Florence + the Giga

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ არსებობს ღრმა ბავშვობაში ჩადებული რაღაც პრინციპები, რომელთაც ვერასდროს ვერასდიდებით ვერ ჩაანაცვლებ. ასე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს არც თუ ისე დიდხნიან ცხოვრებას მეცნიერებათა დოქტორები, ხელოვნების მოღვაწეები თუ ამ მიმართულების სტუდენტები ალამაზებენ და მეტ-ნაკლებად რაღაც მინახავს, წამიკითხავს თუ მომისმენია, ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო და რაფაელი ჩემთვის, პირველ რიგში, მაინც “კუ-ნინძებად” რჩებიან. და სულაც არაა ჩემი ბრალი, რომ მასკულტურას კლასიკურ კულტურაზე ადრე ვეზიარე.

დანტესაც სკოლაში არ გავდიოდით; და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეტაპზე ჩემმა კარგმა მეგობარმა გაგამ „ღვთაებრივ კომედიასა” და ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს შორის პარალელების გავლება დაიწყო და ამ პოემის შინაარსის შესახებ სწორედ ამ გზით ჩამომიყალიბდა ავ-კარგი წარმოდგენა, მე მაინც ვთვლი, რომ ალიგიერის შესახებ ყოველთვის გაცილებით უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე იტალიის რესპუბლიკის ყველა ერთად აღებულმა მოწაფემ რუსთაველის შესახებ. ნუ, თუნდაც ის ხომ ვიცოდი, რომ სწორედ დანტეს ნამოღვაწარმა დააკნინა აკადემიური ლათინური და საფუძველი დაუდო თანამედროვე იტალიური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებას, ხალხური ლათინურის ფლორენციის დიალექტის საფუძველზე. ვოტ. ჩვენი ენის რეჶორმატორი ილიას შესახებ იციან კი იტალიელებმა რამე? რა თქმა უნდა, არა.

ყველაფერთან ერთად, ფლორენცია მედიჩების დინასტიას უკავშირდება. ესეც ვიცოდი. თუმცა, მათ სახელსაც კვლავინდებურად აღორძინების ეპოქის ხელოვნების თუ კულტურის მოღვაწეებთან მივყავართ და ერთი სიტყვით, სასიკვდილო წრედი იკვრება. მივდივართ ისევ პოსტის თავში დაწერილთან. და იმისთვის, რომ ევროპული სახვითი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მუზეუმის, უფიცის გალერეის, ორ ფლიგელს შორის თუ ფლორენციის აკადემიის გალერეასთან მაღლა აწეული თავით ჩამევლო, ― ა-ლა “მე ჩემი პრინციპები მაქვს და მერე რა, რომ არ შემოვდივარ?!”, ტოსკანის ფლორენციაში ძირითად მოსანახულებელ ადგილებად ყველაზე არარომანტიული და უჩვეულო ლოკაციები შევარჩიე ისე, რომ ბოლოში მხოლოდ “დავითის” გენ-იტალია არ მქონოდა დალექილი გონებაში.

გასეირნება

flo-1
არა, ფლორენციას არ ვერჩი. ის მართლაც სიმპათიური და, რაც მთავარია, კომპაქტური ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რისი ნახვაც გჭირდება, როგორც წესი, ფეხით სავალ დისტანციაზეა და მაგალითად, რომისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა არ გიწევს. თუმცაღა, ყოველი ჩემი მცდელობა შემეღწია პარკში, რატომღაც სულ კრახით მთავრდებოდა ― პალაცო პიტისთან მდებარე ბობოლის ბაღები უცნობი მიზეზების გამო დაკეტილი იყო, ტორიჯანის ბაღი კი, რომელიც რუკაზე ასევე უზარმაზარი მწვანე ფერით იყო დატანილი და ინტერესს იწვევდა, საერთოდ, კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა და სილამაზესთან დაკავშირებული სხვა პოპულარული დაწესებულებების მსგავსად, მასში მოხვედრა წინასწარ ჩაწერას და ევროებს საჭიროებდა.

შესაბამისად, ჯერ ღია შესასვლელის, მერე კი რამენაირად შეპარვის ხერხის ძიებაში, ზემოხსენებული ბაღების გარშემო ნაბოდიალები კილომეტრების შემდეგ, ფლორენციის პარკებზე ხელი ჩავიქნიე და ურიცხვ პატარა სკვერს დავჯერდი. რა თქმა უნდა, საპატიო წრე დავარტყი სანტა მარია დელ ფიორეს და მდინარე არნოს გადასალახად, პონტე ვეკიოზეც („ძველი ხიდი”) გადავცუნცულდი, რომელზეც, სხვათა შორის, ყოველთვის პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო” მახსენდებოდა. კერძოდ, ის ხიდი, რომელზეც შენობები იყო დაშენებული და შემდგომში რომ ჩამოინგრა. თუმცა, ფლორენციის ხიდი, პარიზულისგან განსხვავებით, ერთი ათასწლეულია თავის ადგილზე დგას და ჯერ კიდევ გმირულად უძლებს ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი, შუასაუკუნეობრივი ეკლექტური შენობების თუ ნაგებობების ანსამბლის ტვირთს.

სანტა მარია ნოველას აფთიაქი

flo-2
რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ფლორენციაში პონტე ვეკიოზე კიდევ უფრო ძველი ეს აფთიაქია, რომელიც 1221 წელს დომინიკელმა ბერებმა დააარსეს იმისთვის, რომ სამკურნალო მცენარეები მოეყვანათ და თავიანთი ლაზარეთი მედიკამენტოზური საშუალებებით მოემარაგებინათ. შემდეგ, როცა ალბათ მალამო “კოლხურის” ფლორენციული ანალოგი გამოიგონეს, საქვეყნოდ ცნობილი გახდნენ და მე-17 საუკუნეში თავიანთი კარი რიგით მოკვდავებსაც გაუხსნეს.

მალამოები იქეთ იყოს და მე, პირადად, თავად უჩვეულო შენობამ მომხიბლა ― მარმარილოს იატაკმა, ფრესკებით მოხატული კედლებმა, ძველებური ავეჯმა, ფერად-ფერადმა ფლაკონებმა თუ კოლბებმა და უძველესმა სააფთიაქო სასწორმა ჯერ აზრობრივად საბჭოთა კავშირის დროინდელ უნივერმაღში გადამიყვანა /აი, ის გამახსენდა, ახლა თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი სადაცაა/, მაგრამ საანგარიშო “ჩოთქი” რომ ვერსად შევნიშნე, მარაზმატულ ფიქრებს შევეშვი და სიძველეების თვალიერებას შევუდექი.

დასათვალიერებელი დახლებზე არც ისე ცოტაა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი დახლებს მიღმაა დამალული. მთელი ამ სიკეთის ჩამონათვალი ერთ უზარმაზარ ფურცელზეა დატანილი, რომელიც იტალიურ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე, პირდაპირ აფთიაქშივე დევს და დაკეცვის გარეშე, ძლივს ჩამოვიტანე თბილისამდე. პროდუქციიდან, რომელიც ჯერ კიდევ ბერების ორიგინალი რეცეპტურით მზადდება, ბლოგზე მოსატანად ყველაზე უფრო, ალბათ, Aceto dei Sette Ladri (“შვიდი ქურდის ძმარი”) გამოდგება. “თურმანიძის” მალამოსგან განსხვავებით, ამ საყნოსი მარილის სახელწოდება შვიდი მამაკაცისგან შემდგარ დაჯგუფებას უკავშირდება, რომელიც შავი ჭირის დროს, ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი ცხედრების ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდნენ და მათ საფლავებს ძარცვავდნენ, ხოლო იმისთვის, რომ მიცვალებულების მდგომარეობაში თავად არ აღმოჩენილიყვნენ, შავი ჭირისგან დასაცავად, თავს ძმრის ძლიერ ხსნარში ივლებდნენ.

რა თქმა უნდა, ამ და სხვა ისტორიების სახლში წამოღება, მაღალი ხარისხის პროდუქციის სახით, თავისუფლა შეიძლება. თუმცა, აქ ყველაფერი ძვირია, პერსონალი კი, როგორც ამბობენ, მოსნობოც. არ ვიცი, მე შეხება არ მქონია. მსოფლიოში ყველაზე ძველი მოქმედი აფთიაქის თვალიერებითაც ფრიად ნასიამოვნები დავრჩი.

მისამართი: Via della Scala 16
საათები: ორშ-კვი 09:00-20:00
საიტი: www.smnovella.it
ფასი: უფასო
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

უმანკოთა თავშესაფარი

flo-3
ამ ადგილის მონახულება არა იმდენად სანახაობის მხრივ, რამდენადაც თავისი უჩვეულო როლის გამო გადავწყვიტე. ნუ, ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება თბილისის № 1 ბავშვთა სახლის გვერდით გავატარე და, რაც თავი მახსოვს, ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევის დროს, ჩემი იქ დატოვებით მემუქრებოდნენ, რამაც ჩემში მხოლოდ ამ დაწესებულების მიმართ გარკვეული ფობია გააჩინა და იქ, სადაც ფობიაა, გარკვეული ექსტრემალური ინტერესიცაა.

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც მე-15 საუკუნის დასაწყისში ფლორენცია ცივილიზებული სამყაროს ეპიცენტრად იქცა და მასში ხელოვნების, მეცნიერების თუ სამშენებლო ბიზნესის მოღვაწეები დამკვიდრდნენ, ყველამ ძალიან ბევრი ფული იშოვა და ფულთან ერთად, მაღალ მატერიებზე ფიქრმა ყოველდღიური რუტინული ამოცანების შესრულება მონებს გადააბარა. მონები კი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, უბრალოდ, ფულის გარეშე და რაღაც ეტაპზე, სხვების მსგავსად, მათაც გამრავლება დაიწყეს. ამიტომაც, ფლორენციაში ბავშვების პრობლემა გაჩნდა, რომლებსაც გადმოცემის მიხედვით, ყველგან ტოვებდნენ ― მინდვრებში, ქუჩებში, ეკლესიებთან… და, ნუ, ალბათ ნაგვის ყუთებშიც.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა არა ― აღმოსაფხვრელად, მიტოვებული ბავშვების ზრუნვაზე გათვლილი პირველი დაწესებულება აშენდა, რომელსაც Ospedale degli Innocenti, ანუ „უმანკოთა თავშესაფარი”, ეწოდა. შენობის მნიშვნელოვანი ელემენტი ერთგვარი მბრუნავი ფანჯარა იყო, რომელშიც ქალს თავისი ბავშვის თავშესაფრისთვის მიბარება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლო. თანაც ისე, რომ მას ვერავინ დაინახავდა. ასეა თუ ისეა, 10 დღის შემდეგ, 1445 წლის 5 თებერვალს იქ პირველი ბავშვი დატოვეს. ამბობენ, რომ ქალები ხშირად მონეტას შუაზე ჭრდინენ, ერთ ნახევარს თავიანთ ნაშიერს ამაგრებდნენ, მეორეს კი თვითონ იტოვებდნენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ამ მონეტას გაამთელებდნენ.

მისამართი: Piazza della Santissima Annunziata 12
საათები:
საიტი: www.istitutodeglinnocenti.it
ფასი:
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

გოჭუნას შადრევანი

flo-4
ჰო, ერთ პატარა ტურისტულ ხაფანგში გახვევის საშუალება თავს მაინც მივეცი, თანაც არა შემთხვევით ― საგანგებოდ ვეძებდი. ამ გოჭუნას (Il Porcellino), რომელიც უფრო ტახუნაა, ისტორია მეტად ჩახლართულია, ძველი საბერძნეთიდან ჯერ რომში გადადის, მერე ფლორენციაში და მოკლედ, ასლების რაოდენობითაც, ალბათ, “დავითს” ეცილება. ფილმ “ჰანიბლშიც” ჩნდება და “ჰარი პოტერის” ბოლო სერიაშიც. და რომის ტრევის შადრევნის მსგავსად, ფლორენციაში კიდევ ერთხელ დაბრუნების მსურველები ტახუნასთანაც მიდიან. ამისთვის კი მთელი რიტუალის ჩატარებაა საჭირო ― პირველ რიგში, დინგზე უნდა მოეფეროთ, რომელსაც უკვე იმდენმა ადამიანმა შეახო ხელი, რომ ტახის სხვა ნაწილებისგან მკვეთრი, გაცრეცილი ფერი გამოარჩევს. შემდეგ, ენაზე, საიდანაც წყალი მოედინება, მონეტა უნდა დაადოთ. თუ მონეტა წყალში ჩავარდა და გისოსებმა არ შეაკავა ― სიყვარულში ბედნიერები იქნებით და ნუ, ფლორენციაშიც დაბრუნდებით. მთელი პროცედურის წარმატებით გავლის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში უბედურებები სწორედ ამ დღიდან დაიწყო :)

მისამართი: Piazza Del Mercato Nuovo
საათები:
საიტი: –
ფასი: უფასო
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

სან მარკოს ეკლესია

flo-5
ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ და გარედან არაფრით გამორჩეულ დომინიკანურ ტაძარში კი მრევლს თუ ცნობისმოყვარე ტურისტს სიურპრიზი ელოდება ― წმ. ანტონიუსის 550 წლის მუმიფიცირებული სხეული, რომელიც არქიეპისკოპოსის მორთულ სამოსშია გამოწყობილი და შუშის კუბოში განისვენებს. თუკი სანახაობა საკმარისად არ შეგძრავთ და მეტის ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ, აქვეა ფრა ანჯელიკოს და სხვა ფლორენციელი ხელოვანების მიერ შესრულებული ფრესკებიც.

მისამართი: Piazza San Marco 1
საათები: ორშ-პარ 08:15-13:50, შაბ-კვი 08:15-18:50
საიტი:
ფასი: უფასო
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Advertisements

5 thoughts on “Florence + the Giga

  1. ვაიმე ეს პოსტი თუ შენ ჩემთვის დაწერე, ძალიან დიდი მადლობა :))

    მე მემგონი არაფერი ზევით ჩამოთვლილი არ მინახავს და ცოტა არ იყოს, გული მწყდება.
    ნუ მადიჩები და უფიცი ვნახე, რა თქმა უნდა.
    მუმიფიცირებული სასულიერო პირები რომში რომ არის, იმდენი არამგონია ფირენცეში იყოს. მაგრამ ამის მიუხედავად, ამ სურათმა შემაძრწუნა :(
    ის ღორი რა უბედურებაა, უიმე :)) მე მაინც არ მჯერა სიყვარულის, შესაბამისად, მანდ მონეტის ჩაგდება-გადაგდებები სისულელეა იმჰო :D
    პოსტი საკმაოდ ირონიულად, მაგრამ საინტერესოდ არის დაწერილი.
    და გრამატიკულად ძალიან კარგად <3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s