ნიდერლანდები, მოგონება II: ზოგიერთი რამ, რაც ამსტერდამში გავაკეთე[თ]

ამსტერდამი რომ თავისუფლების ქალაქია, ეს მის შესახებ ისტორიული ცნობების გაცნობის და მისი მონახულების გარეშეც ბევრს ეცოდინება. და ტელევიზორშიც რომ არაფერი მოისმინო, ერუდიციით ნაკლებად გამორჩეული მეზობელი ნარკომანისგან მაინც გექნება რაიმე გაგონილი. თუმცა, პროსტიტუციასა და საკაიხასიათო საშუალებების მოხმარებაზე „თვალის დახუჭვასთან“ ერთად, ამსტერდამს სხვა დასახლებებისგან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაც გამოარჩევს. ამის შესახებ ადამიანების ოდნავ განსხვავებულმა კატეგორიამ იცის, თუმცა ეს ინფორმაცია მათაც ძალაუნებურად აქვთ. ასეა თუ ისეა, ნაირნაირ იარლიყებს ნიდერლანდების დედაქალაქი მშვენივრად ირგებს. ბოლოს და ბოლოს, რაში უნდა აინტერესებდეს მის მთავრობას – რა მიზეზი გამოძრავებს იქ ჩასვლის დროს, თუ შენ იქ შენს ოფლით მოპოვებულ ევროებს ხარჯავ?

მოკლედ, ჩვენი დანაზოგებისა თუ სანათესაოში შეგროვებული სახსრების საფლანგავად ნიდერლანდების სამეფოს მთავარ ქალაქს ექვსკაციანი დელეგაციით ვეწვიეთ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ექვსივეს განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა იმის შესახებ, თუ რა არის თავისუფლება, რაც, ზოგ შემთხვევაში, ტრადიციულად, თავნებობად აღიქმებოდა. ამასთანავე, სამეგობროს შიგნით კონფლიქტის გამოწვევის გარეშე, რამდენიმე დღეში ბუნებრივად დავიყავით და თავის გასართობად ყველამ საკუთარი საშუალება ავირჩიეთ: ზოგი შოპინგზე დადიოდა, ზოგი – მუზეუმებში, ერთი ჯგუფი გამუდმებით ეწეოდა, მეორეს კი სტიმულატორების გარეშეც, უბრალოდ, სასტუმროში ეძინა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ პოსტში მინდა თავი მოვუყარო ჩემს აღმოჩენა-დაკვირვებებს და იმას, რითაც ამსტერდამმა პირადად მე დამამახსოვრა თავი.

House of Bols

ams-1
Bols ნიდერლანდური ბრენდია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელს 1575 (!) წლიდან აწარმოებს და რა გასაკვირია, რომ House of Bols-ის სახელით ცნობილი ჟენევერის (ჰოლანდიური ჯინის) მუზეუმი ჩვენი პირველი გაჩერება იყო :) წესის გულისთვის, რა თქმა უნდა, გავეცანით იქ გამოკრულ წარწერებს ბრენდის ისტორიის შესახებ და ნახევრად სიბნელეში, უზარმაზარ ეკრანებზე სხვადასხვა დოკუმენტურ ვიდეოსაც ვუყურეთ. გაცილებით უფრო სახალისო პროცესი კომპანიის მიერ წარმოებული 38 ლიქიორისა თუ ჟენევერის შემადგენელი კომპონენტების ნახვა, დაყნოსვა, ხელით შეგრძნება იყო და არც უზარმაზარი სარკეების წინ, მხიარული ფერების ფონზე, სელფების გადაღება დაგვვიწყებია. ჩვენი ასეთი მონდომება კი ბილეთის ფასში გათვალისწინებული ერთი კოქტეილითა და ორი ჭიქა ლიქიორით დაფასდა, რომელსაც ელექტრონულ მოწყობილობაზე თავად ირჩევ და სასმელის რეცეპტის ამობეჭდვის შემდეგ, მას ბართან ამავე დაწესებულებაში გაწვრთნილი ბარმენი მოგართმევთ :)

მისამართი: Paulus Potterstraat 14
საათები: 12.00-18.30 (პარ.: 12.00-22.00; შაბ.: 12.00-20.00)
საიტი: www.houseofbols.com
ფასი: € 14.50 (პარასკევს 17:00 სთ-ის შემდეგ: € 9,50)
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Viewpoint Noord-Zuidlijn

ams-2
ამსტერდამის მთავარ ქუჩაზე – როკინზე მდებარე დიდი უზარმაზარი ასო “M”, რომელიც უტრეხტელი ხელოვანის, ფრანკ მანდერსლოოტის ნახელავია, უბრალო გამვლელმა, ერთი შეხედვით, თანამედროვე ხელოვნების მორიგ ნიმუშად შეიძლება ჩათვალოს და მარტივად, გვერდი აუაროს. ნაწილობრივ, ეს ასეცაა, თუმცა მეორე შეხედვით, ამ ნაგებობის შიგნით კიბეს შენიშნავთ, კიბესთან მიახლოების შემდეგ კი – მისი დახმარებით მიწისქვეშ ჩახვალთ, სადაც სხვა საქმეებით გართული ადამიანებისთვის უხილავი სათვალთვალო მოედანი მდებარეობს. აქედან კი უკვე ამსტერდამის მეტროს ჩრდილოეთ/სამხრეთ ხაზის (Noord-Zuidlijn) მშენებლობაზე დაკვირვებაა შესაძლებელი. მთელი ეს პროცესი სრულიად ლეგალურია, თუმცაღა ჩვენს გარდა, მიწისქვეშეთში არავინ იყო და კარგა ხანს ასე გვეგონა, სანამ შენიშვნების დაფის ფონზე ცანცარმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ყურადღება არ მიიპყრო. აღმოჩნდა, რომ მას თბილისში ჩამოსვლა უნდოდა და რჩევა-დარიგება ჭირდებოდა :)

მისამართი: Rokin 90
საათები: სამ-კვი 13:00-18:00
საიტი:
ფასი: უფასო
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Condomerie

ams-3
რაც დანამდვილებით ცნობილია, Condomerie მსოფლიოში პირველი მაღაზიაა, რომელიც მთლიანად პრეზერვატივების გაყიდვაზეა ორიენტირებული. გარდა იმისა, რომ აქ შეიძლება ნებისმიერი ფერის, ზომის, არომატის თუ მასალის პრეზერვატივის შეძენა, აქვეა სპეციალური პრეზერვატივები ქალებისთვის და, უბრალოდ, სასაჩუქრე, დეკორატიული პრეზერვატივები, რომელთაც თავისუფლების ქანდაკების თუ ეიფელის კოშკის ფორმა აქვთ და, რა თქმა უნდა, პირდაპირი დანიშნულებით გამოსაყენებლად გამოუსადეგარია :) მაღაზიას ინტერნეტ-გვერდიც აქვს, სადაც როგორც პროდუქციის შეძენა, ისე უსაფრთხო სექსის შესახებ სხვადასხვა რჩევა-დარიგების გაცნობაა შესაძლებელი.

მისამართი: Warmoesstraat 141
საათები: ორშ-შაბ 11:00-18:00; კვი 13:00-17:00
საიტი: www.condomerie.com
ფასი:
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Sexmuseum

ams-4
სექსის მუზეუმში პირველად ნიუ ორკში ვიყავი, თუმცა ამსტერდამში მდებარე ეს თემატური საცავი მსოფლიოში პირველი და, შესაბამისად, უძველესია. მე-17 საუკუნის ეს მუზეუმი არამხოლოდ სხვადასხვა ეროტიული სურათის, ნახატის, ობიექტის თუ ჩანაწერის რაოდენობით, არამედ ნოემბრის თვისთვის დამთვალიერებლების უჩვეულოდ დიდი სიუხვითაც გამოირჩეოდა. ამიტომაც, კონცეფციების მიხედვით დაყოფილი ვიწრო და პატარა ოთახებიდან გამოღწევისას, დაღლილობის, გაოფლიანებისა და აქა-იქ ტკივილის ერთდროულ შეგრძნებას სიგარეტის მოწევა იდეალურად აგვირგვინებდა. შეიძლება ეს სექსის მუზეუმის მფლობელების ჩანაფიქრის ნაწილიცაა :)

მისამართი: Damrak 18
საათები: 09:30-23:30
საიტი: www.sexmuseumamsterdam.nl
ფასი: € 4
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Museum Vrolik

ams-5
ტერატოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ბუნებაში გავრცელებულ სიმახინჯეებს შეისწავლის და სწორედ ამ თემას ეძღვნება ამსტერდამის უნივერსიტეტში განთავსებული ვროლიკის მუზეუმი, რომელსაც მისი დამაარსებლების, ანატომიის პროფესორების – გერარდ ვროლიკის (1755-1859 წწ) და მისი შვილის – ვილემ ვროლიკის (1801-1863 წწ) სახელი ქვია. დღეს, სხვადასხვა იურიდიული თუ წმინდად მორალური ნორმის გამო, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ამგვარი კოლექციის შეგროვება. შესაბამისად, ხელიდან შანსი არ გავუშვი და ცენტრიდან კარგა მოშორებით, ანატომიური უჩვეულობებისა თუ დეფორმაციების ამსახველ 150-მდე ნიმუშს გავეცანი (ჩანასახებს, ხელებს, ფეხებს, სიამის ტყუპებს…). ჩუმად ფოტოებიც გადავუღე. გასვლისას კი, ჩაბნელებული ოთახის კუთხიდან, როგორც სინათლეზე გაირკვა – სიმპათიური ჰოლანდიელის ხმა მომესმა – „ხომ არ გსურთ შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთოთ?“. არადა, ნახევარი საათის განმავლობაში მეგონა, რომ ოთახში მარტო ვიყავი. ხელისა და სხეულის კანკალით, ჩანაწერი მაინც დავტოვე. რა ჩავწერე – არ მახსოვს.

მისამართი: Meibergdreef 15
საათები: ორშ-პარ 10:00-17:00
საიტი: www.museumvrolik.nl
ფასი: უფასო
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Electric Ladyland

ams-6
კიდევ ერთი მუზეუმი, რომელსაც მხოლოდ ამსტერდამში იპოვით, Electric Ladyland-ია და ამდენად, იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთია, რომელიც ფლუორესცენციის თემას ეძღვნება. ფლუორესცენცია არის ლუმინესცენცია, რომელიც გაღიზიანების (განათების) შეწყვეტის შემდეგ, ძალიან მალე ქრება. ლუმინესცენცია კი ელექტრული, ქიმიური ან სხვა პროცესებით გამოწვეული რაიმე სხეულის ცივი ნათებაა. ერთი სიტყვით, ყველაფერ ამის მნიშვნელობას მუზეუმის მეპატრონე, „სიყვარულის თაობის“ წარმომადგენელი, ნიკ პადალინო დიდი სიამოვნებით აგიხსნით, ისტორიულ ფაქტებსაც მოგიყვანთ და ჯიმი ჰენდრიქსის ძმასთან თავის მეგობრობაზეც მოგიყვებათ. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი პრაქტიკული ნაწილია, როდესაც სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის შეუხედავი ნაცრისფერი ქვა სხვადასხვა განათებაზე სხვადასხვანაირად ანათებს და სულაც აღარ ხდება საჭირო ამ რთული სახელწოდებების დამახსოვრება :)

მისამართი: Tweede Leliedwarsstraat 5
საათები: სამ-შაბ 13:00-18:00
საიტი: www.electric-lady-land.com
ფასი: € 5.00
რუკა: [დააწკაპეთ აქ]

Advertisements

7 thoughts on “ნიდერლანდები, მოგონება II: ზოგიერთი რამ, რაც ამსტერდამში გავაკეთე[თ]

  1. აუ რა კარგია!! ^_^ ოჩი ნეტავი სად იყო იმ საერთო სურათის გადაღების დროს? :))

  2. მემგონი ერთადერთი ხარ ვისაც ამსტერდამზე რაღაც უწერია. მიხარია რომ წავაწყდი შენს ბლოგს, დამეხმარება ფრიად ^_^

    • დიდი მადლობა მოტივირებისთვის:) იმედია, მალე ნიდერლანდების სხვა მონახულებულ ქალაქებზეც დავწერ:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s