წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

ნიდერლანდები, მოგონება II: ზოგიერთი რამ, რაც ამსტერდამში გავაკეთე[თ]

ამსტერდამი რომ თავისუფლების ქალაქია, ეს მის შესახებ ისტორიული ცნობების გაცნობის და მისი მონახულების გარეშეც ბევრს ეცოდინება. და ტელევიზორშიც რომ არაფერი მოისმინო, ერუდიციით ნაკლებად გამორჩეული მეზობელი ნარკომანისგან მაინც გექნება რაიმე გაგონილი. თუმცა, პროსტიტუციასა და საკაიხასიათო საშუალებების მოხმარებაზე „თვალის დახუჭვასთან“ ერთად, ამსტერდამს სხვა დასახლებებისგან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაც გამოარჩევს. ამის შესახებ ადამიანების ოდნავ განსხვავებულმა კატეგორიამ იცის, თუმცა ეს ინფორმაცია მათაც ძალაუნებურად აქვთ. ასეა თუ ისეა, ნაირნაირ იარლიყებს ნიდერლანდების დედაქალაქი მშვენივრად ირგებს. ბოლოს და ბოლოს, რაში უნდა აინტერესებდეს მის მთავრობას – რა მიზეზი გამოძრავებს იქ ჩასვლის დროს, თუ შენ იქ შენს ოფლით მოპოვებულ ევროებს ხარჯავ?

მოკლედ, ჩვენი დანაზოგებისა თუ სანათესაოში შეგროვებული სახსრების საფლანგავად ნიდერლანდების სამეფოს მთავარ ქალაქს ექვსკაციანი დელეგაციით ვეწვიეთ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ექვსივეს განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა იმის შესახებ, თუ რა არის თავისუფლება, რაც, ზოგ შემთხვევაში, ტრადიციულად, თავნებობად აღიქმებოდა. ამასთანავე, სამეგობროს შიგნით კონფლიქტის გამოწვევის გარეშე, რამდენიმე დღეში ბუნებრივად დავიყავით და თავის გასართობად ყველამ საკუთარი საშუალება ავირჩიეთ: ზოგი შოპინგზე დადიოდა, ზოგი – მუზეუმებში, ერთი ჯგუფი გამუდმებით ეწეოდა, მეორეს კი სტიმულატორების გარეშეც, უბრალოდ, სასტუმროში ეძინა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ პოსტში მინდა თავი მოვუყარო ჩემს აღმოჩენა-დაკვირვებებს და იმას, რითაც ამსტერდამმა პირადად მე დამამახსოვრა თავი.

კითხვის გაგრძელება →

ნიდერლანდები, მოგონება I: ტრანსპორტი

ტურისტებისთვის სამწუხაროდ, ნიდერლანდების თითქოსდა გამარტივებული სატრანსპორტო სისტემა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ სწრაფი გადახდის აპარატების შემოღებით, რომლებიც დედაქალაქში მაინც ყოველ გაჩერებაზეა დამონტაჟებული და საჭიროებისამებრ, ყველა სახის ვალუტით ოპერირებს. კომპეტენტური არ ვარ და არ ვიცი, რა იურიდიული თუ ტექნიკური წინაღობა უდგას წინ ჩვენი პრაქტიკის სხვა ქვეყნებში გადაღებას, მაგრამ ერთი ნათელია – სწრაფი გადახდის სისტემის არასრულყოფილების და რიგი სხვა ფაქტორების გამო, წინასწარ მოუმზადებელი ტურისტისთვის, ნიდერლანდების ტრანსპორტით სარგებლობა სრულ კოშმარად შეიძლება იქცეს, მიუხედავად იმისა, თუ რა ბიუჯეტი აქვს მას სამოგზაუროდ გამოყოფილი. და თუ რატომ, ამის ახსნას ამ პოსტში შევეცდები.

შესავალი

ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ნიდერლანდებშიც ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქების უმეტესობა ერთმანეთთან რკინიგზის, ან უკიდურეს შემთხვევაში – ავტობუსის საშუალებითაა დაკავშირებული. ამ კონკრეტული ქვეყნის გეოგრაფიის გათვალისწინებით, ცხადია, რომ არსებობს ისეთი ადგილებიც, რომლებიც ‘დაბალი ქვეყნის’ მთავარ მატერიკს ბორნის საშუალებით უკავშირდება. დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ამსტერდამი, როტერდამი, ჰააგა და სხვა, A წერტილიდან B წერტილში გადასაადგილებლად, რიგითი მოკვდავები აგრეთვე ტრამვაის და მეტროს იყენებენ. შედარებით არარიგითი მოკვდავები – ტაქსის და ავტომობილს.

ყოველივე ეს ევროპული ქვეყნისთვის თითქოსდა ბუნებრივი და მარტივად აღსაქმელია. მართლაც, რა სჯობს ისეთ ქვეყანაში ვიზიტს, სადაც სატრანსპორტო სისტემა კარგადაა განვითარებული და მოსანახულებელ ადგილამდე მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, არაფერია სრულყოფილი და ყველაფერს ორი მხარე აქვს – თავის ტკივილი ამ ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდით იწყება.

tr-1
Continue reading

‘t Blijft tobben

ახლა გამახსენდა ეს ჩემი ბლოგი. პოსტების რაოდენობის მიუხედავად, მაინც ვთვლი, რომ უდავოდ, ძალიან კარგი წამოწყებაა [აქ, “იყო”-ს დაწერა თავიდან განგებ ავიცილე]. ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგი იყო იდეათა ის ერთობა, რომელიც მისი შექმნის დროს ჩემს თავში ტრიალებდა და იმ შემართებასაც არაუშავს, რომელიც ახლა ამ ტექსტს მაკრეფინებს. ამ ბლოგის შექმნის აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ პირველი პოსტის დაწერის დღიდან, სახლიდან შორს თუ არც ისე შორს, ჩემი გადაადგილებების და ამ პროცესებთან დაკავშირებული მოვლენების დოკუმენტირება და სხვებისთვის საინტერესოდ გაზიარება მსურდა.

ასეა თუ ისეა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, საკუთარ თავს ამ კეთილშობილური იდეის ხორცშესხმის კიდევ ერთ შანსს ვაძლევ და სრულიად ბლოგოსფეროს (რომლის ერთადერთი წარმომადგენელი ამ ეტაპზე მე ვარ) ვაუწყებ, რომ მეგობრების 6-კაციანი ჯგუფი ამა წლის 7 ნოემბერს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში მივემგზავრებით და იქედან, სხვადასხვა შემადგენლობით, ‘დაბალი ქვეყნის’ სხვა ურბანული დასახლებების მონახულებასაც ვგეგმავთ.

და ვინაიდან, მე არც ტრადიციული სახვითი ხელოვნების მუზეუმების და არც ნიდერლანდების ლიბერალური პოლიტიკის ყველაზე პოპულარული მიღწევების მოყვარული ვარ, ამჟამად აქტიური დაგეგმვის პროცესში ვარ, რათა ჩემი და უმცირესობაში მყოფი სხვა თანამგზავრების ვიზიტი ვერმეერის, კოფიშოპების და წითელი ჩირაღდნების სამშობლოში რაც შეიძლება შთამბეჭდავი და შეძლებისდაგვარად დაუვიწყარი გავხადო.

მოკლედ, ამ დროისთვის, გეგმის ყველაზე უფრო დალაგებული ნაწილი თარიღებია და თუ არაფერი შეიცვალა, ამჯერად მოსანახულებელი ქალაქების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 07-13 ნოემბერი – ამსტერდამი
  • 09 ნოემბერი – ჰაარლემი (ამსტერდამიდან)
  • 13-18 ნოემბერი – როტერდამი
  • 15 ნოემბერი – ჰააგა (როტერდამიდან)
  • 16 ნოემბერი – დელფტი (როტერდამიდან)
  • 17 ნოემბერი – კინდერდეიკი (როტერდამიდან)
  • 19-23 ნოემბერი – ბერლინი

მეტი თვალსაჩინოებისთვის, აი, რუკაც:

nl-trip