Feliz de novo

როცა საკუთარი ბლოგი გაქვს, რომელსაც არც თუ ისე შორეულ წარსულში პირადი სიამოვნებისთვის ყურადღებას უთმობდი, შენი ყოველდღიური პროფესიული მოღვაწეობა კი კომპიუტერთან ჯდომაში და მარტივად, 24-საათიან რეჟიმში ტექსტების აკრეფაში გამოიხატება, ძალაუნებურად, ფიქრობ — საერთოდ, როგორ მრავლდებიან მამაკაცი გინეკოლოგები? ალბათ, არსებობს რაღაც მექანიზმი, რომელიც ინტიმურის საქმიანისგან გარჩევაში გეხმარება, თუმცა ჩემთვის, სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ბუნდოვნად რჩება. შესაბამისად, მთელი 2015 წლის შემოქმედებითი ენერგია საყვარელ საქმეს — თარგმანს — შევალიე და პირველად ცხოვრებაში, რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებებიც მოვიპოვე: პრემია, მაგალითად, თუმცა, როგორც აღვნიშნე, პატარა :)

მაგრამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს და სულ ყველაფერი ცუდი ვერ იქნება. სწორედ ამ მცირ-მცირე მიღწევების წყალობით, წელს ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი საქმიანობით — მოგზაურობით უხერხულობამდე ბევრჯერ დავკავდი და ბლოგით თუ არა, wanderlust-ის დაოკებით მაინც მოვახერხე თვითშემეცნება.

ასე მაგალითად, სვანეთის ჭუბერში აღმოვაჩინე, რომ ლუშნუ ნინში თოვლის აღმნიშვნელი 10-ზე მეტი სიტყვა აქვთ. შრი-ლანკაში მივხვდი, რომ მათთვის თეთრი თუ მელოტი ადამიანები ისეთივე ეგზოტიკაა, როგორც ზოგიერთი ქართველისთვის — შავკანიანები და სულაც არ ერიდებათ შენკენ თითის გაშვერა. ლონდონში მაუწყეს, რომ ძილის დროს, ვეხუტები ყველას — განურჩევლად და რად გინდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, როცა ბრიტანეთის მუზეუმი გაქვს?! აპრილის ბათუმში კიდევ ერთხელ დამიმტკიცეს, რომ ყველა ქალი ერთნაირია და გათხოვება ყველას უნდა. ბუდაპეშტი იდეალური მაგალითი იყო იმისა, რომ booking.com-ზე პირველივე იაფიან სასტუმროს არ უნდა ეცე და ჯერ მიმოხილვების წაკითხვაა საჭირო, სამაგიეროდ გერმანიაში Airbnb-ს ვეზიარე და რამდენიმე დადებითი დახასიათება თავად მოვიპოვე. აგვისტოში ათენში ძალიან ცხელა, სამაგიეროდ იდეალური იყო ალბანეთში, სადაც ეგეთივე ზღვაა და ყველაფერი ორჯერ ნაკლები ღირს. შვედეთში პირველად ვნახე მადონა კონცერტზე, სტოკჰოლმის ფასებს კი პოლონეთში შევაფარეთ თავი.

პრინციპში, ახლაც პოლონეთში ვარ და რამდენიმე საათში ბერლინს გავეშურები. რაღაცეებს ვარშავაშიც მივხვდი. მაგალითად, იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან შენთვის ყველაფერი გააკეთონ და თურმე, შესაძლებელია ბოლომდე ნდობა. კარგი წელი იყო და წინ კიდევ რამდენია..

წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

Me, Myself & Sabiha Gökçen

sgთურქეთის საბიჰა გოქჩენი ჩემს მიერ მონახულებულ აეროპორტთა შორის, ალბათ, ერთადერთია, რომელიც ძალიან არ მიყვარს (ნუ, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, მაგრამ იგი თითქმის ცარიელია. შესაბამისად, ამ გარემოების გარდა, საწუწუნოდ ხელმოსაჭიდიც არაფერია და მისი სამომავლო განვითარების იმედით, ამჯერად არაფერს დავწერ).

ასეა თუ ისეა, დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და სტამბოლის ‘მეორე’ საჰაერო გადაზიდვებით დაკავებული კომპლექსის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოდან ფრენა მთარგმნელის ბიუჯეტისთვის ძალიან ძვირი, ხოლო ჩემი და გაგას ბერლინის მონახულების სურვილი კი – ძალიან დიდი იყო და სწორედ საბიჰა გოქჩენში [ისე, მე თუ მკითხავ, ‘გექჩენი’ უფრო მართებულია] მოგვიწია თბილისიდან სტამბოლში უალტერნატივობის გამო ავტობუსით ჩასულებს, SunExpress-ით ფრენამდე არსებული 12 საათის მოკვლა.

ოთხი წლის წინ, ეს აეროპორტი, თითქოს, უფრო პატარა იყო და დღევანდელი გადასახედიდან, არც სავაჭრო, საკვები თუ სხვა ობიექტების სიუხვით გამოირჩეოდა. შესაბამისად, გართობის ერთადერთი საშუალება იმ საღამოს მანქანების საყიდლად მიმავალ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოება და მათი შემზარავი ისტორიების მოსმენა იყო (სარდაფებში ძილის შესახებ ამბები განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო). რეისმა მაშინ რამდენიმე საათით დაიგვიანა, რამაც ტერმინალის შესასვლელი კარის თავზე გამოკრული მაშინდელი წარწერა “A Hall” კიდევ უფრო გაამართლა და ჩემს ცნობიერებაში ეს აეროპორტი, როგორც “a-hole” საუკუნოდ დალექა.

Continue reading

ატჩოტი

“ფოკუსის” დეკემბრის ნომრის ყდა

გრიპისა და გაციების, ისევე როგორც მათი თანმხლები მოვლენების მიუხედავად, გაგამ და მე მაინც შევძელით გერმანიაში დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება და მკითხველს, რამდენიმე საინტერესო რაღაც მოვუმზადეთ:)

ვისაც აინტერესებს, სია ასეთია:

ჟურნალში “ფოკუსი”:

  • MTV საზღვრების გარეშე [MTV Europe Music Awards 2009-ის მიმოხილვა]
  • ინტერვიუ ჯგუფთან maNga
  • ინტერვიუ ჯგუფთან the KOLIN
  • პრუსტის კითხვარი წარმოშობით ქართველ დიზაინერ დევიდ კომასთან

ჟურნალში “დიალოგი” (aka “ჯეოსელის ჟურნალი”):

  • მუსიკა. ბერლინი. კედლები.

ჟურნალი “ფოკუსი” უკვე გაყიდვაშია, მარა ჯერ-ჯერობით მას მხოლოდ მეგობრის დედამ სუპერმარკეტ “იბისის” ტერიტორიაზე მიაგნო:) თუმცა, რედაქციის თანამშრომლების თქმით, მისი ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი:) მე ჯერ არ გამიმართლა.

“დიალოგის” ზამთრის ნომერი “ჯეოსელის” ოფისებში უფასოდ იქნება უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი:)

მიხარია:) არ უნდა მიხაროდეს?:)))

ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.

არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა “მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე “როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა “ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)

ამიტომ, კითხვაზე: “გიგა, ჩამოხვედი?” დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, “როგორი იყო?”-ს გულისხმობს, პასუხად “ციოდას” ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)

კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.

ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.

სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, Green Day, Foo Fighters, U2, ჯულიეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, Backstreet Boys და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე “კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.

თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.

Berlin Trip: ბერლინი

მერე რა რომ ავტობუსში 26 საათი ვიჯექი; მერე რა, რომ აეროპორტში 12 საათის მოცდა მომიწია; მერე რა, რომ თვითმფრინავმა 3 საათი დააგვიანა; მერე რა, რომ ბერლინის აეროპორტში არავინ დაგვხვდა – მთელი Fischerinsel ჩემს ფერხთით არის!

Berlin Trip: -2 Days

ისე, შემთხვევით გავაცნობიერე, რომ ზეგ მივდივარ. მართლა. წასვლამდე ორი თვით ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა მქონდა გასავლელი (ახალი პასპორტი, ვიზაზე ნერვიულობა, ფინანსური მხარეები) და ყოველივე ამის მოგვარება მოდუნების საშუალებას არც ერთი წამით არ მაძლევდა. ახლა, როცა ყველაფერი რიგზეა, როცა ერთ დაჭმუჭნულ ფაილში ვიზიანი პასპორტი, ბილეთები, დაზღვევა და to-do სია მიდევს, თითქოს დასვენების საშუალება მომეცა, თუმცა, როგორც ახლა მივხვდი, ნამეტანი მომივიდა:)

ისე, ახლა ისიც გავაცნობიერე, რომ ბერლინში მეორედ მივდივარ. მეორედ ვესწრები ასევე MTV Europe Music Awards-ს და სტამბულიც, რომლის ”მეორე” აეროპორტიდან ორნი [მე და გაგა] უნდა გავფრინდეთ, მეორედ უნდა მოვინახულო:)

Двойка несет с собой любовь, одновременно это символ непостоянного.

ნადირაშვილს გაუხარდებოდა:) თუმცა, ნადირაშვილი რა შუაშია და სასწრაფო წესით ნომინანტების და გამომსვლელების შესწავლასთან ერთად, გამწარებული ვებრძვი გრიპს თუ გაციებას, რომელიც ზეგისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს:) თუმცა, როცა ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი, ”არაუშავს, სიცხიანიც წახვალო” მივიღე პასუხად:)

მამენტ, სხვა რეაქციას არ ველოდებოდი:) ვნახოთ, რა იქნება ხვალ:)

P.S. დაჯილდოებაზე ორი გაგა იქნება:))

მე და გერმანული

ამ პრომოს რომ ვუყურებდი, რატომღაც ჩემი თავი გამახსენდა:) სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება გამგზავრებამდე და დარწმუნებული ვარ, ჩემი გერმანულის ამჟამინდელი ცოდნა ვიდეოში ასახულ კეტი პერის შესაძლებლობებს დიდად აღარ აღემატება:)

ვნერვიულობ, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ გავატარო:) ინგლისური ხომ ვიცი:)

საერთოდ

საერთოდ, ხშირად ვიწყებ ყველაფრის წერას სიტყვით “საერთოდ” და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაცნობიერებდი მეტყველების ამ ნაწილის გაცვეთილობის ხარისხს, ბოლო დრომდე, მის გამოყენებას ჩემი მხრიდან არანაირი გამაღიზიანებელი რეაქცია არ მოყოლია. თუმცა, ყველაფერი იცვლება და იცვლება დამოკიდებულებებიც. და იმ გარემოების მიუხედავად, რომ იშვიათზე მეტ შემთხვევაში, ეს გამხსნელი სიტყვა ნაწერის საბოლოო ვარიანტში საერთოდ არ რჩება, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ყველაფერს, რაც კი აქამდე დამიწერია, თავში სწორედ ეს ავადსახსენებელი “საერთოდ” უდგას. დავესესხები ჩემს მეგობარ გაგას და ვიტყვი, რომ ამ ჩემს მდგომარეობას, რიგიანი ფსიქოლოგი კარგ ინტერპრეტირებას გაუკეთებდა და ფსიქიკურ აშლილობათა შორის ადეკვატურ კატეგორიას მიუჩენდა, თუმცა რა დასამალია და ეს ყველაფერი არც თეთრხალათიანებისთვის დამიწერია და არც თავად ვცდილობ, მაინცდამაინც, ჩემი და “საერთოდ”-ის ურთიერთსიყვარულის ფესვების აღმოჩენას.

“საერთოდ” იქეთ იყოს და ამ პოსტის დაწერას დიდი ხანია ვგეგმავდი, თუმცა ამა თუ იმ გარემოების გამო, ვერასოდეს ვიცლიდი მისი გაციფრულებისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ ჩემი მოყვარის – iMer-ის პოსტი იყო, რომელშიც იგი მშობლიური მხარეების მიტოვებას და ქვეყნისგარეთ მოგზაურობას ლამობდა. ამ სიტუაციამ “სექსში დიდ ქალაქში”-დან ერთი სცენა გამახსენა: მეოთხე სეზონის ერთ-ერთ სერიაში შარლოტა იმაზე წუწუნებდა, რომ ბუნებაში არსებული სექსუალური სიახლოვის ყველა პოზიციის გამოცდის და სპერმის რიგიანი დოზის მიღების მიუხედავად, იგი მაინც ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას. ლაპარაკის დასრულების და თავისი უსუსურობის გაცნობიერების შემდეგ კი, შარლოტა თავის მეგობარ მირანდას უყურებს, რომელსაც მთელი ამ დიალოგის მანძილზე ხმა თითქმის არ ამოუღია და მხოლოდ “რაღაცნაირად” უყურებდა შარლოტას. მირანდას ასეთი საქციელით დაინტერიგებული შალოტა, ბუნებრივია, კითხულობს, თუ რა სჭირს მის მეგობარს და მიუხედავად იმისა, რომ მირანდას ცხოვრებაში დატრიალებული სიახლეების შარლოტასთვის გაზიარებისთვის უარესი მომენტი ალბათ არ იარსებებდა, შარლოტა მაინც ღებულობს პასუხს და იგებს, რომ მირანდა ფეხმძიმედაა და თანაც, ყოველივე ეს სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოხდა.

სწორედ არავითარი წინასწარი გათვლის გარეშე, მეც დავთანხმდი გაგას შემოთავაზებას, არა – დაფეხმძიმების, არამედ – ბერლინში ერთად წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მირანდასგან განხვავებით, დრო გავწელე და ამ გადაწვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება მხოლოდ დღეს ჩავთვალე საჭიროდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პოსტის ერთთვიანი დაგვიანება მერაბს ნაკლებად გააღიზიანებს, მით უმეტეს, თუ გაითვალისწინებს, რომ ამის შესახებ ხარება თავის პოსტზე კომენტარის სახით შემეძლო სწორედ იმ დღეს, როცა იგი საქართველოდან გაქცევაზე წუწუნებდა:)