გაუშვი მეგობარი ბაზელში (სად ვიყიდოთ ავიაბილეთი ყველაზე იაფად)

რაღაც სპეციალური ჩარტერული რეისების არსებობის გარდა, ძნელად თუ წარმომიდგენია ისეთი ვითარება, როდესაც ავიაბილეთი ტურისტულ სააგენტოში უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე ინტერნეტში. ეს, ალბათ, დაქირავებული მუშახელისთვის ჯამაგირის გადახდის აუცილებლობით და ნუ, ათასი სხვა ხარჯითაა გამოწვეული, რაც კომპანიის ინტერნეტში მოღვაწეობის შემთხვევაში, მკვეთრად მცირდება, რადგან საიტიდან მომხმარებელი მესამე პირის დახმარების გარეშე ყიდულობს ბილეთს და შესაბამისად, თავად ემსახურება საკუთარ თავს.

თუმცა, ისევე როგორც ქუჩაში გარეთ, ვირტუალურ სივრცეში შიგნითაც მრავალი სხვადასხვა ტურიზმზე ორიენტირებული კომპანია ფუნქციონირებს და ალბათ, არ არსებობს ერთი იდეალური საიტი, სადაც ავიაბილეთის ყიდვა ყოველთვის ყველაზე იაფად იყოს შესაძლებელი. ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავის ბილეთის ყიდვის აუცილებლობა დგება, ათეულობით საიტს ვსტუმრობ და ვცდილობ ვიპოვო ისეთი, რომელიც სასურველ ბილეთს ყვეელაზე დაბალ ფასში შემომთავაზებს.

დღეს, მეგობრისთვის თბილისი – ბაზელი – თბილისის ბილეთი უნდა მეყიდა. თარიღები წინასწარ იყო ცნობილი: 24 ოქტომბერი – 5 ნოემბერი. ავიაკომპანიას, გადაჯდომების რაოდენობას და რეისებს შორის დროს მნიშვნელობა არ ქონდა. მთავარი ჩემი მეგობრის შემთხვევაში ფასი იყო.

ბილეთი ვიყიდე. საკმაოდ ნორმალურ ფასად. თუმცა, “სიყვარულოვნას ბლოგზე” პოსტის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილებაც გამეზიარებინა თქვენთვის იმ იმედით, რომ იაფიან ბილეთზე ნადირობის პროცესი შეიძლება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

GASA
391.34 ლარი (161.98 €)
საიტი: www.gasa.ge

tick-1

ფეისბუქზე ძრომიალისას, ეს ქართული კომპანია ყველაზე ხშირად მეჩხირება თვალებში და მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს ჩემს ოჯახში მხოლოდ უფროსები უყურებენ, მაცივართან გასვლის დროს, სწორედ მათი ტელერეკლამა მხვდება ყურში. მოკლედ, გადავწყვიტე მათ საიტზე შესვლა. თუმცა, მალევე თავი ალისად ვიგრძენი საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ის არაა, რაც შენ გგონია. ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემას მათ საიტზე ვერ მივაკვლიე, ამიტომაც ძველ, ნაცად მეთოდს მივმართე და პირდაპირ ფეისბუქის გვერდზე მივწერე. 1 საათის შემდეგ მიპასუხეს და ფასიც (161.98 € = 391.34 ლარი) საკმაოდ კარგი იყო.

Fly.ge
879 ლარი
საიტი: www.fly.ge

tick-2

შემდეგი გაჩერება, მხოლოდ ინტერესის გამო, კიდევ ერთი ქართული საიტი იყო. ასევე ფართოდ რეკლამირებული Fly.ge, სლოგანით „იაფი ავიაბილეთების ძიების მოქნილი სისტემა“ ორი ძახილის ნიშნით. ძიების სისტემა ნამდვილად მოქნილი იყო, ვერაფერს დაუწუნებ. აი, ფასი კი (879 ლარი), ჩემი მოკრძალებული გამოცდილებით, არც თუ ისე ჯდებოდა მოქნილობის კატეგორიაში და უფრო ფულის მოქნევის თუ გადაგდების შთაბეჭდილებას ტოვებდა.

Momondo
469.8 ლარი (155.37 £)
საიტი: www.momondo.com

tick-3

ქართული რეალობით გაცრუებული იმედების შემდეგ, უცხოურ საიტებზე გადავინაცვლე. თუმცა, სანამ ჩემს საყვარელ საიტებს მივადგებოდი, სადაც ზუსტად მეგულებოდა დაბალი ფასი, მეგობარ-ახლობლებისგან გაგონილი საიტი გამოვცადე, იქნება და მართლაც გამართლებულიყო მათი რეკომენდაცია. Мomondo.com  ერთგვარი შუამავალი აღმოჩნდა სხვა საიტებსა და მომხმარებელს შორის. თუმცა, ამას არავინ ჩიოდა, რადგან საბოლოო ფასი (194 € = 468.7 ლარი) საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.

BravoFly-ს საიტზე გადასვლის შემდეგ, ფასი ფუნტებში გამოჩნდა (155.37 £ = 469.8 ლარი), მაგრამ განსხვავება უმნიშვნელო იყო და “ფარული” გადასახადებიც არსაიდან არ გამოჩენილა. ინტერნეტში ბილეთის ყიდვისას, მთავარია გვახსოვდეს, რომ როდესაც საიტი პლასტიკური ბარათის ტიპის დაკონკრეტებას გვთხოვს, ანუ სადებეტოა თუ საკრედიტო იგი, შეძლებისდაგვარად სადებეტო მივუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასს მცირე, მაგრამ მაინც არასაჭირო, საკომისიო დაემატება. იმაზე, თუ რატომ არ ავირჩიე eDreams საიტ Мomondo-ს შემოთავაზებებიდან, ამაზე ვრცელი პოსტი ჩემს მეგობარს უწერია. თუ ინგლისურად კითხვა გეზარებათ, მარტივად გირჩევთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდოთ eDreams-ს დამალული, დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით.

Kayak
484.53 ლარი (274.54 $)
საიტი: www.kayak.com

tick-4

ჩემმა ნაქებმა Kayak.com-მა, რომელსაც, ზოგადად, ყველას ვურჩევ ხოლმე და ყველგან ვტენი, ამჯერად, იმედები ოდნავ გამიცრუა. ფასი დიდად არა, მაგრამ სხვა საიტებისგან ოდნავ მაღალი იყო (203 € = 490.448 ლარი). როგორც სურათიდან ჩანს, ძიების შედეგებში, ჩემთვის სასურველი ბილეთი ყველაზე იაფად Wegolo-ს საიტზე იყო. ამ საიტზე გადასვლის შედეგ კი, ყველა გადასახადთან და საკომისიოსთან ერთად, საბოლოო ფასი 274.54 $ ანუ დღევანდელი კურსით, 484.53 ლარი იყო. რაც ასევე არაა მთლად ცუდი.

Expedia
650.80 ლარი (368.75 $)
საიტი: www.expedia.com

tick-5

“პეგასუსის ავიახაზების” საქართველოში შემოსვლამდე და ხშირ ფასდაკლებებამდე, რომელიც მათ საიტზე შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება, Expedia ჩემი უსაყვარლესი საიტი იყო, სადაც რაღაც ჯადოსნური მეთოდით, ყოველთვის მიმართლებდა და ყველაზე იაფიან ბილეთებს ვპოულობდი ხოლმე. იანვრის სპონტანური თავგადასავლის დროსაც, „ატლასჯეტის“ ბილეთები ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტთან შედარებით, 10-20 დოლარით იაფად შევიძინე. თუმცა, ამჯერად, 368.75 $ ბაზელის რეისისთვის მეტისმეტად გაბერილი ფასი იყო.

Pegasus Airlines
437.24 ლარი (180.98 €)
საიტი: www.flypgs.com

tick-6

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ექსპერიმენტის დროს დათვალიერებული ვებ-გვერდების უმეტესობაში, ყველაზე დაბალი ფასი “პეგასუსის ავიახაზების” რეისზე იყო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე შესვლა მოვიფიქრე. ფასი მეტ-ნაკლებად მისაღები იყო, თუმცა მათ ქართველმა პარტნიორებმა – GASA-მ, როგორც პოსტის თავშივე ავღნიშნე, თითქმის 20 ევროთი ნაკლები ფასი შემომთავაზეს. ფასში ამ განსხვავებით კი ბევრი კარგი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ პეგასუსის საიტზე ბილეთის შეძენისას, ფასი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიყვანოთ ამერიკულ დოლარებში, რადგან გაუგებარია რა კურსით ხელმძღვანელობენ და გასხვევაბაც საკმაოდ საგრძნობი ხდება.

საბოლოო არჩვევანი
379.26 ლარი (156.98 €)

და ბოლოს :) ცოტამ თუ იცის და ჩემი აზრით, მართლა ცოტამ იცის. “პეგასუსს” თავისი საიტის მობილური ვერსია (mobile.flypgs.com) აქვს. შეუხედაობის და სიმარტივის მიუხედავად, იქ, ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის, ფასი რამდენიმე ათეული ევროთი უფრო დაბალია, ვიდრე ძირითად ვებ-გვერდზე. სასურველი მიმართულების და თარიღების არჩევის შემდეგ, გამოჩნდა საბოლოო ფასიც: 156.98 € = 379.26 ლარი, რომელიც დღეისთვის ყველაზე დაბალი იყო.

დასკვნა

ასე და ამგვარად, ცოტა წვალების, ვალუტის კონვერტირების, ფიქრის და ეშმაკობების შედეგად, ჩემი მეგობრისთვის თბილისი – ბაზელი – თბილისის ბილეთი 156.98 ევროდ შევიძინე. რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ იაფია და არამგონია სადმე ამაზე იაფი ღირდეს. თქვენ თუ იპოვით, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, სად მოახერხეთ :)

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავიაბილეთის ღირებულების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბილეთი ყველაზე იაფი “პეგასუსის ავიხაზების” საიტის მობილურ ვერსიაში ღირდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ, ბევრი სხვა საიტის გადამოწმებაც არ უნდა დაგვეზაროს :)

Advertisements

18 thoughts on “გაუშვი მეგობარი ბაზელში (სად ვიყიდოთ ავიაბილეთი ყველაზე იაფად)

  1. 1. გასა პეგასუსით დაფრინავს. ამიტომ პირდაპირ flypgs.com-ზე უნდა მოგეძებნა ბილეთები
    2. არც თუ ისე ხსირადაა მობილურ აპლიკაციასა და საიტს შორის სხვაობა :/ ყოველშემთხვევაში, ჩვენ რომ ვყიდულობდით მაშინ იდენტური ფასები იყო მობილურითაც და ინტერნეტითაც.

    • მე ძალიან გამიკვირდა, რომ GASA-ს პეგასუსის საიტზე იაფად ქონდა ბილეთები. თან, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ რაღაც დაზღვევა შედის და unicard-ზე შეგიძლია ქულები დააგროვო :) ამჯერად, ბობილური საიტით გამიმართლა. 6 ევროთი იაფი იყო GASA-ს ფასზე, მაგრამ მაინც :))

      • მაპატიე, პასუხი რომ დაგიგვიანე :D (GASA-ს ფეიჯის სახელით მე გპასუხობდი, განმარტებისთვის)

        ხდება ხოლმე, რომ ჩვენთან უფრო იაფია, გარკვეულ მიზეზთა გამო

        6 ევრო თუ იყო სხვაობა, ჩვენთან სჯობდა შეძენა Imho. ბოლო-ბოლო, ქულებს აგროვებ, დაცული ხარ საიტის ბაგებისგან, ავიაბილეთს დაზღვევა მოჰყვება და თან სხვადასხვა კომპანიებში ფასდაკლებებს გჩუქნით :)))))))

        • სრულიად გეთანხმები :) 6 ევროს შემთხვევაში ნამდვილად ჯობია თქვენთან. ბოლო-ბოლო გეცოდინება მაინც ვის მოთხოვო პასუხი :)))

    • იმედია გამოგადგება :) როგორც შევამჩნიე, ყოველ გზაზე 10 ევროს აგდებს :)

  2. მე როგორც ვიცი, თუ რამდენიმე თვით ადრე შეიძენ ბილეთს ცენტრალურ ევროპაში სხვადასხვა მიმართულებით, ფასი გაცილებით დაბალია. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ტენდენცია არ არის დამკვიდრებული.

    • არა, რამდენიმე თვით ადრე მართლაც იაფია. ოღონდ, ბოლო დღეს სულ ცარიელი რომ მიფრინავდეს, მაინც არ აგდებენ ფასს. აი, “ატლასჯეტი” აგდებს ხოლმე ფასს ბოლო დღეს (60 დოლარად ვიყიდე და რამდენიმე საათში გავფრინდი), მაგრამ რად გინდა, მხოლოდ სტამბულში დაფრინავს:)

  3. ამის მთავარმა პერსონაჟმა იცის ამ კონკრეტული ბლოგის არსებობა?:))))))

  4. ეე რა კარგი პოსტია. გამოსადეგი და საჭირო.

    არის კიდევ მეორე ვარიანტი, შენნაირ გარკვეულ ადამიანთან დამეგობრება :))))
    ვხუმრობ. :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s