წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

¡Olé, Madrid!

ჰე, ჰე… რამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გაჭიანურდა ეს პროცესი და დღეს გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ქონდა, ვიდრე ჩვეულ დაჯილდოების-მეორე-დღეს გამოცხადებას…

ნოემბრიდან მოყოლებული, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხან სტამბულში გამგზავრებისკენ ვამზადებდი თავს, ხან ამსტერდამისა თუ ბრუსელისთვის, მოსკოვსაც გამოვუცხადე ბოიკოტი, თუმცა შემდეგ დუბლინში ჩაღწევის სირთულეებზე მომიწია ფიქრი…

თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა ამაოდ…

2010 წლის MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება ესპანეთის დედაქალაქში მადრიდში გაიმართება და არ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს მე რომ არ ვიყო იქ! :)

ყველაზე მაგარი კი ამ ამბავში ის არის, რომ 7 ნოემბერი ჩემი და ერთი ადამიანის გაცნობის 5 წლისთავია:) საინტერესოა, მან თუ იცის ამის შესახებ:))) წაიკითხავს და გაიგებს… და უკვე ისიც სულ ერთია, რომ 7 ნოემბერი 7 ნოემბერია და მადრიდში უკვე ნამყოფი ვარ:))

ატჩოტი

“ფოკუსის” დეკემბრის ნომრის ყდა

გრიპისა და გაციების, ისევე როგორც მათი თანმხლები მოვლენების მიუხედავად, გაგამ და მე მაინც შევძელით გერმანიაში დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება და მკითხველს, რამდენიმე საინტერესო რაღაც მოვუმზადეთ:)

ვისაც აინტერესებს, სია ასეთია:

ჟურნალში “ფოკუსი”:

  • MTV საზღვრების გარეშე [MTV Europe Music Awards 2009-ის მიმოხილვა]
  • ინტერვიუ ჯგუფთან maNga
  • ინტერვიუ ჯგუფთან the KOLIN
  • პრუსტის კითხვარი წარმოშობით ქართველ დიზაინერ დევიდ კომასთან

ჟურნალში “დიალოგი” (aka “ჯეოსელის ჟურნალი”):

  • მუსიკა. ბერლინი. კედლები.

ჟურნალი “ფოკუსი” უკვე გაყიდვაშია, მარა ჯერ-ჯერობით მას მხოლოდ მეგობრის დედამ სუპერმარკეტ “იბისის” ტერიტორიაზე მიაგნო:) თუმცა, რედაქციის თანამშრომლების თქმით, მისი ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი:) მე ჯერ არ გამიმართლა.

“დიალოგის” ზამთრის ნომერი “ჯეოსელის” ოფისებში უფასოდ იქნება უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი:)

მიხარია:) არ უნდა მიხაროდეს?:)))

ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.

არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა “მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე “როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა “ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)

ამიტომ, კითხვაზე: “გიგა, ჩამოხვედი?” დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, “როგორი იყო?”-ს გულისხმობს, პასუხად “ციოდას” ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)

კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.

ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.

სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, Green Day, Foo Fighters, U2, ჯულიეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, Backstreet Boys და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე “კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.

თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.

Berlin Trip: -2 Days

ისე, შემთხვევით გავაცნობიერე, რომ ზეგ მივდივარ. მართლა. წასვლამდე ორი თვით ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა მქონდა გასავლელი (ახალი პასპორტი, ვიზაზე ნერვიულობა, ფინანსური მხარეები) და ყოველივე ამის მოგვარება მოდუნების საშუალებას არც ერთი წამით არ მაძლევდა. ახლა, როცა ყველაფერი რიგზეა, როცა ერთ დაჭმუჭნულ ფაილში ვიზიანი პასპორტი, ბილეთები, დაზღვევა და to-do სია მიდევს, თითქოს დასვენების საშუალება მომეცა, თუმცა, როგორც ახლა მივხვდი, ნამეტანი მომივიდა:)

ისე, ახლა ისიც გავაცნობიერე, რომ ბერლინში მეორედ მივდივარ. მეორედ ვესწრები ასევე MTV Europe Music Awards-ს და სტამბულიც, რომლის ”მეორე” აეროპორტიდან ორნი [მე და გაგა] უნდა გავფრინდეთ, მეორედ უნდა მოვინახულო:)

Двойка несет с собой любовь, одновременно это символ непостоянного.

ნადირაშვილს გაუხარდებოდა:) თუმცა, ნადირაშვილი რა შუაშია და სასწრაფო წესით ნომინანტების და გამომსვლელების შესწავლასთან ერთად, გამწარებული ვებრძვი გრიპს თუ გაციებას, რომელიც ზეგისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს:) თუმცა, როცა ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი, ”არაუშავს, სიცხიანიც წახვალო” მივიღე პასუხად:)

მამენტ, სხვა რეაქციას არ ველოდებოდი:) ვნახოთ, რა იქნება ხვალ:)

P.S. დაჯილდოებაზე ორი გაგა იქნება:))

მე და გერმანული

ამ პრომოს რომ ვუყურებდი, რატომღაც ჩემი თავი გამახსენდა:) სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება გამგზავრებამდე და დარწმუნებული ვარ, ჩემი გერმანულის ამჟამინდელი ცოდნა ვიდეოში ასახულ კეტი პერის შესაძლებლობებს დიდად აღარ აღემატება:)

ვნერვიულობ, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ გავატარო:) ინგლისური ხომ ვიცი:)

MTVმუარები

…როცა 2002 წლის ნოემბერში, 17 წლის ასაკში, ბარსელონას მთავარ /ან ყველაზე პოპულარულ/ ქუჩაზე – რამბლასზე ჩემს მანამდე-ცოცხლად-არასოდეს-ნანახ ინტერნეტ-მეგობრების არმიას ვხდებოდი და ჩემს წინ “ნირვანას” გადაჯიშებულმა დრამერმა – დევიდ გროლმა თავის გელფრენდთან ერთად, ამჯერად “ფუ ფაიტერსის” ვოკალისტის ამპლუაში ჩაიარა, რატომღაც დიდი ყურადღება არ მივაქციე. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, რამდენიმე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული: უპირველეს ყოვლისა, ვაღიარებ, რომ არასოდეს მყვარებია ან/და მომწონებია “ფუ ფაიტერსი”, მეორე – თავიდან ვერ გავაცნობიერე რომ (ჩემს წარმოსახვაში) ამხელა მასშტაბის არტისტს ასე უბრალოდ, ქუჩაში, გოგოსთან ხელჩაკიდებულს ვნახავდი და მესამე – წინ “2002 წლის ემ-ტი-ვი ევროპის მუსიკალური დაჯილდოება” მელოდა, რომელზეც ჩემს ახალ მეგობრებთან ერთად, მადონას ნახვას ვაპირებდით; და შესაბამისად, არაფერი სხვა ამქვეყნად, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, არ მაინტერესებდა…

კითხვის გაგრძელება →