Ein, zwei, drei, vier…

ეს ჩვენი მესამე ვიდეოა. ქუჩის გამოკითხვა, რომელიც ნოემბრის ცივ დღეებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ჩავწერეთ ინტერნეტ-ტელევიზია “Artarea/Tv2.0“-სთვის. გაგა ლომიძემ ვიდეოს შესანიშნავი შესავალი დაურთო, რამაც მისი შინაარსის და დანიშნულების აღერის აუცილებლობა თავიდან ამაცილა და მადლობას ვუხდი მას ამისთვის :)

რამდენიც არ უნდა შევუწყოთ ხელი საერთო ადამიანური ღირებულებების გამყარებას, ნებისმიერ ქვეყანას მაინც თავისი ნარატივი და თავისი შეხედულებები აქვს საგნებსა თუ მოვლენებთან მიმართებაში. შევადგინეთ კითხვარი, რომელიც გამოავლენდა გერმანელების თავისებურებას და ამ მიზნით ინტერვიუ ჩამოვართვით ქალაქების – ფრანკფურტის, კიოლნის, ვუპერტალის, აახენის და ტრიერის მცხოვრებლებს. შედეგად არაერთი თანხვედრაც მივიღეთ.

აი, ვიდეოც:

მუსიკა: Nena – “99 Luftballons”, 2raumwohnung – “Wir Werden Sehen” და Wir Sind Helden – “Nur Ein Wort”
ვიდეო: ალფრედო მანინო
კითხვარი: ალფრედო მანინო, გიგა ნანობაშვილი
ინტერვიუერი: გაგა ლომიძე
გაშიფვრა/თარგმანი: გაგა ლომიძე, შორენა შამანაძე
ხმის ოპერატორი: საბა ქავთარაძე
განსაკუთრებული მადლობა: ფრანჩესკა ნეგრის, კატერინა კამპისის, მერაბ ბოჭოიძეს და ყველა მონაწილეს:)

Advertisements

სურათებში: შეფშაუენი [მაროკო, გაჩერება II]

შეფშაუენი მაროკოს იმ ქალაქთა რიგებს განეკუთვნება, რომლის შესახებაც, წინასწარ მოუმზადებელ მოხეტიალეს ბევრი ვერაფერი ეცოდინება. მას არც ქვეყნისთვის სტრატეგიული მდებარეობა უკავია და არც კულტურული დაწესებულებების სიუხვით გამოირჩევა. სამაგიეროდ, შეფშაუენი და მის გარშემო მდებარე რეგიონი, მაროკოს ფარგლებში, ჰაშიშ-კანაფის ლიდერი მწარმოებელია და იგი, ნახევრადლეგალურად, ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში იყიდება. შესაბამისად, სადმე კენტად მდგარი მაროკოელი ბიჭუნასთვის რამდენიმე ჯადოსნური სიტყვის ჩაჩურჩულება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე საათი ჯადოსნურ რეალობაში გაატაროთ. აქ მთავარია, ბიჭუნას და სამართალდამცავის გარჩევის ცოდნის უნარი, თუმცა ეს უკანასკნელები ქალაქში დიდად არ შეგვიმჩნევია.

ჩემნაირებისთვის კი, ვისთვისაც ალტერნატიულ სინამდვილეში გადასვლის ერთადერთი ხერხი ალკოჰოლია, რომელიც მუსულმანურ მაროკოში დეფიციტურია, შეფშაუენი მაროკოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი და ფოტოგრაფის სამოთხეა. შაუენის, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, ვიწრო ქუჩები, ცისფერში გადაწყვეტილი შენობები და მოწითალო ფერის სახურავები — ანუ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რომელშიც მაროკოულ-ანდალუსიურ-ებრაული კულტურების თანხვედრა იგრძნობა, სრულიად საკმარისი იყო იმის ფხიზლად შესაგნებად, რომ აქამდე ჩვეულ რეალობაში ისედაც არ ვიმყოფებოდით.

მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი დაგვხდა, ქალაქმა მის ვიწრო ქუჩებში მაინც შეგვიტყუა. დიდი ენთუზიაზმით შემართულები, ტანჟერიდან დამგზავრებულ ორ ესპანელ პედაგოგ გოგონასთან ერთად, ყოველ კუთხე-კუნჭულში რაღაც აღმოჩენებს ვაკეთებდით და კმაყოფილ-ბედნიერი სახით ვუყურებდით ერთმანეთს. შეფშაუენური ყოფის შესწავლის შემდეგ, სიცივისგან და წვიმისგან დაღლილ-დაქანცულებმა ენერგია საეჭვო ხორცისგან დამზადებული კერძით აღვიდგინეთ, გათბობისთვის კი ადილობრივ პიტნის ჩაის ვეზიარეთ პირველად.
Continue reading

სურათებში: ტანჟერი [მაროკო, გაჩერება I]

რაა დასამალი და, ქალაქ ტანჟერის არსებობის შესახებ მხოლოდ Euronews-ის ამინდის პროგნოზიდან ვიცოდი. ახლა, მგონი, იქაც არ უჩვენებენ და ეს დრო ის დრო რომ ყოფილიყო, დავრჩებოდი ასე — ბნელი. ნუ, ეს მდგომარეობაც, როგორც თითქმის ყველაფერი, დროებითობისთვის იყო განწირული და ტანჟერი ჩემს ცხოვრებაში მეორედ სწორედ მაშინ ამოტივტივდა, როდესაც ევროპის კონტინენტიდან მაროკოში მოსახვედრად, სტრატეგიულად განლაგებული ეს საპორტო ქალაქი, თითქმის უალტერნატივო კანდიდატად შემორჩა.

მართალია, მოგზაურთა ფორუმები გაჯერებულია ხმამაღალი განცხადებებით იმის შესახებ, რომ ტანჟერი “ნამდვილი” მაროკო არ არის და რომ ერთადერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება მისი მონახულების შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, საყვარელი ღირებული ნივთების გარეშე დარჩენა იქნებოდა, მე მაინც ვთვლი, ეს ქალაქი მაროკოული თავგადასავლის დასაწყებად იდეალურია; თუნდაც იმიტომ, რომ, იგივე მოგზაურთა და ადგილობრივთა მოსაზრებით, მაროკოს სხვა დანარჩენი ქალაქები ტანჟერზე უკეთესია და, შესაბამისად, ტანჟერში ყველაზე უარესისთვის მზაობა არამხოლოდ სიამოვნებას მოგგვრით ამ მოლოდინების არგამართლების შემთხვევაში, არამედ აქ განცდილი, ქვეყნის გარშემო მთელი მოგზაურობის მანძილზე, სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ.

ჰო, ტანჟერი მართლაც სავსე აღმოჩნდა საეჭვო გარეგნობის და ქცევების მქონე ინდივიდებით, რომლებიც თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში ხან მოსაწევს, ხანაც — კოკაინს გვთავაზობდნენ. საუკეთესო ვარიანტში — ევრო-დოლარების ადგილობრივ დირჰამებზე გადახურდავებას. ამბობენ, რომ ისინი, ვინც ამ ცდუნებას ვერ უძლებენ, ხშირ შემთხვევაში, დღეს მეცხრე ცის ნაცვლად, “ცხრა” კორუმპირებულ სამართალდამცავთან ერთად ასრულებენ. ჩვენ ეს თეორია არ გამოგვიცდია, სიტყვაზე ვენდეთ და უსიტყვოდაც — ყველაფერი ნათელი იყო.

მეორე მხრივ კი, ევროპიდან, გიბრალტარის სრუტის გადმოკვეთით, ტანჟერში მოხვედრა ყველაფრისგან განსხვავებული გამოცდილებაა. ესპანეთის ქალაქ ალხესირასიდან თითქმის ორსაათიანი მგზავრობის განმავლობაში, ჩქაროსნული ბორნის გარეთ, გემბანის მოაჯირზე მიყუდებული ვეგდე, ვეწეოდი და მარადიულზე ვფიქრობდი; ხოლო როდესაც სადღაც იქ აფრიკა გამოჩნდა, თითქმის პირველაღმომჩენივით ვიყვირე.

თუკი ტანჟერის ზღვისპირა მდებარეობის შესაძლებლობების ათვისებას არ აპირებთ, მალევე მივხვდებით, რომ ამ ქალაქში კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით, საკეთებელი ბევრი ვერაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ამ ტერიტორიაზე თავშესაფარს პოულობდნენ ევროპელი და ამერიკელი არტისტები, პოლიტიკოსები თუ თაღლითები, ახლა აქ მხოლოდ ეს უკანასკნელები შემორჩნენ.

სამაგიეროდ, ტანჟერში სანახაობების ნაკლებობა საუკეთესოა იმისთვის, რომ აუჩქარებლად შეისწავლოთ მაროკოს თითქმის ყველა ქალაქის მოწყობის ტიპი: მედინა — გალავანს შიგნით მოქცეული ძველი ქალაქი, ბაზრითა და ვიწრო ქუჩებით და მის კედლებს გარეთ გადაშლილი — ახალი ქალაქი; შეიგრძნოთ ეგზოტიკა, ჩვეული გამაგრილებელი სასმელების ბოთლებსა თუ სწრაფი კვების ობიექტების შენობებზე გამოკრული არაბული წარწერებით; წყნარად გადაახურდავოთ ფული ან გამოიტანოთ ბანკომატიდან; იყიდოთ ადგილობრივი სიმ-ბარათი და გააქტიუროთ ინტერნეტი ჩექინებისთვის; აღმოაჩინოთ მაროკოული ტაქსის ორი ტიპი: grands taxis — საქალაქთაშორისო ტაქსი, რომლითაც სხვებთან ერთად, კოლექტიურად მგზავრობთ და petits taxis — ადგილობრივი ტაქსი, რომლის მძღოლსაც ბევრი მოლაპარაკება ჭირდება მრიცხველის ჩასართავად; და რაღა თქმა უნდა, ეზიაროთ მაროკოს პირველ ავტოსადგურს, სადაც ვაგზლის ბაზრობაზე ქაოტური სიტუაციაა და ავტობუსის საბარგულში ჩანთის ჩადებისთვის ფულს გამოგართმევენ.
Continue reading

აღმოჩენები: გიბრალტარი

ჩემი პოლიტიკური სიბნელის გამო, არის ქვეყანაზე ისეთი რაღაცე{ე}ბი, რისი დეტალებისაც დღემდე არ მესმის. მაგალითად, ასეთია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მოწყობა: რატომაა ელისაბედ II დღემდე კანადის, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის დედოფალი, ხოლო ინდოეთის, პაკისტანის და ცეილონ/შრი-ლანკის არ არის. ნუ, კარგი, აქ მოვიფიქრე, რომ პირველი სამეულის სახელმწიფოდ ფორმირებაში ბრიტანეთის ხელი ურევია, ხოლო ბოლო სამეულმა თავის დროზე, ნებსით დააღწია თავი ბრიტანულ კონტექსტში მოხსენიებას, თუმცა [ბრიტანულ] ერთა თანამეგობრობაში მაინც შედიან.

შემდეგი მენტალური აურზაური მაშინ მეწყება, როდესაც ვცდილობ ოპოზიციაში დავაყენო ე.წ. „გვირგვინის მიწები“ (მენის კუნძული, ჯერსის კუნძული..) და ე.წ. „ზღვისიქითა ტერიტორიები“ (ბერმუდის კუნძულები, მონსერატი..). ძალაუნებურად გიწევს გარკვევა იმაში, თუ რას ნიშნავს/-და კოლონია, დომინიონი თუ პროტექტორატი და ვინ რაზე შეთანხმდა, საბოლოო ჯამში, ოფიციალურ ლონდონთან.

გაერთიანებული სამეფო საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ყველა ეს სახელმწიფო თუ თვითმმართველი ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ერთი ფერით იქნებოდა წარმოდგენილი და იქ მცხოვრებ ყველა ადამიანსაც „რუსი“ ერქმეოდა. რამდენად არაპოლიტკორექტულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ზოგადად, რიგითი ევროპელისთვის ეს არსებული რეალობაა: ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ საფრანგეთიდან ბრიტანულ ჯერსის კუნძულზე გადასვლა რამით განსხვავდება იტალიიდან ესპანურ იბიცაზე თუ იგივე ესპანეთიდან გიბრალტარში გადასვლისგან, ან სულაც, ქალაქიდან ბებიასთან სოფელში ჩასვლისგან.

საწუხაროდ, ჩვენთვის ეს ასე არ არის. რამდენადაც არ უნდა მოგქონდეთ თავი დედამიწის მოქალაქედ, ჩვენი ქვეყნისთვის არსებული სავიზო რეგულაციები მალევე მიგახვედრებთ, რომ კოსმოპოლიტი კი არა – ქართველი ხართ და იმაში გარკვევაც მოგიწევთ, რომ გრენლანდია თუ ფარერის კუნძულები დანიის ნაწილად კი ითვლება, მაგრამ იქ მოსახვედრად მხოლოდ შენგენის ვიზა არ კმარა და ცალკე ნებართვაა საჭირო; შპიცბერგენი ნორვეგიის ნაწილია, მაგრამ ქართველები იქ ვიზიტისთვის ვიზას არ საჭიროებენ (მაგრამ აბა ცადეთ იქ ჩასვლა ნორვეგიის ოსლოს გავლის გარეშე).. ნუ, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა თითქმის ნებისმიერმა მოგზაურმა იცის, რომ გაერთიანებული სამეფო კი ევროკავშირის წევრია, მაგრამ შენგენის ხელშეკრულებისთვის არ მოუწერია ხელი. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის კუნძულის მონახულება ცალკე ვიზას საჭიროებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაა, მე, მაგალითად, წარმოდგენა არ მქონდა, რომ იქ ჩასასვლელად გიბრალტარისთვის განკუთვნილი სპეციალური ვიზის აღება მომიწევდა.

ეს პოსტი სწორედ გიბრალტარში მოხვედრას და ამასთან დაკავშირებულ სირთულეებს შეეხება, რითაც, იმედი მაქვს, სხვებს გავუიოლებ საქმეს.
Continue reading

სურათებში: გასეირნება მალაგაში

მიუხედავად იმისა, რომ მალაგა პაბლო პიკასოს სამშობლოა, იგი არ არის ის ქალაქი, რომელსაც ადამიანები ესპანეთში მოგზაურობისას, პირველ რიგში მოსანახულებელ პუნქტთა შორის უჩენენ ადგილს. ნუ, რა თქმა უნდა, თუ ზღვაზე დასვენებას არ აპირებენ. როგორც გაირკვა, მალაგა პოპულარული კოსტა დელ სოლის (მზის სანაპირო) დედაქალაქია და შესაბამისად, ამ რეგიონის სატრანსპორტო კვანძია, საიდანაც შემდეგ ახლომდებარე პატარ-პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში შეიძლება გადასვლა.

მართალია, ესპანეთში ზედმეტ ვიზიტზე არასოდეს ვიტყოდი უარს, თუმცა მალაგაში ჩასვლა სწორედ მისი მდებარეობის გამო გადაწყდა – მაროკოში მოგზაურობამდე, გიბრალტარის მონახულება გვქონდა ჩაფიქრებული. ამ შემთხვევაში კი, მალაგის აეროპორტი თითქმის უალტერნატივო იყო. რადგანაც მალაგას მხოლოდ საწყის პუნქტად განვიხილავდით, იქ მხოლოდ ერთი ღამის გათენება დავგეგმეთ, თუმცა ქალაქში გატარებული რამდენიმე საათის მიუხედავად, ერთი-ორი ღირსშესანიშნაობის ნახვა მაინც მოვახერხეთ. განცდილს ფოტო-ანგარიშის სახით ვდებ აქ :)
Continue reading

როგორ: მაროკოს ვიზა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი, სიხარულით გვაუწყებს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება მაროკოში, წინასწარ ესაჭიროება ვიზა. კარგი. ეს გასაგებია, ვიზა თითქმის ყველგან გვჭირდება და გამიკვირდებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. თუმცა, კიდევ ერთი თავისტკივილი ის გარემოებაა, რომ მაროკოს ვიზები გაიცემა არა თბილისში, არამედ უკრაინის დედაქალაქ კიევში.

მიუხედავად ყველაფრისა, მაროკოს ვიზის მიღება არც ისეთი რთული პროცედურაა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და რადგან, ყოველივე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, შევეცდები მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციით გაუმარტივო საქმე მათ, ვისაც ახლა და უახლოეს მომავალში სურს მაროკოს სამეფოში მოგზაურობა.

ყველაფერი, რაც აქ წერია არის ჩემი პირადი გამოცდილება და შესაბამისად, ყველა დეტალი უნდა გადამოწმდეს მაროკოს საელჩოსთან უკრაინაში.

mor-vis-1
Continue reading

სურათებში: კიევი 2013

არ ვიცი, რომელმა ჭკვიანმა დააწესა საქართველოში რომელიღაც უცხო ქვეყნის საკონსულოს არარსებობის შემთხვევაში, ვიზების კიევში აღების აუცილებლობა; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინასა და დედა-საქართველოს შორის აღარ არსებობს სახმელეთო მიმოსვლა, საზღვაო – გაუგებარია, თბილისიდან საჰაერო საშუალებებით მგზავრობა კი, ზოგჯერ, ამსტერდამის ბილეთზე ძვირი ღირს. ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები – ერევანი, ბაქო და სტამბულ-ანკარაც კი ხომ ასე ახლოსაა. იქაც ხომაა იგივე ქვეყნების საელჩოები და ვიზიტის იქ დაგეგმვა ბევრ შემზადებას არ საჭიროებს და არც ფინანსურ გარღვევებს იწვევს.

მაგრამ არა. ქართველი ერი არ დაბადებულა კომფორტისთვის და უკრაინაში ჩასვლა, ნოემბრის გამოცდილების შემდეგ, ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად, მესამედ მომიწია. თუმცა, ამჯერად, გაგასთან ერთად, რადგან საზამთრო მოგზაურობის პერიოდში სკაიპით ურთიერთობისას, მაროკოში სპონტანური ვოიაჟი დაიგეგმა. საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მაროკოს სამეფოს საელჩო კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიევში მდებარეობდა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე, ქალაქის აეროპორტს მიღმა, ქალაქის გაცნობის და მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობა მომეცა. კიევური შთაბეჭდილებების რეანიმირებას კი, სურათების საშუალებით შევეცდები.
Continue reading

Chi non viaggia a Capodanno..

პრინციპში, ახალი 2013 წლის შესახვედრად იდეა და შესაძლებლობაც ბევრი იყო. რომანწიული პარიზი; რომი – რომელშიც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი, იგივე მილანი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში უფრო მეტჯერ მოვინახულე, ვიდრე ჩემი აგარაკი – მთელი ჩემი ზრდასრულობის მანძილზე. შედარებით ნაკლებადპერსპექტიული საოცნებო სკანდინავიური ქალაქები იყო. თუმცა ელემენტარული მონდომებით, მაინც მგონია, რომ არაფერი არარეალური არ არსებობს და სკანდინავიის მიწაზეც შეიძლებოდა ფეხის დადგმა.

ასეა თუ ისეა, ბევრი განხილვის, წაკითხულის, გაგებულის და აწონ-დაწონვის შემდეგ, 2013 წლის შემობიჯების აღსანიშნავად, არჩევანი იტალიის ემილია-რომანიის ქალაქ ბოლონიაზე შევაჩერე. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სადღაც ამოვიკითხე, თურმე ბოლონიური ტრადიციის მიხედვით, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს, პიაცა მაჯორეზე შეკრებილი ქალაქის მცხოვრებნი და მათი სტუმრები ახალ წელს ე.წ. “ვეკიონეს” დაწვით აღნიშნავენ. ეს “ვეკიონე” კი უზარმაზარი ქანდაკებაა, რომელსაც ყოველ წელს სხვადასხვა ადგილობრივი ხელოვანი ქმნის და თავისი არსით, გასულ წელს აღნიშნავს. და რადგან ჩემი იმდროინდელი ინფორმაციით, ახალ წელს სხვაგან არსად არაფერს არ წვავდნენ, ამ სანახაობით ტკბობის ინტერესმა ყველა დანარჩენი ოპცია გადაწონა. თანაც, გრანდიოზული სტატიის გაშალაშინებასაც ვაპირებდი, რომელსაც დღის სინათლე დღემდე არ უხილავს, მაგრამ მაინც…

და რადგან ვიცოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ბოლონიით ვერ შემოვიფარგლებოდი და მილანში კიდევ ერთხელ ჩასვლა არ ამცდებოდა, საახალწლო ვოიაჟისთვის სპეციალური სამკუთხა მარშრუტი შევიმუშავე: მილანი – მოდენა – ბოლონია – რიმინი – სან მარინო – პადუა – ვენეცია – მილანი.

ny-trip
Continue reading

Un saut à Bruxelles

ესეც ჩვენი მეორე ვიდეო ინტერნეტ-პროექტ “Artarea/Tv2.0“-სთვის, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიუსელში ვიღებდით:) ვიდეოს სამუშაო სახელწოდება იყო “24 საათი ბრიუსელში”, თუმცა გადაღების პროცესის დროს გაჩენილი იდეების წყალობით, ვიდეო კიდევ უფრო სახალისო გამოვიდა და შესაბამისად, მის საბოლოო სახელად “Un saut à Bruxelles” (ნახტომი ბრიუსელში) ავირჩიეთ. თუ რატომ ნახტომი, ამას ვიდეოს ხილვის შემდეგ ადვილად მიხვდებით :)

ვიდეო და მონტაჟი: ალფრედო მანინო
მონაწილეობს: საბა ქავთარაძე
კოორდინატორი: გიგა ნანობაშვილი
მუსიკა: Kyle Cox – “Company”
ადგილმდებარეობა: ბრიუსელი

P.S. გაგა ლომიძეც გვახლდა თან :)

Чому ж ти, блядь, не любиш Україну?

kiev-bp-2012
ახლა ვიხსენებდი და აღმოჩნდა, რომ პირველად უკრაინის ტერიტორიაზე მაშინ ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ თბილისი-მოსკოვის მატარებელი დადიოდა და ტუაპსეში (იყო გზად გაჩერება ეგეთი) მიწისძვრა მოხდა. Google ბიძიამ შემახსენა – 1991 წელი იყოო და ჰოდა, სწორედ იმ წელს, საყვარელ უკრაინელ ბებიასთან ერთად, დონეცკის მიდამოებში ნათესავების ქორწილში ჩავედით. უცნაურია, რომ საერთოდ მახსოვს რამე, მაგრამ როგორც ჩანს, ოქროსფერ შეფუთვაში გახვეული შოკოლადის კურდღელი, დანგრეული ტალახნარევი გზები და უცნობი ნათესავის წყალობით ცხვირიდან წამოსული სისხლი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

მას შემდეგ, ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს სამშობლოში 2012 წლის ნოემბერში ამოვყავი თავი, როდესაც საქართველოდან იტალიაში მეგობრის დაბადების დღეზე მიმავალს, ტრანზიტი კიევის ბორისპოლში მიწევდა. ევროპული მოლოდინებით აღვსებულს და მამის ნაამბობიდან გამომდინარე, უკრაინულ კულტურასთან, განსაკუთრებით კი – “რუსეთის ქალაქების დედის” საბაჟო უნარ-ჩვევებთან შეხების არანაირი სურვილი არ მქონდა. თუმცა, ჩემი ჩათქმულის მიუხედავად, განსხვავებული მოსაზრება ქონდათ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს და კომპანია “აეროსვიტს”, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მართალია ავია- მაგრამ მაინც, უკრაინულ კულტურასთან ზიარება, ყველა სტუმრისთვის გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბილეთით ვმგზავრობდი და როგორც წესი, ეს ნიშნავს, რომ თბილისში ჩაბარებული ბარგი დანიშნულების ადგილას – მილანში უნდა ამეღო, უკრაინული ავიაკომპანიების ტანდემმა რეკორდულ 1:25 წუთში საპასპორტო კონტროლის გავლა, მებაჟის კითხვებზე პასუხი, ბარგის აღება, ბარგის შემოწმება, ტერმინალ B-დან გასვლა, ტერმინალ F-ში თავქუდმოგლეჯილი გადარბენა, მილანის რეისზე რეგისტრაცია, ბარგის ხელახლა შემოწმება, პოლიციელის კითხვებზე პასუხი და საპასპორტო კონტროლის თავიდან გავლა მაიძულა. თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს სპორტულ ფორმას არაუშავდა რა და გავაცნობიერე, რომ ყველაზე საშინელი სცენარი უკან მოვიტოვე, ერთი ღერის მოწევა, მახსოვს, მაინც მოვასწარი. სხვა თუ არაფერი, მაგათ ჯინაზე. თვითმფრინავში კი, ნასვამი უკრაინელი გოგოების უცნობ მამაკაცებთან ინტერაქციით და გაცნობის ხელოვნების ოსტატობის უდავოდ მაღალი ხარისხით ისე გავერთე, რომ დღის პირველი შეხება ამ ერთან სრულიად გადამავიწყდა.

თუმცა, მე თუ დავივიწყე ერი, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ერმა დამივიწყა მე და მილანში ჩასულს, ჩემი საყვარელი ავიაკომპანიებისგან ელექტრონული წერილი დამხვდა, სადაც იუწყებოდნენ, რომ ჩემს ბილეთში სერიოზული ცვლილებები განახორციელეს. ერთი სიტყვით, მახარეს, რომ თურმე მილანში კი აღმოვჩნდი, მაგრამ თბილისიდან კიევის ბორისპოლში არ მიფრენია და შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი ბილეთი გამიუქმეს. კი დავიბენი, თუმცა დიდი დრო არ დამჭირვებია იმისთვის, რათა მათთვის მიმეხვედრებინა, რომ ბიუროკრატიულ მანქანაზე უფრო მეტად ბიუროკრატთან ქონდათ საქმე. რამდენიმე საერთაშორისო ზარის შემდეგ, ნელ-ნელა და ნერვებმოშლით, მაგრამ მაინც, საკითხი მოგვარდა. ყველაფერი კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თბილისის აეროპორტის თანამშრომლების ბრალი იყო. ბიჭი, რომელმაც ჩასხდომის ბარათი გამომართვა, ნაბახუსევი კი მომეჩვენა (მომეჩვენა რა – ცხვირით ვიგრძენი), თუმცა საბოლოო ჯამში – ჩემი ეჭვი გაამართლა და ჩასხდომის ბარათის დაკარგვა მაინც მომიხერხა :) მიუხედავად მოგვარებული საკითხისა, უკანა გზაზე ბარგთან დაკავშირებული პროცედურების გავლა ისევ მომიწია, მაგრამ ამჯერად, ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი და მარშ-ნახტომისთვის დროც წინაზე ოდნავ მეტი მქონდა.

Love?

ახლა ზუსტად არ ვიცი, რის დაწერას ვცდილობ. ან მინდა თუ არა, რამე დავწერო, საერთოდ. თუმცა, მეწერინებასავით და, ამავდროულად, მეშინია კიდევ რამდენიმე რამის:) ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ნუ, ორიგინალი ტექსტი, ყოველ შემთხვევაში და ძალიან არ მინდა, ეს ნაწერი ტავტოლოგიის კორპუსს დაემსგავსოს, რომელსაც ჩემი წლების განმავლობაში შეძენილი მეთოდები და ხერხები მოაკლდება :) [საინტერესოა, რას ნიშნავს სიტყვა გამობრძმედილი?]

ასეა თუ ისეა, მეორე აბზაცზე გადმოსვლისთანავე დამეტყო, რომ მე და წერა ისევ უნდა დავმეგობრდეთ რაღაც ეტაპზე, რადგან არ ვიცი – მისი ღამით შეწუხების ბრალია, თუ ზოგადად, დიდი ხნის უნახაობის, ფაქტი ერთია – მეტისმეტად დიდ წინააღმდეგობას მიწევს ამ მომენტში და რთულად მემორჩილება.

ყველაფერი ეს კი, მესამე აბზაცის მიუხედავად, დაახლოებით იმას გავს, როდესაც კომპიუტერის კლავიატურასთან მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რომელიღაც ბიუროკრატიულ დაწესებულებაში  განცხადების ხელით დაწერას გთხოვენ. თან თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველაფერთან ერთად, ამ უბედურებას ისიც დაემატება, რომ ამის გაკეთებას სწრაფად გთხოვენ და ოდესღაც ჩვეული პროცედურის რეალიზებისთვის არანაირ ზედაპირს არ გამოგიყოფენ. ამიტომაც, ისღა გრჩება, რომ ფურცლელი კედელს მიადო და ძ-სა თუ ხ-ს ორთოგრაფიულ თავისებურებებთან ერთად (მე, რეალურად, ყოველთვის წ და ყ მეშლებოდა), შიგადაშიგ ისიც გაიხსენო, რომ კალმები – უფრო კი, ბურთულები – მათთვის უჩვეულო ზედაპირზე ფუჭდება. მერე მათი საყლაპავისკენ მიშვერა გიწევს-ხოლმე, ცხელი ნახშირორჟანგით დამუშავება, ზემოთ-ქვემოთ ქნევა ან სხვა ფურცელზე რაიმეს მიჯღაბნ-მოჯღაბნა. მაგრამ ალტერნატიული ფურცელი არავინ მოგცა და ამიტომ, საწერი საშუალების გამოცდა საკუთარი სხეულის ხელმისაწვდომ ზედაპირზე გიწევს.

ასეთ პირობებში კი ვერც განცხადების შინაარს აყალიბებ ნორმალურად, ვერც მისი ადრესატამდე მისვლის შემდგომ პოზიტიურ მხარეებზე ფიქრობ და, საერთოდ, გინდა, უბრალოდ, ვინმეს დედა შეაგინო და მიბრუნდე სახლში. მაგრამ არა, შენ ეს პროცესი ბოლომდე მიგყავს, რადგან ხან სხვების წინაშე რიდია, ხან ესა თუ ის ნაკისრი თუ თავსმოხვეული ვალდებულება, ხანაც პასუხისმგებლობა. ამიტომაც, მართალია, განწყობაშეცვილი, მაგრამ მაინც, განცხადებას ძუძუებიან მდივანს აბარებ და წესის გულისთვის, რამდენიმე მიმიკურ ჟესტსაც მიმართავ, რომლებიც “ცისფერი მთების” გმირების ენაზე ღიმილად ტრანსლირდება.

აქ კი, ჩემს ბლოგზე, დაწერილი პოსტის საბოლოო ადრესატი თუ დანიშნულება, უფრო კი – მისი ჩემთვის მომგებიანობა, ბუნდოვანია. ამიტომაც ვეშვები ტრაკის თამაშს და მივდივარ დასაძინებლად:) ეჰ, არადა, რამდენი რამის დაწერა შეიძლებოდა…

MoodPost

Would you help me pack my bags?
I might be leaving
I need some sweet assistance
While I’m stealing
Some of your time
I hope that’s fine

And I’ve got photographs
Of all you all I’m needing
Forgiveness if I
Left you all believing
That I’m the one
Cause I feel like none
And I need something
To direct me to it

Cause I’m a frequent flyer
A notorious liar, ohh
But i can’t get close enough
I never get close
I can’t get close enough

I would love to tell my story
From the ending
But the story’s getting thin
From heavy spending

And I need my man
And I need a fence
And I need someone to protect me
From the wench

I’m a frequent flyer
A notorious liar, ohh
But i can’t get close enough
I never get close
I can’t get close enough
To the ending

I can’t get close enough I, I, I
I can’t get close enough
To the sun
I can’t get close enough

I’m a frequent flyer

A notorious liar, ohh
But i can’t get close enough
I never get close
I can’t get close enough

It seems

I Feel So

…ამ წამს, დედამიწის ზურგზე 6 875 629 560 ადამიანია; ჩემთვის კი მხოლოდ 1 არსებობს…

‘Cause
I feel so mad
I feel so angry
I feel so callous
So lost, confused, again
I feel so cheap
So used, unfaithful
Let’s start over
Let’s start over

Top 100 of 2010

Sue the spiders
Sink the Welsh
Stab your facebook
Sell sell sell
Undercooked
Overdone
Mass adulation not so funny
Poisoned honey
Pseudo science
Silly money
You’re my honey

წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერის მსგავსად, მთელი 2010 წელის მოვლენების უმტესობა ფსიქოდელიური ხარიათის იყო. ახლაც, 31 დეკემბერს, ყველაფრის შეჯამებისას, ვხალისობ იმ ფაქტზე, რამდენი უცნაური მოვლენა გადამხდა წელს და რამდენი უცნაური ადამიანის უცნაურობის გაცნობიერება მომიხდა.

მთლიანობაში, კარგი წელი იყო, პროდუქტიული :) იმდენად კარგი, რომ აქ წერასაც შევეშვი, რადგან ყველაფერი ისედაც კარგად იყო:)))

იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვისურვებდი ნაკლები აბსტრაქტული ეპიზოდი ყოფილიყოს და აღარ მომიწიოს სხვებთან ერთად გასვლები იმ მდგომარეობაში, რომელშიც, მართალია, ზოგიერთი რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ნაშრომები არაფრით არაა მეტი ფხიზელი თვალით დანახულ სამყაროზე.

დამიწება არავის აწყენდა, მათ შორის მეც:)

— Ну, что будем делать? — спрашивает Кадик.
— Хуй его знает, — отвечает Эди задумчиво.

კითხვის გაგრძელება →