Me, Myself & Sabiha Gökçen

sgთურქეთის საბიჰა გოქჩენი ჩემს მიერ მონახულებულ აეროპორტთა შორის, ალბათ, ერთადერთია, რომელიც ძალიან არ მიყვარს (ნუ, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, მაგრამ იგი თითქმის ცარიელია. შესაბამისად, ამ გარემოების გარდა, საწუწუნოდ ხელმოსაჭიდიც არაფერია და მისი სამომავლო განვითარების იმედით, ამჯერად არაფერს დავწერ).

ასეა თუ ისეა, დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და სტამბოლის ‘მეორე’ საჰაერო გადაზიდვებით დაკავებული კომპლექსის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოდან ფრენა მთარგმნელის ბიუჯეტისთვის ძალიან ძვირი, ხოლო ჩემი და გაგას ბერლინის მონახულების სურვილი კი – ძალიან დიდი იყო და სწორედ საბიჰა გოქჩენში [ისე, მე თუ მკითხავ, ‘გექჩენი’ უფრო მართებულია] მოგვიწია თბილისიდან სტამბოლში უალტერნატივობის გამო ავტობუსით ჩასულებს, SunExpress-ით ფრენამდე არსებული 12 საათის მოკვლა.

ოთხი წლის წინ, ეს აეროპორტი, თითქოს, უფრო პატარა იყო და დღევანდელი გადასახედიდან, არც სავაჭრო, საკვები თუ სხვა ობიექტების სიუხვით გამოირჩეოდა. შესაბამისად, გართობის ერთადერთი საშუალება იმ საღამოს მანქანების საყიდლად მიმავალ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოება და მათი შემზარავი ისტორიების მოსმენა იყო (სარდაფებში ძილის შესახებ ამბები განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო). რეისმა მაშინ რამდენიმე საათით დაიგვიანა, რამაც ტერმინალის შესასვლელი კარის თავზე გამოკრული მაშინდელი წარწერა “A Hall” კიდევ უფრო გაამართლა და ჩემს ცნობიერებაში ეს აეროპორტი, როგორც “a-hole” საუკუნოდ დალექა.

წლების განმავლობაში, აეროპორტში სხვადასხვა ობიექტის მატებასთან ერთად, ჩემს მისდამი გრძნობას არაფერი შემატებია და კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც საბიჰა გოქჩენი არ მიყვარს არის ის, რომ იგი თითქოს განგებ ამართლებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს აეროპორტში არსებული ფასების შესახებ. კი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში თეორიულად შესაძლებელია, რომ ფასები იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე, მაგრამ როდესაც აეროპორტის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი, საპასპორტო კონტროლის შემდეგ, სადაც სითხის შეტანის შესაძლებლობა არ გაქვს, მგზავრს ტუალეტის ონკანისა და 3-ევროიან მომცრო ზომის წყლის ბოთლს შორის უტოვებ არჩევანს, ეს არც თუ ისე სასიამოვნო მომენტია; სულ რომ აღარაფერი ითქვას თვითგადარჩენისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტების ფასებზე, რომელებიც, ევროპის აეროპორტებში, როგორც წესი, 1-1.5 ევროთი ძვირია, ვიდრე ცენტრში. თუმცა, დედა ევროპის სხვა ქალაქების ზოგადი ფასების გათვალისწინებით, ეს სრულიად მისაღები და გასაგებია, რაც თურქეთის დასახლებული პუნქტების შუაგულში ნანახის საპირისპიროა.

სტამბოლის ცენტრში განცდილის გათვალისწინებით კი ნებისმიერს ეცოდინება, რომ ამ ქალაქის ევროპული ნაწილიდან აზიურში ტრანსპორტით გადასვლა ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებამდე, საცობების გამო, ერთი ქაოსია. განსაკუთრებით კი პიკის საათებში, თუმცა არააუცილებლად. და რადგან, ყველაფერი დასათვალიერებელი და მოსანახულებელი ქალაქის ევროპულ ნაწილში მდებარეობს, აეროპორტი კი – აზიურში და ათათურქის აეროპორტისგან განსხვავებით, იგი ცენტრთან მეტროთი არაა დაკავშირებული, სახლიდან გამოსვლა რიგით მოკვდავს ფრენამდე ჩვეული 3 საათის ნაცვლად, 4-5 და ზოგჯერ, მეტი საათით ადრე უწევს. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ მარშრუტზე საცობში ერთსაათიანი დგომა და მასთან დაკავშირებული ნერვიულობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

აეროპორტში მიღწევისთანავე კი, მწეველების ჯოჯოხეთი იწყება (ჰო, ვიცი, მოწევა კლავს). თბილისის აეროპორტის მსგავსად, საბიჰა გოქჩენშიც უსაფრთხოების პირველი კონტროლი შესასვლელშივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი არ არსებობს თანმხლები პიროვნება, რომლისთვისაც აეროპორტში შეღწევის შემდეგ, ბარგისთვის თვალის მიდევნების თხოვნა შეიძლება, მოწევის ყოველი სურვილისას, ადამიანს ბარგით გარეთ გასვლა და მოწევის შემდეგ, უსაფრთხოების კონტროლის თავიდან გავლა მოუწევს. ამ მხრივ, ოდნავ უკეთესი სიტუაციაა ათათურქის აეროპორტში, სადაც მოსაწევი ტერასა აეროპორტის შიგნით მდებარეობს, თუმცა გოქჩენი მწეველების მიმართ დაუნდობელია. მუდამ ხალხმრავალი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგაც კი, საიდანაც უკან მობრუნება, როგორც წესი, შეუძლებელია, მწეველებისთვის არანაირი საშუალება არ არსებობს. თუმცა, საპირფარეშოებში დასადგურებული სიგარეტის სუნის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ზოგიერთი მაინც ახერხებს სადღაც მაინც მოწევას და მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები ამას ამ ეტაპზე გაგებით ეკიდებიან და თვალს ხუჭავენ, ეს უკანონო საქმიანობა, ალბათ, მაინც სარისკოა და კონკრეტული ინდივიდის გამართლებაზეა დამოკიდებული.

ყველა ზემოჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, აეროპორტში არ არის უფასო WiFi. თუ რას ნიშნავს ეს, ალბათ, ზუსტად ჩემსავით, თქვენც მოგეხსენებათ. და უფასო WiFi-ს ძიებაში აეროპორტის გარშემო ხეტიალში გატარებული ათობით წუთის და ამ პროცესში ტელეფონის ბატარეის ნახევრად დაცლის შედეგ, თუკი მაინც გადაწყვეტთ რომელიმე ხელმისაწვდომი შეერთებიდან ძვირადღირებული WiFi-ს პაკეტის შეძენას, იგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ და მოხარული გაცნობებთ, რომ ამ პროცედურისთვის თურქული საკრედიტო/სადებეტო ბარათი გესაჭიროებათ (სასოწარკვეთილი ინტერნეტოფილის რჩევა: ჩამოსვლების სართულზე, გარეთ, რომელიღაც ავტობუსს უფასო WiFi აქვს; თუკი მისი და თქვენი მოძრაობის გრაფიკი დაემთხვევა, შეერთების წარმატება რამდენიმე წუთით გარანტირებულია [1 ჩექინისთვის მაინც]. ასევე არსებობს ერთი მითიური კაფე, სადაც 10 ლირაზე მეტი საქონლის შეძენისას, 1-საათიანი WiFi-წვდომით გასაჩუქრებენ).

სხვა მხრივ კი, მობილურის თუ სხვა ელტექნიკის დასატენად, მახვილი თვალი აეროპორტში ბევრ ‘როზეტს’ აღმოაჩენს, რაზეც აეროპორტის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა, თუმცა გასაგებია, რომ ისინი, ჩანაფიქრში, დამხმარე პერსონალისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მაინც…

Advertisements

4 thoughts on “Me, Myself & Sabiha Gökçen

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s