წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

მთელი დარჩენილი იანვარი-თებერვალი აქტიურ ფულების კეთებას და მაროკოში მომავალი ვიზიტის დაგეგმვაში გავატარე. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ შენგენის ვიზა მიმთავრდებოდა, ხოლო ჩანაფიქრის სრულად განხორციელებისთვის, ახალი შენგენის ვიზის გარდა, გიბრალტარის და მაროკოს ვიზა მჭირდებოდა. პირველი ორის აღება თბილისში მოვახერხე, ხოლო ყველაზე სასურველ – მაროკოს ვიზაზე ზრუნვა, მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე, მარტისთვის გადავდე.

და რადგან საქართველოში მარკოს საელჩო არ არსებობს, 18 მარტს, მე და ჩემი მეგობარი გაგა მაშინ ახლადგახსნილი ქუთაისის აეროპორტიდან კიევს გავეშურეთ. ვიზაზე დადებითი პასუხი, პრინციპში, უკვე მეტ-ნაკლებად გარანტირებული გვქონდა, რადგან ყველა საბუთი ელექტრონული სახით ჩაბარებული იყო. ფორმალობა მხოლოდ საელჩოში მისვლა და ორიგინალების რუსეთში მოღვაწე ქართველებში კარგად გარკვეული მაროკოელი თანამშრომლისთვის მიწოდება იყო. ვიზის მიღების შემდეგ, კიევიდან მილანისკენ გავეშურეთ, სადაც დაგეგმილი მოგზაურობის მესამე მონაწილე – ალფრედო შემოგვიერთდა და და ვინჩის “საიდუმლო სერობაც” გვანახა, რომელიც ყოველთვის ნახატი მეგონა. თურმე, უზარმაზარი ფრესკა ყოფილა :)

გიბრალტართან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი მალაგა იყო. ამიტომაც, სწორედ იქ ამოვყავით თავი და ჩვენდაუნებურად, საშიშ სააღდგომო მსვლელობებს შევესწარით. მალაგაში ღამის გათენების შემდეგ, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე – გიბრალტარში გადავინაცვლეთ, სადაც ადგილობრივ ბერბერულ მაკაკებთან გვქონდა ურთიერთობა. ამბობენ, გიბრალტარი მანამ იქნება ბრიტანეთის ტერიტორია, სანამ იქ ბოლო მაკაკა არ ამოწყდება. ჰოდა, მშვენივრად გრძნობენ მაკაკები იქ თავს.

2013-mor

26 მარტი ჩვენი მაროკოული თავგადასავლის დაწყების თარიღია, რომელიც ტანჟერიდან დაიწყო და რომელშიც ესპანეთის ქალაქ ალხესირასიდან ბორნით მოვხდით. ტანჟერშივე დავაგროვეთ პირველი შთაბეჭდილებები – მაკდონალდსის, კოკა-კოლას, პეპსის ლოგოებზე წარწერები არაბულად, ნარკოდილერები, ბაზარ-მედინები, ჩვენებური გადატენილი ავტოსადგურები, დირჰამები და ადამიანები, რომლებიც იქვე სადმე დგებიან და აფსამენ. ტანჟერიდან ცისფერ ქალაქ შეფშაუენში გადავინაცვლეთ, საიდანაც შემდეგ “აფრიკის ათენში” – ქალაქ ფეზში გავათენეთ ღამე, რომელსაც ბევრი უკლია ათენამდე. იქ გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, ბაზა მექნესში გადავიტანეთ, ხოლო ავტოსადგურზე ოსტატურად დაქირავებული ტაქსით მაროკოს მექა – მულაი იდრისი და ანტიკური რომაული ქალაქის – ვოლიუბილისის ნარჩენები მოვინახულეთ. დედაქალაქ რაბატში ატლანტიკის ოკეანეს მივესალმეთ, ხოლო კასაბლანკას თანამედროვე კერძო სახლებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, რომ წარღვნის შემთხვევაში, კიდობანში მოხვედრაზე არც უნდა გვეოცნება. ბოლო დიდი ქალაქი ჩვენს მარშრუტში ტურისტების საყვარელი მარაკეში იყო, საიდანაც საჰარის უდაბნოსკენ სამდღიან ექსკურსიაზე გავეშურეთ და აქლემებზე კატაობისა თუ ბერბერების კარვებში ძილის შემდეგ, ისეთი დაღლილები დავბრუნდით, რომ მარაკეში, ფაქტობრივად, არ გვინახავს. უკან მილანში დაბრუნების შემდეგ, ზამთრის ჩავარდნილი ვენეციის სიურპრიზი გამოვასწორეთ და მართალია ვენეციაში არა, მაგრამ პარიზში წავედით, სადაც ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტს დავესწარით და რაც კი ხურდა გვქონდა მორჩენილი, კრუასანებზე დავხარჯეთ.

2013-par

თბილისში მიწაზე 19 აპრილს დავდგით ფეხი. ჩემს გაღატაკებულ მდგომარეობას ისიც დამემატა, რომ პასპორტი მქონდა გამოსაცვლელი, თუმცა ბოლომდე გაწეწვა ვარჩიე და პირადობის მოწმობაც მივაყოლე. მომცეს ახალი, 1-წლიანი შენგენის ვიზაც, თუმცა ზოგადი ფონის მიუხედავად, მაინც მოვახერხე სახლიდან გაპარვა და მშობლიური ფარცხისის მონახულება. ვიყავი მარისთან ერთად დავით-გარეჯაში და მეგობრის აგარაკზე ბურიანში.

ივნისის თვეში, ალფრედო უნივერსიტეტს ამთავრებდა. იტალიელისთვის კი ეს ქორწილის ტოლფასი მოვლენაა. ამიტომაც, მილანში მთელი ოჯახ-სამეზობლო-სანაცნობო ყავდა დაპატიჟებული. მათ შორის მეც. თუმცა, მილანამდე ქუთაისში მინი-ექსკურსია მოვიწყვე, რომლის აეროპორტიდანაც შემდეგ ვარშავაში გავფრინდი და იქაური არქიტექტურისა და ტყე-პარკების თვალიერებით დავკავდი ნახევრადუკაცარიელ ქალაქში. რა იყო ამის მიზეზი – არ ვიცი.

ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა, მილანში რომ ვიყავი, როცა ალფრედომ თავის დასთან, მარანელოში წამიყვანა. იქ ფერარის ქარხანა მდებარეობს, თუმცა მე, პირადად, უფრო ჯელატოთი დამამახსოვრდა. უკანა გზაზე, 90-იანების საქართველოში ამოვყავი თავი – მატარებელი გაფუჭდა :) თუმცა, როგორც იქნა, დავბრუნდით და მალევე გავაცნობიერე, რომ გამოსაშვები საღამოსთვის მზადებას ვერ გავუძლებდი და სანამ ალფრედო თავის საკურსოს ამთავრებდა, ლომბარდიის რეგიონის უკეთ გაცნობა გადავწყვიტე. ვიყავი მანტუაში, სტრადივარიუსის კრემონაში, მონცაში.. ვნახე ბრეშა და მისი ახალი მეტრო, პავიას ჩერტოზა, თავად პავიაც და ვიჯევანო. გავისეირნე ალპებში, კოლიკოში, სონდრიოში, ტირანოსა და კიავენაში გაჩერებებით. ლობარდიული ვოიაჟი კი ლეკოსა და ბერგამოში ბოდიალით დავასრულე.

2013-rma

მას შემდეგ, რაც ალფრედოს, როგორც სტუდენტის არსებობა დასრულდა, თავისუფლების რამდენიმე დღე რომში გავატარეთ, მისი მეგობრის ბინაში, უშუქოდ. რომაული არდადეგების შემდეგ კი, მის მშობლიურ სიცილიაზე მატარებლით წავედით და მგზავრობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გზად ბევრი საინტერესო და არასაინტერესო ადგილი აღმოვაჩინე. სირაკუზაში მეორედ ჩასვლის შემდეგ, სიცილიის უკეთ გაცნობა გადავწყვიტე: ვიყავით რუსებით სავსე ტაორმინაში, მთიან ძაფერანა-ეტნეაში, სადღაც სოლარინოში.. შემდეგ კი “ბაროკოს ქალაქებში”: მოდიკაში, რაგუზაში, ნოტოში და შიკლიში, რომელშიც, მგონი, ალფრედოს მშობლებიც კი არ იყვნენ ნამყოფი.

აგვისტოში ოფიციალური ვიზიტით ვეწვიე რუსთავს. მერე ალფრედო ჩამოდიოდა აქეთ და ჯერ ამხანაგი ოჩიგავა მივაცილე ფოთამდე, შემდეგ კი ბათუმის აეროპორტისკენ ავიღე გეზი. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ალფრედოს გასართობად, მოვინახულეთ უჯარმის ციხე, ძველი და ახალი შუამთა, თელავი და იყალთო. ვიყავით გორში და გლდანშიც :)

სექტემბერ-ოქტომბერი ნოემბრის მოგზაურობის დაგეგმვაში გავატარე და რადგან ჩემთან ერთად წამოსვლის კიდევ ოთხი მსურველი აღმოჩნდა, სხვების ვიზებზეც ვიზრუნე. 7 ნოემბერს ნიდერლანდების ამსტერდამში ჩავედით, სადაც, ტრადიციულად, ჟურნალისტური მისიით MTV Europe Music Awards 2013-ს დავესწარით და არაჟურნალისტურად – K’s Choice-ის კონცერტზეც ამოვყავით თავი. ამსტერდამის შემდეგ, ვიყავით ნაკლებადგარყვნილ როტერდამში, ჰააგაში, დელფტში და კინდერდეიკში. ნოემბრის თავგადასავლების ძიებას კი ბერლინ-პოტსდამში მოვრჩით.

2013-ber

დეკემბრის თვეში არსად წავსულვარ და ეს თვე მთლიანად ამ ბლოგის გამოცოცხლებას დავუთმე. დღესაც, 31 დეკემბერს, სახლში ვარ და სხვაგან არსად ყოფნა არ მინდა :) 2014 წელთან დაკავშირებით, ბევრი იდეა მაქვს, თუმცა მათი განხორციელებისთვის სხვების მონდომებაც მჭირდება. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მანამდე კი, ყველას დიდი მადლობა ჩემი ბლოგუნიას მხარდაჭერისთვის და like-ზე დაჭერისთვის (ეს რითმისთვის, თორემ კომენტარებისთვისაც დიდი მადლობა) და გისურვებთ, რომ 2014 წელი კიდევ უფრო უკეთესი წელი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში.

Advertisements

One thought on “წელი, სახელად 2013

  1. აღარც კი მახსოვდა, ამდენი რამე თუ ყველაფერი წელს იყო:)))))))) ვერ წარმომიდგენია მოროკოზე კარგი თრიფი ოდესმე, თავისი დასაწყისით და დასასრულით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s