აღმოჩენები: გიბრალტარი

ჩემი პოლიტიკური სიბნელის გამო, არის ქვეყანაზე ისეთი რაღაცე{ე}ბი, რისი დეტალებისაც დღემდე არ მესმის. მაგალითად, ასეთია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მოწყობა: რატომაა ელისაბედ II დღემდე კანადის, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის დედოფალი, ხოლო ინდოეთის, პაკისტანის და ცეილონ/შრი-ლანკის არ არის. ნუ, კარგი, აქ მოვიფიქრე, რომ პირველი სამეულის სახელმწიფოდ ფორმირებაში ბრიტანეთის ხელი ურევია, ხოლო ბოლო სამეულმა თავის დროზე, ნებსით დააღწია თავი ბრიტანულ კონტექსტში მოხსენიებას, თუმცა [ბრიტანულ] ერთა თანამეგობრობაში მაინც შედიან.

შემდეგი მენტალური აურზაური მაშინ მეწყება, როდესაც ვცდილობ ოპოზიციაში დავაყენო ე.წ. „გვირგვინის მიწები“ (მენის კუნძული, ჯერსის კუნძული..) და ე.წ. „ზღვისიქითა ტერიტორიები“ (ბერმუდის კუნძულები, მონსერატი..). ძალაუნებურად გიწევს გარკვევა იმაში, თუ რას ნიშნავს/-და კოლონია, დომინიონი თუ პროტექტორატი და ვინ რაზე შეთანხმდა, საბოლოო ჯამში, ოფიციალურ ლონდონთან.

გაერთიანებული სამეფო საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ყველა ეს სახელმწიფო თუ თვითმმართველი ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ერთი ფერით იქნებოდა წარმოდგენილი და იქ მცხოვრებ ყველა ადამიანსაც „რუსი“ ერქმეოდა. რამდენად არაპოლიტკორექტულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ზოგადად, რიგითი ევროპელისთვის ეს არსებული რეალობაა: ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ საფრანგეთიდან ბრიტანულ ჯერსის კუნძულზე გადასვლა რამით განსხვავდება იტალიიდან ესპანურ იბიცაზე თუ იგივე ესპანეთიდან გიბრალტარში გადასვლისგან, ან სულაც, ქალაქიდან ბებიასთან სოფელში ჩასვლისგან.

საწუხაროდ, ჩვენთვის ეს ასე არ არის. რამდენადაც არ უნდა მოგქონდეთ თავი დედამიწის მოქალაქედ, ჩვენი ქვეყნისთვის არსებული სავიზო რეგულაციები მალევე მიგახვედრებთ, რომ კოსმოპოლიტი კი არა – ქართველი ხართ და იმაში გარკვევაც მოგიწევთ, რომ გრენლანდია თუ ფარერის კუნძულები დანიის ნაწილად კი ითვლება, მაგრამ იქ მოსახვედრად მხოლოდ შენგენის ვიზა არ კმარა და ცალკე ნებართვაა საჭირო; შპიცბერგენი ნორვეგიის ნაწილია, მაგრამ ქართველები იქ ვიზიტისთვის ვიზას არ საჭიროებენ (მაგრამ აბა ცადეთ იქ ჩასვლა ნორვეგიის ოსლოს გავლის გარეშე).. ნუ, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა თითქმის ნებისმიერმა მოგზაურმა იცის, რომ გაერთიანებული სამეფო კი ევროკავშირის წევრია, მაგრამ შენგენის ხელშეკრულებისთვის არ მოუწერია ხელი. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის კუნძულის მონახულება ცალკე ვიზას საჭიროებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაა, მე, მაგალითად, წარმოდგენა არ მქონდა, რომ იქ ჩასასვლელად გიბრალტარისთვის განკუთვნილი სპეციალური ვიზის აღება მომიწევდა.

ეს პოსტი სწორედ გიბრალტარში მოხვედრას და ამასთან დაკავშირებულ სირთულეებს შეეხება, რითაც, იმედი მაქვს, სხვებს გავუიოლებ საქმეს.
Continue reading