სად დავიკარგე: თარგმანში

2013 წლის ბოლოს, ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, 2014 წლის დასაწყისისთვის გრანდიოზული გეგმები მქონდა. ვაპირებდი, იტალიურზე ინტენსიურად სიარულს, ბლოგის გამოცოცხლებას ახალი პოსტებით ძველის შესახებ, რომელიც თავის დროზე უნდა დამეპოსტა და არ გავაკეთე. ასევე, უნდა დამეხვეწა უკვე ტრადიციადქცეული ნოემბრის თვის ქვეყნიდან გაღწევის მარშრუტი; გამერკვია, ვის უნდოდა წამოსვლა და ვის – არა, რომ შემდეგ მათ მაგივრადაც მეფიქრა სავიზო ფორმალობებზე. და კიდევ, ათასი წვრილმანი, რომელიც აქ საერთოდ არაა მოსატანი.

თუმცა, გრანდიოზული გეგმები, დიდწილად, გრანდიოზულად ბევრი თავისუფალი დროის ნაყოფი იყო. ამ დროში კი ფიქრსაც ბევრს ვასწრებდი, ბევრი ამოცანის დასახვასაც ვახერხებდი და საერთოდაც, არაფერი არ მიშლიდა ხელს მათ განხორციელებაში. ამ ყველაფერს 17 იანვარს მოეღო ბოლო, როცა ჩემთვის დღემდე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და ტელევიზიისთვის ფილმების თარგმნა შემომთავაზა. ისევ და ისევ დროის სიუხვის გამო, ვერ წარმოვიდგინე, რატომ არ უნდა დავთანხმებულიყავი. მაგრამ სულ რამდენიმე დღეში გავაცნობიერე, რომ თავისუფალი დრო სადღაც გაქრა და მთელი ეს პერიოდი დღემდე შვიდი მხატვრული ფილმის დედა ენაზე თარგმანს დავუთმე.

პირველობის ბედნიერება, ბოევიკ “12 რაუნდს” ერგო, რომლის თარგმანისას, მისი მთავარი გმირი იდიოტად შევრაცხე, მისი ტყვედ აყვანილი შეყვარებული კი სულ მეცოდებოდა. შემდეგ უჟასები წამოვიდა :) “28 დღის შემდეგ” სიშმაგე-სიგიჟის ვირუსზე იყო, რომელიც მაიმუნებმა ადამიანებს გადასდეს და მერე მთელი ბრიტანეთის მოსახლეობა ზომბებად იქცა. რა თქმა უნდა, მთავარი გმირების გამოკლებით. “28 კვირის შემდეგ” იმავე ფილმის მეორე ნაწილი იყო, რომელიც სხვა რეჟისორმა გადაიღო და კიდევ უფრო მოსაწყენი და არასაშიში გამოდგა. და სკამიდან არცერთხელ არ წამოვმხტარვარ. ძველი ფილმის 2006 წლის ვერსია – “ომენი” უკვე ნანახი მქონდა და საშინლად მოსაბეზრებელი იყო მისი თარგმნა. თან, სულ ბიბლიაში ვიხედებოდი. დიდი მადლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და იეჰოვას მოწმეების საიტებს. “მაიმუნების პლანეტას” არ ვუყურე, შესაბამისად აზრი არ მაქვს. ფილმი “შეუძლებელი” ტაილანდის თავს დამტყდარ ცუნამიზე იყო. ამ ფილმს თან ვთარგმნიდი, თან ცრემლი მადგებოდა, თან გული მერეოდა, თან მიხაროდა და მოკლედ, ყველაზე უფრო დამამახსოვრდა. გუშინ კი ვუდი ალენის “შენ მაღალ შავგვრემან მამაკაცს გაიცნობ“-ის თარგმნას მოვრჩი, როგორც იქნა. ძალიან უყვარს წერა მაგ კაცს, მთელი 45 გვერდი გამომივიდა ფილმის ქართული თარგმანი!

რომელ ქართულ ტელეარხზე გავა, ან თუ გავიდა ეს ფილმები – არ ვიცი, არ მიკითხავს. ისევე როგორც არ მიკითხავს, როდის მეკუთვნის ამ თარგმანისთვის ჰონორარი. თუმცა, ალბათ, მეორეს უფრო მალე გავარკვევ, ვიდრე პირველს. ვინმე თუ სადმე მოკრავთ თვალს ჩემ ნამუშევრებს, შემატყობინეთ, გამიხარდება :)

UPDATE: რუსთავი 2 ყოფილა :))

Sex and the City რუსთავი 2-ზე

თუკი თქვენთვის ჯერ ტვინი არ გამიბურღავს  ფრაზებით სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”-დან, ე.ი. ზედაპირული ურთიერთობა გვქონია და უბრალოდ, ვერ მოვასწარი:) ჩემი ამ სერიალით აღფრთოვანების ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია, მიყვარს. ძალიან თან.

ამიტომ, როცა მორიგი ფარცხისური ვოიაჟიდან დაბრუნებულს, ელკამ მახარა, რომ მე-6 სეზონის რამდენიმე სერია იყო სათარგმნი რუსთავი 2-სთვის, დაახლობით ის გრძნობა განვიცადე, რაც შარლოტამ დაფეხმძიმებისას:) ასეა თუ ისეა, სერიალის ზეპირად ცოდნის მიუხედავად, ადგილ-ადგილ მაინც რთული სათარგმნი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ის მომენტები, რომელთა ქართული შესატყვისი საერთოდ არ გვაქვს, იუმორი კი შესანარჩუნებელი იყო.

მოკლედ, ჩემი და რამდენიმე ადამიანის აზრით /რომლებმაც თარგმანის საბოლოო ვარიანტი წაიკითხეს/, მისია წარმატებით შევასრულე:) აქვე დავდებ იმ სერიების სიას, რომლებიც ჩემი გაკეთებულია:)) როდის გავლენ ეთერში ჯერ არ ვიცი. როცა გამოვთვლი, მივუწერ გვერდზე:))

სეზონი 6

  • ეპიზოდი 08 – დაჭერა
  • ეპიზოდი 09 – ქალს აქვს უფლება ფეხსაცმელი იქონიოს
  • ეპიზოდი 13 – დაე, იყოს სინათლე!
  • ეპიზოდი 14 – “ფუ!”-ს ფაქტორი
  • ეპიზოდი 15 – 38 წლის ქალი
  • ეპიზოდი 16 – საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეცი
  • ეპიზოდი 17 – ცივი ომი
  • ეპიზოდი 18 – ტყლაშ!
  • ეპიზოდი 19 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი პირველი)
  • ეპიზოდი 20 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი მეორე)

და როგორც ფეისბუქის სტატუსში დავწერე – მლანძღეთ!:)))

სასიამოვნო მოულოდნელობები

[დღეს არის: 20 აპრილი, 2009. გავიდა 1 წელი, 9 თვე და 21 დღე, რაც ვიკიპედიელად ვითვლები!]

თინეიჯერობის გაცილების მეორე წელს, როცა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ში “ნანიკოს შოუს” სცენარისტად დავიწყე მუშაობა (მაინც ჟღერს რა :> ), ქართული რეალობიდან გამომდინარე, მრავალ სხვა ფუნქციასაც ვითავსებდი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გადაცემის გარკვეული პრომოუშენი თუ პოპულარიზაციაც შედიოდა. თუმცა, ამ უკანასკნელი პროცესის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავდა…

როგორც არ უნდა იყოს, სხვადასხვა ფორუმზე რამდენიმე პოსტის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემს იმ დროისთვის ყველაზე მოხმარებად [მეზიზღება ეს სიტყვა:)] საიტზე – “ვიკიპედიაზეც” შემექმნა გადაცემისთვის განკუთვნილი გვერდი. სწორედ ასე გაჩნდა “თავისუფალ ენციკლოპედიაში” ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი “ნანიკოს შოუსთვის” მიძღვნილი გვერდი (ერთ-ერთი პირველი იმიტომ, რომ ადრეც მქონდა გარკვეული ინფორმაციის შეტანის მცდელობები, თუმცა – უშედეგოდ).

კითხვის გაგრძელება →

¿Por qué te vas?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ-თანდათანობით, შემდეგ კი – მეგობრების ცნობილ ქართულ ტელეგადაცემების შესახებ დასმული კითხვების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპული MTV-თ შემოვიფარგლებოდი, ხოლო მისი სხვასასხვა ლოკალური მუსიკალური საკაბელო ქსელით ჩანაცვლების შემდეგ კი – ეროვნულ ტელევიზიაზე გადმოვერთე, რადგან “აიეტი TV” ჩემთვის საინტერესოს მის მკაცრად თემატურ არხებზე აღარაფერს მთავაზობდა /Школа Злословия-ს ინტერნეტში ვუყურებ/. ეროვნულ ტელესივრცეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, საინფორმაციო გადაცემების ყურება დავიწყე 12-ზე /კურიერი/, 3-ზე /კურიერი/, 6-ზე /კურიერი/, 8-ზე /მზერა/, 9 /კურიერი/, თუ გამიმართლებდა, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე” ღამის ეთერში, მხატვრული ფილმის დასრულების შემდეგ, კიდევ დღის მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც ვუსწრებდი.

თუმცა, მუშაობის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი, რომ საინფორმაციო ფილმების სეანსების რაოდენობამ, რომელსაც ვესწრებოდი, საგრძნობლად იკლო. ყველაზე დრამატული კი ის გარემოება იყო, რომ საკუთარი თავისთვის თითქოს რაღაცის დამტიცების მიზნით, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ დღის განმავლობაში გამოტოვებული “კურიერების” კომპენსირებას, 9-საათიანი გამოშვება მოახდენდა. თუკი რაიმე მიზეზის გამო, ამ უკანასკნელსაც ვერ ვუსწრებდი, მაშინ მაშველად ან ზემოხსენებული მოკლე ანონსი, ან უკიდურეს შემთხვევაში – ტელეკომპანიის ვებ-გვერდი მევლინებოდა.

კითხვის გაგრძელება →

გირო-გობა

გირო და გობა იყვნენ ძმები. ორივე საქართველოში დაიბადნენ. ერთ დროს. ერთ დღეს და ერთ საათზე. ორივე გიგას შვილები იყვნენ. გირო გობაზე 1 წუთით უფროსი იყო, უფრო მხიარული და ლაღი. გობა შედარებით თავშეკავებული და სერიოზული. მაგრამ გიგას ორივე ძალიან უყვარდა და არასოდეს იშორებდა გვერდიდან.

და ასე იყო სულ. ახლაც ასეა. შარშან ვსვავდი, წელს არა.

Tori Amos – Drive All Night ჩემს iTunes-ში, განწყობა ნორმალ. მომავალ კვირას P.S.-ში შოუზე სიუჟეტი იქნება :) ანონსი ყველაფერ ცუდს მავიწყებს :)

მე გამიმარჯოს.

გავქრი, ჩავქრი, გავწითლდი.