წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

Me, Myself & Sabiha Gökçen

sgთურქეთის საბიჰა გოქჩენი ჩემს მიერ მონახულებულ აეროპორტთა შორის, ალბათ, ერთადერთია, რომელიც ძალიან არ მიყვარს (ნუ, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, მაგრამ იგი თითქმის ცარიელია. შესაბამისად, ამ გარემოების გარდა, საწუწუნოდ ხელმოსაჭიდიც არაფერია და მისი სამომავლო განვითარების იმედით, ამჯერად არაფერს დავწერ).

ასეა თუ ისეა, დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და სტამბოლის ‘მეორე’ საჰაერო გადაზიდვებით დაკავებული კომპლექსის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოდან ფრენა მთარგმნელის ბიუჯეტისთვის ძალიან ძვირი, ხოლო ჩემი და გაგას ბერლინის მონახულების სურვილი კი – ძალიან დიდი იყო და სწორედ საბიჰა გოქჩენში [ისე, მე თუ მკითხავ, ‘გექჩენი’ უფრო მართებულია] მოგვიწია თბილისიდან სტამბოლში უალტერნატივობის გამო ავტობუსით ჩასულებს, SunExpress-ით ფრენამდე არსებული 12 საათის მოკვლა.

ოთხი წლის წინ, ეს აეროპორტი, თითქოს, უფრო პატარა იყო და დღევანდელი გადასახედიდან, არც სავაჭრო, საკვები თუ სხვა ობიექტების სიუხვით გამოირჩეოდა. შესაბამისად, გართობის ერთადერთი საშუალება იმ საღამოს მანქანების საყიდლად მიმავალ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოება და მათი შემზარავი ისტორიების მოსმენა იყო (სარდაფებში ძილის შესახებ ამბები განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო). რეისმა მაშინ რამდენიმე საათით დაიგვიანა, რამაც ტერმინალის შესასვლელი კარის თავზე გამოკრული მაშინდელი წარწერა “A Hall” კიდევ უფრო გაამართლა და ჩემს ცნობიერებაში ეს აეროპორტი, როგორც “a-hole” საუკუნოდ დალექა.

Continue reading

როგორ: მაროკოს ვიზა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი, სიხარულით გვაუწყებს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება მაროკოში, წინასწარ ესაჭიროება ვიზა. კარგი. ეს გასაგებია, ვიზა თითქმის ყველგან გვჭირდება და გამიკვირდებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. თუმცა, კიდევ ერთი თავისტკივილი ის გარემოებაა, რომ მაროკოს ვიზები გაიცემა არა თბილისში, არამედ უკრაინის დედაქალაქ კიევში.

მიუხედავად ყველაფრისა, მაროკოს ვიზის მიღება არც ისეთი რთული პროცედურაა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და რადგან, ყოველივე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, შევეცდები მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციით გაუმარტივო საქმე მათ, ვისაც ახლა და უახლოეს მომავალში სურს მაროკოს სამეფოში მოგზაურობა.

ყველაფერი, რაც აქ წერია არის ჩემი პირადი გამოცდილება და შესაბამისად, ყველა დეტალი უნდა გადამოწმდეს მაროკოს საელჩოსთან უკრაინაში.

mor-vis-1
Continue reading

სურათებში: კიევი 2013

არ ვიცი, რომელმა ჭკვიანმა დააწესა საქართველოში რომელიღაც უცხო ქვეყნის საკონსულოს არარსებობის შემთხვევაში, ვიზების კიევში აღების აუცილებლობა; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინასა და დედა-საქართველოს შორის აღარ არსებობს სახმელეთო მიმოსვლა, საზღვაო – გაუგებარია, თბილისიდან საჰაერო საშუალებებით მგზავრობა კი, ზოგჯერ, ამსტერდამის ბილეთზე ძვირი ღირს. ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები – ერევანი, ბაქო და სტამბულ-ანკარაც კი ხომ ასე ახლოსაა. იქაც ხომაა იგივე ქვეყნების საელჩოები და ვიზიტის იქ დაგეგმვა ბევრ შემზადებას არ საჭიროებს და არც ფინანსურ გარღვევებს იწვევს.

მაგრამ არა. ქართველი ერი არ დაბადებულა კომფორტისთვის და უკრაინაში ჩასვლა, ნოემბრის გამოცდილების შემდეგ, ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად, მესამედ მომიწია. თუმცა, ამჯერად, გაგასთან ერთად, რადგან საზამთრო მოგზაურობის პერიოდში სკაიპით ურთიერთობისას, მაროკოში სპონტანური ვოიაჟი დაიგეგმა. საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მაროკოს სამეფოს საელჩო კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიევში მდებარეობდა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე, ქალაქის აეროპორტს მიღმა, ქალაქის გაცნობის და მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობა მომეცა. კიევური შთაბეჭდილებების რეანიმირებას კი, სურათების საშუალებით შევეცდები.
Continue reading