What Me Worry? [ჩარეცხა დედის მუტელი]

იყო და არა იყო რა, იყო ერთი რიგითი ჯადოქარი, რომელსაც ერთი არაჩვეულებრივი თვისება ქონდა: მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ლამაზ გოგონებს მარგალიტებად აქცევდა, ხოლო შემდეგ ამ ძვირფას ქვებს ჯიბეში იწყობდა და ინახავდა. ერთხელ, როცა ზემოხსენებული ჯადოქარი მანგლისს უფრენდა თავზე, ორი მარგალიტი გადმოუცვივდა და ასე და ამგვარად, ჩვენს სუფრაზე, სადაც მე და კროკერი საზამთროსგან დარჩენილ ბოლო ნაჭრებს ვშთანთქავდით, აღმოჩნდნენ ეკა და სალომე. ამ ველური ისტორიის დასრულების შემდეგ, ეკამ, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ისტერიულ სიცილს ძლივს — მაგრამ მაინც — იკავებდა, მანდილოსნების სადღეგრძელო შესვა. ჭიქაში კი ის არაყი ესხა, რომელიც იმავე შუადღეს, ნაბახუსევზე, მე და კროკერმა, ლომინაშვილების საგვარეულო აბაზანის ჯართში ჩაბარების შედეგად მოპოვებული 12 ლარით ვიყიდეთ. ამ ჟანრის ისტორიების სიუხვის მიუხედავად, თავიდან არ ამომდიოდა აზრი იმის შესახებ, რომ არაფერი მეშველება მანამ, სანამ ალკოჰოლური სუბსტანციებით რიგიანად გაჟღენთილი, ყველა ახლადგაცნობილ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ “ოდნოკლასნიკებსა” თუ “ფეისბუქზე” მოციმციმე პოტენციურ “ფრენდებად” წარმოვიდგენ; სანამ არ შევწყვეტ ყოველივე ამის გააზრებისგან რაღაც ავადმყოფური სიამოვნების მიღებას — თითქოს, პლიუს ერთი მეგობარი სოციალურ ქსელებში შენს ამ პლანეტაზე მოღვაწეობას რაიმე ფუნდამენტური გზით ამართლებდეს. თუმცა, რატომ უნდა ამართლებდეს რაიმე სულიერი ან სულიერთა ერთობა შენს რაობას საერთოდ? ეს ხომ, როგორც წესი, შენი სიკვდილის შემდეგ კაცობრიობისთვის ნაანდერძევი სხვადასხვა მატერიალური ნივთი ან რაიმე სახის საქციელია, რომელიც ცოტათი მაინც გაზვიადებულ ლეგენდად გაქცევს; ხალხი რა შუაშია, საერთოდ?

mut-1

ამ პლანეტაზე არა, მაგრამ მანგლისში, ჩემი ნამოღვაწარის შემაჯამებელ საღამომდე, კროკერმა, ნებსით თუ უნებლიედ, დროში გასეირნება მომიწყო, რაც საბოლოო ჯამში, რეტროსპექტივის ერთგვარ ჯაჭვად გადაიქცა: გამახსენდა, თუ როგორია გაყინულ ალგეთში ბანაობა, რომელშიც წლებია არ ჩავსულვარ — პირველ რიგში, ამ დისკომფორტული შეგრძნების გამო; ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, გიგანტური მკბენარა ბუზების, აქა-იქ აუცილებლად მიმოფანტული გამხმარი ნაკელის, საბჭოთა კავშირისდროინდელ ტრუსებში გამოწყობილი ადგილობრივი კოლორიტების და სარაფნებში მობანავე მათი თანამგზავრების გამო, რომლებიც მდინარეზე ყოველთვის “უბრალოდ” ჩადიან, ხოლო ბოლოს, რაღაც ჯადოსნური წესით, წყალში აღმოჩნდებიან ხოლმე. ამ ყველაფერს, როგორც წესი, მუხლებამდე წყალში თავით გადახტომის და წყალქვეშ ცხვირზე თითებმოჭერილი გაძლების ასპარეზობებიც ემატებოდა, რომელთა დროსაც აუცილებლად ჩნდებოდა ვინმე “ჭკუამხიარული”, რომელიც ზუსტად იმ მომენტში, როცა ჟანგბადის უკმარისობისგან გალურჯებულ “მოასპარეზეს” წყლიდან თავი უნდა ამოეყო, საგულდაგულოდ მომზადებული მოკუმული ხელისგულით “თითქმის ჩემპიონს” ცერებრალურ მიდამოებზე წვდებოდა და ჰაერის ღორულად შთანთქვის მწყურვალეს სანუკვარი ოცნების განხორციელებას არ აცდიდა, რამეთუ წყალში ხელახლა აყვინთავებდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთგვარ პაექრობაში გადაიზრდებოდა ხოლმე, რომლის დროსაც, “დაზარალებული” უკანასკნელი ძალებით ცდილობდა მოხითხითე მამრის თავიდან მოშორებას, ხოლო მიზნის მიღწევის შემდეგ, ზებუნებრივად მოკრებილი ძალის წყალობით, გაეკიდებოდა “მჩაგვრელს” და სველი საცვლისგან დამბალ ტრაკში პანჩურს ამოარტყამდა, რომელსაც დამახასიათებელი ტყლაშუნი სდევდა თან. გაცილებით უფრო საინტერესო თვალყურსადევნებელი კი ის სუბურბიული გართობა იყო, როდესაც ორი მომღიმარი იდიოტი მესამეს უკნიდან მიეპარებოდა და მიწაზე დააწვენდა, შემდეგ ერთ-ერთი ხელებით დაიჭერდა, შედარებით მოქნილი მეორე კი — ფეხებით, ჰაერში აწევდნენ და რამდენიმე გაქანება-გამოქანების შემდეგ, ისევ იმავე ნახევარმეტრიანი სიღრმის მქონე მდინარეში გადაისვრიდნენ. მდინარის ფსკერზე განლაგებულ ქვებზე სხეულის მთელი მასით დანარცხებამდე, “მფრინავი იდიოტი”, ნერვული სიცილით სახეზე და თეთრი წყაროს რაიონისთვის დამახასიათებელი კილოთი, რომელიმე იდიოტ მეგობარს მიმართავდა: “კაი, რა, ბიჭო”; საფუძვლიანად დამიწებულს კი, სახის გამომეტყველება ეცვლებოდა — პრინციპში ისევე, როგორც დანარჩენ ორს, რომლებიც ახლა იგივე — “კაი, რა, ბიჭო”-ს უკვე “რა მოგივიდა?”-ს ამატებდნენ.

ეს ყველაფერი ფარცხისში ხდებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ხალხის მენტალიტეტზე 29 კილომეტრის დისტანცია დიდ გავლენას მაინცდამაინც ვერ მოახდენდა და მდინარეზე ჩასული კროკერიც, ბავშვობაში თუ ადრეულ თინეიჯერობაში, იგივე სცენებს მანგლისშიც წააწყდებოდა. ამ ვარაუდის სიზუსტეში კი ისიც მარწმუნებს, რომ მისი მონაყოლიდან შევიტყვე, რომ ისევე როგორც ჩემს მშობლიურ ფარცხისში, ამ მიდამოებშიც არსებობს მაიმუნის ფიზიონომიისა და თმიანი საფარის მქონე პიროვნება, რომელიც მდინარეზე მუხლებამდე ჩასული, ორ ხელში ცივ წყალს იგროვებს და “ოჰ, ოჰ”-ის ძახილით, ზურგში ოდნავ მოხრილი, თავის ბანჯგვლიან მკერდზე და იღლიებში ისხურებს. სწორედ ამიტომ არ მიყვარდა ალგეთზე ბანაობა და ჩემი გათვლებით, ამ მდინარეს არასოდეს გავეკარებოდი, თუმცა არსებობს შენგან დამოუკიდებელი მიზეზებიც და 5-წლიანი პაუზის შემდეგ, სველი და გიგანტურბუზებშემოხვეული მე ისევ ამ მდინარის ნაპირზე ვიწექი. საბედნიეროდ, ამჯერად ჩვენ მარტო ვიყავით.

mut-2

ასევე გავიხსენე, თუ როგორია გასართობ პარკში “მანქანებზე” კატაობა, რომელსაც ყოველთვის ირგვლივ შეკრებილი სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდი რაოდენობის და ამ გარემოებით გამოწვეული არაიშვიათი უხერხულობის შეგრძნების გამო, გავურბოდი; თითქოს, ჰარი პოტერისეულ ასაკში ფსევდოავტომობილებზე მქროლავი “დიდი ბიძიები” რაიმე დოზით მაღიზიანებდა ან/და აქ, ამ მომენტში გარშემო მიმოფანტულ მოზარდებს აუცილებლად რაიმე ცუდი უნდა ეფიქრათ ჩემზე. საბოლოო ჯამში, კროკერის ნაყიდი 2 ჟეტონი დიდი ენთუზიაზმით ჩავიბარე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის გახსენება, პრინციპით — ერთი, ორი, სამი, ბევრი — ბევრმა ჩემმა თანატოლმა მოინდომა. თუმცა, ბოლო მომენტამდე უხერხულობის შეგრძნებას არ მივუტოვებივარ და ამას არც კროკერის მიერ ჩემზე დაგეშილმა “მალალეტკების” არმიამ უშველა, რომლებიც ყოველ მოხვევაზე, დამცინავი ღიმილით სახეზე, მოულოდნელად რომელიმე მხრიდან მეჯახებოდნენ; არც კროკერის ყოფილი კლასელის ქმარმა, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შევეჯახე მისი მეუღლის მანქანას და მას შემდეგ 5 მეტრის თავისუფლად გავლის საშუალებას არ მაძლევდა და არც თავად კროკერის ნატკენმა ფეხმა, რომელიც ისევ და ისევ ჩემთან შეჯახების შედეგი გახლდათ. ერთი სიტყვით, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რაზეც საერთოდ არ უნდა მეფიქრა და ნორმალური ადამიანივით, მეც უნდა გამეღიმა, მეხუმრა და უბრალოდ, დავმტკბარიყავი მომენტით. მაგრამ პრე-ფაქტუმ ჩემი უარით გამოწვეული იდიოტური სიტუაცია პოსტ-ფაქტუმ კიდევ უფრო დავძაბე და თავადაც დაძაბულმა, ამ წლის განმავლობაში ჩემს გონებაში შემორჩენილი ფრაზებიდან ყველაზე მარაზმატული გადმოვაფრქვიე, რომელიც მოედანზე ერთპედალიანი მანქანით ჩატარებულ მანევრებს და მომავალში, ავტომობილის მძღოლად ჩემს ჩამოყალიბებას ეხებოდა და შემგდგომ განვრცობას აღარ საჭიროებს.

მანქანების შემდეგ, დავლიეთ. არაყი. ისევე როგორც მანგლისში გატარებულ მეორე და მესამე საღამოს. თუმცა, ჩანაფიქრში, თეთრი წყაროს რაიონის ამ სახელგანთქმულ კურორტ-დაბაში გაჩერებას მაქსიმუმ ერთი ღამით ვაპირებდი, რაზეც ჩემს მიერ წამოღებულ პარკში მხოლოდ ერთი ჩასაცმელის — მაისურის არსებობა მიუთითებდა; ისევე როგორც ჩემი ბიუჯეტი, რომელიც ნაკლებად სააშკარაო, მაგრამ არანაკლებ დეფიციტური იყო. ამ ფაქტების ერთობამ კი, ამა თუ იმ დროის მონაკვეთში მიმდინარე საქმიანობიდან თავისუფალ დროს, ახალი საფიქრალი გამიჩინა და ზემოხსენებული მომენტით ტკბობის საშუალებას არც სხვა /ამჯერად ასაკისთვის ადეკვატური ქცევის/ დროს მაძლევდა. თუმცა, ხსენებულის კომპლექსს ჩემს უარისვერმთქმელ პერსონაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია და შემდგომ დღეებშიც, დავთანხმდი რა კროკერის გამრთობის ფუნქციას, ჩავთვალე, რომ სანამ სიგარეტის ყიდვას საკუთარი ფულით შევძლებდი, ვერანაირი მატერიალური თუ თვითგვემის მომგვრელი დაბრკოლება საკუთარ თავთან სიმართლის უპირატესობის შეგრძნებაზე ვერ იმოქმედებდა.

mut-3მერე იყო მეორე დღე, როცა რეტროსპექტივა გაგრძელდა, მაგრამ ამჯერად ეს რიგიანად მივიწყებული გრძნობა იყო. შეგრძნება იმისა, რომ მშობელი თავის ნეგატიურ დამოკიდებულებებს აფრქვევს იმის გამო, რომ რაღაც დააშავე, არასწორად მოიქეცი თუ გააკეთე ისეთი რამ, რაც მას /მშობელს/ იმ კონკრეტულ პერიოდში არ ესიამოვნა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რის გამოც, სამი წლის წინ მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღე, რათა ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თუ ამ რეზოლუციათა ხორცშესხმაზე მე და მხოლოდ მე მეგო პასუხი და ისიც, მხოლოდ საკუთარ თავთან. ეს ემოციური მდგომარეობა კი, თავის მხრივ, იმით იყო ფორსირებული, რომ ნაბახუსევს მე და ავანტიურათა მოყვარულ კროკერს ჯართის ჩამბარებელი მინი სატვირთო მანქანიდან რამდენიმე ადამიანის ხმა შემოგვესმა, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჭიშკართან საკმაო სიჩქარით ჩაიარეს, რურალური ყოველდღიურობისგან ყელშიამოსულ “ორივეს” პროვოკაციული ქმედებებისკენ გვიბიძგეს; დაახლოებით ისე, როგორც უცხოურ ფილმებში დამკვიდრებული გაცვეთილი სცენა, როცა ორი ერთმანეთის წინ მსხდომი არსება უცებ თავს წამოყოფს; ერთმანეთს თვალს თვალში გაუყრის; დასტურის ნიშნად, რომ ორივე ერთსა და იმავეზე ფიქრობენ, თავს დაუქნევს და ბოროტად გაიღიმებს. მოკლედ, ორივემ ერთ ხმაში დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გვექნა იმ შემთხვევაში, ჯართის ჩამბარებელ მანქანას უფრო ნელა რომ ჩაევლო, ან უკეთეს შემთხვევაში, კართან გაჩერებულიყო და ეკითხა, რაიმეს ჩაბარებას ხომ არ ვისურვებდით. საბოლოოდ, რაიმე “ცუდის” გაკეთების იდეით შეპყრობილებმა, საკუთარი თავი დავარწმუნეთ იმაში, რომ ეზოს შუაში მდგარი აბაზანა, რომელშიც ბავშვობაში პატარა კროკერი და მისი და ბანაობდნენ და უფრო მოზრდილები კი — წუწაობდნენ, მართლაც არ უხდებოდა იქაურობას და ჯართში ჩაბარების უპირობო კანდიდატი იყო. მანქანამ ხელმეორედ ჩამოიარა და ოკეანისგაღმურ ფილმებში ტაქსის ისტერიულად გაჩერების მსურველი ნიუიორკელების მსგავსად, ჩვენც მივასკდით აივნის მოაჯირს და ყველა კიდურის ქნევით თუ სხვადასხვა ტონალობის ბგერათა შეჯერებით, ჯართის მანქანის ჩვენკენ მოხმობა დავიწყეთ. კითხვაზე, თუ რამდენად ჩაიბარებდნენ ჩვენს მიერ უარყოფილ აბაზანას, პასუხად 10 ლარი მივიღეთ, რაზეც კროკერს ყურში ჩავჩურჩულე, რომ ცოტაა — თითქოს ფასს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონოდა. სინამდვილეში კი, “ვაჭრობით” დროის გაწელვას ვცდილობდით, რომ “კიდევ ერთი ნაცრისფერი დღე” რაიმეთი მაინც შეგვეფერადებინა. ჩვენს მიერ შეთავაზებული ახალი ფასი — 13 ლარი ადგილზე მოხმობილ ჯართჩაბარების უფროსს, სხვადასხვა ცრურწმენის გამო, არ ესიამოვნა, თუმცა არც 14-ზე დაგვთანხმდა და საბოლოოდ, 12 ლარი გამოგვიწოდა.

mut-4უროთი აბაზანის მარტივ მამრავლებად დაშლის პროცესს კროკერი არ დასწრებია; პრინციპში, ისევე როგორც იგნორირება გაუკეთა იმ მეზობლის ფრაზას, რომელმაც მეჯართეებს ურო მიაწოდა და გვაუწყა, რომ კროკერის მამა ძალიან გაბრაზდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კროკერმა ეს სიტყვათა ერთობა დაბლოკა, ჩემში ყოველივე ამან შენელებული მოქმედების მექანიზმი აამუშავა, რომელიც შემდგომი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსვენებას არ მაძლევდა. უცებ გავაცნობიერე, რომ გარდა იმისა, რომ კროკერი ჩემზე უმცროსი იყო და მას, ამ სტატუსით, უფრო მეტი ეპატიებოდა, ვიდრე მე, ისიც ემატებოდა, რომ საკუთარ სახლში არ ვიმყოფებოდი და კიდევ უფრო უარესი — სახლის მეპატრონე არამცთუ სხვა, მესამე პიროვნება, არამედ — მშობელი გახლდათ, რაც ჩემთვის მტკივნეულ საკითხებს მახსენებდა. ჩემი ეს შეძრწუნება იმდენად მძაფრი იყო, რომ სერიოზულად წარმოვიდგინე იმის ალბათობა, როდესაც ჩადენილი საქციელის გამო, თითქმის 24 წლის ბიჭს, ვინმე მიღრიალებდა ან კიდევ უარესი — გამლახავდა:) ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ჩემი ეს ვარაუდი კი მაშინ გაცამტვერდა, როცა კროკერის ზარზე და ჩვენი იმ დღის თავგადასავლების გაზიარების შემდეგ, საკმაოდ ნასვამმა მამამ — მხოლოდ “სახლს ყიდი, მამა?”-ს თქმა მოახერხა. მე კი იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს, საჭირო სიტყვების პოვნას ახერხებენ და მაგაზე კიდევ უფრო — იუმორის გრძნობის მქონე მამები, რომლებიც მხოლოდ მომდევნო დღეებში ჩაიბურდღუნებენ ხოლმე მომხდარის შესახებ რაღაცას. თუმცა, მგონი, ეგეც არ მომხდარა.

როგორც ყოველთვის, საერთოდ არაფერი მომხდარა, რაზეც ასე გულმოდგინედ ვფიქრობდი. შესაბამისად, ხშირად მეუბნებიან, რომ არ შეიძლება ამდენი ფიქრი და არ უნდა მივაქციო ყურადღება ათას უმნიშვნელო დეტალს: მოვეშვა და ცივი გონებით ვიმოქმედო. ამის გაკეთება რომ შემეძლოს, ალბათ გავაკეთებდი, მაგრამ არ შემიძლია ყველაფერზე ყურადღების არმიქცევა და 24 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამგვარი რჩევების იგნორირება ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ მივხდი, რომ სწორედ ამ საფიქრალის სიუხვე ამართლებს ჩემს არსებობას — მთლიანად თუ არა, მნიშვნელოვანი დოზით მაინც, — მანგლისში გატარებული ბოლო საღამოს თამადა — :) — მაინც დავამატე “ფეისბუქზე”. მაგრამ რატომ? — ახლა უკვე ამაზე ვფიქრობ:)

Денег — Ноль, Секса — Ноль,
Музыка здохла, Мальчик Ноль.

Advertisements

2 thoughts on “What Me Worry? [ჩარეცხა დედის მუტელი]

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s