წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

Chi non viaggia a Capodanno..

პრინციპში, ახალი 2013 წლის შესახვედრად იდეა და შესაძლებლობაც ბევრი იყო. რომანწიული პარიზი; რომი – რომელშიც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი, იგივე მილანი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში უფრო მეტჯერ მოვინახულე, ვიდრე ჩემი აგარაკი – მთელი ჩემი ზრდასრულობის მანძილზე. შედარებით ნაკლებადპერსპექტიული საოცნებო სკანდინავიური ქალაქები იყო. თუმცა ელემენტარული მონდომებით, მაინც მგონია, რომ არაფერი არარეალური არ არსებობს და სკანდინავიის მიწაზეც შეიძლებოდა ფეხის დადგმა.

ასეა თუ ისეა, ბევრი განხილვის, წაკითხულის, გაგებულის და აწონ-დაწონვის შემდეგ, 2013 წლის შემობიჯების აღსანიშნავად, არჩევანი იტალიის ემილია-რომანიის ქალაქ ბოლონიაზე შევაჩერე. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სადღაც ამოვიკითხე, თურმე ბოლონიური ტრადიციის მიხედვით, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს, პიაცა მაჯორეზე შეკრებილი ქალაქის მცხოვრებნი და მათი სტუმრები ახალ წელს ე.წ. “ვეკიონეს” დაწვით აღნიშნავენ. ეს “ვეკიონე” კი უზარმაზარი ქანდაკებაა, რომელსაც ყოველ წელს სხვადასხვა ადგილობრივი ხელოვანი ქმნის და თავისი არსით, გასულ წელს აღნიშნავს. და რადგან ჩემი იმდროინდელი ინფორმაციით, ახალ წელს სხვაგან არსად არაფერს არ წვავდნენ, ამ სანახაობით ტკბობის ინტერესმა ყველა დანარჩენი ოპცია გადაწონა. თანაც, გრანდიოზული სტატიის გაშალაშინებასაც ვაპირებდი, რომელსაც დღის სინათლე დღემდე არ უხილავს, მაგრამ მაინც…

და რადგან ვიცოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ბოლონიით ვერ შემოვიფარგლებოდი და მილანში კიდევ ერთხელ ჩასვლა არ ამცდებოდა, საახალწლო ვოიაჟისთვის სპეციალური სამკუთხა მარშრუტი შევიმუშავე: მილანი – მოდენა – ბოლონია – რიმინი – სან მარინო – პადუა – ვენეცია – მილანი.

ny-trip
Continue reading