სურათებში: კიევი 2013

არ ვიცი, რომელმა ჭკვიანმა დააწესა საქართველოში რომელიღაც უცხო ქვეყნის საკონსულოს არარსებობის შემთხვევაში, ვიზების კიევში აღების აუცილებლობა; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინასა და დედა-საქართველოს შორის აღარ არსებობს სახმელეთო მიმოსვლა, საზღვაო – გაუგებარია, თბილისიდან საჰაერო საშუალებებით მგზავრობა კი, ზოგჯერ, ამსტერდამის ბილეთზე ძვირი ღირს. ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები – ერევანი, ბაქო და სტამბულ-ანკარაც კი ხომ ასე ახლოსაა. იქაც ხომაა იგივე ქვეყნების საელჩოები და ვიზიტის იქ დაგეგმვა ბევრ შემზადებას არ საჭიროებს და არც ფინანსურ გარღვევებს იწვევს.

მაგრამ არა. ქართველი ერი არ დაბადებულა კომფორტისთვის და უკრაინაში ჩასვლა, ნოემბრის გამოცდილების შემდეგ, ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად, მესამედ მომიწია. თუმცა, ამჯერად, გაგასთან ერთად, რადგან საზამთრო მოგზაურობის პერიოდში სკაიპით ურთიერთობისას, მაროკოში სპონტანური ვოიაჟი დაიგეგმა. საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მაროკოს სამეფოს საელჩო კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიევში მდებარეობდა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე, ქალაქის აეროპორტს მიღმა, ქალაქის გაცნობის და მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობა მომეცა. კიევური შთაბეჭდილებების რეანიმირებას კი, სურათების საშუალებით შევეცდები.

kiev-1
▲ გაგვიმართლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე გახსნილი იყო და კიევამდე ბილეთიც ჩვენი ადგილობრივი გაგებით – სულ რაღაც – 48 ევრო [551 გრივნა] ღირდა, Wizz Air-ის დამსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ცარიელ აეროპორტში მობილურის დამტენის შესაერთებელი ადგილი ვერ ვიპოვე, საინფორმაციო დახლი გულისხმიერი აღმოჩნდა და ჩემი მაშინდელი iPhone-ი მწყობრში მომაყვანინა. თუმცა, უცხო ადამიანების სიკეთით გამოწვეული ეიფორია მალევე მორჩა და უკვე კიევის ჟულიანის აეროპორტში, დაკითხვების და უაზრო ჩაძიებების წყალობით, ჩვენი მოძმე ერის სტუმარ-მასპინძლობის და საქართველოს პასპორტის რაობის ხაზგასმა არაორაზროვნად მოხდა; თითქოს თვითმფრინავში ჩვენს უკან მჯდომი მგზავრის სატელეფონო რეპლიკა – “გოგო, იცი სად ვარ? სამალიოტში!” და ბორტგამცილებლების კივილი სკამებიდან დროზეადრე წამომხტარი მგზავრების ადგილზე შესაკავებლად საკმარისად დამთრგუნველი არ ყოფილიყო. მაგრამ ეს ფრენაზე დემოკრატიული ფასების თანმდევი მოვლენების ბრალია.
kiev-2
▲ ეს ხატი გაგამ ძღვენის სახით, ჩემთვის უცნობი, მოძმე-ქრისტიანი მამაკაცისგან მიიღო, რომელიც მას სასტუმროში შემოსვლისთანავე დაუმეგობრდა და სანამ მე ჩვენს ბარგს ნომერში თავ-თავის ადგილს ვუჩენდი, გაგუნამ და თავისმა ახალმა მეგობარმა შუაღამის კიევში გასეირნებაც მოასწრეს. ღამის პრომენადის შემდეგ, გაგამ საბჭოთა კაპიკებიც მოათრია: ერთი თავის დაბადების წელს გამოშვებული, ერთიც – ჩემთან მიახლოებული. როგორც ჩანს, მისი მეგობარი ჩვენმა ინგლისურმა დააბნია და ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რომ “ჯორჯია” საქართველოა.

თოვლის და ყინვის მიუხედავად, კიევი სავსე იყო კატებით. მათი თბილისელი და-ძმებისგან განსხვავებით, ისინი გამძღრები და ბედნიერები ჩანდნენ, ან უბრალოდ, მათი გაბარიტების და მოუქნელობის გამო ვიფიქრე ასე. კატებისგან განსხვავებით, კიეველი ბაბუშკები ჩვენი ბებიებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ, რითაც გარშემო მშობლიურ გარემოს გვიქმნიდნენ.
kiev-3
▲ მართალია, ამ სურათებში ახლობელი მხოლოდ ქართლის დედის კიეველი დაქალია, თუმცა სხვა დანარჩენიც ჩვენი ქვეყნის არც ისე შორეულ წარსულს გახსენებს. ნუ, რატომ მოვიტყუო და ეზოში გაჩერებული ტანკი თუ ზოია კოსმოდემიანსკაიას ძეგლი მე ჩვენთან არ მინახავს, მაგრამ საბჭოთა ვარსკვლავებთან და განსაკუთრებით კი, “მოსახევ” ბილეთებთან ერთობაში, უნებლიედ, უდარდელი ბავშვობა გამახსენეს, პროლეტარიზმის ფენომენზე ჩემი დამოკიდებულებების მიუხედავად.
kiev-4
▲ მაგრამ ის, რაც ჩვენთვის უჩვეულო კიევური მარტის ცივ დღეებში სამშობლოსთან სიახლოვეს წამიერად, მაგრამ განსაკუთრებით გვაგრძნობინებდა, ფერად აფიშებზე ჩვენი ეროვნული გამრთობების (entertainer ხომ ასე ითარგმნება?) სახელების ამოკითხვა იყო. სულ რომ არაფერი ვთქვათ შოთა რუსთაველის ქუჩაზე და მისივე სახელობის სკვერზე. იქ მდგარი რუსთველის მონუმენტი ჩვენი ფანტაზიამოკლებული ვაკის შევჩენკოსგან, კრეატიულობის მხრივ, არსებითად განსხვავდებოდა.
kiev-5
▲ მასიურ და აგრესიულ საბჭოთა გადმონაშთებთან, პარალელურად კიევში უპრეტენზიო და საყვარელი ხის ქანდაკებები თანაარსებობენ, რომლებიც ისეთ მოულოდნელ ადგილებში მდებარეობენ, რომ თუკი საგანგებოდ არ ეძებეთ, შეიძლება შეუმჩნეველიც კი დაგრჩეთ. განსაკუთრებით თოვლში, როდესაც ისინი თითქმის მთლიანად ერწყმიან ფონს. “თეთრი ყვავები”, “ბურატინო”, “ბალერინა”, “ვირუკა” და “ზღარბი ნისლში” მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ათობით უჩვეულო ქანდაკების, რომლებიც უკრაინის დედაქალაქის გარშემოა მიმოფანტული.
kiev-6
▲ როგორც აღმოჩნდა, უკრაინელი არტისტები არც ტრადიციულ მეტალთან მუშაობისას უჩივიან ფანტაზიას და თავიანთი შემოქმედებით – “პატარა სკამები სკამზე”, “პატარა სკამი ველოსიპედზე”, “შეყვარებული ფანრები” და “ყავის საფქვავი” – ქართველებისთვის არც თუ ისე უჩვეულო საბჭოთა არქიტექტურას შეძლებისდაგვარად სიცოცხლეს მატებენ – როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს.
kiev-7
▲ ეს “კლასიკური ბებია”, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით, ყველა ბებიის კრებითი სახე უნდა ყოფილიყო, მე, პირადად, ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა, თუმცა არც ხეებს შორის დამალული პლასტმასის ჩანგლებისგან შექმნილი კნუტი თუ განცალკევებით მდგარი “პატარა უფლისწული” იყო ნაკლებად საყვარელი. “სკამები-გრაფიკები”, რომლითაც ავტორს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის ჩვენება უნდოდა და სძენდა, რომ ცხოვრება დოლარის კურსითა და სხვა მატერიალური ფასეულობებით არ შემოიფარგლება, ჩანაფიქრში ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ეს მას რეალობაში გამოუვიდა.
kiev-8
▲ ჩემი სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი სამზარეულოების მიმართ შიშის გადალახვას კიევში რამდენიმე დღე დაჭირდა. დასაწყისისთვის, უნივერსალური “მაკდონალდსი” მოვსინჯეთ, მოგვიანებით ჩინურ რესტორანში ვიყავით.. რაციონში უკრაინული მოტივები კი ღვეზელისა და საზიზღარი უალკოჰოლო კრიუშონით შემოვაპარეთ, რომელიც ჩანაფიქრში, ჩვენი ხილის „ლიმონათების“ ანალოგი უნდა ყოფილიყო. უკრაინული ექსპერიმენტების საღამო კი საბჭოეთში სახელგანთქმული კიევური ტორტით დავასრულეთ, რომელიც იმდენად მსუყე იყო, რომ ბოლო დღესაც მოგვრჩა და გადავაგდეთ. უკრაინულ სასადილოში შებიჯების შიში, როგორც იქნა, ბოლოს წინა დღეს დავძლიეთ, როცა გამახსენდა, რომ კიევური კატლეტი, ბორშჩი თუ პელმენები იქაური კულტურის ნაწილი იყო. იმ დღეს ნაჭამი ალუბლიანი ვარენიკების გემო ახლაც მახსოვს, მაგრამ რად გინდა, ბოლო დღე იყო და ვეღარ გავიმეორეთ.
kiev-9
▲ თანამედროვე ხელოვნებით თუ უკრაინული სამზარეულოთი გამოწვეულ გაბრუებას მალევე მოეღო ბოლო, როდესაც ჯერ იყო და აეროპორტის შესასვლელის წინ მოწევის მომიზეზებით, მილიციელმა დამაკავა და შემდეგ 100-გრივნიანი ქრთამის სანაცვლოდ გამიშვა (ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი მიცემული ქრთამი იყო! yes!). შემდეგ კი, ჩვენი 10:40-იანი რეისი მილანის მიმართულებით, ჯერ 13:40-ზე, შემდეგ 15:40-ისთვის, საბოლოოდ კი – 16:10-სთვის გადაიდო. როგორც ჩემმა მეგობარმა – მერაბმა მითხრა, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისგან სხვა რას მოელოდიო. პრინციპში, არც არაფერს, მით უმეტეს, ჩემი წინა გამოცდილებების შემდეგ.
kiev-10
▲ მარჯვენა ზედა სურათზე გამოსახულია კიევის ბორისპოლის აეროპორტი დილის 10 საათის მდგომარეობით, ანუ როდესაც უნდა გავფრენილიყავით. თუმცა, სანამ ჩვენს თვითმფრინავს შასიზე რეზინას თუ რაღაც მსგავსს უცვლიდნენ, ისე მოთოვა, რომ ბოლოსკენ მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ხერხდებოდა გაფრენა. ავიაკომპანიის თანამშრომლებზე ვერც ტემპერამენტიანი იტალიელი კაცების კივილ-წივილმა იმოქმედა, რომლებიც საჭირო დროს, ქართველ ქალებზე უარესები აღმოჩნდნენ. თუმცა, ალბათ, მათი წყალობით, 5 საათიანი დაგვიანების სანაცვლოდ, წასახემსი და სადილი დავიმსახურეთ, თორემ რატომღაც ეჭვი მაქვს, თბილისის რეისის შემთხვევაში, ეგეც არ იქნებოდა. მადლობა იტალიელებს :)

..და ყველაფერთან ერთად, ჩვენი თვითმფრინავში ჩასხდომის ამსახველი ვიდეომასალაც ვიპოვე:

Advertisements

5 thoughts on “სურათებში: კიევი 2013

  1. ჯერ ერთი, ჩემ “ვიკიფიცირებას” და მერე ოფიციალურ დათაგვას რა ხეირი აქვს? ))) მეორე, უკრაინულ სამზარეულოს კაცი მოერიდოს… ай, ай, ай… Це ж майже як домашній для нас з тобою!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s