ნიდერლანდები, მოგონება I: ტრანსპორტი

ტურისტებისთვის სამწუხაროდ, ნიდერლანდების თითქოსდა გამარტივებული სატრანსპორტო სისტემა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ სწრაფი გადახდის აპარატების შემოღებით, რომლებიც დედაქალაქში მაინც ყოველ გაჩერებაზეა დამონტაჟებული და საჭიროებისამებრ, ყველა სახის ვალუტით ოპერირებს. კომპეტენტური არ ვარ და არ ვიცი, რა იურიდიული თუ ტექნიკური წინაღობა უდგას წინ ჩვენი პრაქტიკის სხვა ქვეყნებში გადაღებას, მაგრამ ერთი ნათელია – სწრაფი გადახდის სისტემის არასრულყოფილების და რიგი სხვა ფაქტორების გამო, წინასწარ მოუმზადებელი ტურისტისთვის, ნიდერლანდების ტრანსპორტით სარგებლობა სრულ კოშმარად შეიძლება იქცეს, მიუხედავად იმისა, თუ რა ბიუჯეტი აქვს მას სამოგზაუროდ გამოყოფილი. და თუ რატომ, ამის ახსნას ამ პოსტში შევეცდები.

შესავალი

ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ნიდერლანდებშიც ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქების უმეტესობა ერთმანეთთან რკინიგზის, ან უკიდურეს შემთხვევაში – ავტობუსის საშუალებითაა დაკავშირებული. ამ კონკრეტული ქვეყნის გეოგრაფიის გათვალისწინებით, ცხადია, რომ არსებობს ისეთი ადგილებიც, რომლებიც ‘დაბალი ქვეყნის’ მთავარ მატერიკს ბორნის საშუალებით უკავშირდება. დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ამსტერდამი, როტერდამი, ჰააგა და სხვა, A წერტილიდან B წერტილში გადასაადგილებლად, რიგითი მოკვდავები აგრეთვე ტრამვაის და მეტროს იყენებენ. შედარებით არარიგითი მოკვდავები – ტაქსის და ავტომობილს.

ყოველივე ეს ევროპული ქვეყნისთვის თითქოსდა ბუნებრივი და მარტივად აღსაქმელია. მართლაც, რა სჯობს ისეთ ქვეყანაში ვიზიტს, სადაც სატრანსპორტო სისტემა კარგადაა განვითარებული და მოსანახულებელ ადგილამდე მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, არაფერია სრულყოფილი და ყველაფერს ორი მხარე აქვს – თავის ტკივილი ამ ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდით იწყება.

tr-1

როგორ დავგეგმოთ მარშრუტი?

ცხადია, რომ უპირველეს ყოვლისა შესადგენია თქვენთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობების სია და შემდეგ, მათი ადგილმდებარეობის დადგენა Google Maps-ის საშუალებით. თუკი ვამჩნევთ, რომ საჭირო ადგილამდე საწყისი წერტილიდან კილომეტრები გვაშორებს და ფეხით მისვლა გამორიცხულია, დამხმარედ საიტი 9292.nl გვევლინება (ხელმისაწვდომია მობილური ტელეფონის აპლიკაციის სახითაც), რომელიც არამხოლოდ გაცნობებთ, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებაა საჭირო მთელი ნიდერლანდების მასშტაბით, არამედ წინასწარმეტყველობის აუცილებლობას აგაცილებთ და მგზავრობის სრულ ღირებულებასაც გამოთვლის.

დაკვირვება №1: როტერდამიდან ჰააგაში ჩასვლა როგორც მატარებლით, ისე მეტროთია შესაძლებელი. თითქოს დიდი არაფერი – მაგრამ, უცნაურია.

მგზავრობის ღირებულების გადახდის რა ხერხები არსებობს?

ნიდერლანდური ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდისთვის, ტურისტს ამჟამად რამდენიმე საშუალება აქვს, ესენია:

  1. ყოველი მგზავრობისთვის ახალი ბილეთის შეძენა.
  2. რამდენიმედღიანი ბილეთით სარგებლობა.
  3. OV-Chipkaart-ით მგზავრობა (ჩვენი “მეტრომანის” ანალოგი, რომელიც გარკვეული თანხით უნდა შეივსოს)

ერთჯერადი ბილეთი

ყოველი მგზავრობისთვის ახალი ბილეთის აღების უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ იგი ძვირია (€ 2.80 მანძილის მიუხედავად) და ჩემს მიერ მონახულებულ ყველა ქალაქში, მხოლოდ 1 საათი მოქმედებს. შესაბამისად, იგი სრულიად მოუხერხებელია მათთვის, ვისაც მხოლოდ რამდენიმე გაჩერების გავლა სურს, მით უმეტეს, როცა ერთ საათში ბევრი ვერაფრის გაკეთებას მოასწრებ და უკანა გზისთვისაც ახალი ბილეთის აღება დაგჭირდება.

დაკვირვება №2: ნიდერლანდებში რამდენიმე სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს. როგორც წესი, და საბედნიეროდ, ერთი ქალაქის შიგნით არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალება ერთ კომპანიას ეკუთვნის (ამსტერდამი – GVB, როტერდამი – RET, და ა.შ.). სამწუხაროდ კი, თუკი ერთჯერადი ბილეთებით მგზავრობისას, სხვა ოპერატორის სატრანსპორტო საშუალებაზე გადაჯდომა მოგიწიათ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბილეთის შეძენაც ხელახლა მოგიწევთ.

მრავალდღიანი ბილეთები

საბედნიეროდ, რამდენიმე დიდ ქალაქში ხელმისაწვდომია მრავალდღიანი ბილეთები და მათი გამოყენება, ალბათ, ყველაზე ეკონომიური საშუალებაა მათთვის, ვინც ერთი ქალაქის ფარგლებში ტრანსპორტით ხშირად სარგებლობას და ამავე ქალაქში რამდენიმე დღის მიყოლებით გატარებას აპირებს. მრავალდღიანი ბილეთების გამოყენება შესაძლებელია ერთი ქალაქის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა მატარებლებისა, წყლის ტრანსპორტისა და საქალაქთაშორისო ავტობუსის ხაზებისა, რომლებსაც სხვა კომპანიები მართავენ.

დაკვირვება №3: არ არსებობს იმის გარანტია, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან კონდუქტორი ყველა არსებულ ბილეთს ყიდდეს. შესაბამისად, ამგვარი ბილეთების ყიდვა, განსაკუთრებით კი – ორ-, სამ- და მეტდღიანი ბილეთების ყიდვა სატრანსპორტო კომპანიის ოფისებშია მიზანშეწონილი.

აი, რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ გამოიყურება მრავალდღიანი ბილეთების ფასები 2013 წლის დეკემბრისთვის:

ამსტერდამი (GVB: ავტობუსი, ღამის ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო)

(სრული ინფორმაცია: GVB)
  • 1 დღე: € 7.50
  • 2 დღე: € 12.00
  • 3 დღე: € 16.50
  • 4 დღე: € 21.00
  • 5 დღე: € 26.00
  • 6 დღე: € 29.50
  • 7 დღე; € 32.00

როტერდამი (RET: ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო)

(სრული ინფორმაცია: RET)
  • 1 დღე € 7.00
  • 2 დღე € 10.50
  • 3 დღე € 14.00

ჰააგა (HTM: ავტობუსი და ტრამვაი)

(სრული ინფორმაცია: HTM)
  • მხოლოდ 1-დღიანი ბილეთი: € 7.70

დაკვირვება №4: არსებობს კიდევ სპეციალური ბილეთები, როგორიცაა, მაგალითად, Amsterdam & Region Day Card, რომელიც როგორც სახელწოდებიდანვე ჩანს, ამსტერდამში და მის შემოგარენში 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად გადაადგილების საშუალებას გაძლევთ და შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება რეგიონში მოქმედ ყველა სატრანსპორტო კომპანიის (GVB, Connexxion და EBS) ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა მატარებლებისა. მსგავსი ბილეთები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც არსებობს (მაგ., Waterbus Day Travel Card როტერდამში) და შესაბამისად, ცალკე უნდა მოიძებნოს იმის მიხედვით, თუ ქვეყნის რომელ ნაწილში მოგზაურობს ტურისტი.

OV-Chipkaart

და ბოლოს, მგზავრობის საფასურის გადახდის ყველაზე მოსახერხებელი, თუმცა არააუცილებლად ეკონომიური საშუალება – OV-Chipkaart-ია.

tr-2

რა არის OV-Chipkaart?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, OV-Chipkaart ქართული “მეტრომანის” ანალოგია იმ განსხვავებით, რომ მისი გამოყენება ნიდერლანდების მთელი მასშტაბითაა შესაძლებელი ქვეყანაში არსებული თითქმის ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა წყლის ტრანსპორტისა.

არსებობს ბარათის ორი ვარიანტი: ანონიმური, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა არაერთდროულად (ანუ სხვისთვის მგზავრობის ღირებულების გადახდა გამორიცხულია სისტემის სირთულის გამო) და პირადი OV-Chipkaart, რომელიც დაკარგვის შემთხვევაში აღდგენას ექვემდებარება და რომელზეც სხვადასხვა ფასდაკლების ჩატვირთვა შეიძლება. თუმცა პირადი OV-Chipkaart ეგრევე უნდა დავივიწყოთ, რადგან მის მისაღებად ნიდერლანდებში მუდმივი მისამართი და ნიდერლანდური საბანკო ანგარიშია საჭირო. შესაბამისად, ვივიწყებთ მგზავრობაზე სხვადასხვა ფასდაკლებასაც.

რით ჯობს OV-Chipkaart გადახდის სხვა საშუალებებს?

მგზავრობის ღირებულება გამოითვლება განვლილი მანძილის მიხედვით (მაგ., ამსტერდამში მინიმუმ € 0.87 + € 0.148 ყოველ განვლილ კილომეტრზე; როტერდამში: მინიმუმ € 0.86 + € 0.132 ყოველ განვლილ კილომეტრზე და ა.შ.), რაც იდეალურია მოკლე მანძილებზე მგზავრობისთვის და უმეტეს შემთხვევაში, ბევრად იაფი იქნება, ვიდრე € 2.80-ად (ამსტერდამში) და € 3.00-ად (როტერდამში) მძღოლისგან ან კონდუქტორისგან ნაყიდი ერთჯერადი ბილეთი.

სად შეიძლება OV-Chipkaart-ის ყიდვა?

ანონიმური OV-Chipkaart-ის ყიდვის, ალბათ, ყველაზე ხელსაყრელი ადგილი რკინიგზის სადგურია, რადგანაც ბარათის ყიდვა, როგორც ბილეთის ავტომატებიდან, ისე – მომსახურე პერსონალისგან შეიძლება. არსებობს კიდევ მისაგნებად მეტ-ნაკლებად რთული ადგილებიც, სადაც ეს ბარათი იყიდება, ესენია: სუპერმარკეტები, თამბაქოს მაღაზიები და, რა თქმა უნდა, თავად სატრანსპორტო კომპანიის ოფისები. ობიექტების სრული სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

როგორ ხდება OV-Chipkaart-ის თანხით დატენა?

შედარებით არაიაფი ღირებულების მიუხედავად (€ 7.50 მხოლოდ ბარათი, უნაშთოდ), გვამშვიდებს ის, რომ ბარათის მხოლოდ ერთხელ ყიდვა გვიწევს და მისი მოქმედების ვადა 4 წელია. ამ ოთხი წლის განმავლობაში (არავინ იცის, კიდევ როდის მოვხვდებით ნიდერლანდებში; თანაც, სურვილის შემთხევაში, მისი მეგობრისთვის თხოვებაც შეიძლება), შესაძლებელია ბარათის დატენა თანხის ნებისმიერი ოდენობით, სპეციალური ავტომატების საშუალებით, რომლებიც რკინიგზის, ავტო- და მეტროსადგურებზე მდებარეობს.

დაკვირვება №5: OV-Chipkaart-ის დატენვის აპარატები ღებულობენ მხოლოდ ხურდა ფულს და საბანკო ბარათებს, თუმცა მხოლოდ ევროპულებს (Vpay, Maestro). ამსტერდამის მეტროსადგურებში არის აპარატები, რომლებიც ქაღალდის ფულსაც ღებულობენ, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. სატრანსპორტო კომპანიაში ოპერატორთან დატენვის შემთხვევაში, ჩასარიცხი თანხა მინიმუმ 10 ევრო უნდა იყოს, თუმცა კრეჭა-ჭმუხვნის შემდეგ, შესაძლოა ოპერატორმა თქვენთვის გამონაკლისი დაუშვას. ასევე, სურვილის შემთხვევაში, OV-Chipkaart-ზე შეიძლება როგორც მრავალდღიანი, ისე სხვა ტიპის ბილეთების გააქტიურება (იხილეთ, სრული სია). თუმცა, ამისთვის ისევ და ისევ ქართული საბანკო ბარათების გამო, ოპერატორის [ცოცხალი ადამიანის] პოვნა მოგიწევთ.

tr-2a

როგორ ხდება სამგზავრო ბილეთების/ OV-Chipkaart-ის გამოყენება?

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ბილეთით ვსარგებლობთ, თითქმის ყველა ბილეთი, თუნდაც ქაღალდის, აღჭურვილია “მაგნიტური ლენტით” და “მეტრომანის” მსგავსად, სატრანსპორტო საშუალებაში ასვლისას, OV-Chipkaart-ის თუ ბილეთის სპეციალურ აპარატს ვადებთ (ე.წ. “Check-In”). მეტროპოლიტენში შეღწევა ამ პროცედურის გავლის გარეშე, თბილისის მსგავსად, შეუძლებელია.

თუმცა, თბილისური გამოცდილებისგან განსხვავებით, აუცილებელია ბარათის აპარატთან მიდება მგზავრობის დამთავრების შემდეგაც (ე.წ. “Check-Out”). სწორედ ამ დროს ანგარიშდება OV-Chipkaart-ის მიერ მგზავრობის ღირებულება განვლილი მანძილის მიხედვით (დარჩენილი ნაშთი სპეციალურ ეკრანზე აისახება) და მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ბილეთებიდან არანაირი თანხა არ გეჭრებათ, ეს პროცედურა მაინც სავალდებულოა ყველა ტიპის ბილეთისთვის.

დაკვირვება №6: “Check-In”-ის და “Check-Out”-ის პროცედურის გავლა აუცილებელია მაშინაც კი, როდესაც რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას იცვლით, რათა OV-Chipkaart-ის სისტემა მიხვდეს, რომ ტრანსპორტი შეიცვალეთ და შესაბამისად, მგზავრობის მინიმალური ღირებულება მეორედ კი აღარ ჩამოგეჭრათ, არამედ მხოლოდ განვლილი კილომეტრების ღირებულება დაემატოს.

რა ხდება თუკი მგზავრობის დამთავრების შემდეგ, ბილეთების/ OV-Chipkaart-ის აპარატთან მიდება დაგვავიწყდა?

OV-Chipkaart-ის შემთხვევაში, ყველაფერი ნათელია: ტრანსპორტში ასვლისას, ბარათის სპეციალურ ავტომატთან მიდებისას, ავტომატურად გეჭრებათ 4 ევრო (მატარებლით მგზავრობის შემთხვევაში – 20 ევრო), ხოლო მგზავრობის დასრულებისას, უკან გიბრუნდებათ ის თანხა, რომელიც არ გამოგიყენებიათ. შესაბამისად, თუკი მგზავრობის დასრულებისას, OV-Chipkaart-ის აპარატთან მიდება დაგავიწყდათ, მთლიანად 4 ევროს კარგავთ.

მართალი გითხრათ, ჩემთვის ბუნდოვანია, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუკი მგზავრობის დამთავრების შემდეგ, ქაღალდის ბილეთის აპარატთან მიდება დაგვავიწყდა, რადგან თანხა უკვე წინასწარ გადახდილია და შესაბამისად, “Check-In”-ის და “Check-Out”-ის დროსაც, არაფერი გეჭრებათ, თუმცა კონტროლიორს, ალბათ, ეს არგუმენტი არ მოეწონება.

tr-3

მატარებლით მგზავრობა

მატარებლით მგზავრობისთვის, ნიდერლანდებში ამჟამად როგორც ქაღალდის ბილეთები, ისე OV-Chipkaart-ი გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ OV-Chipkaart-ით სარგებლობა თითქოს უფრო მოსახერხებელია და ბილეთის ყიდვისთვის განკუთვნილ დროსაც დაგიზოგავს, არსებობს რამდენიმე ნიუანსი. პირველ რიგში, აუცილებელია OV-Chipkaart-ის მატარებლებით მგზავრობისთვის ბილეთების აპარატებიდან საგანგებოდ გააქტიურება (ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ გიწევთ) და მეორეც, იმისთვის, რომ ნიდერლანდების რკინიგზით იმგზავროთ, აუცილებელია OV-Chipkaart-ზე მინიმუმ 20 ევრო გედოთ, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ტურისტისთვის.

აქედან გამომდინარე, ყველაზე იოლი, ალბათ, ქაღალდის ბილეთების ყიდვაა. თუმცა კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, ბილეთების აპარატები ღებულობენ მხოლოდ ხურდა ფულს და ზოგიც მხოლოდ ევროპულ სადებეტო ბარათებს. ‘ცოცხალ’ ოპერატორთან ბილეთის ფასს მომსახურების € 0.50 ემატება,

დაკვირვება №7: პირადი გამოცდილებიდან, არაცენტრალურ სადგურებზე პერსონალის პოვნის შანსი თითქმის 0-ს უტოლდება. შესაბამისად, თუკი, სიტყვაზე, Amsterdam Muiderpoort-იდან Rotterdam Centraal-ში მგზავრობა გიწევთ, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ერთადერთი რჩევა მგზავრობის ღირებულების – € 13.50-ის ხურდებით ტარებაა.

თუკი თქვენი ბრძოლა ნიდერლანდურ ბანკნოტებისმოძულე მანქანასთან წარმატებით დასრულდა და ხელში ასე ნანატრი ქაღალდის ბილეთი გჭირდებათ, გამარჯვების ეიფორიაში მისი სპეციალურ აპარატში ‘ვალიდაცია’ არ უნდა დაგვავიწყდეს – კონდუქტორთან შესაძლო ორთაბრძოლაში დამარცხების თავიდან ასაცილებლად.

ტაქსი

ის, ვინც ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მარტივად, ტაქსის გამოყენებით აიცილებს, სასიამოვნოდ გაოცდება, როდესაც შეიტყობს, რომ ტაქსის გაჩერება აკრძალულია ტრამვაის თუ ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების გასწვრივ და კიდევ რამდენიმე ადგილას ქალაქების ცენტრებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ვერც საჭირო ადგილას ‘დაიჭერთ’ და ვერც აუცილებელ ადგილას ჩამოხვალთ. ტრამვაის და ავტობუსების მარშრუტებზე სიარული მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე ‘ექსპრეს ტაქსებს’ შეუძლიათ, რომლებიც სანთლით საძებნია.

ყოველივე ზემოთქმულს ასევე ემატება ისიც, რომ არც ნიდერლანდელი მძღოლები გამოირჩევიან ტურისტების მიმართ ლმობიერებით და იშვიათი არაა შემთხვევები, როდესაც პოპულარული სქემის შესაბამისად, ისინი თავიანთ მგზავრებს ზედმეტს ახდევინებენ, ანდაც მოკლე მანძილზე მგზავრობაზე უარს ეუბნებიან.

საკუთარი/ნაქირავები ავტომობილი

აქაც რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას. სულ რომ დავივიწყოთ ძვირადღირებული საწვავი და ავტომობილის ქირის ფასი, ნიდერლანდების დიდი ქალაქები, განსაკუთრებით კი მათი ისტორიული ნაწილები, პარკირების ადგილების სერიოზული ნაკლებობით გამოირჩევიან. თუკი გაგიმართლათ და მანქანის დასაყენებელი ადგილი იპოვეთ – მაგალითად, ამსტერდამში – მზად იყავით, პარკირებისთვის დღეში 50 ევრო გადაიხადოთ.

თუმცა ამსტერდამში და როტერდამში, მაგალითად, არსებობს სპეციალური მანქანის გასაჩერებელი ადგილები ქალაქგარეთ (ე.წ. Park and Ride, ან შემოკლებით P+R), სადაც პარკირება უფასოა იმ პირობით, თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს იყიდით, რომლითაც ცენტში მოსახვედრად და უკან დასაბრუნებლად ისარგებლებთ. ამსტერდამისთვის, დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

tr-4

გამოსავალი

ერთი სიტყვით, ნიდერლანდური ტრანსპორტით სარგებლობისთვის ტურისტისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს ერთი უნივერსალური, ეკონომიური და პრაქტიკული მეთოდი. ყველა ზემოჩამოთვლილი ბილეთი შეიძლება მისაღები იყოს ერთისთვის და მიუღებელი – მეორისთვის. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ერთსაათიანი ბილეთი უფრო ეკონომიური გამოდგეს, ვიდრე OV-Chipkaart-ით მგზავრობა. ზოგჯერაც, მრავალდღიანი ბილეთები გამოგვადგება, მით უფრო ისეთ ბარათებთან კომბინაციაში, როგორებიცაა I amsterdam City Card, Rotterdam Welcome Card და ა.შ. ყველაფერი ერთი კონკრეტული ტურისტის ინდივიდუალურ გეგმაზეა დამოკიდებული და შესაბამისად, საბოლოო არჩევანიც მასზეა.

თუკი ფიზიკური ფორმა გიწყობთ ხელს, ნიდერლანდების ქალაქებში ან ქალაქებს შორის გადასაადგილებლად, იქირავეთ ან იყიდეთ ველოსიპედი; მით უფრო, რომ ველომძღოლებს, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტი პრიორიტეტი აქვთ. თუმცა, სანამ საჭეს მიუჯდებოდეთ, ამ საყვარელი პოსტის გადაკითხვასაც გირჩევდით.

სასარგებლო ბმულები

  • www.9292ov.nl (მარშრუტის დაგეგმვა)
  • www.ov-chipkaart.nl (ყველაფერი OV-chipkaart-ის შესახებ)
  • www.ns.nl (ნიდერლანდების რკინიგზა)
Advertisements

2 thoughts on “ნიდერლანდები, მოგონება I: ტრანსპორტი

  1. ვინც პირველად მიდის, წარმომიდგენია, რამდენად სასარგებლო იქნება ეს პოსტი, ერთი გზამკვლევი უნდა გამოუშვა და ტურისტული სააგენტოც გეკუთვნის ზედ – კონკურენტი ვერ გეყოლება^_^
    აუუ კიდევ როდის წავალთ დასატაპებელ ქვეყანაში?:S

    • ლოს ანჯელესში ისევ? :)))) ისე, თბილისის მეტროში ჩადი და იქვე ატაპე :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s