Florence + the Giga

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ არსებობს ღრმა ბავშვობაში ჩადებული რაღაც პრინციპები, რომელთაც ვერასდროს ვერასდიდებით ვერ ჩაანაცვლებ. ასე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს არც თუ ისე დიდხნიან ცხოვრებას მეცნიერებათა დოქტორები, ხელოვნების მოღვაწეები თუ ამ მიმართულების სტუდენტები ალამაზებენ და მეტ-ნაკლებად რაღაც მინახავს, წამიკითხავს თუ მომისმენია, ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო და რაფაელი ჩემთვის, პირველ რიგში, მაინც “კუ-ნინძებად” რჩებიან. და სულაც არაა ჩემი ბრალი, რომ მასკულტურას კლასიკურ კულტურაზე ადრე ვეზიარე.

დანტესაც სკოლაში არ გავდიოდით; და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეტაპზე ჩემმა კარგმა მეგობარმა გაგამ „ღვთაებრივ კომედიასა” და ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს შორის პარალელების გავლება დაიწყო და ამ პოემის შინაარსის შესახებ სწორედ ამ გზით ჩამომიყალიბდა ავ-კარგი წარმოდგენა, მე მაინც ვთვლი, რომ ალიგიერის შესახებ ყოველთვის გაცილებით უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე იტალიის რესპუბლიკის ყველა ერთად აღებულმა მოწაფემ რუსთაველის შესახებ. ნუ, თუნდაც ის ხომ ვიცოდი, რომ სწორედ დანტეს ნამოღვაწარმა დააკნინა აკადემიური ლათინური და საფუძველი დაუდო თანამედროვე იტალიური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებას, ხალხური ლათინურის ფლორენციის დიალექტის საფუძველზე. ვოტ. ჩვენი ენის რეჶორმატორი ილიას შესახებ იციან კი იტალიელებმა რამე? რა თქმა უნდა, არა.

ყველაფერთან ერთად, ფლორენცია მედიჩების დინასტიას უკავშირდება. ესეც ვიცოდი. თუმცა, მათ სახელსაც კვლავინდებურად აღორძინების ეპოქის ხელოვნების თუ კულტურის მოღვაწეებთან მივყავართ და ერთი სიტყვით, სასიკვდილო წრედი იკვრება. მივდივართ ისევ პოსტის თავში დაწერილთან. და იმისთვის, რომ ევროპული სახვითი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მუზეუმის, უფიცის გალერეის, ორ ფლიგელს შორის თუ ფლორენციის აკადემიის გალერეასთან მაღლა აწეული თავით ჩამევლო, ― ა-ლა “მე ჩემი პრინციპები მაქვს და მერე რა, რომ არ შემოვდივარ?!”, ტოსკანის ფლორენციაში ძირითად მოსანახულებელ ადგილებად ყველაზე არარომანტიული და უჩვეულო ლოკაციები შევარჩიე ისე, რომ ბოლოში მხოლოდ “დავითის” გენ-იტალია არ მქონოდა დალექილი გონებაში.

კითხვის გაგრძელება →

წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

ნიდერლანდები, მოგონება II: ზოგიერთი რამ, რაც ამსტერდამში გავაკეთე[თ]

ამსტერდამი რომ თავისუფლების ქალაქია, ეს მის შესახებ ისტორიული ცნობების გაცნობის და მისი მონახულების გარეშეც ბევრს ეცოდინება. და ტელევიზორშიც რომ არაფერი მოისმინო, ერუდიციით ნაკლებად გამორჩეული მეზობელი ნარკომანისგან მაინც გექნება რაიმე გაგონილი. თუმცა, პროსტიტუციასა და საკაიხასიათო საშუალებების მოხმარებაზე „თვალის დახუჭვასთან“ ერთად, ამსტერდამს სხვა დასახლებებისგან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაც გამოარჩევს. ამის შესახებ ადამიანების ოდნავ განსხვავებულმა კატეგორიამ იცის, თუმცა ეს ინფორმაცია მათაც ძალაუნებურად აქვთ. ასეა თუ ისეა, ნაირნაირ იარლიყებს ნიდერლანდების დედაქალაქი მშვენივრად ირგებს. ბოლოს და ბოლოს, რაში უნდა აინტერესებდეს მის მთავრობას – რა მიზეზი გამოძრავებს იქ ჩასვლის დროს, თუ შენ იქ შენს ოფლით მოპოვებულ ევროებს ხარჯავ?

მოკლედ, ჩვენი დანაზოგებისა თუ სანათესაოში შეგროვებული სახსრების საფლანგავად ნიდერლანდების სამეფოს მთავარ ქალაქს ექვსკაციანი დელეგაციით ვეწვიეთ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ექვსივეს განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა იმის შესახებ, თუ რა არის თავისუფლება, რაც, ზოგ შემთხვევაში, ტრადიციულად, თავნებობად აღიქმებოდა. ამასთანავე, სამეგობროს შიგნით კონფლიქტის გამოწვევის გარეშე, რამდენიმე დღეში ბუნებრივად დავიყავით და თავის გასართობად ყველამ საკუთარი საშუალება ავირჩიეთ: ზოგი შოპინგზე დადიოდა, ზოგი – მუზეუმებში, ერთი ჯგუფი გამუდმებით ეწეოდა, მეორეს კი სტიმულატორების გარეშეც, უბრალოდ, სასტუმროში ეძინა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ პოსტში მინდა თავი მოვუყარო ჩემს აღმოჩენა-დაკვირვებებს და იმას, რითაც ამსტერდამმა პირადად მე დამამახსოვრა თავი.

კითხვის გაგრძელება →

Ein, zwei, drei, vier…

ეს ჩვენი მესამე ვიდეოა. ქუჩის გამოკითხვა, რომელიც ნოემბრის ცივ დღეებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ჩავწერეთ ინტერნეტ-ტელევიზია “Artarea/Tv2.0“-სთვის. გაგა ლომიძემ ვიდეოს შესანიშნავი შესავალი დაურთო, რამაც მისი შინაარსის და დანიშნულების აღერის აუცილებლობა თავიდან ამაცილა და მადლობას ვუხდი მას ამისთვის :)

რამდენიც არ უნდა შევუწყოთ ხელი საერთო ადამიანური ღირებულებების გამყარებას, ნებისმიერ ქვეყანას მაინც თავისი ნარატივი და თავისი შეხედულებები აქვს საგნებსა თუ მოვლენებთან მიმართებაში. შევადგინეთ კითხვარი, რომელიც გამოავლენდა გერმანელების თავისებურებას და ამ მიზნით ინტერვიუ ჩამოვართვით ქალაქების – ფრანკფურტის, კიოლნის, ვუპერტალის, აახენის და ტრიერის მცხოვრებლებს. შედეგად არაერთი თანხვედრაც მივიღეთ.

აი, ვიდეოც:

მუსიკა: Nena – “99 Luftballons”, 2raumwohnung – “Wir Werden Sehen” და Wir Sind Helden – “Nur Ein Wort”
ვიდეო: ალფრედო მანინო
კითხვარი: ალფრედო მანინო, გიგა ნანობაშვილი
ინტერვიუერი: გაგა ლომიძე
გაშიფვრა/თარგმანი: გაგა ლომიძე, შორენა შამანაძე
ხმის ოპერატორი: საბა ქავთარაძე
განსაკუთრებული მადლობა: ფრანჩესკა ნეგრის, კატერინა კამპისის, მერაბ ბოჭოიძეს და ყველა მონაწილეს:)

სურათებში: ტანჟერი [მაროკო, გაჩერება I]

რაა დასამალი და, ქალაქ ტანჟერის არსებობის შესახებ მხოლოდ Euronews-ის ამინდის პროგნოზიდან ვიცოდი. ახლა, მგონი, იქაც არ უჩვენებენ და ეს დრო ის დრო რომ ყოფილიყო, დავრჩებოდი ასე — ბნელი. ნუ, ეს მდგომარეობაც, როგორც თითქმის ყველაფერი, დროებითობისთვის იყო განწირული და ტანჟერი ჩემს ცხოვრებაში მეორედ სწორედ მაშინ ამოტივტივდა, როდესაც ევროპის კონტინენტიდან მაროკოში მოსახვედრად, სტრატეგიულად განლაგებული ეს საპორტო ქალაქი, თითქმის უალტერნატივო კანდიდატად შემორჩა.

მართალია, მოგზაურთა ფორუმები გაჯერებულია ხმამაღალი განცხადებებით იმის შესახებ, რომ ტანჟერი “ნამდვილი” მაროკო არ არის და რომ ერთადერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება მისი მონახულების შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, საყვარელი ღირებული ნივთების გარეშე დარჩენა იქნებოდა, მე მაინც ვთვლი, ეს ქალაქი მაროკოული თავგადასავლის დასაწყებად იდეალურია; თუნდაც იმიტომ, რომ, იგივე მოგზაურთა და ადგილობრივთა მოსაზრებით, მაროკოს სხვა დანარჩენი ქალაქები ტანჟერზე უკეთესია და, შესაბამისად, ტანჟერში ყველაზე უარესისთვის მზაობა არამხოლოდ სიამოვნებას მოგგვრით ამ მოლოდინების არგამართლების შემთხვევაში, არამედ აქ განცდილი, ქვეყნის გარშემო მთელი მოგზაურობის მანძილზე, სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ.

ჰო, ტანჟერი მართლაც სავსე აღმოჩნდა საეჭვო გარეგნობის და ქცევების მქონე ინდივიდებით, რომლებიც თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში ხან მოსაწევს, ხანაც — კოკაინს გვთავაზობდნენ. საუკეთესო ვარიანტში — ევრო-დოლარების ადგილობრივ დირჰამებზე გადახურდავებას. ამბობენ, რომ ისინი, ვინც ამ ცდუნებას ვერ უძლებენ, ხშირ შემთხვევაში, დღეს მეცხრე ცის ნაცვლად, “ცხრა” კორუმპირებულ სამართალდამცავთან ერთად ასრულებენ. ჩვენ ეს თეორია არ გამოგვიცდია, სიტყვაზე ვენდეთ და უსიტყვოდაც — ყველაფერი ნათელი იყო.

მეორე მხრივ კი, ევროპიდან, გიბრალტარის სრუტის გადმოკვეთით, ტანჟერში მოხვედრა ყველაფრისგან განსხვავებული გამოცდილებაა. ესპანეთის ქალაქ ალხესირასიდან თითქმის ორსაათიანი მგზავრობის განმავლობაში, ჩქაროსნული ბორნის გარეთ, გემბანის მოაჯირზე მიყუდებული ვეგდე, ვეწეოდი და მარადიულზე ვფიქრობდი; ხოლო როდესაც სადღაც იქ აფრიკა გამოჩნდა, თითქმის პირველაღმომჩენივით ვიყვირე.

თუკი ტანჟერის ზღვისპირა მდებარეობის შესაძლებლობების ათვისებას არ აპირებთ, მალევე მივხვდებით, რომ ამ ქალაქში კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით, საკეთებელი ბევრი ვერაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ამ ტერიტორიაზე თავშესაფარს პოულობდნენ ევროპელი და ამერიკელი არტისტები, პოლიტიკოსები თუ თაღლითები, ახლა აქ მხოლოდ ეს უკანასკნელები შემორჩნენ.

სამაგიეროდ, ტანჟერში სანახაობების ნაკლებობა საუკეთესოა იმისთვის, რომ აუჩქარებლად შეისწავლოთ მაროკოს თითქმის ყველა ქალაქის მოწყობის ტიპი: მედინა — გალავანს შიგნით მოქცეული ძველი ქალაქი, ბაზრითა და ვიწრო ქუჩებით და მის კედლებს გარეთ გადაშლილი — ახალი ქალაქი; შეიგრძნოთ ეგზოტიკა, ჩვეული გამაგრილებელი სასმელების ბოთლებსა თუ სწრაფი კვების ობიექტების შენობებზე გამოკრული არაბული წარწერებით; წყნარად გადაახურდავოთ ფული ან გამოიტანოთ ბანკომატიდან; იყიდოთ ადგილობრივი სიმ-ბარათი და გააქტიუროთ ინტერნეტი ჩექინებისთვის; აღმოაჩინოთ მაროკოული ტაქსის ორი ტიპი: grands taxis — საქალაქთაშორისო ტაქსი, რომლითაც სხვებთან ერთად, კოლექტიურად მგზავრობთ და petits taxis — ადგილობრივი ტაქსი, რომლის მძღოლსაც ბევრი მოლაპარაკება ჭირდება მრიცხველის ჩასართავად; და რაღა თქმა უნდა, ეზიაროთ მაროკოს პირველ ავტოსადგურს, სადაც ვაგზლის ბაზრობაზე ქაოტური სიტუაციაა და ავტობუსის საბარგულში ჩანთის ჩადებისთვის ფულს გამოგართმევენ.
Continue reading

სურათებში: გასეირნება მალაგაში

მიუხედავად იმისა, რომ მალაგა პაბლო პიკასოს სამშობლოა, იგი არ არის ის ქალაქი, რომელსაც ადამიანები ესპანეთში მოგზაურობისას, პირველ რიგში მოსანახულებელ პუნქტთა შორის უჩენენ ადგილს. ნუ, რა თქმა უნდა, თუ ზღვაზე დასვენებას არ აპირებენ. როგორც გაირკვა, მალაგა პოპულარული კოსტა დელ სოლის (მზის სანაპირო) დედაქალაქია და შესაბამისად, ამ რეგიონის სატრანსპორტო კვანძია, საიდანაც შემდეგ ახლომდებარე პატარ-პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში შეიძლება გადასვლა.

მართალია, ესპანეთში ზედმეტ ვიზიტზე არასოდეს ვიტყოდი უარს, თუმცა მალაგაში ჩასვლა სწორედ მისი მდებარეობის გამო გადაწყდა – მაროკოში მოგზაურობამდე, გიბრალტარის მონახულება გვქონდა ჩაფიქრებული. ამ შემთხვევაში კი, მალაგის აეროპორტი თითქმის უალტერნატივო იყო. რადგანაც მალაგას მხოლოდ საწყის პუნქტად განვიხილავდით, იქ მხოლოდ ერთი ღამის გათენება დავგეგმეთ, თუმცა ქალაქში გატარებული რამდენიმე საათის მიუხედავად, ერთი-ორი ღირსშესანიშნაობის ნახვა მაინც მოვახერხეთ. განცდილს ფოტო-ანგარიშის სახით ვდებ აქ :)
Continue reading

სურათებში: კიევი 2013

არ ვიცი, რომელმა ჭკვიანმა დააწესა საქართველოში რომელიღაც უცხო ქვეყნის საკონსულოს არარსებობის შემთხვევაში, ვიზების კიევში აღების აუცილებლობა; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინასა და დედა-საქართველოს შორის აღარ არსებობს სახმელეთო მიმოსვლა, საზღვაო – გაუგებარია, თბილისიდან საჰაერო საშუალებებით მგზავრობა კი, ზოგჯერ, ამსტერდამის ბილეთზე ძვირი ღირს. ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები – ერევანი, ბაქო და სტამბულ-ანკარაც კი ხომ ასე ახლოსაა. იქაც ხომაა იგივე ქვეყნების საელჩოები და ვიზიტის იქ დაგეგმვა ბევრ შემზადებას არ საჭიროებს და არც ფინანსურ გარღვევებს იწვევს.

მაგრამ არა. ქართველი ერი არ დაბადებულა კომფორტისთვის და უკრაინაში ჩასვლა, ნოემბრის გამოცდილების შემდეგ, ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად, მესამედ მომიწია. თუმცა, ამჯერად, გაგასთან ერთად, რადგან საზამთრო მოგზაურობის პერიოდში სკაიპით ურთიერთობისას, მაროკოში სპონტანური ვოიაჟი დაიგეგმა. საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მაროკოს სამეფოს საელჩო კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიევში მდებარეობდა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე, ქალაქის აეროპორტს მიღმა, ქალაქის გაცნობის და მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობა მომეცა. კიევური შთაბეჭდილებების რეანიმირებას კი, სურათების საშუალებით შევეცდები.
Continue reading

Un saut à Bruxelles

ესეც ჩვენი მეორე ვიდეო ინტერნეტ-პროექტ “Artarea/Tv2.0“-სთვის, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიუსელში ვიღებდით:) ვიდეოს სამუშაო სახელწოდება იყო “24 საათი ბრიუსელში”, თუმცა გადაღების პროცესის დროს გაჩენილი იდეების წყალობით, ვიდეო კიდევ უფრო სახალისო გამოვიდა და შესაბამისად, მის საბოლოო სახელად “Un saut à Bruxelles” (ნახტომი ბრიუსელში) ავირჩიეთ. თუ რატომ ნახტომი, ამას ვიდეოს ხილვის შემდეგ ადვილად მიხვდებით :)

ვიდეო და მონტაჟი: ალფრედო მანინო
მონაწილეობს: საბა ქავთარაძე
კოორდინატორი: გიგა ნანობაშვილი
მუსიკა: Kyle Cox – “Company”
ადგილმდებარეობა: ბრიუსელი

P.S. გაგა ლომიძეც გვახლდა თან :)

¡Olé, Madrid!

ჰე, ჰე… რამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გაჭიანურდა ეს პროცესი და დღეს გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ქონდა, ვიდრე ჩვეულ დაჯილდოების-მეორე-დღეს გამოცხადებას…

ნოემბრიდან მოყოლებული, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხან სტამბულში გამგზავრებისკენ ვამზადებდი თავს, ხან ამსტერდამისა თუ ბრუსელისთვის, მოსკოვსაც გამოვუცხადე ბოიკოტი, თუმცა შემდეგ დუბლინში ჩაღწევის სირთულეებზე მომიწია ფიქრი…

თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა ამაოდ…

2010 წლის MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება ესპანეთის დედაქალაქში მადრიდში გაიმართება და არ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს მე რომ არ ვიყო იქ! :)

ყველაზე მაგარი კი ამ ამბავში ის არის, რომ 7 ნოემბერი ჩემი და ერთი ადამიანის გაცნობის 5 წლისთავია:) საინტერესოა, მან თუ იცის ამის შესახებ:))) წაიკითხავს და გაიგებს… და უკვე ისიც სულ ერთია, რომ 7 ნოემბერი 7 ნოემბერია და მადრიდში უკვე ნამყოფი ვარ:))

დაპირებული ხინკალი

დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:

ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.

ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.

დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების,  ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ, რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.

ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.

მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.

ვიზუალი:

სიტყვები, ფრაზები, ისევ ხინკალი

…После же революции, когда, по естественным причинам, кулинария переместилась из области прикладных искусств в науку теоретическую, а рецепты и советы Молоховец приобрели метафизические черты, имя ее стало почти нарицательным для обозначения той сказочной вакханалии обжорства, что бушует на этих пожелтевших страницах.

– Т. Н. Толстая, “Золотой век”

ამ სიტყვებზე გუშინ ბევრი წუთის მანძილზე დებილივით მეცინებოდა მარტოს. კიდევ ერთხელ გავგიჟდი ამ ქალზე. კიდევ ერთხელ ვაღიარე და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არც ქართულ მიწაზე და არც ქართულ ნეტში არ დაიარება ისეთი ადამიანი, ვინც ასე წერს. მე ჯერ არ შემხვედრია. თუმცა, გაგამ მითხრა, ლევან ბერძენიშვილის რაღაცეები წაიკითხეო. თან, ისიც დაამატა, რომ ასეთი მარტივად და დახვეწილი იუმორით წერა მხოლოდ უაღრესად /”ძალიან”-ს ჯობია:)/ განათლებულ მწერლებს შეუძლიათ.

აუცილებლად გადავხედავ ბ-ნი ლევანის ნაწერებს, ნაშრომებს, თუ… რაზეც მიმიწვდება ხელი მინდოდა დამეწერა, მაგრამ ჩვენს დროში სხვა რამესაც შეიძლება ნიშნავდეს, ამიტომ თავს შევიკავებ. ისე კი, ნამეტანი გარუსება მომივიდა ბოლო დროს. ისიც მახსოვს, რომ გაგას ვეკითხებოდი – მართალია თუ არა, რომ დოსტოევსკიზე და ტოლსტოიზე მაღალა ევროპის არცერთი ქვეყნის ლიტერატურის ძეგლი არ დგას. რა მიპასუხა არ მახსოვს, მარა მთლად რომ არ დამეთანხმა, ეს მახსენდება.

ზოგადად ლიტერატურას რაც შეეხება, ზაზა ბურჭულაძის “adibas”-სის კითხვა დავიწყე და მეოთხე თავზე გავჩერდი. არ ვიცი ზუსტად, რა იყო მიზეზი. თუმცა, ის ვიცი რომ მალე მოვრჩები და აუცილებლად დავწერ, თუ რას ვფიქრობ ყლის, მინეტის და ვაკის საცურაო აუზის მისეულ ხედვაზე. მეტი პერსონაჟის აღმოჩენა ამ ოთხთავში მკითხველს არ მოგვეცა ან მე არ მახსოვს ან სულაც, სულ ერთია.

სულ ერთი ჩემთვის კი ყოველთვის “ღამის შოუ”-ს ტიპის გადაცემები იყო. განსაკუთრებით, ალეკო მალხაზიშვილი არ მიყვარს. ისე არ მიყვარს, რომ როდესაც მისი მონაწილეობით რომელიმე “ვიდეო-სკეტჩი”, თუ რაც ქვია, იწყება და მეც ბედის რაღაც ირონიით ცისფერ ეკრანთან აღმოვჩნდები, სულ თვალებზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ, ყურთასმენა სხვა რამეზე გადავიტანო, მაგალითად – გამვლელ მანქანებზე ან სახურავის ჭრაჭუნზე. ეს რეაქცია დაახლოებით ისეთია, ახლა რომ ვინმემ ჩემი ვიდეოები ამოქექოს და მაჩვენოს 9 წლის ასაკში საინფორმაციო გამოშვების წამყვანობას რომ ვცდილობდი და ჩემს მიერ დაწერილ “სახალისო” ახალ ამბებს ვახმოვანებდი ოთახში სახელდახელოდ მოწყობილ “სტუდიაში”. არ გამეცინება, დავიმალები სადმე. მერე რა რომ დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი. ალეკოზე ხომ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი.

მაგრამ, ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვა – არასოდეს და იმის გარდა, რომ ამ კვირაში ცხოვრებაში პირველად Tokio Hotel-ს საკუთარი ინიციატივით მოვუსმინე /World Behind My Wall მართლა კარგი სიმღერაა:)/, ალეკოს და მეგობრების ხუმრობაზეც გამეცინა. ვერ ვიტყვი, რომ პაროდია საოცარ გადაცემაზე – “ღამე შორენასთან” თავიდან ბოლომდე განსხვავებულად “სასაცილო” იყო, მაგრამ ფრაზა: “სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად ‘გათხოვებას’ ნიშნავს” სარკაზმის და ცინიზმის იდეალური თანხვედრა იყო.

ამ პოსტში კიდევ ხინკალზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ სხვაგან გადავუხვიე და ზემოთ დაწერილის წაშლა/შემცირება/რედაქტირება მენანება. ამიტომ, სხვა პოსტში იყოს… მეძინება:)

ელტონ ჯონი და ირაკლი ჩარკვიანი

ელტონ ჯონის საღამო მაქვს. ნუ, გაგა ზის კომპთან და მასმენინებს. მგონი, რონან კიტინგთან ერთადაა რაღაც ცოცხალი შესრულება Your Song-ის. მე ცალკე ვზივარ და ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ თავში არ მომდის არაფერი. 8-ზე დამეძინა გუშინ და პირველისთვის უკვე გამოვფხიზლდი ანუ 5 საათიც არ მეძინა.

ტელეფონმა გამაღვიძა:( პრინციპში, ამ სახლში ან კარზე ლოლას ისტერიული ბრაგუნი მაღვიძებს ან ვინმე სულიერის დაუსრულებელი რეკვა ტელეფონზე – ფიქსირებულზე ან მობილურზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ დღეს უნდა ხდებოდეს, როცა ადრე დაძინებას ვწყვეტ. სოლედადობის შემოტევების დროს, როგორც წესი, ორი დღე ან მეტიც, კაციშვილს არ ვახსენდები, თუმცა ეგ ჩემი ბრალიცაა და აქ საერთოდ არაა მოსატანი:)

რეპერტუარი ჩარკვიანით ჩანაცვლდა. ესე იგი რაღაც შეიცვალა:) მაგრამ, როგორც მესმის, კიდევ უფრო გრუზია, ვიდრე ელტონის შემოქმედება. ამიტომ სულ რამდენიმე წამში, ჩემს მეგობარს თავაზიანად შევთავაზებ რაიმე სხვა ჩართოს, რადგან სევდა იქეთ იყოს და… არ მინდა ამ პოსტის დასრულებამდე მიმეძინოს.

ლევან mamont წიკლაურმა facebookze ეს ვიდეო დამილინკა:

ამ ყველაფრის წერას რომ მოვრჩები, ვუყურებ. მანამდე კი, თავში ერთი ფოტო დავდე, რომელიც პირველია, რაც ჩემი ღამის ნაბოდვარის წამკითხველს თვალში მოხვდა. მთელი დღეა ვუყურებდი და ვფიქრობდი, სად ამეტვირთა – აქ თუ facebook-ზე. ამ უკანასკნელზე რომ დამედო, ორი სიტყვით ვერ აღვწერდი რაშია საქმე. აქ კიდევ, უბრალოდ ფოტოს და მისი აღწერის დადება არ მინდოდა. ამიტომაც წავუმძღვარე ამხელა წინასიტყვაობა:)

თან, ეს უბრალო სურათი არ არის. მასში ძალიან ბევრი რამ იგულისხმება //ამ იტერპრეტაციის აქ დაწერაც წინასწარ მქონდა განზახული//. ერთი შეხედვით, შეუხედავი ნათურაა, რომელიც რამდენიმე უჩვეულო მავთულითაა დაკავშირებული დენის წყაროსთან. თუმცა, თუ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი არ ხარ და რაღაც დროით დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ფერთა ეს კომბინაცია სადღაც უკვე გინახავს. და კიდევ თუ ჩაუღრმავდები, იმასაც მიხვდები, რომ ეს უბრალო სადენი კი არა – ერთადერთი და განუმეორებელი ქსელის კაბელია.

აქ კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა, ჩემსა და ამ ნათურას შორის მჰმჰმჰ… ერთი შეხედვით სიმარტივესა და მოგვიანებით, მთელი სირთულის გააზრებაზე პარალელების, თუმცა…

Sandro [4:39am]
GIGA,
RAS sSHVEBI?
DZALIAN MOMENATREE
:))))))))))
Giga [4:40am]
ravi, shen?:))
Sandro [4:40am]
MODI AN ME MOVAL SHENTAN!!!11
AIRCHIE!
:d :d :d :d :d
Giga [4:41am]
modi:)
Sandro [4:42am]
OK GAAMZADE GVINO!!!
20 CUTSHI MAND VAR

ახლა უკვე ყველაფერი სულ ერთია :))

ატჩოტი

“ფოკუსის” დეკემბრის ნომრის ყდა

გრიპისა და გაციების, ისევე როგორც მათი თანმხლები მოვლენების მიუხედავად, გაგამ და მე მაინც შევძელით გერმანიაში დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება და მკითხველს, რამდენიმე საინტერესო რაღაც მოვუმზადეთ:)

ვისაც აინტერესებს, სია ასეთია:

ჟურნალში “ფოკუსი”:

  • MTV საზღვრების გარეშე [MTV Europe Music Awards 2009-ის მიმოხილვა]
  • ინტერვიუ ჯგუფთან maNga
  • ინტერვიუ ჯგუფთან the KOLIN
  • პრუსტის კითხვარი წარმოშობით ქართველ დიზაინერ დევიდ კომასთან

ჟურნალში “დიალოგი” (aka “ჯეოსელის ჟურნალი”):

  • მუსიკა. ბერლინი. კედლები.

ჟურნალი “ფოკუსი” უკვე გაყიდვაშია, მარა ჯერ-ჯერობით მას მხოლოდ მეგობრის დედამ სუპერმარკეტ “იბისის” ტერიტორიაზე მიაგნო:) თუმცა, რედაქციის თანამშრომლების თქმით, მისი ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი:) მე ჯერ არ გამიმართლა.

“დიალოგის” ზამთრის ნომერი “ჯეოსელის” ოფისებში უფასოდ იქნება უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი:)

მიხარია:) არ უნდა მიხაროდეს?:)))

ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.

არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა “მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე “როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა “ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)

ამიტომ, კითხვაზე: “გიგა, ჩამოხვედი?” დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, “როგორი იყო?”-ს გულისხმობს, პასუხად “ციოდას” ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)

კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.

ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.

სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, Green Day, Foo Fighters, U2, ჯულიეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, Backstreet Boys და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე “კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.

თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.

Berlin Trip: -2 Days

ისე, შემთხვევით გავაცნობიერე, რომ ზეგ მივდივარ. მართლა. წასვლამდე ორი თვით ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა მქონდა გასავლელი (ახალი პასპორტი, ვიზაზე ნერვიულობა, ფინანსური მხარეები) და ყოველივე ამის მოგვარება მოდუნების საშუალებას არც ერთი წამით არ მაძლევდა. ახლა, როცა ყველაფერი რიგზეა, როცა ერთ დაჭმუჭნულ ფაილში ვიზიანი პასპორტი, ბილეთები, დაზღვევა და to-do სია მიდევს, თითქოს დასვენების საშუალება მომეცა, თუმცა, როგორც ახლა მივხვდი, ნამეტანი მომივიდა:)

ისე, ახლა ისიც გავაცნობიერე, რომ ბერლინში მეორედ მივდივარ. მეორედ ვესწრები ასევე MTV Europe Music Awards-ს და სტამბულიც, რომლის ”მეორე” აეროპორტიდან ორნი [მე და გაგა] უნდა გავფრინდეთ, მეორედ უნდა მოვინახულო:)

Двойка несет с собой любовь, одновременно это символ непостоянного.

ნადირაშვილს გაუხარდებოდა:) თუმცა, ნადირაშვილი რა შუაშია და სასწრაფო წესით ნომინანტების და გამომსვლელების შესწავლასთან ერთად, გამწარებული ვებრძვი გრიპს თუ გაციებას, რომელიც ზეგისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს:) თუმცა, როცა ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი, ”არაუშავს, სიცხიანიც წახვალო” მივიღე პასუხად:)

მამენტ, სხვა რეაქციას არ ველოდებოდი:) ვნახოთ, რა იქნება ხვალ:)

P.S. დაჯილდოებაზე ორი გაგა იქნება:))

საერთოდ

საერთოდ, ხშირად ვიწყებ ყველაფრის წერას სიტყვით “საერთოდ” და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაცნობიერებდი მეტყველების ამ ნაწილის გაცვეთილობის ხარისხს, ბოლო დრომდე, მის გამოყენებას ჩემი მხრიდან არანაირი გამაღიზიანებელი რეაქცია არ მოყოლია. თუმცა, ყველაფერი იცვლება და იცვლება დამოკიდებულებებიც. და იმ გარემოების მიუხედავად, რომ იშვიათზე მეტ შემთხვევაში, ეს გამხსნელი სიტყვა ნაწერის საბოლოო ვარიანტში საერთოდ არ რჩება, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ყველაფერს, რაც კი აქამდე დამიწერია, თავში სწორედ ეს ავადსახსენებელი “საერთოდ” უდგას. დავესესხები ჩემს მეგობარ გაგას და ვიტყვი, რომ ამ ჩემს მდგომარეობას, რიგიანი ფსიქოლოგი კარგ ინტერპრეტირებას გაუკეთებდა და ფსიქიკურ აშლილობათა შორის ადეკვატურ კატეგორიას მიუჩენდა, თუმცა რა დასამალია და ეს ყველაფერი არც თეთრხალათიანებისთვის დამიწერია და არც თავად ვცდილობ, მაინცდამაინც, ჩემი და “საერთოდ”-ის ურთიერთსიყვარულის ფესვების აღმოჩენას.

“საერთოდ” იქეთ იყოს და ამ პოსტის დაწერას დიდი ხანია ვგეგმავდი, თუმცა ამა თუ იმ გარემოების გამო, ვერასოდეს ვიცლიდი მისი გაციფრულებისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ ჩემი მოყვარის – iMer-ის პოსტი იყო, რომელშიც იგი მშობლიური მხარეების მიტოვებას და ქვეყნისგარეთ მოგზაურობას ლამობდა. ამ სიტუაციამ “სექსში დიდ ქალაქში”-დან ერთი სცენა გამახსენა: მეოთხე სეზონის ერთ-ერთ სერიაში შარლოტა იმაზე წუწუნებდა, რომ ბუნებაში არსებული სექსუალური სიახლოვის ყველა პოზიციის გამოცდის და სპერმის რიგიანი დოზის მიღების მიუხედავად, იგი მაინც ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას. ლაპარაკის დასრულების და თავისი უსუსურობის გაცნობიერების შემდეგ კი, შარლოტა თავის მეგობარ მირანდას უყურებს, რომელსაც მთელი ამ დიალოგის მანძილზე ხმა თითქმის არ ამოუღია და მხოლოდ “რაღაცნაირად” უყურებდა შარლოტას. მირანდას ასეთი საქციელით დაინტერიგებული შალოტა, ბუნებრივია, კითხულობს, თუ რა სჭირს მის მეგობარს და მიუხედავად იმისა, რომ მირანდას ცხოვრებაში დატრიალებული სიახლეების შარლოტასთვის გაზიარებისთვის უარესი მომენტი ალბათ არ იარსებებდა, შარლოტა მაინც ღებულობს პასუხს და იგებს, რომ მირანდა ფეხმძიმედაა და თანაც, ყოველივე ეს სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოხდა.

სწორედ არავითარი წინასწარი გათვლის გარეშე, მეც დავთანხმდი გაგას შემოთავაზებას, არა – დაფეხმძიმების, არამედ – ბერლინში ერთად წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მირანდასგან განხვავებით, დრო გავწელე და ამ გადაწვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება მხოლოდ დღეს ჩავთვალე საჭიროდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პოსტის ერთთვიანი დაგვიანება მერაბს ნაკლებად გააღიზიანებს, მით უმეტეს, თუ გაითვალისწინებს, რომ ამის შესახებ ხარება თავის პოსტზე კომენტარის სახით შემეძლო სწორედ იმ დღეს, როცა იგი საქართველოდან გაქცევაზე წუწუნებდა:)

Kiss My Name (დამოკიდებულებები)

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე ფარცხისში, ოჯახის ყველა მოქმედ წევრთან ერთად აღმოჩენილს, ფიქრების ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მამოძრავებდა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ იმაზე საშინელება, ვიდრე მეტ-ნაკლებად ბოჰემური ცხოვრების მოყვარულს, ისეთი ბანალური ინსტიტუტით, როგორიცაა ქორწინება, თავის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდო, შეიძლება მხოლოდ ახლადშექმნილ თინეიჯერულ თემთან ერთად თანაარსებობა იყოს, რომელთა აზრები გარშემო მცხოვრებთა მატერიალური მონაპოვრების, სხვა ორფეხა არსებობის ქვედა კიდურების, მშობლების ხარჯით უსაქმურობისგან დასვენებისა და რემონტის კეთების თუ სხვა, ჩემთვის სრულიად შორეული, საკითხების განხილვას ეთმობა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტში, დაუმსახურებელი სიყვარულისა თუ ყურადღების მორევში გაბრუებულმა, პერმა-რეგულარული მეორე ნახევრის შეძენაც კი გავიფიქრე. თუმცა, ყოველივე ეს ძალიან ჩამოგავდა სამიოდე კვირის წინ, მანგლისში, მამა გაბრიელზე მოგონებების კითხვისას, სასულიერო აკადემიაში სწავლა-განათლების მიღების რამდენიმეწუთიან სურვილს, რომელიც იმ დროს, წიგნში მსუფევი სასწაულმოქმედი ჯადოსნური სამყაროთი იყო ფორსირებული.

გავაცნობიერე რა, რომ ასე მარტივად არაფერი იცვლება, ამჯერადაც გადავწყვიტე, რომ ყველანაირი რადიკალური ნაბიჯი უკვე დაგვიანებული იყო; და რომ არც მეზობლებთან სატრაბახოდ აწ უკვე მივიწყებული “ზალას” ფუნქციის აღდგენა და არც “მაღალი” გურჯმოდის ბოლო ტენდენციის მხარის ასაბმელად — “ხატების კუთხის” მოწყობა, ვერ მაქცევდა პერიოდულად-ასე-ძლიერ-სასურველ რიგით, არაინდივიდუალურ, ჯგუფურ თანამემამულედ.

ასეა თუ ისეა, მტრის ბანაკში მოხვედრილს, მხოლოდ თანამოაზრეებთან ჯანსაღი დიალოგი თუ მიშველიდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არაამქვეყნიური სიკეთის, პატიოსნების, ერთგულების, შრომისუნარიანობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების თუ სხვა ჩემთვის მისაღები თვისებების ეტალონი, რომელიც უკანასკნელი სამწლედის განმავლობაში, ჩემს მენტორად, სულიერ მეგობრად და ერთი სიტყვით, უახლოეს ადამიანად იქცა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ღამეს დროებითი დაკავების იზოლატორში ათევდა.

და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ახალადადუღებული ყავა ყვე… შარვალზე გადამესხა და აზრზე მომიყვანა, მივხდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ცოლებიც ღალატობენ, სასულიერო პირებიც მასტურბირებენ, ინტელექტუალებიც ხვდებიან ოთხ კედელში, საყვარელი შემსრულებლებიც უშვებენ ყლეურ ალბომებს და საერთოდ, “სწორი” ცხოვრების შემეცნებისგან გამოწვეული “გვერდითი მოვლენების” მიუხედავად, მე სულაც არ ვარ ისეთი ცუდი, როგორიც თავი მგონია /ხოლმე/.

Promise of a New Day

ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)

*UPDATE*: სამწუხაროდ, პროექტი ერთ დღეში ვერ დასრულდა და ამიტომ, გაგრძელდება ხვალაც. შესაბამისად, ორი ცალკეული პოსტის შექმნის ნაცვლად, რომელიც თითოეულ დღეს ცალ-ცალკე მიეძღვნებოდა, ამ ორი დღის მოვლენების თავმოყრა ერთად, ამ კონკრეტულ პოსტში ვარჩიე:)

კითხვის გაგრძელება →

Антананариву

Никто и никому ничто не должен.
Тем более я, тем более я,
Тем более мне, тем более мне.

– Земфира “Тем Более”

დღეს შუადღის პირველის ნახევარზე მობილურზე შემომავალმა ზარმა გამაღვიძა, რომელიც იმ ადამიანის მიერ იყო ინიციერებული, რომლისგანაც საკმაოდ უცნაურ, ბევრისთვის მიუღებელ-გაუგებარ-გამო/ამოუცნობ ვითარებაში, ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი სამი ნივთი: პრინტერი, პლინტუსები და ნატურალური თაფლი გამომეცა სახსოვრად და შესაბამისად, პირად საკუთრებაში. თანაც, ჩემი მხრიდან მათ მოსაპოვებლად გაღებული ფინანსური თუ ფიზიკური დანანახარჯი მხოლოდ მათ ადგილსამყოფელამდე მისასვლელ მგზავრობის თანხაში და თვით ამ მანძილის დაფარვაში გამოიხატა.

როგორც არ უნდა იყოს, ჩემი გაღვიძების ფაქტით გაღიზიანებულმა /თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო/, ზარს არ ვუპასუხე; მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის  ამჟამინდელი დისკოლაციის ადგილის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი დაინტერესებული. “ვაა, როგორ ხარ?”, “სად დაიკარე?”, “რატომ აღარ რეკავ?” და მსგავსი ესთეთიკისა თუ შინაარსის კითხვები, ჯერ-ერთი არაბუნებრივად გამომდის და სწორედ ამ გულის არასიღრმისეულობის გამო, მათი არც დასმა და არც მოსმენა მიყვარს, რადგან ყოველთვის მგონია, რომ სხვებიც მათ ჩემსავით ვალდებულების მოხდის ან მარტივად, სხვა რამეზე საუბრის უუნარობის ან შეუძლებლობის გამო იყენებენ.

კითხვის გაგრძელება →

მარტის მარაზმები

გაგას კაბინეტი

რა მალე იზრდებიან მეგობრები?! :)

ბუჩქის ოთახი

სხვა მეგობართან რას არ წააწყდები.
ამბობენ, პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მცდარია :)
მაგრამ, ვის როგორ აწყობს…

ოპერატიული ვიდეომასალა:

კიდევ ამბობენ, რომ იანა გერმანიაში წავიდაო :)
ვიდეო თან ამოყირავებულია, მაგრამ ვინც იცნობს ადვილად შეამჩნევს, რომ იანოჩკა დაიარება თბილისის ქუჩებში! ვოტ!