სურათებში: შეფშაუენი [მაროკო, გაჩერება II]

შეფშაუენი მაროკოს იმ ქალაქთა რიგებს განეკუთვნება, რომლის შესახებაც, წინასწარ მოუმზადებელ მოხეტიალეს ბევრი ვერაფერი ეცოდინება. მას არც ქვეყნისთვის სტრატეგიული მდებარეობა უკავია და არც კულტურული დაწესებულებების სიუხვით გამოირჩევა. სამაგიეროდ, შეფშაუენი და მის გარშემო მდებარე რეგიონი, მაროკოს ფარგლებში, ჰაშიშ-კანაფის ლიდერი მწარმოებელია და იგი, ნახევრადლეგალურად, ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში იყიდება. შესაბამისად, სადმე კენტად მდგარი მაროკოელი ბიჭუნასთვის რამდენიმე ჯადოსნური სიტყვის ჩაჩურჩულება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე საათი ჯადოსნურ რეალობაში გაატაროთ. აქ მთავარია, ბიჭუნას და სამართალდამცავის გარჩევის ცოდნის უნარი, თუმცა ეს უკანასკნელები ქალაქში დიდად არ შეგვიმჩნევია.

ჩემნაირებისთვის კი, ვისთვისაც ალტერნატიულ სინამდვილეში გადასვლის ერთადერთი ხერხი ალკოჰოლია, რომელიც მუსულმანურ მაროკოში დეფიციტურია, შეფშაუენი მაროკოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი და ფოტოგრაფის სამოთხეა. შაუენის, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, ვიწრო ქუჩები, ცისფერში გადაწყვეტილი შენობები და მოწითალო ფერის სახურავები — ანუ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რომელშიც მაროკოულ-ანდალუსიურ-ებრაული კულტურების თანხვედრა იგრძნობა, სრულიად საკმარისი იყო იმის ფხიზლად შესაგნებად, რომ აქამდე ჩვეულ რეალობაში ისედაც არ ვიმყოფებოდით.

მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი დაგვხდა, ქალაქმა მის ვიწრო ქუჩებში მაინც შეგვიტყუა. დიდი ენთუზიაზმით შემართულები, ტანჟერიდან დამგზავრებულ ორ ესპანელ პედაგოგ გოგონასთან ერთად, ყოველ კუთხე-კუნჭულში რაღაც აღმოჩენებს ვაკეთებდით და კმაყოფილ-ბედნიერი სახით ვუყურებდით ერთმანეთს. შეფშაუენური ყოფის შესწავლის შემდეგ, სიცივისგან და წვიმისგან დაღლილ-დაქანცულებმა ენერგია საეჭვო ხორცისგან დამზადებული კერძით აღვიდგინეთ, გათბობისთვის კი ადილობრივ პიტნის ჩაის ვეზიარეთ პირველად.

cc-1
▲ შეფშაუენში გამგზავრება, ფესისთვის გამოყოფილ პირველ დღეს შეეწირა, რომელში ჩასვლასაც ტანჟერის შემდეგ, პირდაპირ ვგეგმავდით. თუმცა Rough Guides-ის წყალობით, შემთხვევით აღმოჩენილმა “ცისფერმა ქალაქმა” თავისი ვიზუალური მხარის დამსახურებით, საბოლოო გეგმაში ცვლილებები მაინც შეგვატანინა და კიდევ კარგი :). ავტობუსის ბილეთი, რომელზეც მაშინაც და ახლა მხოლოდ თარიღის და საათის გარჩევა შეიძლება, ტანჟერის ავტოსადგურზე შევიძინეთ. ავტოსადგური კი, თავის მხრივ, თბილისური დიდუბე-ორთაჭალის კომბინაცია იყო, სადაც უამრავი ადამიანი ტრიალებდა და ყველა საეჭვო გარეგნობის მამაკაცი სადღაც გვექაჩებოდა.

cc-2
▲ ავტობუსი, რომელიც ისეთივე საეჭვო იყო, როგორიც ის ადამიანი, რომელმაც ბილეთები მოგვყიდა, დაიძრა და ჩრდილოთ მაროკოს ხედებით ტკბობა ოდნავ გვავიწყებდა იმაზე ფიქრს, სასურველ შეფშაუენში მივდიოდით თუ სადმე სხვაგან. და უკვე იმასაც აღარ ვაქცევდით ყურადღებას, რომ გვერდზე სკამს ავტობუსის სახურავიდან აწვიმდა. საბოლოოდ კი, ცუდზე ფიქრს მაშინ შევეშვით, როდესაც ჩვენს წინ მსხდარი ორი ტურისტი გოგონა აღმოვაჩინეთ. რაც არ უნდა ყოფილიყო, მარტონი ამ ამბავში აღარ ვიყავით :)

cc-3
▲ თუმცა, “ძალა ერთობაშია”-ს მოტივების მიუხედავად, ავტობუსის მძღოლს სულაც არ გაჭირვებია ჩვენი და ჩვენი ახალი ესპანელი გოგონა-მეგობრების დანიშნულების წერტილიდან 11 კილომეტრში ჩამოყრა. ეს თურმე თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რის შესახებაც, ენის არცოდნის გამო, ცხადია, არაფერი ვიცოდით. შეფშაუენში ჩვენი მშვიდობიანი მიყვანის მისია, ავტობუსის მძღოლმა იქვე მდგარ კოლეგას — grand taxi-ს მძღოლს გადააბარა. და ასე და ამგვარად, პრინციპით — ოთხი ადამიანი უკანა სკამზე, ორი — წინა სკამზე, ტაქსისტმა ნანატრი ქალაქისკენ აიღო გეზი.

cc-4
▲ სივიწროვეში, მაგრამ წყენის გარეშე, მაროკოს “ცისფერ ქალაქში” მაინც ჩავაღწიეთ. სივიწროვის მიუხედავად, ტაქსიში ჩემს გვერდით მჯდარმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ თავისი ნაცნობისთვის იმის მინიშნებაც კი მოახერხა — აჰა, ახალი ტურისტები ჩამოგიყვანეო. შესაბამისად, ტაქსიდან ფეხის გადმოდგმისთანავე ჩვენ წინ მაროკოელი მამაკაცის სილუეტი გამოისახა, რომელიც მცირე თანხის სანაცვლოდ, ქალაქის გარშემო გიდობის სერვისებს გვთავაზობდა. თუმცა, ავტობუსიდან ჩამოგდების, ტაქსიში ჭყლეტვის და წვიმიანი ამინდით გამოწვეული ხასიათი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენი არშემდგარი მაროკოელი მეგობარი რამდენიმე წუთში მოგვეშორებინა თავიდან. და აი, ჩვენს წინ გადაიშალა შეფშაუენი, რომელიც ამ ეტაპზე წვიმისშემდგომ ბათუმს უფრო გავდა.

cc-5
▲ თუმცა, ქალაქში შეღწევისთანავე გავაცნობიერეთ, რომ ბათუმს კი არა — ალბათ, აქამდე ნანახ არცერთ სხვა ქალაქს მსოფლიოში შეფშაუენთან საერთო არაფერი ქონდა.

cc-6
cc-7
cc-8
cc-9
cc-10
cc-11
cc-12
▲ ცხადია, იმან, რაც ქალაქში დაგვხვდა, სრულიად გაგვავიწყა ის, რომ გარეთ წვიმდა. და მიუხედავად იმისა, რომ შეფშაუენში ღამის გათენებას არ ვაპირებდით და სხვა ქალაქში ვიყავით წასასვლელები, ფოტოებს ყველას და ყველაფერს აუღელვებლად ვუღებით. და არც ადგილობრივების დაღვრემილი გამოხედვები გვაღელვებდა და არც ქარ-სიცივე.

cc-13
▲ დაღლილობა კი მხოლოდ მაშინ გაგვახსენდა, როცა წვიმისგან გალუმპულებმა ერთ-ერთ ოჯახურ სასტუმროს შევაფარეთ თავი. მასპინძელმა ჩვენთვის — პიტნის ჩაი, ესპანელი გოგონებისთვის კი — ჰაშიში გამოიტანა. აზრზე მოსვლის შემდეგ, გავარკვიეთ, რომ ისინი მადრიდელი პედაგოგები ყოფილან, რომლებიც თავიანთ შვებულებას ასე საინტერესოდ ატარებენ ხოლმე.

cc-14
▲ როდესაც მივხვდით, რომ შეფშაუენში ახალს ვეღარაფერს ვნახავდით, ავტოსადგურისკენ გავეშურეთ და ბეწვზე მოვუსწარით ერთადერთ ავტობუსს ქალაქ ფესისკენ, რომელიც 3 საათზე გადიოდა. ესპანელი მეგობრები კი უკან ტანჟერში დაბრუნდნენ. ავტოსადგურიც, რა თქმა უნდა, ქალაქის საუკეთესო ტრადიციებში — ცისფერი იყო.

Advertisements

8 thoughts on “სურათებში: შეფშაუენი [მაროკო, გაჩერება II]

  1. ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ამ “ლურჯი ქალაქის” ნახვა <3
    როცა წავალ, რჩევებს გამოგკითხავ :))

  2. გიგა, მე იმედი მაქვს, დიიდი იმედი, რომ როდისმე ამ ულამაზეს ცისფერ ქალაქში მაინც წამიყვან <3 გთხოოვ რააა <3 ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s