სურათებში: მთვრალი სტამბული

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს და საახალწლო ეიფორიის თვალსაზრისით კრიტიკულ პირველ იანვარს ალკოჰოლის მიმართ მდგრადი გამძლეობით გამოვირჩეოდი, ბედობის დღეს დარღვეული მშრალი კანონი, რიგი თანმხლები მოვლენის წყალობით, სპონტანურ თავგადასავალში გადაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, მსგავს ტალღაზე მყოფი თანამოაზრის, დროულად ჩარიცხული ხელფასის, ერთი მეგობრის მეგობრობის და Atlasjet-ის აქამდე დაუჯერებელი საფასო პოლიტიკის წყალობით, საბურთალოს ბეტონის ჯუნგლებში ჩასული მზის ამოსვლას 3 იანვარს, ბოსფორის სრუტის ორივე მხარეს გადაშლილ სტამბულში შევხვდით.

თუმცა, ათათურქის აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე დაწყებულ ნაბახუსევის, დაღლილობის თუ უძილობის თანმდევ შეგრძნებებს ოდნავაც არ შეუშლია ხელი ფეხით ბევრ სიარულში, ადრე ნანახისა თუ განცდილის თანამგზავრებისთვის გაზიარებასა და მათთან ერთად ახალი ადგილების აღმოჩენაში. მეგობრის სახლში უხერხულ პირობებში გათენებული ღამის შემდეგაც კი, ჩვენი არაფხიზელ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება არ გვინანია. მით უმეტეს, როდესაც ცოტა ხნით ყოველდღიური რეალობიდან მოწყვეტა არამედიკამენტოზურ/ბალახოვანი საშუალებებით ორივეს ძალიან გვჭირდებოდა და სხვა სინამდვილეში აღმოჩენის მედიატორად არჩეულ თვითმფრინავზე დახარჯული მიზერული /თუმცა გურჯებისთვის დეფიციტური/ თანხაც, საბოლოო ჯამში, განხილვას არ ექვემდებარებოდა.

..და თუ მაინცდამაინც კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მივიღეთ, რაღაცაზე მაინც დავფიქრდით. და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა..

ist-1
▲ ბილეთზე საეჭვოდ დაბალი, ორნიშნა ფასის მიუხედავად, Atlasjet-ი არც ისეთი ცუდი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ბალიშებიც ჩამოარიგეს და გვაჭამეს კიდეც. თუმცა, რისი ხორცისგან იყო დამზადებული სურათზე გამოსახული ძეხვი, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩავძიებივარ.

ist-2
ist-3
▲ მართალია, ჩვენი დროებითი გასაჩერებელი ადგილი მეჩეთიდან მაქსიმუმ 10 მეტრში მდებარეობდა, მინარეთიდან გამოსულ მოლას ჰანგებს დიდად არ შევუწუხებივართ. მით უმეტეს, როცა დროის უმეტეს ნაწილს ქალაქის გარშემო შემეცნებით-გამაჯანსაღებელ ბოდიალს ვუთმობდით. შინ დაბრუნებულებს კი ისე გვეძინებოდა, რომ დილით, მესამე სართულის ფანჯრების წინ, ზღმარტლის ხის კენწეროში მოკალათებული თურქი ახალგაზრდა ხერხით ხელში შემთხვევით შევამჩნიე. ისიც, როდესაც ყველა ტოტი უკვე მოჭრილი ქონდა. და საერთოდ, ვერც ზედა და ქვედა სართულებზე პარალელურად მიმდინარე რემონტმა გვაიძულა ნაჩუქარი ცხენის კბილების შემოწმება.

ist-4
▲ სტამბულის ღირსშესანიშნაობებიდან ჩვენს სახლთან ყველაზე ახლოს დიდი ბაზარი მდებარეობდა. მართალია, იქ არაფრის ყიდვას არ ვაპირებდით, თუმცა ქალაქის ხედებითა თუ არქიტექტურით ტკბობამდე, ადგილობრივი კულტურით განმსჭვალვისთვის იდეალურ არჩევნად მივიჩნიეთ. თანაც, გამოფხიზლება მჭირდებოდა და ორივე კურდღელი ერთდროულად დავიჭირეთ.

ist-5
▲ ისტორიულ ცენტრამდე, გზად ეს სიმპათიური სასაფლაო მდებარეობდა. იქ მოხვედრას, რა თქმა უნდა, არ ვგეგმავდით, თუმცა რუკებმომარჯვებულმა ტურისტებმა მაინც შეგვიტყუეს. ერთი წრის დარტყმის შემდეგ მთავარ ქუჩას ისე დავუბრუნდით, რომ დღემდე არ ვიცით, სად ვიყავით.

ist-6
▲ ეს კონსტანტინე დიდის სვეტის ფრაგმენტია, რომელიც მაშინ აღიმართა, როდესაც ოდესღაც კონსტანტინოპოლად წოდებული ქალაქი რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა. სვეტი რომაული ფორუმის ცენტრში იდგა, თუმცა როგორც ამ ადგილის დღევანდელი სახელწოდებიდან – ჩემბერლიტაშის მოედანი – ჩანს, ფორუმისგან მხოლოდ ეს დამწვარი სვეტი და მის გარშემო მფრინავი თოლიები შემორჩა.

ist-7
ist-7a
ist-7b
ist-7c
▲ ისტორიულ სტამბულში სეირნობისას, ერთი არასწორი გადახვევა ალემდარის [ჩვენში, ბაირაქთარის] ქუჩიდან (აი, T1 ტრამვაი რომ დადის, იქიდან) და სასურველი თოფქაფის სასახლის ნაცვლად, მის გარშემო გადაშლილ გულჰანის პარკში ამოყოფთ თავს. და თუკი ქვაფენილით მოპირკეთებულ ციცაბო აღმართებზე კისერს არ მოიტეხთ, არამხოლოდ რომაელების მიერ გოთებზე გამარჯვების ნიშნად აღმართულ, ასაკით თბილისის თანატოლ სვეტს იხილავთ, არამედ პარკის დაგეგმარებასთან ბრძოლაში საკუთარ გამარჯვებასაც იზეიმებთ გოთების სვეტთან ახლომდებარე კაფეში, ხედებით მარმარილოს ზღვაზე.

ist-8
▲ პატარა ქუჩები :)

ist-9
▲ ჯერ არ მახსოვს სტამბულში ვიზიტი ამ ადგილას სურათის გადაღების გარეშე. აია-სოფიას ტაძარი და სულთან აჰმედის (ცისფერი) მეჩეთი, რომელსაც ჩვენთან, ალბათ, სახელს გადაარქმევდნენ, არამხოლოდ სტამბულის სავიზიტო ბარათებია, არამედ, ყველა გზას მაინც ამ მოედნისკენ მიყავხართ, სურათის გადასაღები რაკურსი კი ძალიან ბევრია :)

ist-10
▲ ჩემი და, სავარაუდოდ, არამხოლოდ ჩემი, უსაყვარლესი ხედი სტამბულზე. სადღაც იქ, გალათას ხიდის იქეთ, ვიცი, რომ ტაქსიმის მოედანია, რომელზეც ამ ვიზიტამდე არ ვყოფილვარ და პირველად სწორედ ახლა ამოვყავი იქ თავი. არ მომეწონა. ღამე იყო და სურათებიც არ გადამიღია. გული არ მწყდება.

ist-11
▲ ჩემი აზრით, სტამბულში ყველაზე საინტერესო გასართობი აქტივობა ბორნით გასეირნებაა. განსაკუთრებით საინტერესო მარშრუტი ისტორიული ემინიონუდან აზიურ კადიკოიში გასეირნებაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყოველივე ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით ხდება და თითქმის არაფერი ღირს, ერთხელ, ალბათ, ყველამ უნდა ცადოს.

ist-12
▲ საყვარელი ისტორიული ტრამვაი სტამბულის კადიკოიში (ქალკედონი რომ ერქვა ოდესღაც). წესით, წითელი ფერის უნდა იყოს, თუმცა ზედ გადაკრული რეკლამაც უხდება.

ist-13
▲ მართალია, თევზის ამ ბაზარში ადრეც ვყოფილვარ, თუმცა ამჯერად იგი, უბრალოდ, გზად შემოგვხდა. თანაც, თევზეულისადმი ჩემი ზიზღის მიუხედავად, ადრეც და ახლაც ინტერესით შევათვალიერე წყლის ბინადართა ნაირსახეობები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სხვა თუ არაფერი, მხოლოდ იქვე მძვინვარე შემწვარი თუ ახლადდაჭერილი ზღვის პროდუქტების სუნი კმარა იმისთვის, რომ მისი საკვებად მოხმარებისადმი ყოველგვარი ინტერესი გამიქრეს.

ist-14
▲ თევზის ბაზრის შემდეგ, ბოლო გასეირნება კენედის ავენიუზე მოვაწყვეთ. ეს ახლა გავიგე მასე რომ ერქვა, თორემ მაშინ უბრალოდ ზღვის სანაპიროს გავყევით.

ist-15
▲ ამბობენ, მზის ჩასვლის ყურებისთვის საუკეთესო ადგილი სტამბულში გალათას ხიდია. თუმცა ჩვენ არც ჩვენს კენედის ავენიუს ვუჩიოდით. მართალია, მზეს რომ ხელით იჭერ, ისეთი სურათი არ გადაგვიღია, მაგრამ თავად სანახაობა გიბიძგებს სერიოზულობის დავიწყებისკენ და ყველა არსებული საშუალებით მაქსიმალურად ბევრი წამის შეჩერებისკენ.

ist-16
▲ გამგზავრებამდე, ისევ ძველ სტამბულში დავბრუნდით, სადაც ჩემმა თანამგზავრმა 20 ლირა იპოვა, რომლითაც შემდეგ სუვენირები და შოკოლადები ვიყიდეთ.

ist-17
▲ მიუხედავად იმისა, რომ 6 იანვარს, ღამით, ძალიან ბევრი ქართველი და ჩემი მეგობარი, სტამბულის მეორე აეროპორტში უამინდობის გამო ჩარჩა, ჩვენი რეისი ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დანიშნულ დროს უპრობლემოდ შესრულდა. მართალია, ცოტა გვაჯანჯღარა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კიდევ მინდა :)

Advertisements

2 thoughts on “სურათებში: მთვრალი სტამბული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s