Ein, zwei, drei, vier…

ეს ჩვენი მესამე ვიდეოა. ქუჩის გამოკითხვა, რომელიც ნოემბრის ცივ დღეებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ჩავწერეთ ინტერნეტ-ტელევიზია “Artarea/Tv2.0“-სთვის. გაგა ლომიძემ ვიდეოს შესანიშნავი შესავალი დაურთო, რამაც მისი შინაარსის და დანიშნულების აღერის აუცილებლობა თავიდან ამაცილა და მადლობას ვუხდი მას ამისთვის :)

რამდენიც არ უნდა შევუწყოთ ხელი საერთო ადამიანური ღირებულებების გამყარებას, ნებისმიერ ქვეყანას მაინც თავისი ნარატივი და თავისი შეხედულებები აქვს საგნებსა თუ მოვლენებთან მიმართებაში. შევადგინეთ კითხვარი, რომელიც გამოავლენდა გერმანელების თავისებურებას და ამ მიზნით ინტერვიუ ჩამოვართვით ქალაქების – ფრანკფურტის, კიოლნის, ვუპერტალის, აახენის და ტრიერის მცხოვრებლებს. შედეგად არაერთი თანხვედრაც მივიღეთ.

აი, ვიდეოც:

მუსიკა: Nena – “99 Luftballons”, 2raumwohnung – “Wir Werden Sehen” და Wir Sind Helden – “Nur Ein Wort”
ვიდეო: ალფრედო მანინო
კითხვარი: ალფრედო მანინო, გიგა ნანობაშვილი
ინტერვიუერი: გაგა ლომიძე
გაშიფვრა/თარგმანი: გაგა ლომიძე, შორენა შამანაძე
ხმის ოპერატორი: საბა ქავთარაძე
განსაკუთრებული მადლობა: ფრანჩესკა ნეგრის, კატერინა კამპისის, მერაბ ბოჭოიძეს და ყველა მონაწილეს:)

სურათებში: კიევი 2013

არ ვიცი, რომელმა ჭკვიანმა დააწესა საქართველოში რომელიღაც უცხო ქვეყნის საკონსულოს არარსებობის შემთხვევაში, ვიზების კიევში აღების აუცილებლობა; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინასა და დედა-საქართველოს შორის აღარ არსებობს სახმელეთო მიმოსვლა, საზღვაო – გაუგებარია, თბილისიდან საჰაერო საშუალებებით მგზავრობა კი, ზოგჯერ, ამსტერდამის ბილეთზე ძვირი ღირს. ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები – ერევანი, ბაქო და სტამბულ-ანკარაც კი ხომ ასე ახლოსაა. იქაც ხომაა იგივე ქვეყნების საელჩოები და ვიზიტის იქ დაგეგმვა ბევრ შემზადებას არ საჭიროებს და არც ფინანსურ გარღვევებს იწვევს.

მაგრამ არა. ქართველი ერი არ დაბადებულა კომფორტისთვის და უკრაინაში ჩასვლა, ნოემბრის გამოცდილების შემდეგ, ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად, მესამედ მომიწია. თუმცა, ამჯერად, გაგასთან ერთად, რადგან საზამთრო მოგზაურობის პერიოდში სკაიპით ურთიერთობისას, მაროკოში სპონტანური ვოიაჟი დაიგეგმა. საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მაროკოს სამეფოს საელჩო კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიევში მდებარეობდა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე, ქალაქის აეროპორტს მიღმა, ქალაქის გაცნობის და მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობა მომეცა. კიევური შთაბეჭდილებების რეანიმირებას კი, სურათების საშუალებით შევეცდები.
Continue reading

საერთოდ

საერთოდ, ხშირად ვიწყებ ყველაფრის წერას სიტყვით “საერთოდ” და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაცნობიერებდი მეტყველების ამ ნაწილის გაცვეთილობის ხარისხს, ბოლო დრომდე, მის გამოყენებას ჩემი მხრიდან არანაირი გამაღიზიანებელი რეაქცია არ მოყოლია. თუმცა, ყველაფერი იცვლება და იცვლება დამოკიდებულებებიც. და იმ გარემოების მიუხედავად, რომ იშვიათზე მეტ შემთხვევაში, ეს გამხსნელი სიტყვა ნაწერის საბოლოო ვარიანტში საერთოდ არ რჩება, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ყველაფერს, რაც კი აქამდე დამიწერია, თავში სწორედ ეს ავადსახსენებელი “საერთოდ” უდგას. დავესესხები ჩემს მეგობარ გაგას და ვიტყვი, რომ ამ ჩემს მდგომარეობას, რიგიანი ფსიქოლოგი კარგ ინტერპრეტირებას გაუკეთებდა და ფსიქიკურ აშლილობათა შორის ადეკვატურ კატეგორიას მიუჩენდა, თუმცა რა დასამალია და ეს ყველაფერი არც თეთრხალათიანებისთვის დამიწერია და არც თავად ვცდილობ, მაინცდამაინც, ჩემი და “საერთოდ”-ის ურთიერთსიყვარულის ფესვების აღმოჩენას.

“საერთოდ” იქეთ იყოს და ამ პოსტის დაწერას დიდი ხანია ვგეგმავდი, თუმცა ამა თუ იმ გარემოების გამო, ვერასოდეს ვიცლიდი მისი გაციფრულებისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ ჩემი მოყვარის – iMer-ის პოსტი იყო, რომელშიც იგი მშობლიური მხარეების მიტოვებას და ქვეყნისგარეთ მოგზაურობას ლამობდა. ამ სიტუაციამ “სექსში დიდ ქალაქში”-დან ერთი სცენა გამახსენა: მეოთხე სეზონის ერთ-ერთ სერიაში შარლოტა იმაზე წუწუნებდა, რომ ბუნებაში არსებული სექსუალური სიახლოვის ყველა პოზიციის გამოცდის და სპერმის რიგიანი დოზის მიღების მიუხედავად, იგი მაინც ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას. ლაპარაკის დასრულების და თავისი უსუსურობის გაცნობიერების შემდეგ კი, შარლოტა თავის მეგობარ მირანდას უყურებს, რომელსაც მთელი ამ დიალოგის მანძილზე ხმა თითქმის არ ამოუღია და მხოლოდ “რაღაცნაირად” უყურებდა შარლოტას. მირანდას ასეთი საქციელით დაინტერიგებული შალოტა, ბუნებრივია, კითხულობს, თუ რა სჭირს მის მეგობარს და მიუხედავად იმისა, რომ მირანდას ცხოვრებაში დატრიალებული სიახლეების შარლოტასთვის გაზიარებისთვის უარესი მომენტი ალბათ არ იარსებებდა, შარლოტა მაინც ღებულობს პასუხს და იგებს, რომ მირანდა ფეხმძიმედაა და თანაც, ყოველივე ეს სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოხდა.

სწორედ არავითარი წინასწარი გათვლის გარეშე, მეც დავთანხმდი გაგას შემოთავაზებას, არა – დაფეხმძიმების, არამედ – ბერლინში ერთად წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მირანდასგან განხვავებით, დრო გავწელე და ამ გადაწვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება მხოლოდ დღეს ჩავთვალე საჭიროდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პოსტის ერთთვიანი დაგვიანება მერაბს ნაკლებად გააღიზიანებს, მით უმეტეს, თუ გაითვალისწინებს, რომ ამის შესახებ ხარება თავის პოსტზე კომენტარის სახით შემეძლო სწორედ იმ დღეს, როცა იგი საქართველოდან გაქცევაზე წუწუნებდა:)

გასეირნება მთაში

…მიუხედავად იმისა, რომ გზა მთაწმინდის პარკიდან პანთეონამდე და ქვევით – მშობლიური გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქუჩებამდე, გაცილებით უფრო მოკლე და ადვილად დასაძლევი აღმოჩნდა, ვიდრე თბილისის ანძის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე ქვემოდან ზემოთ ლაშქრობა, მე მაინც იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ რომ /პირველად დავწერე 2 რომ ერთად:)/ არა დღევანდელი “ვიკიშეხვედრა”, ვერცერთი საყვარელი და ძვირფასი ადამიანი, თუ რაიმე სხვა, უსულო, მაგრამ არანაკლებ ძვირფასი ნივთი, იქ ასვლას ვერ მაიძულებდა; განსაკუთრებით კი იმ ტემპებში, რომლებშიც ეს დღეს მე და მერაბმა მოვახერხეთ.

ვარდისფერი კიბეებით მორთული ბილიკი, რომელიც მამადავითის ეკლესიის შემდეგ, სიმბოლურად, თითქოს მარადიული უსასრულობისკენ იჭიმება, ჩემდა გასაკვირად, ვანდალიზმის, მკოცნავი წყვილების, ალკოჰოლის მშთანქავი სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების და აქა-იქ უცნაური ხმებისა თუ მოძრაობების ნაკლებობით გამოირჩეოდა; თუმცა, ალბათ, ამ მოულოდნელ გარემოებათა უმეტესობა სეზონური თავისებურებით იყო განპირობებული, რაც გამწარებულ ბობღვას სიწყნარეში კიდევ უფრო დამღლელს და არასაინტერესოს ხდიდა…

Continue reading

პირველი პოსტი ვორდპრესზე

…ყოველთვის მეზიზღებოდა თებერვალი :) არ ვიცი – რატომ…

ალბათ იმიტომ, რომ ყველასგან გამორჩეული თვე იყო და მხოლოდ 28 ან 29 მეტ-ნაკლებად სასიამოვნო დღისგან შედგებოდა. ასევე ცუდი ასოციაციები მიჩნდებოდა, როცა ვიგებდი, რომ რომელიმე ჩემი ახლადგაცნობილი მეგობარი ზამთრის ამ ბოლო თვეს იყო დაბადებული :(

როგორც არ უნდა იყოს, თებერვალში ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი ადამიანები დაიბადნენ, რომლებმაც პუჩკა მგელის 23-წლიანი ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვნად მოახდინეს გავლენა მასზე :) მერწყულები… და თევზები (LOL, ვინც იცის ამ სიტყვის ჩემებური ინტერპრეტაცია…)

მოკლედ, ასეთი გაუგებარი შესავლის შემდეგ, გადავალ პირდაპირ საქმეზე და მივესალმები ყველას, ვინც შემოიხედა ამ ჩემს ჯერ-კიდევ-გაუბაზრებელ ბლოგში. იმედია, ხშირად მოვიცლი მისთვის და ისეთივე ინტენსიურობით გამოვაქვეყნებ რაღაცეებს, როგორც MSN Space-ში და ისე არ მივაგდებ, როგორც Blogger-ს.

ასეა თუ ისეა, ახალი ფაზა ცხოვრებაში იმსახურებს ახალ ბლოგს :)

თებერვალიც მალე გაივლის…