სურათებში: ტანჟერი [მაროკო, გაჩერება I]

რაა დასამალი და, ქალაქ ტანჟერის არსებობის შესახებ მხოლოდ Euronews-ის ამინდის პროგნოზიდან ვიცოდი. ახლა, მგონი, იქაც არ უჩვენებენ და ეს დრო ის დრო რომ ყოფილიყო, დავრჩებოდი ასე — ბნელი. ნუ, ეს მდგომარეობაც, როგორც თითქმის ყველაფერი, დროებითობისთვის იყო განწირული და ტანჟერი ჩემს ცხოვრებაში მეორედ სწორედ მაშინ ამოტივტივდა, როდესაც ევროპის კონტინენტიდან მაროკოში მოსახვედრად, სტრატეგიულად განლაგებული ეს საპორტო ქალაქი, თითქმის უალტერნატივო კანდიდატად შემორჩა.

მართალია, მოგზაურთა ფორუმები გაჯერებულია ხმამაღალი განცხადებებით იმის შესახებ, რომ ტანჟერი “ნამდვილი” მაროკო არ არის და რომ ერთადერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება მისი მონახულების შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, საყვარელი ღირებული ნივთების გარეშე დარჩენა იქნებოდა, მე მაინც ვთვლი, ეს ქალაქი მაროკოული თავგადასავლის დასაწყებად იდეალურია; თუნდაც იმიტომ, რომ, იგივე მოგზაურთა და ადგილობრივთა მოსაზრებით, მაროკოს სხვა დანარჩენი ქალაქები ტანჟერზე უკეთესია და, შესაბამისად, ტანჟერში ყველაზე უარესისთვის მზაობა არამხოლოდ სიამოვნებას მოგგვრით ამ მოლოდინების არგამართლების შემთხვევაში, არამედ აქ განცდილი, ქვეყნის გარშემო მთელი მოგზაურობის მანძილზე, სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ.

ჰო, ტანჟერი მართლაც სავსე აღმოჩნდა საეჭვო გარეგნობის და ქცევების მქონე ინდივიდებით, რომლებიც თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში ხან მოსაწევს, ხანაც — კოკაინს გვთავაზობდნენ. საუკეთესო ვარიანტში — ევრო-დოლარების ადგილობრივ დირჰამებზე გადახურდავებას. ამბობენ, რომ ისინი, ვინც ამ ცდუნებას ვერ უძლებენ, ხშირ შემთხვევაში, დღეს მეცხრე ცის ნაცვლად, “ცხრა” კორუმპირებულ სამართალდამცავთან ერთად ასრულებენ. ჩვენ ეს თეორია არ გამოგვიცდია, სიტყვაზე ვენდეთ და უსიტყვოდაც — ყველაფერი ნათელი იყო.

მეორე მხრივ კი, ევროპიდან, გიბრალტარის სრუტის გადმოკვეთით, ტანჟერში მოხვედრა ყველაფრისგან განსხვავებული გამოცდილებაა. ესპანეთის ქალაქ ალხესირასიდან თითქმის ორსაათიანი მგზავრობის განმავლობაში, ჩქაროსნული ბორნის გარეთ, გემბანის მოაჯირზე მიყუდებული ვეგდე, ვეწეოდი და მარადიულზე ვფიქრობდი; ხოლო როდესაც სადღაც იქ აფრიკა გამოჩნდა, თითქმის პირველაღმომჩენივით ვიყვირე.

თუკი ტანჟერის ზღვისპირა მდებარეობის შესაძლებლობების ათვისებას არ აპირებთ, მალევე მივხვდებით, რომ ამ ქალაქში კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით, საკეთებელი ბევრი ვერაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ამ ტერიტორიაზე თავშესაფარს პოულობდნენ ევროპელი და ამერიკელი არტისტები, პოლიტიკოსები თუ თაღლითები, ახლა აქ მხოლოდ ეს უკანასკნელები შემორჩნენ.

სამაგიეროდ, ტანჟერში სანახაობების ნაკლებობა საუკეთესოა იმისთვის, რომ აუჩქარებლად შეისწავლოთ მაროკოს თითქმის ყველა ქალაქის მოწყობის ტიპი: მედინა — გალავანს შიგნით მოქცეული ძველი ქალაქი, ბაზრითა და ვიწრო ქუჩებით და მის კედლებს გარეთ გადაშლილი — ახალი ქალაქი; შეიგრძნოთ ეგზოტიკა, ჩვეული გამაგრილებელი სასმელების ბოთლებსა თუ სწრაფი კვების ობიექტების შენობებზე გამოკრული არაბული წარწერებით; წყნარად გადაახურდავოთ ფული ან გამოიტანოთ ბანკომატიდან; იყიდოთ ადგილობრივი სიმ-ბარათი და გააქტიუროთ ინტერნეტი ჩექინებისთვის; აღმოაჩინოთ მაროკოული ტაქსის ორი ტიპი: grands taxis — საქალაქთაშორისო ტაქსი, რომლითაც სხვებთან ერთად, კოლექტიურად მგზავრობთ და petits taxis — ადგილობრივი ტაქსი, რომლის მძღოლსაც ბევრი მოლაპარაკება ჭირდება მრიცხველის ჩასართავად; და რაღა თქმა უნდა, ეზიაროთ მაროკოს პირველ ავტოსადგურს, სადაც ვაგზლის ბაზრობაზე ქაოტური სიტუაციაა და ავტობუსის საბარგულში ჩანთის ჩადებისთვის ფულს გამოგართმევენ.

tan-1
▲ მართალია, ესპანეთის ქალაქ ალხესირასის პორტიდან მაროკომდე ჩქაროსნულ ბორანს უფრო მეტი დრო ჭირდება, ვიდრე ახლომდებარე ქალაქ ტარიფადან, სამაგიეროდ, ბილეთი 3-ჯერ უფრო იაფი ღირს და რადგანაც ვიზებს პირდაპირ ბორანზე ამოწმებენ, ბორნიდან ხედებით ტკბობის დროც საკმარისად გექნებათ.

tan-2
▲ ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად, ალფრედო და გაგა მაროკოელი ბერბერების თავსაბურავის იმიტირებით, აფრიკისთვის და მზისთვის ემზადებიან :)

tan-3
▲ ჩვენი იტალიურ ფერებში გადაწყვეტილი რაში :)

tan-4
▲ მარცხნივ — უკან მოტოვებული გიბრალტარი, მარჯვნივ — აფრიკა! :)

tan-5
▲ აი, აქ უკვე მივხვდით, რომ ევროპისგან ძალიან შორს ვიმყოფებოდით :) უკან დასაბრუნებელი გზა კი აღარ იყო.

tan-6
▲ კიდევ ეგზოტიკა.

tan-7
▲ ტანჟერის ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე ლამაზი შენობა არტ-დეკოს სტილში გადაწყვეტილი ფასადით. სერვანტესის თეატრი, რომელსაც უკეთესი დღეები ახსოვს, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თეატრად ითვლებოდა, ახლა სრულიად უმოქმედოა.

tan-8
▲ სიდი ბუ აბიბის მეჩეთი ტანჟერის “დიდ მოედანზე”, რომლის გარშემოც იმწამსვე იგრძნობთ თქვენს, როგორც ტურისტის, განსაკუთრებულობას, რადგან ყველანაირი კითხვითა თუ შემოთავაზებით გამოგეკიდებათ ყველა — დიდი, პატარა, ბიჭი, გოგო და ბავშვი. ადგილობრივების იგნორირებისთვის, შეიძლება თქვენი მისამართით “Fuck You” დაიმსახუროთ, დაყოლიებისთვის დახარჯოთ, ღმერთმა იცის, რამდენი თანხა – ღმერთმა იცის, რაში.

tan-9
▲ ხედები, რომელთა ნახვაც ტანჟერში გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მოვახერხეთ.

tan-10
▲ დასაძინებლად წასვლამდე, ტანჟერის პლაჟზე გასეირნება გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტი იყო და ჩრდილოეთ აფრიკაში ვიმყოფებოდით, ადამიანების გარკვეული რაოდენობა მაინც ახერხებდა ქალაქში ხმელთაშუა ზღვის ათვისებას. ჩვენს პირველ აქლემსაც სწორედ ტანჟერის პლაჟზე შევხვდით. ასევე, გავიცანით პოპულარული მომღერალი — ნაბილა, რომლის კომპაქტ დისკებიც პლაჟის გარშემო იყო მომოფანტული.

Advertisements

4 thoughts on “სურათებში: ტანჟერი [მაროკო, გაჩერება I]

  1. უი ასოები შემიჭამა კომპიუტერმა, მუსიკა ქართული ბაზრობისას გავს , მაგრამ ამის კარგი ინტერპრეტირებაც შეიძლება და კარგი ეგზოტიკური მუსიკა გამოვა:))))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s