აღმოჩენები: გიბრალტარი

ჩემი პოლიტიკური სიბნელის გამო, არის ქვეყანაზე ისეთი რაღაცე{ე}ბი, რისი დეტალებისაც დღემდე არ მესმის. მაგალითად, ასეთია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მოწყობა: რატომაა ელისაბედ II დღემდე კანადის, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის დედოფალი, ხოლო ინდოეთის, პაკისტანის და ცეილონ/შრი-ლანკის არ არის. ნუ, კარგი, აქ მოვიფიქრე, რომ პირველი სამეულის სახელმწიფოდ ფორმირებაში ბრიტანეთის ხელი ურევია, ხოლო ბოლო სამეულმა თავის დროზე, ნებსით დააღწია თავი ბრიტანულ კონტექსტში მოხსენიებას, თუმცა [ბრიტანულ] ერთა თანამეგობრობაში მაინც შედიან.

შემდეგი მენტალური აურზაური მაშინ მეწყება, როდესაც ვცდილობ ოპოზიციაში დავაყენო ე.წ. „გვირგვინის მიწები“ (მენის კუნძული, ჯერსის კუნძული..) და ე.წ. „ზღვისიქითა ტერიტორიები“ (ბერმუდის კუნძულები, მონსერატი..). ძალაუნებურად გიწევს გარკვევა იმაში, თუ რას ნიშნავს/-და კოლონია, დომინიონი თუ პროტექტორატი და ვინ რაზე შეთანხმდა, საბოლოო ჯამში, ოფიციალურ ლონდონთან.

გაერთიანებული სამეფო საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ყველა ეს სახელმწიფო თუ თვითმმართველი ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ერთი ფერით იქნებოდა წარმოდგენილი და იქ მცხოვრებ ყველა ადამიანსაც „რუსი“ ერქმეოდა. რამდენად არაპოლიტკორექტულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ზოგადად, რიგითი ევროპელისთვის ეს არსებული რეალობაა: ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ საფრანგეთიდან ბრიტანულ ჯერსის კუნძულზე გადასვლა რამით განსხვავდება იტალიიდან ესპანურ იბიცაზე თუ იგივე ესპანეთიდან გიბრალტარში გადასვლისგან, ან სულაც, ქალაქიდან ბებიასთან სოფელში ჩასვლისგან.

საწუხაროდ, ჩვენთვის ეს ასე არ არის. რამდენადაც არ უნდა მოგქონდეთ თავი დედამიწის მოქალაქედ, ჩვენი ქვეყნისთვის არსებული სავიზო რეგულაციები მალევე მიგახვედრებთ, რომ კოსმოპოლიტი კი არა – ქართველი ხართ და იმაში გარკვევაც მოგიწევთ, რომ გრენლანდია თუ ფარერის კუნძულები დანიის ნაწილად კი ითვლება, მაგრამ იქ მოსახვედრად მხოლოდ შენგენის ვიზა არ კმარა და ცალკე ნებართვაა საჭირო; შპიცბერგენი ნორვეგიის ნაწილია, მაგრამ ქართველები იქ ვიზიტისთვის ვიზას არ საჭიროებენ (მაგრამ აბა ცადეთ იქ ჩასვლა ნორვეგიის ოსლოს გავლის გარეშე).. ნუ, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა თითქმის ნებისმიერმა მოგზაურმა იცის, რომ გაერთიანებული სამეფო კი ევროკავშირის წევრია, მაგრამ შენგენის ხელშეკრულებისთვის არ მოუწერია ხელი. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის კუნძულის მონახულება ცალკე ვიზას საჭიროებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაა, მე, მაგალითად, წარმოდგენა არ მქონდა, რომ იქ ჩასასვლელად გიბრალტარისთვის განკუთვნილი სპეციალური ვიზის აღება მომიწევდა.

ეს პოსტი სწორედ გიბრალტარში მოხვედრას და ამასთან დაკავშირებულ სირთულეებს შეეხება, რითაც, იმედი მაქვს, სხვებს გავუიოლებ საქმეს.

რა ვიცოდი გიბრალტარის შესახებ

gi-map
არაფერი. სრულიად არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარის სრუტის არსებობის შესახებ სკოლიდან მქონდა გაგონილი, თავად გიბრალტარის ტერიტორია ზუსტად ერთი წლის წინ, მილანში აღმოვაჩინე, როდესაც მეგობრის სამზარეულოში უსაქმურობისგან Google Maps-ს ვათვალიერებდი. როგორც ჩანს, იტალიურ მიწას აქვს რაღაც ენერგეტიკა, რომელმაც თავ-თავიანთ დროზე ქრისტეფორე კოლუმბს და მარკო პოლოს სახლიდან გასვლა და მოგზაურობა აიძულა.

შემდეგი ეტაპი, რა თქმა უნდა, სურათების თვალიერება და მეტი ინფორმაციის მოძიება იყო. ახლა უკვე ვიცი, რომ გიბრალტარის კლდე ჰერაკლეს ერთ-ერთ სვეტად ითვლება. ვიცი ის, რომ მისი ფართობი დაახლოებით 6.5 კვადრატული კილომეტრია, რომელიც თითქმის მთლიანად კლდეს უკავია და მის ძირში 29000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 98 პროცენტმა 2002 წელს გამართულ რეფერენდუმზე გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა არჩია. გასაგებია ისიც, რომ აქ ინგლისურად ლაპარაკობენ, ყველას რომ გვიყვარს იმ აქცენტით, თუმცა ხშირად მოღვაწეობენ ესპანეთში და ესპანურსაც მშვენივრად ფლობენ. ზოგჯერ კი, ლაპარაკს ერთ ენაზე იწყებენ და მეორეზე ამთავრებენ. გავიგე, რომ გიბრალტარში 1969 წელს ჯონ ლენონმა და იოკო ონომ იქორწინეს. თუმცა, საბოლოოდ იქ წასვლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც გავიგე, რომ გიბრალტარი ევროპის ერთადერთი ტერიტორიაა, სადაც მაიმუნები ველური სახით ცხოვრობენ, ხოლო მათ სანახავად ქართველებს გიბრალტარის ვიზა ჭირდებათ.

როგორ მოვხვდეთ გიბრალტარში

მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარს თავისი აეროპორტი აქვს, მასში რეისები, ამ ეტაპზე, მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენ ეს არ გვაწყობდა და ყველაზე რეალური ვარიანტი ვარჩიეთ: მალაგას აეროპორტში ჩასვლა და შემდეგ, მალაგადან სასაზღვრო ქალაქ ლა ლინეამდე ავტობუსით მგზავრობა (განრიგი, ფასები, ყველაფერი არის აქ: www.avanzabus.com). ლა ლინეადან გიბრალტარამდე კი ფეხით სასიარულო მანძილია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გაჩერება შეიძლება როგორც მალაგაში, ისე ლა ლინეაში თუ თავად გიბრალტარშიც.

ვიზა

gi-visa
მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარ-ესპანეთის საზღვარს დღეში ათასობით ადამიანი კვეთს მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მოქალაქეებს ამ ტერიტორიაზე მოსახვედრად ჭირდებათ სპეციალურად გიბრალტარისთვის განკუთვნილი ვიზა. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის პირები, ვისაც ერთ ან მეტწლიანი ბრიტანეთის ვიზა აქვთ. და თუკი გიბრალტარში პირდაპირ ლონდონიდან არ მიფრინავთ, შენგენის ვიზაზეც მოგიწევთ ზრუნვა, რადგან გიბრალტარის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი ესპანეთის მხრიდანაა.

თბილისში გიბრალტარის ვიზაზე განაცხადის შეტანა ბრიტანეთის საელჩოში ხდება. წარსადგენი საბუთების სია სტანდარტულია, ხოლო ანკეტა ინტერნეტის საშუალებით ივსება. ვიზის საფასურს საელჩოშივე იხდით, ლარებში, იმ დღის კურსის მიხედვით, ხოლო საბუთების ჩაბარების თარიღის დასანიშნად თუ დამატებითი კითხვების დასასმელად ჯადოსნური ელექტრონული ფოსტის მისამართი – TbilisiVisaEnquiries@fco.gov.uk არსებობს. სხვათა შორის, ძალიან ოპერატიულები არიან.

ერთი სიტყვით, დაგჭირდებათ:

  1. ინტერნეტში შევსებული და ამობეჭდილ-ხელმოწერილი ანკეტა (www.visa4uk.fco.gov.uk, ჯერ რეგისტრაციას გაივლით, შემდეგ კი ანკეტის შევსებას შეუდგებით)
  2. მოქმედი პასპორტი (ძველი პასპორტებიც, თუ გაქვთ. ასლები არ ჭირდებათ, პასპორტის ორიგინალებს საბოლოო პასუხამდე იტოვებენ)
  3. 1 თეთრ ფონზე გადაღებული ბიომეტრული ფოტოსურათი (35×45 მმ)
  4. ბილეთის ჯავშანი (ჩვენ მალაგამდე გვქონდა ჯავშანი, თვითონაც იციან, რომ გიბრალტარში შესვლა ძირითადად ხმელეთით ხდება)
  5. სხვა ქვეყნებში შესვლის უფლების დამადასტურებელი საბუთები (ანუ, შენგენის ვიზა, თუ ესპანეთიდან შედიხართ ან ბრიტანეთის ვიზა, თუ ბრიტანეთიდან მიფრინავთ)
  6. ცნობა სამსახურიდან/სასწავლებლიდან
  7. ფინანსური გარანტიები (ამონაწერი ბანკიდან, საბანკო ბარათების ასლები)
  8. სასტუმროს ჯავშანი ან მოწვევა (Booking.com :})
  9. და ნუ, ვისაც არ გაუმართლებს, შეიძლება კიდევ რამე მოთხოვონ :) დაზღვევა არ გამომრჩენია, უბრალოდ აუცილებელ საბუთებს არ განეკუთვნება.

ვიზის მოსაკრებელი 83 აშშ დოლარია, ხოლო საბუთების განხილვას 2-6 [სამუშაო] კვირა დაჭირდება. ჩვენს შემთხვევაში, ორი კვირა დაჭირდა, თუმცა რაც ადრე შეიტანთ, მით უკეთესი. ერთადერთი, რასაც ანკეტის შევსებისას ყურადღება განსაკუთრებით უნდა მიექცეს, „ვიზის ტიპის“ გრაფაა, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი:

gi-add

მართალია, ფორუმებზე ბევრი რუსი თუ უკრაინელი მოგზაური წერს, რომ რაღაცნაირად ახერხებენ გიბრალტარში უვიზოდ შეპარვას (ხალხში შერევით, მანქანაში დამალვით და ა.შ.), მაგრამ მე მაინცდამაინც არ გირჩევდით ამ რისკზე წასვლას. გიბრალტარი, ბრიტანეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზღვისიქითა ტერიტორიაა და სამხედრო პოლიციაც საკმაოდ მობილიზებულია მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს :)

ახლა კი გიბრალტარში ვიზიტის გრაფიკულ-ტექსტური ნაწილი:
gi-1
▲ ეს ესპანეთ-გიბრალტარის საბაჟო-გამშვები პუნქტია. ერთადერთი სახმელეთო საზღვარი, რომელიც ბრიტანეთის ამ ტერიტორიას გააჩნია და ყველაზე გადატვირთული, რამდენადაც საჰაერო თუ საზღვაო მიმოსვლა არც ისე პოპულარულია. მისი პოვნა ადვილია. უბრალოდ, იმოძრავეთ დიდი კლდის მიმართულებით, რომელიც ყველა მხრიდან ჩანს. თუმცა, იმისთვის, რომ გიბრალტარში შეაღწიო, აეროპორტის გადაკვეთა გიწევს და წითელ ფონზე დიდი ასოებით სწორედ ეს წერია: არ გაუხვიო-გამოუხვიო, იარე პირდაპირ და სწრაფადო. თუმცა, სანამ აეროპორტის ხილვას შევძლებდით, მებაჟეებმა ჩემი და გაგას პასპორტები დააკავეს, რადგანაც ბეჭედი ადგილზე არ ქონდათ და უკან რომ გამობრუნდებით, დაგიბრუნებთო. ვოტ.
gi-2
▲ მართლაც, საზღვრის გადაკვეთისთანავე, აეროპორტი იწყება. თუმცა იმისთვის, რომ გააცნობიერო სად იმყოფები, კერძოდ კი – ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის შუაგულში, გვერდებზე კარგად გახედ-გამოხედვაა საჭირო, რადგან თვითმფრინავი ჩვენ იქ არ შეგვიმჩნევია. თბილისის აეროპორტშიც კი უფრო მეტი რეისი სრულდება :)
gi-2a
▲ ეს არის ხედი აეროპორტზე კლდიდან, ანუ სხვა სიტყვებით, პეიზაჟი, რომელიც დაგვეხმარა იმის გააზრებაში, რომ „უი, თურმე როგორ შემოვსულვართ აქ“. რაც ახლოს ჩანს – გიბრალტარია, შორს კი ესპანეთის ქალაქი ლა ლინეაა. კლდეზე ისე ავცოცდით, რომ თვითმფრინავი არ დაშვებულა.
gi-4
▲ გიბრალტარში ყველაფერი გახსენებს, რომ იგი ბრიტანეთის ნაწილია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც ესპანეთის შემდეგ, ყველა უცებ ინგლისურად იწყებს ლაპარაკს და წარწერებიც მოულოდნელად ამავე ენაზეა. გიბრალტარის ვალუტა გიბრალტარული გირვანქაა. დედოფლიანი. თუმცა, მანქანებს განსხვავებულ მხარეზე არ ატარებენ.
gi-5
▲ გიბრალტარს თავისი დროშა აქვს, რომელზეც იქვე მდებარე შუასაუკუნეების მავრების ციხესიმაგრეა გამოსახული. თუმცა, თავად მავრების ციხეზე ბრიტანეთის დროშა ფრიალებს.
gi-6
▲და აი, ის, რის გამოც მაროკოში მიმავალ გზაზე, გიბრალტარში ამოვყავით თავი – მაგოტები ანუ ბერბერული მაკაკები. თუმცა, მათთან ურთიერთობის პირველივე წუთებში მივხვდი, რომ ისინი არც ისეთი საყვარლები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. გარდა იმისა, რომ ისინი მოულოდნელად შეიძლება ჩამოხტნენ არსაიდან, იკბინებიან კიდეც და ცუდად რეაგირებენ ადამიანების მიმიკებსა და ჟესტებზე. თუ რამე დააინტერესათ, დიდად არ მოერიდებიან, მოვლენ და წაგაცლიან ხელიდან. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ჩანთების გახსნაც იციან. ამიტომ, დიდი ყურადღებაა საჭირო და არავითარ შემთხვევაში არ აჭამოთ არაფერი, რადგან ამ ქმედებისთვის დაკისრებული ჯარიმა სერიოზულად დაგაზარალებთ.
gi-7
▲ მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარის კლდეზე ბოტანიკური ბაღი, ათასი გვირაბი, თუ დამალული შენობა-ნაგებობაა, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, ალბათ, უმისამართოდ ბორიალი და ხედებით ტკბობაა. ამბობენ, ზემოდან აფრიკის დანახვა შეიძლებაო. ჩვენ დიდად ვერ დავინახეთ, თუმცა მივამსგავსეთ. მაგრამ განსაკუთრებულად გული არ დაგვწყვეტია. მეორე დღეს სწორედ მაროკოში მივემგზავრებოდით. თუმცა გიბრალტარის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავი კი უკანა გზაზეც ვერ ვნახეთ.

Advertisements

7 thoughts on “აღმოჩენები: გიბრალტარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s