სურათებში: გასეირნება მალაგაში

მიუხედავად იმისა, რომ მალაგა პაბლო პიკასოს სამშობლოა, იგი არ არის ის ქალაქი, რომელსაც ადამიანები ესპანეთში მოგზაურობისას, პირველ რიგში მოსანახულებელ პუნქტთა შორის უჩენენ ადგილს. ნუ, რა თქმა უნდა, თუ ზღვაზე დასვენებას არ აპირებენ. როგორც გაირკვა, მალაგა პოპულარული კოსტა დელ სოლის (მზის სანაპირო) დედაქალაქია და შესაბამისად, ამ რეგიონის სატრანსპორტო კვანძია, საიდანაც შემდეგ ახლომდებარე პატარ-პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში შეიძლება გადასვლა.

მართალია, ესპანეთში ზედმეტ ვიზიტზე არასოდეს ვიტყოდი უარს, თუმცა მალაგაში ჩასვლა სწორედ მისი მდებარეობის გამო გადაწყდა – მაროკოში მოგზაურობამდე, გიბრალტარის მონახულება გვქონდა ჩაფიქრებული. ამ შემთხვევაში კი, მალაგის აეროპორტი თითქმის უალტერნატივო იყო. რადგანაც მალაგას მხოლოდ საწყის პუნქტად განვიხილავდით, იქ მხოლოდ ერთი ღამის გათენება დავგეგმეთ, თუმცა ქალაქში გატარებული რამდენიმე საათის მიუხედავად, ერთი-ორი ღირსშესანიშნაობის ნახვა მაინც მოვახერხეთ. განცდილს ფოტო-ანგარიშის სახით ვდებ აქ :)

mg-1
▲ მალაგას გზას მილანიდან დავადექით, სადაც უკრაინული გამოცდილებების შემდეგ ძლივს ჩავაღწიეთ და საიდანაც ალფრედო შემოგვიერთდა. სურათზე ალფრედო (მარჯვნივ) გაგაზე (მარცხნივ) გახარებული იმიტომ ჩანს, რომ უკანასკნელისგან განსხვავებით, არ იცის, თუ რაოდენ კატორღულ რეჟიმში მოუწევს მოგზაურობა ჩემთან ერთად :)
mg-2
▲ მალაგაში 14:15-ზე ჩავაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კიევური თოვლის და მილანური სიცივის შემდეგ, “გვიან” გაზაფხულში ამოვყავით თავი, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. სურათზე წარმოდგენილი მე მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ დაღამებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, მალაგაში კი, კაცმა არ იცოდა, კიდევ როდის მოვხვდებოდით. შესაბამისად, სწრაფად დავტოვეთ ბარგი სასტუმროში და ექსკურსიას შევუდექით.
mg-3
▲ რა იცოდა სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვინმე Axel Void-მა, რომ მისი ქმნილება იყო პირველი, რასაც ქართველ-იტალიელთა ტურისტების ჯგუფი მის არამშობლიურ მალაგაში გადაეყრებოდა. თუმცა, ჩვენი ყურადღება გვერდზე ქუჩიდან გაგონილმა დასარტყამი ინსტრუმენტების ხმაურმა მიიპყრო და როდესაც იქეთკენ გადავინაცვლეთ, თეთრებში ჩაცმულ უცნაურ ადამიანთა ერთობას გადავეყარეთ და წამიერად ვინანეთ ჩვენი ეს გადაწყვეტილება. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს არა კუ-კლუკს-კლანელები, არამედ გადაცმული ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც აღდგომის კვირეულს ასე აღნიშნავდნენ. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, გაცლა ვამჯობინეთ.
mg-4
▲ ქალაქის ისტორიული ნაწილი, საბედნიეროდ, რელიგიური მსვლელობებისგან თავისუფალი და საინტერესო აღმოჩნდა. გავისეირნეთ მთავარ მოედანზე – Plaza de la Merced-ზე, სადაც თურმე პიკასო თამაშობდა ბავშვობაში. გარედან შევათვალიერეთ საკათედრო ტაძარი, რომელსაც, მართალია, ერთი კოშკურა აკლია დაფინანსების ნაკლებობის გამო, მაგრამ ისედაც არაუშავდა. გადავეყარეთ ქართველ ქალებს, რომლებიც, ჩვენი დასკვნით, იქ მუშაობდნენ მომვლელად. ვნახეთ, ანტიკური რომაული თეატრი, რომელსაც 1954 წლამდე პატრონი არ ყავდა. ოდესღაც გაბატონებულმა მუსლიმებმა კი მისი ნაწილები ალკაზაბას ციხე-სიმაგრისთვის საშენ მასალად გამოიყენეს, რომელიც ახლა ზემოდან გადმოყურებს მას და ქალაქს.
mg-5
▲ როგორც კი აღმოვაჩინეთ მთა, მასზე გიბრალფაროს ციხის მხრიდან აბობღვა გადავწყვიტეთ, რომელიც წინა ფოტოზე გამოსახული ციხესიმაგრის გვერდით მდებარეობს და თითქმის ერთ კომპლექსს წარმოადგენს. თბილისური გამოცდილებიდან გამომდინარე, გაცნობიერებული გვქონდა, რომ სიმაღლიდან ხედი საუკეთესო ხედია. და თუ ვინმე ოდესმე მოხვდებით მალაგაში და დაგეგმილი არაფერი გექნებათ, აქ უსასრულო კიბეებით აუცილებლად უნდა ამოძვრეთ. სანაცვლოდ კი პორტზე, კორიდას არენაზე თუ ქალაქის სხვა ნაწილებზე საღიაბარათე ხედებს მიიღებთ.
mg-6
▲ როგორც სურათებიდან ჩანს, ესპანურ სამზარეულოსთან ექსპერიმენტები არ დაგვიწყია. სადილი “მაკდონალდსში” გვქონდა, დესერტად – “დანკინ დონატსის” ნაწარმი. ყველაფერთან ერთად, მალაგაში ჩემი მონატრებული ვანილის კოკა-კოლა აღმოვაჩინე, რომელიც არ ვიცი, ზოგადად, მთელი ესპანეთის მასშტაბით თუ იყიდება, მაგრამ პატარა მაღაზია Taste of America-ში ზუსტად არის. რეკლამას არ ვაკეთებ :)
mg-7
▲ სიმაღლეების დაპყრობისგან დაღლილ-დაქანცულებმა და ამერიკული ნაგვით დანაყრებულებმა, შებინდებისას, სასტუმროს მივაშურეთ. სურათზე მარცხნივ, ჩვენი ნომრის ფანჯრიდან ხედია, რომელზეც აშკარად ჩანს, რომ ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობდა. თუმცა, ხალხის ხმაურს მალევე შევეჩვიეთ და ჩაგვეძინა. რა ვიცოდით, რომ სააღდგომო მსვლელობა ქალაქის ყველა ქუჩის შემოვლას ითვალისწინებდა. ღამის 3 საათზე მალაგურმა ეგზოტიკამ – დოლების ბრაგუნმა და სასტუმროს კედლების ზანზარმა გაგვაღვიძა. არ მინდა არავის გრძნობები შეურაცხვყო, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: არ გირჩევთ მალაგაში მოგზაურობას სააღდგომო კვირეულის დროს.

Advertisements

7 thoughts on “სურათებში: გასეირნება მალაგაში

  1. მალაგა სიზმარივით მახსოვს, ბავშვობაში წიგნი მქონდა, აზიის ქალაქების ფოტოებით გაფორმებული და იქ რომ ფოტოები იყო, იმას გავდა მალაგა:)) როგორ მინდა კიდევ..

    • ეჰ, რატო იყო ალკაზაბას ციხე დაკეტილი. აზიურ არა, მაგრამ შუა აღმოსავლურ მოტივებს ნახავდი :))) ჰოდა, წადი კიდევ და ნახე! :)

  2. ვანილის, ლიმნის, ალუბლის და კიდე ათასგვარ კოკა-კოლას პარიჟში ნახავ, არც მეგონა ამდენნაერი გემოვნების თუკი არსებობს ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s