სურათებში: მთვრალი სტამბული

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს და საახალწლო ეიფორიის თვალსაზრისით კრიტიკულ პირველ იანვარს ალკოჰოლის მიმართ მდგრადი გამძლეობით გამოვირჩეოდი, ბედობის დღეს დარღვეული მშრალი კანონი, რიგი თანმხლები მოვლენის წყალობით, სპონტანურ თავგადასავალში გადაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, მსგავს ტალღაზე მყოფი თანამოაზრის, დროულად ჩარიცხული ხელფასის, ერთი მეგობრის მეგობრობის და Atlasjet-ის აქამდე დაუჯერებელი საფასო პოლიტიკის წყალობით, საბურთალოს ბეტონის ჯუნგლებში ჩასული მზის ამოსვლას 3 იანვარს, ბოსფორის სრუტის ორივე მხარეს გადაშლილ სტამბულში შევხვდით.

თუმცა, ათათურქის აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე დაწყებულ ნაბახუსევის, დაღლილობის თუ უძილობის თანმდევ შეგრძნებებს ოდნავაც არ შეუშლია ხელი ფეხით ბევრ სიარულში, ადრე ნანახისა თუ განცდილის თანამგზავრებისთვის გაზიარებასა და მათთან ერთად ახალი ადგილების აღმოჩენაში. მეგობრის სახლში უხერხულ პირობებში გათენებული ღამის შემდეგაც კი, ჩვენი არაფხიზელ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება არ გვინანია. მით უმეტეს, როდესაც ცოტა ხნით ყოველდღიური რეალობიდან მოწყვეტა არამედიკამენტოზურ/ბალახოვანი საშუალებებით ორივეს ძალიან გვჭირდებოდა და სხვა სინამდვილეში აღმოჩენის მედიატორად არჩეულ თვითმფრინავზე დახარჯული მიზერული /თუმცა გურჯებისთვის დეფიციტური/ თანხაც, საბოლოო ჯამში, განხილვას არ ექვემდებარებოდა.

..და თუ მაინცდამაინც კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მივიღეთ, რაღაცაზე მაინც დავფიქრდით. და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა..

კითხვის გაგრძელება →

Me, Myself & Sabiha Gökçen

sgთურქეთის საბიჰა გოქჩენი ჩემს მიერ მონახულებულ აეროპორტთა შორის, ალბათ, ერთადერთია, რომელიც ძალიან არ მიყვარს (ნუ, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, მაგრამ იგი თითქმის ცარიელია. შესაბამისად, ამ გარემოების გარდა, საწუწუნოდ ხელმოსაჭიდიც არაფერია და მისი სამომავლო განვითარების იმედით, ამჯერად არაფერს დავწერ).

ასეა თუ ისეა, დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და სტამბოლის ‘მეორე’ საჰაერო გადაზიდვებით დაკავებული კომპლექსის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოდან ფრენა მთარგმნელის ბიუჯეტისთვის ძალიან ძვირი, ხოლო ჩემი და გაგას ბერლინის მონახულების სურვილი კი – ძალიან დიდი იყო და სწორედ საბიჰა გოქჩენში [ისე, მე თუ მკითხავ, ‘გექჩენი’ უფრო მართებულია] მოგვიწია თბილისიდან სტამბოლში უალტერნატივობის გამო ავტობუსით ჩასულებს, SunExpress-ით ფრენამდე არსებული 12 საათის მოკვლა.

ოთხი წლის წინ, ეს აეროპორტი, თითქოს, უფრო პატარა იყო და დღევანდელი გადასახედიდან, არც სავაჭრო, საკვები თუ სხვა ობიექტების სიუხვით გამოირჩეოდა. შესაბამისად, გართობის ერთადერთი საშუალება იმ საღამოს მანქანების საყიდლად მიმავალ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოება და მათი შემზარავი ისტორიების მოსმენა იყო (სარდაფებში ძილის შესახებ ამბები განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო). რეისმა მაშინ რამდენიმე საათით დაიგვიანა, რამაც ტერმინალის შესასვლელი კარის თავზე გამოკრული მაშინდელი წარწერა “A Hall” კიდევ უფრო გაამართლა და ჩემს ცნობიერებაში ეს აეროპორტი, როგორც “a-hole” საუკუნოდ დალექა.

Continue reading

გამოყენებითი სიყვარული

რამეთუ მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ ყველაზე საყვარელ ხუთ რაღაცაზე წერის ჯაჭვი:) მეტი შესავალი ვერ მოვიფიქრე, ცხელა. ამიტომ, გადავალ პირდაპირ ჩამონათვალზე:

1. მუსიკა

ახლა ვინმეს გაეცინება, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ერთ-ერთი პირველი მოგონება სწორედ მუსიკას უკავშირდება. კერძოდ კი, საკუთარი თავი მანეჟში გამომწყვდეული მახსენდება; ჩემს წინ ტელევიზორი იდგა, რომლის გამოსახულებაშიც უცნაური შეფერილობის ქალი კიბეზე ჩამოდიოდა, თევზის კუდისმაგვარი კაბა ეცვა და რაღაცას მღეროდა.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქალი Diana Ross იყო, კლიპი კი მის Chained Reaction-ზე გადაღებული ვიდეო იყო. მას შემდეგ, თითქმის ყველა მოგონება ცხოვრებაში გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს უკავშირდება. რაღაც კონკრეტულ ეტაპზე კი, ყოველდღიურობაში შემოსული ყველა ახალი ადამიანისთვის, სიმღერის შერჩევაც კი დავიწყე…

საყვარელ შემსრულებლებზე საუბარს აზრი არ აქვს. მათი დიაპაზონი ევროდენს 2 Unlimited-დან, რუსულ როკ – Ленинград-ამდე ვრცელდება. ვუსმენ Britney Spears-ს, ვუსმენ Rainbow-ს, 2Pac-ს და Pink Floyd-ს.

კონკრეტული შემსრულებლის ერთგული მსმენელი აღარ ვარ და ჩემი მუსიკალური პროსტიტუციის ერთი წამითაც არ მრცხვენია:) პირიქით…

2. 1990-იანები

ყოველი ჩვენგანის მდგრადობის გამოცდის წლები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა. ათწლეული, რომელშიც დავიწყე წერა და კითხვა, მოვწიე სიგარეტის პირველი ღერი და დავაგემოვნე პირველი ალკოჰოლი, გადავიღე ათობით მხატვრული ფილმი /:))/ და კონკურსი მის ფარცხისი 1999 მოვაწყე.

პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სექსი… შუალედებში რადიოებზე რეკვა და სიმღერების შეკვეთა. პირველი სამსახური, პირველი ხელფასი… მოგზაურობა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და დამოუკიდებლად – თურქეთში 14 წლის ასაკში.

პირველი გაქცევა სახლიდან და საკუთარი ხელით სკოლიდან სკოლაში გადატანილი საბუთები. მტკვარში ჩავარდნა, შტაბები ხეზე და წიკო…

ამიტომაც, თუ სიმთვრალეში YouTube-ზე, Jam & Spoon ჩავრთე ან A-la-la-la-la-long-ის სიმღერა დავიწყე, მომიტევეთ:) ყოველივე ეს, უბრალოდ, ჩემს პირველ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

Ace of Base-ის The Sign გამახსენდა; რა ცუდია, რომ ფარცხისში ვიდეოებს ვერ ვხსნი:(

3. კომპიუტერი

არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ჯადოსნურ მოწყობილობაზე, რომელიც 1995 წლიდან ჩემს სამკითხველო დარბაზად, მუსიკალურ ცენტრად, კინოთეატრად, სოდომად და გომორად, სათამაშო აპარატად და ღმერთმა იცის კიდევ რად ვაქციე.

ერთს ვიტყვი, ეს სიყვარული არ ყოფილა სპონტანური. პირველ შეხებამდეც ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებდა. ამიტომ, მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რავიცი… სიგარეტის გარეშე?:) ალბათ:)

4. უცხო ადამიანები

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ცხოველები, არ უყვართ ადამიანები, მე ამ ცხოვრებაში სტერეოტიპების მსხვრეველის როლი მერგო, რამეთუ მშვენივრად ვათავსებ უმაღლესი პრიმატების და ფლორისა თუ ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების სიყვარულსაც. Но, хер это сразу поймешь!:)

სერიოზულად კი, მართლა ყველანაირი ადამიანი მიყვარს. ჭკვიანებისგან – ჩემთვის ასე საჭირო ინფორმაციულ შიმშილს ვიკლავ, არც-ისე ჭკვიანებთან დროს ვკლავ, სულელებთან ურთიერთობა კი საკუთარი თავის და ყოველდღიურობის კიდევ უფრო შეყვარებაში მეხმარება.

ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულების მიუხედავად, არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმიანობა თუ ყოფა ჩემში რაიმე ზიზღს იწვევდეს. პირიქით, მაოცებს, მასწავლის ან რაიმე ახლის კეთების სურვილს მიჩენს, ანდაც სხვანაირად – ბანალურად, სხვის შეცდომებზე მიმითითებს და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ წინაშე უპირატესობის შეგრძნებას მიჩენს.

ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სხვისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც ვუყვარვარ, რადგან ეს სიყვარული წმინდა გამოყენებითი ხასიათისაა და ამ ყველაფრის წერით იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულითაა ნაკარნახევი.

5. უცხო ქვეყნები

ევას შთამომავლების სიყვარულისგან განსხვავებით, მოგზაურობა ჩემი ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომის ზიზღითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩემი არც ისე ხშირი, მაგრამ საყვარელი თბილისსგარეთ ვოიაჟების მამოძრავებელი ძალა არა იმდენად სხვების კულტურის და ყოფის გაცნობაა, არამედ პოპულარული ენით – საკუთარ საჯდომზე თავგადასავლების ძიებაა.

სიტყვაში “თავგადასავლები” კი, არც დაივიგნი და არც ექსტრემალური ალპინიზმი არ იგულისხმება, არამედ ბიუროკრატიულ პროცედურებთან შერკინება, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი მასალის სწრაფად ათვისება და ყველაფერი ამით, საკუთარი თავისთვის – “მე ამას შევძლებ” დამტკიცება შედის.

შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი საქართველოს მოქალაქეობითაა ნაკარნახევი, რომელიც იმთავითვე გზღუდავს შესაძლებლობებში და საზღვარს გარეთ თუ შიგნით, გარკვეულ იარლიყებს გაკრავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის კოსმოპოლიტობის კიდევ ერთხელ დამტკიცება, ვგონებ არავის ვნებს…

ეპილოგი

აი, სულ ეს იყო:)

თეგები

1. http://cac2z.wordpress.com/
2. http://islandglocke.wordpress.com/

Broken People Get Recycled

Broken people get recycled
and I hope that I will sometimes be thrown off the pathways
what I thought was my way home
wasn’t the place I know
No, I’m not afraid of changing,
Certain, nothing’s certain
what we own becomes our prison
my possessions will be gone
back to where they came from

– Katie Melua “The Flood”

ქეთი მელუას ახალი ალბომი გადმოვწერე. ნორმალურია. პრინციპში, რანაირად შემიძლია ვთქვა, როგორია, როცა 1 სიმღერაზე მეტისთვის თავიდან ბოლომდე არ მომისმენია. The Flood ძალიან საინტერესოა:) მელუას მხრივ, რა თქმა უნდა, თორემ პოპ-მუსიკისთვის მასში ახალი არაფერია.

ახლა დავფიქრდი, რატომ დავწერე ეს ყველაფერი და ფონზე ნაცნობი ვოკალი შემომესმა:) თუმცა, მელუა არ არის ამ პოსტის ძირითადი თემა. მთავარს გავურბივარ:)

თემა:

12 მაისს, “ლიბიის ავიახაზების” Airbus A330-200 ტრიპოლის აეროპორტში დაშვების მცდელობისას დაიმსხვრა, რომელსაც 103 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესობა თავგადასავლების მაძიებელი ჰოლანდიელი იყო. ერთი ბიჭუნა გადარჩა მხოლოდ, რომელსაც ქორწინების რომელიღაც წლისთავის ეგზოტიკურად აღნიშვნის შემდეგ, ამ ავიკატასტროფაში ორივე მშობელი დაეღუპა.

17 მაისს, შემთხვევა უკვე ავღანეთში მოხდა, რომელსაც “პამირის ავიახაზების”, კერძო ავიაკომპანიის, ბორტი და 44 მგზავრი შეეწირა. თვითმფრინავი, კუნდუზიდან ქაბულში ასრულებდა რეისს, თუმცა მოღრუბლული და წვიმიანი ამინდის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში სამხედრო თუ სამოქალაქო თვითმფრინავებთან დაკავშირებული შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია, თუმცა კერძო კომპანიები, ამ თვალსაზრისით, მოიკოჭლებენ. არაუშავს, +1-ის მიწერა შეუძლიათ.

22 მაისს კი “ეა ინდია ექსპრესის” Boeing 737 დუბაიდან მანგალორში ეშვებოდა, როცა საბურავი გაუსკდა, საფრენ ბილიკს გადასცდა და ალში გაეხვა. 160 მგზავრიდან და 6 ეკიპაჟის წევრიდან, მხოლოდ 8 ადამიანმა შეძლო თვითმფრინავიდან თავის დაღწევა.

სამშაბათს, 25-ში, საქართველო-თურქეთის საზღვართან, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა. Real TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს “თურქეთის ავიახაზების” ბაქო-სტამბულის რეისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ინფორმაციის დეტალურად გადამოწმების შემდეგ, დავასკვენი, რომ ეს კონკრეტული რეისი, თუნდაც 86 წუთის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მშვიდობიანად დაეშვა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში. რა ჩამოვარდა სინამდვილეში – კაცმა არ იცის და ალბათ, არცაა საჭირო.

დესერტად:

24  მაისს, ქართულ-თურქულია კომპანია “მაჰმუდოღლუს” ავტობუსი თბილისიდან სტამბულში მიდიოდა, როცა თურქეთში დაბა ჩერქეზთან ავარია მოუვიდა. შედეგად, საქართველოს 33 მოქალაქე დაშავდა.

მეორე დღეს კი, ადგილობრივი დროით 05:30 საათზე ავტოავარიას ანტალიაში 16 რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა. ტურუსტებით სავსე მიკროავტობუსი ხიდიდან 15-მეტრიან ხევში გადავარდა და შემდეგ მდინარეში ჩავარდა.

P.S.:

5 დღეში თურქეთის გავლით, ნიუ იორკში მივფრინავ:) ძალიან არ მინდა ეს ჩემი ბოლო პოსტი იყოს:)) არ მინდა და ვსიო. ვა:)

don’t trust your eyes
its easy to believe them
know in your heart
that you can leave a prison

– Katie Melua “The Flood”

ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.

არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა “მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე “როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა “ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)

ამიტომ, კითხვაზე: “გიგა, ჩამოხვედი?” დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, “როგორი იყო?”-ს გულისხმობს, პასუხად “ციოდას” ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)

კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.

ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.

სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, Green Day, Foo Fighters, U2, ჯულიეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, Backstreet Boys და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე “კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.

თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.

Berlin Trip: -2 Days

ისე, შემთხვევით გავაცნობიერე, რომ ზეგ მივდივარ. მართლა. წასვლამდე ორი თვით ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა მქონდა გასავლელი (ახალი პასპორტი, ვიზაზე ნერვიულობა, ფინანსური მხარეები) და ყოველივე ამის მოგვარება მოდუნების საშუალებას არც ერთი წამით არ მაძლევდა. ახლა, როცა ყველაფერი რიგზეა, როცა ერთ დაჭმუჭნულ ფაილში ვიზიანი პასპორტი, ბილეთები, დაზღვევა და to-do სია მიდევს, თითქოს დასვენების საშუალება მომეცა, თუმცა, როგორც ახლა მივხვდი, ნამეტანი მომივიდა:)

ისე, ახლა ისიც გავაცნობიერე, რომ ბერლინში მეორედ მივდივარ. მეორედ ვესწრები ასევე MTV Europe Music Awards-ს და სტამბულიც, რომლის ”მეორე” აეროპორტიდან ორნი [მე და გაგა] უნდა გავფრინდეთ, მეორედ უნდა მოვინახულო:)

Двойка несет с собой любовь, одновременно это символ непостоянного.

ნადირაშვილს გაუხარდებოდა:) თუმცა, ნადირაშვილი რა შუაშია და სასწრაფო წესით ნომინანტების და გამომსვლელების შესწავლასთან ერთად, გამწარებული ვებრძვი გრიპს თუ გაციებას, რომელიც ზეგისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს:) თუმცა, როცა ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი, ”არაუშავს, სიცხიანიც წახვალო” მივიღე პასუხად:)

მამენტ, სხვა რეაქციას არ ველოდებოდი:) ვნახოთ, რა იქნება ხვალ:)

P.S. დაჯილდოებაზე ორი გაგა იქნება:))