როგორ: მაროკოს ვიზა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი, სიხარულით გვაუწყებს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება მაროკოში, წინასწარ ესაჭიროება ვიზა. კარგი. ეს გასაგებია, ვიზა თითქმის ყველგან გვჭირდება და გამიკვირდებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. თუმცა, კიდევ ერთი თავისტკივილი ის გარემოებაა, რომ მაროკოს ვიზები გაიცემა არა თბილისში, არამედ უკრაინის დედაქალაქ კიევში.

მიუხედავად ყველაფრისა, მაროკოს ვიზის მიღება არც ისეთი რთული პროცედურაა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და რადგან, ყოველივე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, შევეცდები მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციით გაუმარტივო საქმე მათ, ვისაც ახლა და უახლოეს მომავალში სურს მაროკოს სამეფოში მოგზაურობა.

ყველაფერი, რაც აქ წერია არის ჩემი პირადი გამოცდილება და შესაბამისად, ყველა დეტალი უნდა გადამოწმდეს მაროკოს საელჩოსთან უკრაინაში.

mor-vis-1
Continue reading

სურათებში: კიევი 2013

არ ვიცი, რომელმა ჭკვიანმა დააწესა საქართველოში რომელიღაც უცხო ქვეყნის საკონსულოს არარსებობის შემთხვევაში, ვიზების კიევში აღების აუცილებლობა; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინასა და დედა-საქართველოს შორის აღარ არსებობს სახმელეთო მიმოსვლა, საზღვაო – გაუგებარია, თბილისიდან საჰაერო საშუალებებით მგზავრობა კი, ზოგჯერ, ამსტერდამის ბილეთზე ძვირი ღირს. ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები – ერევანი, ბაქო და სტამბულ-ანკარაც კი ხომ ასე ახლოსაა. იქაც ხომაა იგივე ქვეყნების საელჩოები და ვიზიტის იქ დაგეგმვა ბევრ შემზადებას არ საჭიროებს და არც ფინანსურ გარღვევებს იწვევს.

მაგრამ არა. ქართველი ერი არ დაბადებულა კომფორტისთვის და უკრაინაში ჩასვლა, ნოემბრის გამოცდილების შემდეგ, ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად, მესამედ მომიწია. თუმცა, ამჯერად, გაგასთან ერთად, რადგან საზამთრო მოგზაურობის პერიოდში სკაიპით ურთიერთობისას, მაროკოში სპონტანური ვოიაჟი დაიგეგმა. საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მაროკოს სამეფოს საელჩო კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიევში მდებარეობდა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე, ქალაქის აეროპორტს მიღმა, ქალაქის გაცნობის და მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობა მომეცა. კიევური შთაბეჭდილებების რეანიმირებას კი, სურათების საშუალებით შევეცდები.
Continue reading

Чому ж ти, блядь, не любиш Україну?

kiev-bp-2012
ახლა ვიხსენებდი და აღმოჩნდა, რომ პირველად უკრაინის ტერიტორიაზე მაშინ ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ თბილისი-მოსკოვის მატარებელი დადიოდა და ტუაპსეში (იყო გზად გაჩერება ეგეთი) მიწისძვრა მოხდა. Google ბიძიამ შემახსენა – 1991 წელი იყოო და ჰოდა, სწორედ იმ წელს, საყვარელ უკრაინელ ბებიასთან ერთად, დონეცკის მიდამოებში ნათესავების ქორწილში ჩავედით. უცნაურია, რომ საერთოდ მახსოვს რამე, მაგრამ როგორც ჩანს, ოქროსფერ შეფუთვაში გახვეული შოკოლადის კურდღელი, დანგრეული ტალახნარევი გზები და უცნობი ნათესავის წყალობით ცხვირიდან წამოსული სისხლი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

მას შემდეგ, ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს სამშობლოში 2012 წლის ნოემბერში ამოვყავი თავი, როდესაც საქართველოდან იტალიაში მეგობრის დაბადების დღეზე მიმავალს, ტრანზიტი კიევის ბორისპოლში მიწევდა. ევროპული მოლოდინებით აღვსებულს და მამის ნაამბობიდან გამომდინარე, უკრაინულ კულტურასთან, განსაკუთრებით კი – “რუსეთის ქალაქების დედის” საბაჟო უნარ-ჩვევებთან შეხების არანაირი სურვილი არ მქონდა. თუმცა, ჩემი ჩათქმულის მიუხედავად, განსხვავებული მოსაზრება ქონდათ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს და კომპანია “აეროსვიტს”, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მართალია ავია- მაგრამ მაინც, უკრაინულ კულტურასთან ზიარება, ყველა სტუმრისთვის გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბილეთით ვმგზავრობდი და როგორც წესი, ეს ნიშნავს, რომ თბილისში ჩაბარებული ბარგი დანიშნულების ადგილას – მილანში უნდა ამეღო, უკრაინული ავიაკომპანიების ტანდემმა რეკორდულ 1:25 წუთში საპასპორტო კონტროლის გავლა, მებაჟის კითხვებზე პასუხი, ბარგის აღება, ბარგის შემოწმება, ტერმინალ B-დან გასვლა, ტერმინალ F-ში თავქუდმოგლეჯილი გადარბენა, მილანის რეისზე რეგისტრაცია, ბარგის ხელახლა შემოწმება, პოლიციელის კითხვებზე პასუხი და საპასპორტო კონტროლის თავიდან გავლა მაიძულა. თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს სპორტულ ფორმას არაუშავდა რა და გავაცნობიერე, რომ ყველაზე საშინელი სცენარი უკან მოვიტოვე, ერთი ღერის მოწევა, მახსოვს, მაინც მოვასწარი. სხვა თუ არაფერი, მაგათ ჯინაზე. თვითმფრინავში კი, ნასვამი უკრაინელი გოგოების უცნობ მამაკაცებთან ინტერაქციით და გაცნობის ხელოვნების ოსტატობის უდავოდ მაღალი ხარისხით ისე გავერთე, რომ დღის პირველი შეხება ამ ერთან სრულიად გადამავიწყდა.

თუმცა, მე თუ დავივიწყე ერი, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ერმა დამივიწყა მე და მილანში ჩასულს, ჩემი საყვარელი ავიაკომპანიებისგან ელექტრონული წერილი დამხვდა, სადაც იუწყებოდნენ, რომ ჩემს ბილეთში სერიოზული ცვლილებები განახორციელეს. ერთი სიტყვით, მახარეს, რომ თურმე მილანში კი აღმოვჩნდი, მაგრამ თბილისიდან კიევის ბორისპოლში არ მიფრენია და შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი ბილეთი გამიუქმეს. კი დავიბენი, თუმცა დიდი დრო არ დამჭირვებია იმისთვის, რათა მათთვის მიმეხვედრებინა, რომ ბიუროკრატიულ მანქანაზე უფრო მეტად ბიუროკრატთან ქონდათ საქმე. რამდენიმე საერთაშორისო ზარის შემდეგ, ნელ-ნელა და ნერვებმოშლით, მაგრამ მაინც, საკითხი მოგვარდა. ყველაფერი კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თბილისის აეროპორტის თანამშრომლების ბრალი იყო. ბიჭი, რომელმაც ჩასხდომის ბარათი გამომართვა, ნაბახუსევი კი მომეჩვენა (მომეჩვენა რა – ცხვირით ვიგრძენი), თუმცა საბოლოო ჯამში – ჩემი ეჭვი გაამართლა და ჩასხდომის ბარათის დაკარგვა მაინც მომიხერხა :) მიუხედავად მოგვარებული საკითხისა, უკანა გზაზე ბარგთან დაკავშირებული პროცედურების გავლა ისევ მომიწია, მაგრამ ამჯერად, ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი და მარშ-ნახტომისთვის დროც წინაზე ოდნავ მეტი მქონდა.

გამოყენებითი სიყვარული

რამეთუ მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ ყველაზე საყვარელ ხუთ რაღაცაზე წერის ჯაჭვი:) მეტი შესავალი ვერ მოვიფიქრე, ცხელა. ამიტომ, გადავალ პირდაპირ ჩამონათვალზე:

1. მუსიკა

ახლა ვინმეს გაეცინება, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ერთ-ერთი პირველი მოგონება სწორედ მუსიკას უკავშირდება. კერძოდ კი, საკუთარი თავი მანეჟში გამომწყვდეული მახსენდება; ჩემს წინ ტელევიზორი იდგა, რომლის გამოსახულებაშიც უცნაური შეფერილობის ქალი კიბეზე ჩამოდიოდა, თევზის კუდისმაგვარი კაბა ეცვა და რაღაცას მღეროდა.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქალი Diana Ross იყო, კლიპი კი მის Chained Reaction-ზე გადაღებული ვიდეო იყო. მას შემდეგ, თითქმის ყველა მოგონება ცხოვრებაში გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს უკავშირდება. რაღაც კონკრეტულ ეტაპზე კი, ყოველდღიურობაში შემოსული ყველა ახალი ადამიანისთვის, სიმღერის შერჩევაც კი დავიწყე…

საყვარელ შემსრულებლებზე საუბარს აზრი არ აქვს. მათი დიაპაზონი ევროდენს 2 Unlimited-დან, რუსულ როკ – Ленинград-ამდე ვრცელდება. ვუსმენ Britney Spears-ს, ვუსმენ Rainbow-ს, 2Pac-ს და Pink Floyd-ს.

კონკრეტული შემსრულებლის ერთგული მსმენელი აღარ ვარ და ჩემი მუსიკალური პროსტიტუციის ერთი წამითაც არ მრცხვენია:) პირიქით…

2. 1990-იანები

ყოველი ჩვენგანის მდგრადობის გამოცდის წლები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა. ათწლეული, რომელშიც დავიწყე წერა და კითხვა, მოვწიე სიგარეტის პირველი ღერი და დავაგემოვნე პირველი ალკოჰოლი, გადავიღე ათობით მხატვრული ფილმი /:))/ და კონკურსი მის ფარცხისი 1999 მოვაწყე.

პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სექსი… შუალედებში რადიოებზე რეკვა და სიმღერების შეკვეთა. პირველი სამსახური, პირველი ხელფასი… მოგზაურობა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და დამოუკიდებლად – თურქეთში 14 წლის ასაკში.

პირველი გაქცევა სახლიდან და საკუთარი ხელით სკოლიდან სკოლაში გადატანილი საბუთები. მტკვარში ჩავარდნა, შტაბები ხეზე და წიკო…

ამიტომაც, თუ სიმთვრალეში YouTube-ზე, Jam & Spoon ჩავრთე ან A-la-la-la-la-long-ის სიმღერა დავიწყე, მომიტევეთ:) ყოველივე ეს, უბრალოდ, ჩემს პირველ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

Ace of Base-ის The Sign გამახსენდა; რა ცუდია, რომ ფარცხისში ვიდეოებს ვერ ვხსნი:(

3. კომპიუტერი

არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ჯადოსნურ მოწყობილობაზე, რომელიც 1995 წლიდან ჩემს სამკითხველო დარბაზად, მუსიკალურ ცენტრად, კინოთეატრად, სოდომად და გომორად, სათამაშო აპარატად და ღმერთმა იცის კიდევ რად ვაქციე.

ერთს ვიტყვი, ეს სიყვარული არ ყოფილა სპონტანური. პირველ შეხებამდეც ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებდა. ამიტომ, მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რავიცი… სიგარეტის გარეშე?:) ალბათ:)

4. უცხო ადამიანები

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ცხოველები, არ უყვართ ადამიანები, მე ამ ცხოვრებაში სტერეოტიპების მსხვრეველის როლი მერგო, რამეთუ მშვენივრად ვათავსებ უმაღლესი პრიმატების და ფლორისა თუ ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების სიყვარულსაც. Но, хер это сразу поймешь!:)

სერიოზულად კი, მართლა ყველანაირი ადამიანი მიყვარს. ჭკვიანებისგან – ჩემთვის ასე საჭირო ინფორმაციულ შიმშილს ვიკლავ, არც-ისე ჭკვიანებთან დროს ვკლავ, სულელებთან ურთიერთობა კი საკუთარი თავის და ყოველდღიურობის კიდევ უფრო შეყვარებაში მეხმარება.

ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულების მიუხედავად, არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმიანობა თუ ყოფა ჩემში რაიმე ზიზღს იწვევდეს. პირიქით, მაოცებს, მასწავლის ან რაიმე ახლის კეთების სურვილს მიჩენს, ანდაც სხვანაირად – ბანალურად, სხვის შეცდომებზე მიმითითებს და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ წინაშე უპირატესობის შეგრძნებას მიჩენს.

ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სხვისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც ვუყვარვარ, რადგან ეს სიყვარული წმინდა გამოყენებითი ხასიათისაა და ამ ყველაფრის წერით იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულითაა ნაკარნახევი.

5. უცხო ქვეყნები

ევას შთამომავლების სიყვარულისგან განსხვავებით, მოგზაურობა ჩემი ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომის ზიზღითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩემი არც ისე ხშირი, მაგრამ საყვარელი თბილისსგარეთ ვოიაჟების მამოძრავებელი ძალა არა იმდენად სხვების კულტურის და ყოფის გაცნობაა, არამედ პოპულარული ენით – საკუთარ საჯდომზე თავგადასავლების ძიებაა.

სიტყვაში “თავგადასავლები” კი, არც დაივიგნი და არც ექსტრემალური ალპინიზმი არ იგულისხმება, არამედ ბიუროკრატიულ პროცედურებთან შერკინება, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი მასალის სწრაფად ათვისება და ყველაფერი ამით, საკუთარი თავისთვის – “მე ამას შევძლებ” დამტკიცება შედის.

შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი საქართველოს მოქალაქეობითაა ნაკარნახევი, რომელიც იმთავითვე გზღუდავს შესაძლებლობებში და საზღვარს გარეთ თუ შიგნით, გარკვეულ იარლიყებს გაკრავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის კოსმოპოლიტობის კიდევ ერთხელ დამტკიცება, ვგონებ არავის ვნებს…

ეპილოგი

აი, სულ ეს იყო:)

თეგები

1. http://cac2z.wordpress.com/
2. http://islandglocke.wordpress.com/