Feliz de novo

როცა საკუთარი ბლოგი გაქვს, რომელსაც არც თუ ისე შორეულ წარსულში პირადი სიამოვნებისთვის ყურადღებას უთმობდი, შენი ყოველდღიური პროფესიული მოღვაწეობა კი კომპიუტერთან ჯდომაში და მარტივად, 24-საათიან რეჟიმში ტექსტების აკრეფაში გამოიხატება, ძალაუნებურად, ფიქრობ — საერთოდ, როგორ მრავლდებიან მამაკაცი გინეკოლოგები? ალბათ, არსებობს რაღაც მექანიზმი, რომელიც ინტიმურის საქმიანისგან გარჩევაში გეხმარება, თუმცა ჩემთვის, სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ბუნდოვნად რჩება. შესაბამისად, მთელი 2015 წლის შემოქმედებითი ენერგია საყვარელ საქმეს — თარგმანს — შევალიე და პირველად ცხოვრებაში, რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებებიც მოვიპოვე: პრემია, მაგალითად, თუმცა, როგორც აღვნიშნე, პატარა :)

მაგრამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს და სულ ყველაფერი ცუდი ვერ იქნება. სწორედ ამ მცირ-მცირე მიღწევების წყალობით, წელს ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი საქმიანობით — მოგზაურობით უხერხულობამდე ბევრჯერ დავკავდი და ბლოგით თუ არა, wanderlust-ის დაოკებით მაინც მოვახერხე თვითშემეცნება.

ასე მაგალითად, სვანეთის ჭუბერში აღმოვაჩინე, რომ ლუშნუ ნინში თოვლის აღმნიშვნელი 10-ზე მეტი სიტყვა აქვთ. შრი-ლანკაში მივხვდი, რომ მათთვის თეთრი თუ მელოტი ადამიანები ისეთივე ეგზოტიკაა, როგორც ზოგიერთი ქართველისთვის — შავკანიანები და სულაც არ ერიდებათ შენკენ თითის გაშვერა. ლონდონში მაუწყეს, რომ ძილის დროს, ვეხუტები ყველას — განურჩევლად და რად გინდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, როცა ბრიტანეთის მუზეუმი გაქვს?! აპრილის ბათუმში კიდევ ერთხელ დამიმტკიცეს, რომ ყველა ქალი ერთნაირია და გათხოვება ყველას უნდა. ბუდაპეშტი იდეალური მაგალითი იყო იმისა, რომ booking.com-ზე პირველივე იაფიან სასტუმროს არ უნდა ეცე და ჯერ მიმოხილვების წაკითხვაა საჭირო, სამაგიეროდ გერმანიაში Airbnb-ს ვეზიარე და რამდენიმე დადებითი დახასიათება თავად მოვიპოვე. აგვისტოში ათენში ძალიან ცხელა, სამაგიეროდ იდეალური იყო ალბანეთში, სადაც ეგეთივე ზღვაა და ყველაფერი ორჯერ ნაკლები ღირს. შვედეთში პირველად ვნახე მადონა კონცერტზე, სტოკჰოლმის ფასებს კი პოლონეთში შევაფარეთ თავი.

პრინციპში, ახლაც პოლონეთში ვარ და რამდენიმე საათში ბერლინს გავეშურები. რაღაცეებს ვარშავაშიც მივხვდი. მაგალითად, იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან შენთვის ყველაფერი გააკეთონ და თურმე, შესაძლებელია ბოლომდე ნდობა. კარგი წელი იყო და წინ კიდევ რამდენია..

წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

Love?

ახლა ზუსტად არ ვიცი, რის დაწერას ვცდილობ. ან მინდა თუ არა, რამე დავწერო, საერთოდ. თუმცა, მეწერინებასავით და, ამავდროულად, მეშინია კიდევ რამდენიმე რამის:) ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ნუ, ორიგინალი ტექსტი, ყოველ შემთხვევაში და ძალიან არ მინდა, ეს ნაწერი ტავტოლოგიის კორპუსს დაემსგავსოს, რომელსაც ჩემი წლების განმავლობაში შეძენილი მეთოდები და ხერხები მოაკლდება :) [საინტერესოა, რას ნიშნავს სიტყვა გამობრძმედილი?]

ასეა თუ ისეა, მეორე აბზაცზე გადმოსვლისთანავე დამეტყო, რომ მე და წერა ისევ უნდა დავმეგობრდეთ რაღაც ეტაპზე, რადგან არ ვიცი – მისი ღამით შეწუხების ბრალია, თუ ზოგადად, დიდი ხნის უნახაობის, ფაქტი ერთია – მეტისმეტად დიდ წინააღმდეგობას მიწევს ამ მომენტში და რთულად მემორჩილება.

ყველაფერი ეს კი, მესამე აბზაცის მიუხედავად, დაახლოებით იმას გავს, როდესაც კომპიუტერის კლავიატურასთან მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რომელიღაც ბიუროკრატიულ დაწესებულებაში  განცხადების ხელით დაწერას გთხოვენ. თან თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველაფერთან ერთად, ამ უბედურებას ისიც დაემატება, რომ ამის გაკეთებას სწრაფად გთხოვენ და ოდესღაც ჩვეული პროცედურის რეალიზებისთვის არანაირ ზედაპირს არ გამოგიყოფენ. ამიტომაც, ისღა გრჩება, რომ ფურცლელი კედელს მიადო და ძ-სა თუ ხ-ს ორთოგრაფიულ თავისებურებებთან ერთად (მე, რეალურად, ყოველთვის წ და ყ მეშლებოდა), შიგადაშიგ ისიც გაიხსენო, რომ კალმები – უფრო კი, ბურთულები – მათთვის უჩვეულო ზედაპირზე ფუჭდება. მერე მათი საყლაპავისკენ მიშვერა გიწევს-ხოლმე, ცხელი ნახშირორჟანგით დამუშავება, ზემოთ-ქვემოთ ქნევა ან სხვა ფურცელზე რაიმეს მიჯღაბნ-მოჯღაბნა. მაგრამ ალტერნატიული ფურცელი არავინ მოგცა და ამიტომ, საწერი საშუალების გამოცდა საკუთარი სხეულის ხელმისაწვდომ ზედაპირზე გიწევს.

ასეთ პირობებში კი ვერც განცხადების შინაარს აყალიბებ ნორმალურად, ვერც მისი ადრესატამდე მისვლის შემდგომ პოზიტიურ მხარეებზე ფიქრობ და, საერთოდ, გინდა, უბრალოდ, ვინმეს დედა შეაგინო და მიბრუნდე სახლში. მაგრამ არა, შენ ეს პროცესი ბოლომდე მიგყავს, რადგან ხან სხვების წინაშე რიდია, ხან ესა თუ ის ნაკისრი თუ თავსმოხვეული ვალდებულება, ხანაც პასუხისმგებლობა. ამიტომაც, მართალია, განწყობაშეცვილი, მაგრამ მაინც, განცხადებას ძუძუებიან მდივანს აბარებ და წესის გულისთვის, რამდენიმე მიმიკურ ჟესტსაც მიმართავ, რომლებიც “ცისფერი მთების” გმირების ენაზე ღიმილად ტრანსლირდება.

აქ კი, ჩემს ბლოგზე, დაწერილი პოსტის საბოლოო ადრესატი თუ დანიშნულება, უფრო კი – მისი ჩემთვის მომგებიანობა, ბუნდოვანია. ამიტომაც ვეშვები ტრაკის თამაშს და მივდივარ დასაძინებლად:) ეჰ, არადა, რამდენი რამის დაწერა შეიძლებოდა…

გამოყენებითი სიყვარული

რამეთუ მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ ყველაზე საყვარელ ხუთ რაღაცაზე წერის ჯაჭვი:) მეტი შესავალი ვერ მოვიფიქრე, ცხელა. ამიტომ, გადავალ პირდაპირ ჩამონათვალზე:

1. მუსიკა

ახლა ვინმეს გაეცინება, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ერთ-ერთი პირველი მოგონება სწორედ მუსიკას უკავშირდება. კერძოდ კი, საკუთარი თავი მანეჟში გამომწყვდეული მახსენდება; ჩემს წინ ტელევიზორი იდგა, რომლის გამოსახულებაშიც უცნაური შეფერილობის ქალი კიბეზე ჩამოდიოდა, თევზის კუდისმაგვარი კაბა ეცვა და რაღაცას მღეროდა.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქალი Diana Ross იყო, კლიპი კი მის Chained Reaction-ზე გადაღებული ვიდეო იყო. მას შემდეგ, თითქმის ყველა მოგონება ცხოვრებაში გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს უკავშირდება. რაღაც კონკრეტულ ეტაპზე კი, ყოველდღიურობაში შემოსული ყველა ახალი ადამიანისთვის, სიმღერის შერჩევაც კი დავიწყე…

საყვარელ შემსრულებლებზე საუბარს აზრი არ აქვს. მათი დიაპაზონი ევროდენს 2 Unlimited-დან, რუსულ როკ – Ленинград-ამდე ვრცელდება. ვუსმენ Britney Spears-ს, ვუსმენ Rainbow-ს, 2Pac-ს და Pink Floyd-ს.

კონკრეტული შემსრულებლის ერთგული მსმენელი აღარ ვარ და ჩემი მუსიკალური პროსტიტუციის ერთი წამითაც არ მრცხვენია:) პირიქით…

2. 1990-იანები

ყოველი ჩვენგანის მდგრადობის გამოცდის წლები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა. ათწლეული, რომელშიც დავიწყე წერა და კითხვა, მოვწიე სიგარეტის პირველი ღერი და დავაგემოვნე პირველი ალკოჰოლი, გადავიღე ათობით მხატვრული ფილმი /:))/ და კონკურსი მის ფარცხისი 1999 მოვაწყე.

პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სექსი… შუალედებში რადიოებზე რეკვა და სიმღერების შეკვეთა. პირველი სამსახური, პირველი ხელფასი… მოგზაურობა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და დამოუკიდებლად – თურქეთში 14 წლის ასაკში.

პირველი გაქცევა სახლიდან და საკუთარი ხელით სკოლიდან სკოლაში გადატანილი საბუთები. მტკვარში ჩავარდნა, შტაბები ხეზე და წიკო…

ამიტომაც, თუ სიმთვრალეში YouTube-ზე, Jam & Spoon ჩავრთე ან A-la-la-la-la-long-ის სიმღერა დავიწყე, მომიტევეთ:) ყოველივე ეს, უბრალოდ, ჩემს პირველ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

Ace of Base-ის The Sign გამახსენდა; რა ცუდია, რომ ფარცხისში ვიდეოებს ვერ ვხსნი:(

3. კომპიუტერი

არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ჯადოსნურ მოწყობილობაზე, რომელიც 1995 წლიდან ჩემს სამკითხველო დარბაზად, მუსიკალურ ცენტრად, კინოთეატრად, სოდომად და გომორად, სათამაშო აპარატად და ღმერთმა იცის კიდევ რად ვაქციე.

ერთს ვიტყვი, ეს სიყვარული არ ყოფილა სპონტანური. პირველ შეხებამდეც ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებდა. ამიტომ, მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რავიცი… სიგარეტის გარეშე?:) ალბათ:)

4. უცხო ადამიანები

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ცხოველები, არ უყვართ ადამიანები, მე ამ ცხოვრებაში სტერეოტიპების მსხვრეველის როლი მერგო, რამეთუ მშვენივრად ვათავსებ უმაღლესი პრიმატების და ფლორისა თუ ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების სიყვარულსაც. Но, хер это сразу поймешь!:)

სერიოზულად კი, მართლა ყველანაირი ადამიანი მიყვარს. ჭკვიანებისგან – ჩემთვის ასე საჭირო ინფორმაციულ შიმშილს ვიკლავ, არც-ისე ჭკვიანებთან დროს ვკლავ, სულელებთან ურთიერთობა კი საკუთარი თავის და ყოველდღიურობის კიდევ უფრო შეყვარებაში მეხმარება.

ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულების მიუხედავად, არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმიანობა თუ ყოფა ჩემში რაიმე ზიზღს იწვევდეს. პირიქით, მაოცებს, მასწავლის ან რაიმე ახლის კეთების სურვილს მიჩენს, ანდაც სხვანაირად – ბანალურად, სხვის შეცდომებზე მიმითითებს და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ წინაშე უპირატესობის შეგრძნებას მიჩენს.

ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სხვისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც ვუყვარვარ, რადგან ეს სიყვარული წმინდა გამოყენებითი ხასიათისაა და ამ ყველაფრის წერით იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულითაა ნაკარნახევი.

5. უცხო ქვეყნები

ევას შთამომავლების სიყვარულისგან განსხვავებით, მოგზაურობა ჩემი ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომის ზიზღითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩემი არც ისე ხშირი, მაგრამ საყვარელი თბილისსგარეთ ვოიაჟების მამოძრავებელი ძალა არა იმდენად სხვების კულტურის და ყოფის გაცნობაა, არამედ პოპულარული ენით – საკუთარ საჯდომზე თავგადასავლების ძიებაა.

სიტყვაში “თავგადასავლები” კი, არც დაივიგნი და არც ექსტრემალური ალპინიზმი არ იგულისხმება, არამედ ბიუროკრატიულ პროცედურებთან შერკინება, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი მასალის სწრაფად ათვისება და ყველაფერი ამით, საკუთარი თავისთვის – “მე ამას შევძლებ” დამტკიცება შედის.

შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი საქართველოს მოქალაქეობითაა ნაკარნახევი, რომელიც იმთავითვე გზღუდავს შესაძლებლობებში და საზღვარს გარეთ თუ შიგნით, გარკვეულ იარლიყებს გაკრავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის კოსმოპოლიტობის კიდევ ერთხელ დამტკიცება, ვგონებ არავის ვნებს…

ეპილოგი

აი, სულ ეს იყო:)

თეგები

1. http://cac2z.wordpress.com/
2. http://islandglocke.wordpress.com/

Boom, Boom, Boom

I’m walkin’ down the street
And my heart goes boom
In a minute we will meet
And my heart goes boom, boom, boom

– French Affair “My Heart Goes Boom”

მწარე, რომელმაც თავის პოსტში დამთეგა და ისინიც, ვინც თავის მხრივ, მწარე დათეგეს, იუწყებიან, რომ საკუთარი ექსტერიერის მოკლე მიმოხილვის და ველურ ურბანულ ჯუნგლებში ქცევის თავისებურებების აღწერის ბლოგოთამაში ზურიუსმა წამოიწყო. თუმცა, სამწუხაროდ, ორიგინალი პოსტის ძიებაში მის ბლოგზე ქექვა ამაო აღმოჩნდა და, შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, თუ რომელი კონკრეტული ბლოგერის პოსტი შეიძლებოდა ჩემეული ვერსიის ეტალონად გამომეყენებინა.

თავდაპირველად ამ საკითხს “თავისუფალი თემის” პრინციპით მოვეკიდე, თუმცა ჩემს მიერ ჩამოყალიბებულმა ყველა სინტაქსურმა კონსტრუქციამ, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ ყველა ამ სირთულეზე მოყოლასთან და შიგადაშიგ წუწუნთან ერთად, დიდი იმედიც მაქვს, რომ თემასთან დაკავშირებული სათქმელი თავისით მოვა.

“გარეთ”

საერთოდ, გარეთ ყოფნას, “შიგნით” ჯდომა მირჩევნია. შესაბამისად, ქუჩაში ჩემთან გადაყრაზე უფრო რეალური, ჩემი “ონლაინ” გამოჭერაა. უბრალოდ, მთელი ჩემი საქმიანობა ისე მაქვს ორგანიზებული, რომ სახლიდან გასვლას არ საჭიროებს, ქუჩაში მარტო ხეტიალის ჩვევა კი გვიანდელ თინეიჯერობაში როგორღაც თავისით გადავარდა და ამ ტრადიციის დაბრუნების დიდი სურვილის მიუხედავად, ყოველი მცდელობა კრახით მთავრდება:) ალბათ დროა, ენთუზიაზმით და ინიციატივებით აღსავსე თინეიჯერი მეგობრები შემოვიკრიბო:))

…და მაინც “გარეთ”

ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ისეთი საქმეც, რომელიც სახლიდან გასვლას საჭიროებს:)) და თუ გარეთ დამინახეთ, ესე იგი:

ა) სახლთან შორიახლოს მივდივარ მაღაზიაში სიგარეტის ან პროდუქტის საყიდლად, ანდაც ნაგავის გადასაყრელად;
ბ) ის დღეა, როცა GQ გამოდის და მის საყიდლად ან პეკინზე ან მარჯანიშვილის მეტროს წინ გავდივარ;
გ) რაღაც საქმეზე ვიყავი სადღაც და “ბარემ რახან უკვე ქუჩაში ვარ”, ვსეირნობ მარტო ან ვინმესთან ერთად, ვინც იმ კონკრეტულ სამეზობლოში ცხოვრობს/მუშაობს;
დ) ექსპრომტად ვიგონებ რაღაც რთულ საქმეს და პუნქტიდან პუნქტში დავდივარ მის შესასრულებლად;
გ) ღამის/დილის 2-4 საათზე უბრალოდ დავბოდიალობ მთვრალი:))))))))
ე) რაიმე ღონისძიებიდან მივდივარ/მოვდივარ;
ვ) მეტი არაფერი მახსენდება;))

მუდმივი ექსტერიერი

ჩემს კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიცნოს ადამიანმა ქუჩაში, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ვარ თეთრი-თეთრი, “დიდი” (არამგონია დიდი იყოს) ლურჯი თვალები მაქვს, გახეხილი ვაშლისფერი თმა და სექსუალური ტუჩები:)))))))) არ მომეწონა-თქო, მოგატყუებთ, მარა იმასაც დავამატებ, რომ სიმაღლე 180+ მაქვს, წონა კი, როცა 80 კგ-ს სცილდება, ან ვიკიდებ, ანდა რაიმეს ვუხერხებ:)) ამიტომ, ეს ციფრი საშუალოდ ჩავთვალოთ:))

და ხშირ შემთხვევაში, წვერი რამდენიმე კვირის გაუპარსავი მაქვს /ძალიან ნელა მეზრდება/:)

ტანსაცმელი და აქსესუარები

არ ვატარებ სათვალეს, ბეჭდებს, საათებს, სამაჯურებს და სხვა აქსესუარებს. 99.9% შემთხვევაში მაცვია ჯინსი, რომლის ფერიც ისევ და ისევ ხასიათზე და დაგროვილი სარეცხის რაოდენობაზეა დამოკიდებული:))) კიდევ, მაისური ან პერანგი და ამინდის მიხედვით, ზემოდან მსუბუქი ქურთუკი. ტანსაცმლის არჩევის დროს, ვხელმძღვანელობ კომფორტულობის პრინციპით, რაც ამ სფეროში ჩემს უგემოვნობას უსვამს ხაზს:))

მარშრუტის ხანგრძლივობის მიხედვით, შეიძლება ყურთსასმენებგარჭობილიც გადაგეყაროთ, თუმცა მოკლე დისტანციებზე მათი გამოყენება არაპრაქტიკულად მიმაჩნია:))

ჯამში

არა მგონია, ვინმესგან რაიმე განსაკუთრებული შტრიხებით გამოვირჩეოდე. დავდივარ მეტროთი, ტაქსით. იშვიათად – სამარშრუტო ტაქსით. კიდევ უფრო იშვიათად – ავტობუსით. ყოველთვის ვათვალიერებ მგზავრებს. ხშირ შემთხვევაში, დაბნეულის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომელსაც ყოველდღიურ სლენგზე მეტად შესაფერისი ზედსართავი სახელი აქვს.

არ მიჭირს კონტაქტში შესვლა, თუმცა ამას წინ ერთგვარი რიტუალი უძღვის, რომელიც გამოხედვების გაცვლა-გამოცვლაში გამოიხატება. ამიტომ, თუ მიცანით და მეც გიცანით და თქვენს თვალებში ამოვიკითხე, რომ გამარჯობის სათქმელად პრობლემა არ გაქვთ, პირდაპირ და უპრობლემოდ გადმოვდგამ პირველ ნაბიჯს, თუმცა თუ გვერდზე ჩაგიარეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან საუბარი არ მსურს, უბრალოდ, რაღაცაზე ვფიქრობდი და ვერ დაგინახეთ:)) რაც ხშირად მემართება.

სულ ეს იყო. მგონი რაღაც გამოვიდა:))

თეგები:

  1. Cac2z
  2. Century of 66

განწყობისთვის:

განწყობის თეორია

http://moodtheory.wordpress.com/

საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არსებობს “განწყობის” ტიპები, რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ რაციონალური მიზეზით მომდინარეობდეს. ამგვარი “განწყობები” უფრო მოვლენების თუ გავლენების მიმართ რეაქციას გულისხმობს და ნაკლებადაა რომელიმე კოჰერენტული შეხედულების სპონტანური გამოხატულება.

განწყობა ჩვენი მამოძრავებელი ძალაა, მისი დოკუმენტირება კი ჩემი და სალომეს ექსპერიმენტი.

კომენტარები are welcome! :)

მასტურბაცია უკომენტაროდ

www.mkurnali.GE:

კითხვა: ვარ 18 წლის გოგო მასტურბაცია საშიშია? რას იწვევს – უშვილობას ხომ არაა?

პასუხი: ანალოგიური ხასიათის შეკითხვაზე რამდენჯერმე გვაქვს ნაპასუხები, მაგრამ განვმეორდებით:

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვისაც მავნეა, რადგან ხდება აგზნება, რასაც არ მოყვება სრულყოფილი დაკმაყოფილება. ქალებში აგზნებისას  სისხლით “გადაივსება” ენდომეტრიუმი და საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილი, რადგან ვენური სისტემა ვერ უზრუნველყოფს ინტენსიურად მიწოდებული სისხლის უკუდინებას. სქესობრივი აქტის დროს კი ხდება სასქესო ორგანოთა განტვირთვა ანუ განმუხტვა და კუნთოვანი სისტემის მოდუნება. თუ ადამიანი ქრონიკული სექსუალური აგზნების მდგომარეობაშია და ამას არ მოსდევს ფიზიოლოგიური დასასრული (სქესობრივი ურთიერთობა), მას შეიძლება განუვითარდეს შეგუბებითი პროცესები სასქესო ორგანოთა სისტემაში, რასაც მოსდევს ქალებში საშვილოსნოს პათოლოგიები.

გარდა ამისა, მასტურბაცია არც ზნეობრივად და მორალურადაა გამართლებული. ადამიანს თუ მოინდეონებს შეუძლია ვნებების დათრგუნვა. გირჩევთ არ უყუროთ პორნოგრაფიული თუ ეროტიკული ხასიათის ფილმებსა და გადაცემებს, თავი შეიკავეთ ამ ხასიათის საიტებზე შესვლისგან, დაკავდით სპორტით, დიდი დრო დაუთმეთ განათლების მიღებას. თქვენ ჯარ ძალინ ახალგაზრდა ბრძანდებით, მტელი ცხოვრება წინა გაქვთ,  დრო მოვა, გეწვევათ სიყვარული, გათხოვდებით და გექნებათ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება.

www.doktor.RU:

Вопрос: Здравствуйте. Мне 19 лет, я мастурбирую уже 3 года. У меня все норме, но я не могу бросить. Помогите мне. Или какое-нибудь лекарство порекомендуйте. Заранее спасибо за ответы.

Ответ: Здравствуйте. А что Вас пугает в мастурбации, и почему Вы хотите бросить? Мне кажется, что у Вас есть представления о мастурбации, как о чем-то запретном и плохом, но это не так. Мастурбация – это совершенно нормальное явление, особенно, если у Вас нет девушки. Мастурбацией занимаются и холостые и женатые мужчины и женщины. Почитайте какую-нибудь литературу по данной теме, что бы развеять связанные с ней сомнения.

სალომე-მწარე-სვითი-თინი

მიუხედავად იმისა, რომ სათაური ავიაბილეთში მითითებული ქალაქების ანალოგიით შეირჩა, არაფერი სათავგადასავლო ამ პოსტის დაწერის მამოძრავებელ ძალაში არ არის. პირიქით, ყველაფერი იმდენად მდუმარედ მიედინება, რომ ისედაც არააქტიური სოციალური ცხოვრება კიდევ უფრო განელდა, ხოლო ყველაფრის თავი და თავი ბანალური სეზონური გაციებაა. მოვლენა, რომელიც მსხვერპლიც იმდენჯერ გავხდი 2009-2010 წლების მიჯნაზე, რომ მასთან ბრძოლის შედეგად, დამახასიათებელი ზამთრის დეპრესიაც, სადღაც გაქრა.

ეს კი ბევრ რამეს ცვლის. ვერ ვიტყვი, რომ წლის ბოლოს სპამივით “გამოწერილი” ეს ნერვული აშლილობა რაიმე სახის უსაქმურობით იყო განპირობებული /როდესაც ბევრი დრო გაქვს ნეგატიური ფიქრისთვის და წარმოდგენებისთვის/, თუმცა ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში, თოვლის ბაბუისგან ბოძებული ანჰედონისტური განწყობები 365-დღიანი ციკლის დასრულების განუყრელ შემადგენლად იქცა, რომელთა გაქარწყლებაც მარტის დადგომას ემთხვეოდა და გაზაფხულის პირველი თვე ყოველთვის გარდამტეხი, მაშასადამე დასამახსოვრებელი, იყო ჩემს ცხოვრებაში.

წელს კი, არაფერი ამდაგვარი არ მომხმდარა: პესიმისტური განწყობები წელიწადის ყველაზე ცივ დროს მხოლოდ რამდენიმე  საათი გაგრძელდა, მირკანი კი ამოუცნობი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექციით დაიწყო. შესაბამისად, არანაირ ტრანზიციებს ჩემს ყოველდღიურობაში ადგილი არ ქონია. უჩვეულოა, მაგრამ ადვილად შესაგუებელი. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს სხეულის 7 დანაყოფით მომატებული ტემპერატურაა. თუმცა, ღირსი ვარ და აი, რატომ:

Continue reading

MTV-მ ლოგო შეიცვალა

არა, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ MTV-ის ახალი ლოგო არაა. ეს უბრალოდ, ამ ცვლილებით გამოწვეულ ჩემს გუშინდელ ისტერიაზე ონლაინ-მეგობარი – ბუიანის რეაქცია იყო. ნუ, რეაქცია ცოტა გადამეტებული ნათქვამია – ყველაფერი ამის შესახებ თავისი აზრი, პრინციპში, პირდაპირ არ დაუფიქსირებია ჯერ. თუმცა, პირწიგნაკზე მთავარ სურათად ამ ლოგოს შერჩევისკენ რამ უბიძგა, ჩემთვის დაახლოებით გასაგებია. თუმცა, ჩემი გადამეტებული ემოციურობა იყო ეს, თუ თვითონაც შეეხო ეს ამბავი რაიმე კუთხით – ეს უკვე მეორეხარისხოვანია. უპირველესია, რომ რაღაც კონკრეტულ დიაპაზონზე მე და ბუიანი ერთად ვართ და ეს უკვე კარგია და გვეყო, საერთოდაც, მასზე საუბარი:) გადავიდეთ ლოგოზე…

mtv-old-new-logo

რაც შეეხება ახალ ლოგოს, დებილიც მიხვდება, რომ ეს ლეგენდადქცეული ძველი ლოგოს მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელსაც არანაკლებ ლეგენდარული ქვედა ნაწილის ფრაგმენტი მოაცილეს. მას კი, რა თქმა უნდა, წარწერა Music Television-იც მიყვა თან. ეს ყველაფერი, ერთის მხრივ, გასაგებია, რადგან ბოლო დროს, არხზე მუსიკალურ ვიდეოებზე მეტად, ეთერი რეალითის ჟანრის ტელეგადაცემებს ეთმობოდა, რომელთა გვერდითი ეფექტები ყველასთვის ცნობილია /ნუ, ფერმის თამაშზე ცოტა ნაკლებად დამანგრეველია/. შესაბამისად, არხის ლოგოზე წარწერა Music Television ისეთივე არააქტუალური გახდა, როგორც ბესოსთვის კესოს ამპლუაში დებისთვის ძმობის გაწევა.

და ვინაიდან, ჩვენ, და მით უმეტეს მე, არავინ არაფერს მეკითხება, ვერც ამ ბლოგის პოსტით და ვერც პასიური აგრესიულობის სხვა ქცევით, ვერაფერს შევცვლით. ამიტომ, მხოლოდ ფაქტის კონსტანტირებაღა დაგვრჩენია და იმ იდეის გათავისება, რომ საყვარელი მუსიკის აღმოსაჩენად, შუამავალი ტელევიზია აღარაა საჭირო.

კარგია ეს თუ ცუდი, კულტუროლოგებმა განსაზღვრონ. მთავარი კი ერთია – MTV-ის თაობისთვის რაღაც დიდი ეპოქის დასასრულია. არა, ადრეც კი ხვდებოდნენ, რომ ყველაფერი მაქეთკენ მიდიოდა, მაგრამ ახლა ”ზემოდანაც” დაუდასტურეს…

დიახ, მეგობრებო, როგორც სამანტამ თქვა, this is the end of an era:(

რას იზამ.

სიზმრის ახსნა: პეპლები

ბოლო ორი ღამეა, თუ დღეა, მოკლედ – როცა მძინავს, პეპლები მესიზმრება. არასოდეს, არანაირი გრძნობა მათ მიმართ ჩემი მოყვარე თიკასგან განსხვავებით, არ მქონია. ამიტომაც, სიფხიზლესიქეთ მათი მთავარ როლში დანახვა, რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელი იყო:) და ჩავეძიე…

ფროიდისეულ სიზმრის ახსნაში ვკითხულობთ:

Бабочки, как и любые мелкие существа, символизируют детей.

და შემდეგ ცალკეული განმარტებები (ჩემი სიზმრის სიტუაცია მონიშნულია მუქი ფერით):

  • Если вы любуетесь порхающими бабочками, то вы хотите иметь детей.
  • Если вы ловите бабочек, то вы хотели бы заняться сексом с несовершеннолетними. То же самое, если вы отрываете у бабочки крылья или лаки, но при этом вам должно доставлять удовольствие еще и насилие над ними.
  • Если на вас села бабочка, то вы легко вступаете в контакт с детьми.
  • Если вы внимательно разглядываете одну живую бабочку, то у вас на примете есть какое-то конкретное несовершеннолетнее существо, с которым вам бы хотелось вступить в сексуальный контакт.
  • Если вы рассматриваете коллекцию бабочек, то вы склонны сожалеть об упущенных возможностях, в том числе и в сфере сексуальных отношений, и вновь и вновь прокручиваете возможные, но теперь уже благоприятные для вас, варианты развития событий.

დამერხა.

P.S. კიდევ კარგი, დედამისს გუშინ არ ვუთხარი, შენი შვილი ჩემს სიზმარში პეპელად გადაიქცა-მეთქი.

Pick a Little, Talk a Little

One of the signs that a female gorilla is in love is that she can be seen picking nits off her male companion. And yet in humans, nit picking can ruin a perfectly good evening. Not to mention a relationship.

Women are known to be more verbal than men, but, when does criticism that’s constructive become destructive? Are there times when the ladies should just shut the fuck up?

დაპირებული ხინკალი

დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:

ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.

ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.

დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების,  ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ, რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.

ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.

მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.

ვიზუალი:

სიტყვები, ფრაზები, ისევ ხინკალი

…После же революции, когда, по естественным причинам, кулинария переместилась из области прикладных искусств в науку теоретическую, а рецепты и советы Молоховец приобрели метафизические черты, имя ее стало почти нарицательным для обозначения той сказочной вакханалии обжорства, что бушует на этих пожелтевших страницах.

– Т. Н. Толстая, “Золотой век”

ამ სიტყვებზე გუშინ ბევრი წუთის მანძილზე დებილივით მეცინებოდა მარტოს. კიდევ ერთხელ გავგიჟდი ამ ქალზე. კიდევ ერთხელ ვაღიარე და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არც ქართულ მიწაზე და არც ქართულ ნეტში არ დაიარება ისეთი ადამიანი, ვინც ასე წერს. მე ჯერ არ შემხვედრია. თუმცა, გაგამ მითხრა, ლევან ბერძენიშვილის რაღაცეები წაიკითხეო. თან, ისიც დაამატა, რომ ასეთი მარტივად და დახვეწილი იუმორით წერა მხოლოდ უაღრესად /”ძალიან”-ს ჯობია:)/ განათლებულ მწერლებს შეუძლიათ.

აუცილებლად გადავხედავ ბ-ნი ლევანის ნაწერებს, ნაშრომებს, თუ… რაზეც მიმიწვდება ხელი მინდოდა დამეწერა, მაგრამ ჩვენს დროში სხვა რამესაც შეიძლება ნიშნავდეს, ამიტომ თავს შევიკავებ. ისე კი, ნამეტანი გარუსება მომივიდა ბოლო დროს. ისიც მახსოვს, რომ გაგას ვეკითხებოდი – მართალია თუ არა, რომ დოსტოევსკიზე და ტოლსტოიზე მაღალა ევროპის არცერთი ქვეყნის ლიტერატურის ძეგლი არ დგას. რა მიპასუხა არ მახსოვს, მარა მთლად რომ არ დამეთანხმა, ეს მახსენდება.

ზოგადად ლიტერატურას რაც შეეხება, ზაზა ბურჭულაძის “adibas”-სის კითხვა დავიწყე და მეოთხე თავზე გავჩერდი. არ ვიცი ზუსტად, რა იყო მიზეზი. თუმცა, ის ვიცი რომ მალე მოვრჩები და აუცილებლად დავწერ, თუ რას ვფიქრობ ყლის, მინეტის და ვაკის საცურაო აუზის მისეულ ხედვაზე. მეტი პერსონაჟის აღმოჩენა ამ ოთხთავში მკითხველს არ მოგვეცა ან მე არ მახსოვს ან სულაც, სულ ერთია.

სულ ერთი ჩემთვის კი ყოველთვის “ღამის შოუ”-ს ტიპის გადაცემები იყო. განსაკუთრებით, ალეკო მალხაზიშვილი არ მიყვარს. ისე არ მიყვარს, რომ როდესაც მისი მონაწილეობით რომელიმე “ვიდეო-სკეტჩი”, თუ რაც ქვია, იწყება და მეც ბედის რაღაც ირონიით ცისფერ ეკრანთან აღმოვჩნდები, სულ თვალებზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ, ყურთასმენა სხვა რამეზე გადავიტანო, მაგალითად – გამვლელ მანქანებზე ან სახურავის ჭრაჭუნზე. ეს რეაქცია დაახლოებით ისეთია, ახლა რომ ვინმემ ჩემი ვიდეოები ამოქექოს და მაჩვენოს 9 წლის ასაკში საინფორმაციო გამოშვების წამყვანობას რომ ვცდილობდი და ჩემს მიერ დაწერილ “სახალისო” ახალ ამბებს ვახმოვანებდი ოთახში სახელდახელოდ მოწყობილ “სტუდიაში”. არ გამეცინება, დავიმალები სადმე. მერე რა რომ დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი. ალეკოზე ხომ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი.

მაგრამ, ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვა – არასოდეს და იმის გარდა, რომ ამ კვირაში ცხოვრებაში პირველად Tokio Hotel-ს საკუთარი ინიციატივით მოვუსმინე /World Behind My Wall მართლა კარგი სიმღერაა:)/, ალეკოს და მეგობრების ხუმრობაზეც გამეცინა. ვერ ვიტყვი, რომ პაროდია საოცარ გადაცემაზე – “ღამე შორენასთან” თავიდან ბოლომდე განსხვავებულად “სასაცილო” იყო, მაგრამ ფრაზა: “სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად ‘გათხოვებას’ ნიშნავს” სარკაზმის და ცინიზმის იდეალური თანხვედრა იყო.

ამ პოსტში კიდევ ხინკალზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ სხვაგან გადავუხვიე და ზემოთ დაწერილის წაშლა/შემცირება/რედაქტირება მენანება. ამიტომ, სხვა პოსტში იყოს… მეძინება:)

დედა

– ალო, გიორგი შენ ხარ?
– კი.
– გაკვეთილები გააკეთე?
– არა, ზუსად ახლა ვურეკავდი ჯემას, რომ გამეგო მათემატიკაში რა მოგვცეს.
– ისევ გააცდინე სკოლა დღეს?
– არა, მარა მათემატიკაზე მე და ლევანი არ შევედით.
– რამდენჯერ გითხარი,  დამიჯერე-მეთქი. მეორედ ასე არ მოიქცე!
– კარგი…

…ასე დაიწყო ერთი უცანური ნაცნობობა დიდი ხნის წინ. 12-ის ვიყავი ალბათ, შეიძლება – ცამეტის. ზუსტად არ მახსოვს. ამ დიალოგის მერე ყოველთვის მირეკავდა. მეკითხებოდა როგორ ვიქცევი, რას ვაკეთებ. რამეს ხომ არ ვაშავებ. მახსენდება, ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა. ვაზისუბანში ან სულაც – ვარკეთილში. შორს რომ იყო ჩემგან ზუსტად ვიცი.

ისიც ვიცი, რომ ყოველ დღე სხვადასხვა დროს, მაგრამ ყოველთვის საღამოს, რაღაც ავადმყოფური აზარტით ველოდებოდი მის ზარს. თამუნა ერქვა და ჩემზე დიდი იყო. დედა დამიძახეო ერთხელ ასე მითხრა. თუმცა, ჩემი მშობლებისხელა არ იყო.

ვუყვებოდი, როგორ ვიქცეოდი სკოლაში, ვინ გამომიძახა – რა ნიშანი მივიღე. მეკითხებოდა ეზოში რას ვაკეთებდი და მეც დიდი მონდომებით ვუამბობდი ხოლმე წიკოზე, დიტოზე, ზოგჯერ მაგდაზე და ჯემაზე, თეონაზე და ირინაზე. გოგოებზე საუბარი მახსოვს მაინცდამაინც არ მოსწონდა. ეჭვიანობდა.

ჩვენი დიალოგი კარგა ხანი გრძელდებოდა. დიდი ხსნის განმავლობაში. ბოლოს კი ისევე უცნაურად დამთავრდა, როგორც დაიწყო. არ დარეკა. მეც აღარ მივაქციე ყურადღება.

ახლა იმ ბინაში აღარ ვცხოვრობ. შეიძლება ჩვენი ბოლო დიალოგის შემდეგ აეკრიფა ჩემი ნომერი. შეიძლება – არც. მაგრამ მე ის არასოდეს დამავიწყდება.

ქველმოქმედება

  • მოხუც ბებოს – 1 ლარი
  • რუსთაველზე გაშხლართულ ”ტოპლესს” ბიჭუნას – არაფერი
  • ლოთს – 60 თეთრი
  • ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ჟეტონის ყიდვა მთხოვა – 40 თეთრი

დღეს ქველმოქმედების დღე მქონდა. გავეცი ჯამში 2 ლარი. ვნახოთ, რა დამიბრუნდება:) თუმცა, ამაზე, რა თქმა უნდა, ახლა დავფიქრდი. ნუ, ეს მე მგონია ასე:)

P.S. ელკას ყავაზე დაპატიჟება არ ითვლება:))

მე – ღმერთი

დაგღალათ უაზრო ყოველდღიურობამ? ყელში ამოგივიდათ სხვის მიერ დადგენილი წესები? გსურთ, აკონტროლოთ ყველაფერი სრულიად უფასოდ?

თუ თქვენი პასუხი დადებითია, ბილ გეიტსმა და მისმა გუნდმა სპეციალურად თქვენთვის ერთი მარტივი ხრიკი შეიმუშავა, რომელიც Windows 7-ის ყველა გამოცემაშია ჩაშენებული.

სასურველი შედეგის მისაღებად ერთი მარტივი პროცედურის გავლაა აუცილებელი: შექმენით ახალი საქაღალდე თქვენს სამუშაო მაგიდაზე და დაარქვით მას “GodMode.{ED7BA470-8E54-465E-825C-99712043E01C}” //ბრჭყალების გარეშე//.

იმწამიერად, თქვენ თქვენივე კომპიუტერის ღმერთად იქცევით.

Enjoy! :)