჩემი იმდროინდელი ინფორმაციით, ახალ წელს სხვაგან არსად არაფერს არ წვავდნენ, ამ სანახაობით ტკბობის ინტერესმა ყველა დანარჩენი ოპცია გადაწონა. თანაც, გრანდიოზული სტატიის გაშალაშინებასაც ვაპირებდი, რომელსაც დღის სინათლე დღემდე არ უხილავს, მაგრამ მაინც…

და რადგან ვიცოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ბოლონიით ვერ შემოვიფარგლებოდი და მილანში კიდევ ერთხელ ჩასვლა არ ამცდებოდა, საახალწლო ვოიაჟისთვის სპეციალური სამკუთხა მარშრუტი შევიმუშავე: მილანი – მოდენა – ბოლონია – რიმინი – სან მარინო – პადუა – ვენეცია – მილანი.

ny-trip

მილანი

მილანზე კარგს არაფერს დავწერ, რადგან ახლობელი ადამიანების გარდა, ამ ქალაქთან ემოციურად არაფერი მაკავშირებს და თუკი ოდესღაც რაიმე განმიცდია ჩრდილოეთ იტალიის ამ დედაქალაქში, მაგალითად – პირველი შთაბეჭდილებები – ყოველივე ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ახლა უკვე დავიწყებას მიეცა. მთლიან ჯამში, ეს ქალაქი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც საყიდლებზე სიარული, გართობა, ზედმეტი ფულის გადაყრა და თავშიავარდნილობასთან გამკლავება სურს. რაღაცით “ბელლა მადუნინა”, ზოგადად, საფრანგეთთან და ფრანგი ხალხის შესახებ არსებულ სტერეოტიპებთან ილინკება. შესაბამისად, კულინარიული აღმოჩენების, არქიტექტურული ნიმუშების, თავგადასავლების თუ სულიერი საზრდოს მაძიებელთათვის იტალიაში ბევრი სხვა, გაცილებით უკეთესი ქალაქი არსებობს, თუნდაც იმავე მილანის შორიახლოს. და ყველაფერი ამის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ მილანში ჩასულს, ერთი სული მქონდა, როდის გავაღწევდი იქიდან.

მოდენა

ny-trip-01

მოდენა ჩემ მიერ მოსანახულებელი ქალაქების სიაში მოხვდა მხოლოდ იმის გამო, რომ მილანსა და ბოლონიას შორის მდებარეობდა და თუ სწორად მახსოვს, Lonely Planet-ის წიგნი იძლეოდა მასში ვიზიტის რეკომენდაციას. იმავე წიგნში იყო ქალაქი პარმაც, რომელიც მინდოდა იმავე დღეს მენახა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველი პარმეზანი მის სამშობლოშივე გამესინჯა. თუმცა იაფიანი მატარებლების ბილეთები მხოლოდ კონკრეტული საათებისთვის იშოვებოდა და შესაბამისად, ორივე ქალაქის ერთ დღეში ნახვა ბიუჯეტიდან აცდენას გამოიწვევდა. ამიტომ მხოლოდ მოდენაზე შევჩერდი, სადაც ყველაფერთან ერთად, ჩემს მეგობარს თავისი მეგობარი უნდა ენახა, რადგან რომ არ ენახა, ტეხავდა.

მთლიანობაში, მოდენა პატარა, საყვარელი იტალიური ქალაქია, რომელიც დეკემბრის ბოლოსკენ არც ტურისტების და არც ადგილობრივების სიუხვით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, ქუჩაში სიარულისას ისეთი ექო გაისმოდა, რომ არავის გაუჩნდებოდა კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა მოდენაში დაბადებული ვინმე ლუჩიანო პავაროტი ის პავაროტი, ასეთი აკუსტიკის პირობებში. სამაგიეროდ, ბევრი იყო ჰაერში გადაჭიმული ელსადენი, იქნებოდა ეს ტროლეიბუსის ხაზი თუ სხვა დანიშნულების კაბელი, თუმცა არც ისტორიული შენობა-ნაგებობა იყო ნაკლები.

ბოლონია

ny-trip-02

მოდენას შემდეგ, იმავე დღეს, ანუ კალენდარულად, 2012 წლის 30 დეკემბერს ბოლონიაში ჩავაღწიეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი უნივერსალური სასტუმროების დასაჯავშნი საიტი – Booking.com არაფერში გამომადგა, რადგან ხელმისაწვდომი სასტუმროები ჩემი ბიუჯეტისთვის ხელმიუწვდომელი იყო და ის, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, ყოყმანისა და “ჰა, ჯანდაბის” შემდეგ, ბოლონიის ისტორიული ცენტრიდან კარგად მოშორებით მდებარეობდა. მაშველად ალფრედომ საიტი www.bbitalia.it მომივლინა, რომელიც, თურმე, ძალიან პოპულარული ყოფილა იტალიაში და რომლის არსებობის შესახებაც, ცხადია, საერთოდ არაფერი ვიცოდი.

საერთოდ არაფერი ვიცოდი ბოლონიის შესახებაც. ნუ, გარდა იმისა, რომ აქ ახალ წელს ქალაქის ცენტრში გიგანტურ თოჯინებს წვავდნენ. შესაბამისად, ყველაფერი სასიამოვნოდ მაოცებდა. განსაკუთრებით კი ის გამიხარდა, რომ ბოლონიაში გვიან ღამით ჩასულებს, ავტობუსების განრიგში გარკვევა არ მოგვიწია და სასტუმროს მეპატრონე და მისი მეუღლე საკუთარი ავტომობილით დაგვხვდნენ რკინიგზის სადგურზე. სიცილიელები იყვნენ.

ბოლონია სტუდენტური ქალაქია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრ მთვრალ ერთმანეთში მოჩხუბარ, გზაზე გაწოლილ ან უმეტეს შემთხვევაში – მყვირალა შესაბამისადჩაცმულ ახალგაზრდას აღმოაჩენთ. თუმცა ადგილობრივები, ზოგადად, მეგობრულები არიან და ამასთან ერთად, ბოლონიის პროვინციის დედაქალაქი შთამბეჭდავი შუასაუკუნეებისდროინდელი არქიტექტურით და თვალისთვის სასიამოვნო ვიწრო თუ ფართე ქუჩებით გამოირჩევა. და როგორც ყველა ტიპური ძველი ქალაქი ევროპაში, მკვეთრად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებით – ოდესღაც არსებული ქალაქის გალავნის შიგნით თუ გარეთ.

ბოლონიაში, პირველად გავსინჯე ტორტელინი ბულიონში, ანუ ორიგინალში – tortellini in brodo, და ადილობრივი პონჩიკისმაგვარი gnocco fritto, რომელიც არც ვიცი, როგორ ითარგმნება, მაგრამ სხვადასხვა ყველთან და ძეხვეულთან ერთად იჭმევა. ვჭამეთ ასევე ტურისტების დასაგოიმებელ დაწესებულებაში უძვირესი პიცა, მაგრამ ახალი წლის ღამე იყო და გვეპატიება. აღმოვაჩინე, რომ იტალიელებსაც ქონიათ სვანური კოშკები და ორი მათგანი ბოლონიის სიმბოლოდ ითვლება. თუმცა, სანამ ქალაქის ლამაზი ხედებით ტკბობისთვის 97-მეტრიანი ასინელის კოშკის ფეხით დაპყრობას გადაწყვეტდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივი თქმულების მიხედვით, ის, ვინც კოშკზე ავა, ვერასოდეს დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. ალფრედოს თებერვალში ქონდა დაგეგმილი უნივერსიტეტის დამთავრება. კოშკზე ჩემთან ერთად ამოძვრა და ამ თუ სხვა მიზეზის გამო, სასწავლებლის დამთავრება ზაფხულში მოუწია.

კიდევ ერთი საინტერესო ადგილი სანტო სტეფანოს ბაზილიკა იყო. უფრო კონკრეტულად კი – მისი შიდა ეზო, სადაც შადრევანი დგას. ისევ და ისევ ადგილობრივი თქმულების თანახმად, ეს სწორედ ის შადრევანია, რომელშიც პონტოელმა პილატემ ხელი დაიბანა მას შემდეგ, რაც იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ცხადია, ეს ყველაფერი ბოლონიაში არ მომხდარა და ვიღაცამ, რაღაც ეტაპზე, ეს შადრევანი ქალაქში ჩამოიტანა. თუმცა დეტალებს არ ჩავძიებივარ.

ბოლონიური ახალი წელი, მოლოდინისამებრ, შთამბეჭდავი იყო და არა მხოლოდ სანახაობრივად, არამედ მუსიკალური გაფორმებითაც. სადღაც საღამოს 10 საათიდან დაწყებული მუსიკალური პროგრამა გაჯერებული იყო მძიმე დასავლური როკ-ჰანგებითა და ჰიპ-ჰოპ ელემენტებით. სადღაც გულის სიღრმეში მაინც მეგონა, რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო და შუაღამის მოახლოებასთან ერთად, აჟღერდებოდა ტკბილი იტალიური მელოდიები ან, უკიდურეს შემთხვევაში, ABBA-ს “Happy New Year”. მაგრამ, არა. 12 საათს კურანტებმა Beastie Boys-ის “Sabotage”-ის ფონზე ჩამოკრა. დაუმატეთ ამას ვეებერთელა ცეცხლწაკიდებული თოჯინა მოედნის ცენტრში, აგრესიულად მოცეკვავე-მოხტუნავე თინეიჯერთა ჯგრო და ამავე ჯგროის შიგნით გახსნილი წინასწარ კარგად შენჯღრეული შამპანურის ბოთლები და უზარმაზარი ზომის საახალწლო მაშხალები – მივიღებთ იმ სურათს, რომლის ფონზეც შევხვდი ახალ, 2013 წელს. რაა დასამალი – ეს დღემდე ჩემი ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი იყო და, ალბათ, ეს შეგრძნება კიდევ კარგა ხანს გასტანს.

რიმინი

ny-trip-03

მხოლოდ ის გარემოება, რომ რიმინი იტალიის ყველაზე ცნობილი და შესაბამისად, პოპულარული ზღვისპირა კურორტია, უკვე ბევრზე მეტყველებს. ეს ფაქტი დაუსწრებლად გამზადებს ოქროსფერი ქვიშის, შეზლონგებისა თუ ბუნგალოების რიგების და ათასი კარგი თუ არც ისე კარგი კლუბის ხილვისთვის. და როდესაც ადრიატიკის ზღვის ამ მშვენებაში ჩააღწევ, ყველა შენი მოლოდინი მართლდება.

მეშინია წარმოვიდგინო, რა ხდება აქ ზაფხულის თვეებში. ჩვენ რიმინიში ბედობაზე, 2 იანვარს ჩავედით. თუმცა, ამის მიუხედავად, ზამთარში დაცარიელებულ ქობულეთთან პარალელის გავლება ადვილად შეიძლებოდა. განსაკუთრებით კი, როდესაც 15-კილომეტრიანი სანაპირო ხაზის გასწვრივ, პატარ-პატარა მაღაზიები და კაფეები დავინახე, რომლებშიც სეზონზე, სავარაუდოდ, გასაბერი კამერები და ზღვაზე დასვენებისთვის აუცილებელი ათასი წვრილმანი იყიდება.

ის, რაც არცერთ ტურისტულ მეგზურში არ ეწერება, არის ის, რომ ფედერიკო ფელინის ეს მშობლიური ქალაქი რუსეთის ფედერაციის მკვიდრთა ამოჩემებული ადგილია. თუ რაზე მიუთითებს ეს, ჩემზე ბევრად უკეთ მრავალ კულტუროლოგს თუ მოდის კრიტიკოსს აქვს განხილული. ფაქტი კი ერთია, ზამთარშიც კი, კაფე-ბარების, რესტორნების თუ სხვა დაწესებულებების შესასვლელთან ასე მტკივნეულ კირილიცაზე გამოკრულ მენიუებსა თუ სხვადასხვა სატყუარებს გადაეყრებით. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე დიდი წითელი ასოებით შესრულებული მიმართულებების მაჩვენებლები იყო: Море => და <= Центр.

ნუ, ისევ და ისევ, ქობულეთში არსებულ სომხურ წარწერებს თუ გავითვალისწინებთ, ჩემი ეს უადგილო იტალიურ-ქართული ნაციონალიზმის გამოვლინებაც დიდ არაფრად უნდა ჩაითვალოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რიმინიში შესაძლებლობა გაქვს, გაექცე ზღვისპირა ქალაქების სტერეოტიპებს და პატარა, მაგრამ ისტორიული ქალაქის ცენტრით დატკბე, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 27 წელს ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად აგებული თაღი; ოდნავ მოგვიანებით – პირველი საუკუნეში გადადებული ტიბერიუსის ხიდი, და თითქმის ჩვენი თანამედროვე რეჟისორის – ფედერიკო ფელინის პერსონასთან დაკავშირებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობას მოუყრია თავი.

თუმცა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ვერც ქალაქის ცენტრში გაექცევი. თუკი პლაჟის მხარეს მრავალსანტიმეტრიან ქუსლებზე მოძრავი ქერა მანდილოსნები იპყრობენ თვალისმზერას, ცენტრში ჩანთებით დატვირთული რუსი წუწუნა ბებიები შემოგხვდებათ, რომლებიც, როგორც ჩანს, უკვე ცხოვრობენ კიდეც მანდ. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რიმინიში ვიზიტი მაინც გარდაუვალია მათთვის, ვინც სან მარინოს მონახულებას გეგმავს და სწორედ ეს იყო, რის გამოც ამ ქალაქში ამოვყავით თავი, მაგრამ იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ვვარაუდობდით. თუმცა რატომღაც, საბოლოო ჯამში, მისი საზღვაო კურორტის იარლიყი გრჩება თავში.

სან მარინო

ny-trip-04

მსოფლიოს ყველაზე ძველი რესპუბლიკის, სან მარინოს დედაქალაქი სან მარინო პატარა დეკორატიული ჯიშის ძაღლივითაა. იდეალური პროპორციების, შეძლებისდაგვარად ლამაზი და ხასიათითაც უფრო საყვარელია, ვიდრე პირიქით. თუმცა, როგორც ამ ჯიშის ძაღლებს, იტალიით გარშემორტყმულ ამ ჯუჯა სახელმწიფოს დედაქალაქსაც დიდ ვერაფერს მოთხოვ – მონტე ტიტანოს მწვერვალზე მდებარე შუასაუკუნეების ციხესიმაგრის შიგნით ისედაც იმაზე მეტია დასათვალიერებელი, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. და როგორც ყველა ტურისტული მეგზური, ერთხმად იუწყება, მხოლოდ ციხესიმაგრიდან ხედების გამო, სან მარინოს ეპატიება ამდენი კიჩური სუვენირების მაღაზია, რომლითაც სავსეა დედაქალაქი.

ქალაქის სამივე კოშკის მონახულების და მისი სიმბოლოს – პალაცო პუბლიკოს წინ გადაღებული სურათის შემდეგ, ერთადერთი უნიკალური რამ, რისი გაკეთებაც სან მარინოში შეიძლება, ალბათ, მიკროქვეყნის საკუთარი ევროს მონეტების ყიდვაა, რომელთაც დედა ევროპაში იშვიათად ან საერთოდ ვერასოდეს გადაეყრებით. კარგი იდეაა, ასევე, მეგობრებისთვის ან ოჯახისთვის ღია ბარათის გაგზავნა, რომელსაც სანმარინული მარკა დაამშვენებს და ადრესატამდე სან მარინოს ფოსტა მიიტანს. და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი თავის გახარება და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში რამდენიმე ევროდ სან მარინოს ვიზის შეძენა, რომელსაც შემდეგ პასპორტში ჩაგვიწებებენ და მიმდინარე თარიღის ბეჭედსაც დაარტყამენ.

სხვა დანარჩენის მხრივ, სან მარინოში ბევრი საკეთებელი არაფერია. პიცას, სპაგეტის, ლაზანიას და ჯელატოს იტალიაშიც შეჭამთ. სასტუმროები აქ ძვირია, ამიტომ ჯობია ღამის რიმინიში გათენება და აქ ავტობუსით წამოსვლა. თუმცა არსებობს თეორიული ალბათობა, რომ ზოგადად სან მარინოში ისეთი ნივთი იპოვოთ, რომელიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე იტალიაში, რადგან აქაური ფასები არ შეიცავს დღგ-ს. და კინაღამ დამავიწყდა, არავითარ შემთხვევაში არ მოიხსენიოთ ადგილობრივები, როგორც იტალიელები. ქვეყნის მდებარეობის მიუხედავად, იგი მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იტალიელებიც კი, აქ საერთაშორისო მობილური როუმინგით სარგებლობენ.

პადუა

ny-trip-05

იტალიის ბევრი სხვა დასახლებული პუნქტის მსგავსად, პადუაც იმ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ორი განსხვავებული სახელითაა ცნობილი და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ყველა დაინტერესებულმა ტურისტმა უნდა იცოდეს, რომ პადოვა იგივე პადუაა, ისევე როგორც ნაპოლი – ნეაპოლი, ფირენცე – ფლორენცია და ნუ, რომა – რომია.

თუმცა, გაკვეთილები იქეთ იყოს, რადგან მოგზაურობის მცირეხნიანი, მაგრამ მოვლენებით დატვირთული გამოცდილების მიუხედავად, მაინც ვერ ვისწავლე, რომ Google Maps-ს ყოველთვის არ უნდა ენდო. სწორედ მობილური ტელეფონის წყალობით, პადუაში საღამოს ჩასულებმა სასტუმროსკენ მიმავალი გზის ძიებისას, ავტომაგისტრალზე ამოვყავით თავი, რომელზეც ქვეითადმოსიარულეთათვის 20-სანტიმეტრიანი ზოლიც კი არ იყო გამოყოფილი. რამდენიმე საგმირო ტრიუკის შემდეგ, რომელიც გამოცდილ კასკადიორსაც კი შეშურდებოდა, რაღაც ხიდზე ჩამოვხტით, სადაც ჰაერიდან მოულოდნელად გამოჩენილი სტუმრების დანახვაზე, შეშინებულ ველომოყვარულს ფერი წაუვიდა, თუმცა ამაყად, მარამ ოდნავი ბარბაცით განაგრძო გზა – ვითომც არაფერი.

მიუხედავად ამისა, პირველი ბარიერის გადალახვა არ ნიშნავდა, რომ სასტუმრომდე გზა ნათელი იყო. კი, სადღაც შორს, ვიზუალურად მოვახდინეთ დანიშნულების ობიექტის იდენტიფიცირება, მაგრამ ისევ და ისევ ტექნიკის არასრულყოფილების გამო, თავი ავტობუსების დეპოში ამოვყავით. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ Google Maps-ის თუ მობილური სიგნალის არასრულყოფილების დამსახურებით, რუკაზე ჩვენი ადგილსამყოფელი საჭიროზე ერთი ქუჩით დაბლა ჩანდა. ამჯერად, “ვითომც არაფერის” მდგომარეობაში ჩვენ აღმოვჩნდით, და თუ ვინმე რამეს გვკითხავდა, ვითომ კერძო საკუთრებაზე იმიტომ მოვსეირნობდით, რომ გზას ვჭრიდით სასტუმროსკენ, რომელიც რამდენიმე ათეულ მეტრში ჩანდა. მაგრამ შეგვამჩნიეს და ჩვენი გზის შემოკლების არგუმენტი დეპოს თანამშრომლებს დიდად არ მოეწონათ. გვახარეს, რომ სხვა გასასვლელი, დეპოში შემოსასვლელის გარდა, არ იყო და ისედაც უკვე დაღლილებს, უკან დაბრუნება და დეპოსთვის წრის დარტყმა მოგვიწევდა. საბედნიეროდ, სასტუმრო კარგი აღმოჩნდა.

მეორე დღე, ძირთადად, წინა დღის გახსენებაში და საკუთარ იდიოტიზმზე ჭკუამხიარულ რეპლიკების სროლაში გავატარეთ. ყველაზე ძალიან, რაც ზემოხსენებულის გარდა პადუასთან დაკავშირებით დამამახსოვრდა, ძალიან ბევრი მომცრო ზომის თეთრი ქანდაკებაა. და არა მხოლოდ პრატო დელა ვალეზე, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი მოედანია და რომლის არნახვაც, უბრალოდ, არ შეიძლება. მთლიანობაში, პატარა, ლამაზი მოედნების, ისტორიული შენობების, სახვითი ხელოვნების ნიმუშებისა და მსოფლიოში ყველაზე ძველი ბოტანიკური ბაღის წყალობით, პადოვა შეიძლება წარმატებულ არჩევანად ჩაითვალოს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქედან ვენეციაში მიემგზავრება.

ვენეცია

ny-trip-06

ვენეცია, ვენეცია, ვენეცია… სამწუხაროდ, ეს არ იყო ვენეციაში ჩემი პირველი ვიზიტი. ამიტომაც, ამჯერად, ძირითადად, უკვე ნანახის მეორედ ნახვით ვიყავი დაკავებული. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჩემი მეგობარი გაგაც უნდა წამოგვყოლოდა და ვენეციაში გაჩერებაც მისთვის სიურპრიზის სახით დაიგეგმა. მაგრამ ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზის გამო, წამოსვლა გადადო, დაგეგმილი ვენეცია კი – ვერ გადაიდო.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოვახერხე რამდენიმე საინტერესო ადგილის აღმოჩენა. ახლაც ვერ წარმომიდგენია, რამდენი დროა საჭირო ამ ქალაქის ბოლომდე შესასწავლად თუ ყველაფრის სანახავად. თანაც, დღისით და საღამოს ვენეცია ძალიან განსხვავებულია. ერთი ზუსტად ნათელია – ბევრი ფეხით სიარული, ასეთი სურვილის არქონის შემთხვევაშიც კი, გარდაუვალია. მით უმეტეს, რა ხელსაწყოებითაც არ უნდა მოძრაობდეთ, მაინც დაიკარგებით, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. და თუ კუნძულების მონახულებას გეგმავთ, ყველაზე ეკონომიური ვარიანტი მრავალდღიანი ბილეთის ყიდვაა ვაპორეტოებისთვის.

თუმცა, ორი ვიზიტის მიუხედავად, ლიდოზე ჯერ არ ვყოფილვარ და, ალბათ, ოდესმე კიდევ წავალ ვენეციაში.. მესამედ.

Advertisements

2 thoughts on “Chi non viaggia a Capodanno..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s