MTVმუარები

…როცა 2002 წლის ნოემბერში, 17 წლის ასაკში, ბარსელონას მთავარ /ან ყველაზე პოპულარულ/ ქუჩაზე – რამბლასზე ჩემს მანამდე-ცოცხლად-არასოდეს-ნანახ ინტერნეტ-მეგობრების არმიას ვხდებოდი და ჩემს წინ “ნირვანას” გადაჯიშებულმა დრამერმა – დევიდ გროლმა თავის გელფრენდთან ერთად, ამჯერად “ფუ ფაიტერსის” ვოკალისტის ამპლუაში ჩაიარა, რატომღაც დიდი ყურადღება არ მივაქციე. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, რამდენიმე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული: უპირველეს ყოვლისა, ვაღიარებ, რომ არასოდეს მყვარებია ან/და მომწონებია “ფუ ფაიტერსი”, მეორე – თავიდან ვერ გავაცნობიერე რომ (ჩემს წარმოსახვაში) ამხელა მასშტაბის არტისტს ასე უბრალოდ, ქუჩაში, გოგოსთან ხელჩაკიდებულს ვნახავდი და მესამე – წინ “2002 წლის ემ-ტი-ვი ევროპის მუსიკალური დაჯილდოება” მელოდა, რომელზეც ჩემს ახალ მეგობრებთან ერთად, მადონას ნახვას ვაპირებდით; და შესაბამისად, არაფერი სხვა ამქვეყნად, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, არ მაინტერესებდა…

ამ ღონისძიებაზე მოსახვედრ ბილეთს რაც შეეხება, ის საკმაოდ უცნაურ გარემოებში, თბილისიდან ტელეფონით შევუკვეთე. უცნაური ამ ყველაფერში კი ის იყო, რომ არასოდეს მანამდე და სხვათა შორის, არ შემდეგაც, MTV-ს თავისი დაჯილდოების პოპულარიზაციის კამპანიების დროს, სატელეფონო ნომრები არ გამოუქვეყნებია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლებოდა ჩაძიება და ამ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დასასწრები ბილეთების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, თუმცა იმ დროს, ჩემი ამ ცერემონიალზე დასწრების გადაწყვეტილება სპონტანურად, სწორედ ეკრანზე გამოჩენილი ნომრის წყალობით მივიღე, რადგან, რატომღაც ამ ნომერმა მაგრძნობინა, რომ არაფერი არაა შეუძლებელი და მეც, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ რიგით მოკვდავს, შემეძლო ბილეთის ყიდვა…

მრავალტანჯული ბილეთი

მრავალტანჯული ბილეთი

პირველი ზარის შემდეგ, რომლის დროსაც შევიტყვე თუ რა იყო აუცილებელი ამ პროცედურის დისტანციურად გასავლელად, ოპერატორი-გოგონას თხოვნისამებრ, მოქმედი საკრედიტო ბარათის და საკუთარი პასპორტის ნომრის ძებნა დავიწყე… და მალევე მივაღწიე წარმატებას.

50 ევრო, ანუ ბილეთის ღირებულება, რომელიც იმ დროს, სამშობლოში 100 ეროვნულ ლარზე მეტს უდრიდა და რომელსაც საქართველოში არანაირ ვითარებაში, არცერთ საკონცერტო წარმოდგენაში არ გადავიხდიდი, თუნდაც ეს დასავლეთის რომელიმე მორიგი სახელოვანი ექსპორტი ყოფილიყო, ჩემი თინეიჯერობისდროინდელი ოცნების განსახორციელებლად, მაშინ არასერიოზულობის საკმაო დოზით მოვეკიდე; რამეთუ, 50 ევროპული დოლარი მართლაც არ იყო ისეთი დიდი ფული იმისთვის, რომ ცოცხლად მენახა ყველა და ყველაფერი ის, რასაც წლების მანძილზე მხოლოდ ტელევიზორის ცისფერი ეკრანიდან ვადევნებდი თვალ-ყურს და გარკვეულ მიუწვდომელ ეგზოტიკად მიმაჩნდა.

როგორც არ უნდა იყოს, საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ბარსელონაში ჩემი იმდროინდელი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან – გერმანიიდან ჩავაღწიე, რაც მთლიან ჯამში, უკან დასაბრუნებელი ბილეთითურთ, 100 ევრო დამიჯდა. ჰოსტელი კი, რომელშიც მხოლოდ ორი ღამე უნდა გავჩერებულიყავი და ისიც, ქალაქის ცენტრში – ზემოხსენებულ რამბლასზე მდებარეობდა, დღეში 15 ევრო ღირდა (ან შეიძლება – ნაკლებიც).

ქალაქის აეროპორტში ჩასულმა, პირველად განვიცადე ის შეგრძნება, რომელიც მანამდე ჩემთვის უცხო იყო და რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობ და შეუსწავლელ ადგილას ამოვყავი თავი, სადაც ცხოვრებაში პირველად, არავინ მხვდებოდა და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს ვიყავი მიბარებული. ინგლისური ენის ცოდნით აღჭურვილმა, თამამად გადავდგი პირველი ნაბიჯები ესპანეთის მიწაზე, თუმცა რამდენიმე წუთში, ნებსით თუ უნებლიედ, მიმახვედრეს, რომ საერთაშორისო ენა, რომელსაც ჩემს წარმოდგენაში, ყველგან უნდა გაეჭრა, აქ არაფერში დამეხმარებოდა და ჩემთვის ახალი, მანამდე უცხო, თუმცა უნივერსალური – ჟესტების ენა აღმოვაჩინე. ხელების სხვადასხვა მხარეს ქნევის ეს საშუალება კი, თავის მხრივ, სასტუმრომდე გზის ერთადერთ გამკვლევად იქცა. იქ მისულმა კი ჩემს მეგობრებს დავუთქვი შეხვედრა, რომლის შემდეგაც, ბარსელონაში გადაადგილებისას, პრობლემები აღარ შემქნია და პირვანდელი პანიკაც დავიწყებას მიეცა…

დაჯილდოების რიგში

დაჯილდოების რიგში

2002 წლის 14 ნოებერს, ანუ ჩასვლიდან მეორე დღეს, დილის 11 საათზე მე და ჩემი ახლადშექმნილი მეგობრები ემ-ტი-ვის დაჯილდოების რიგში ჩავდექით, რომელიც იმავე საღამოს, 8 საათზე უნდა დაწყებულიყო. მანამ, სანამ მეგობრების ნაწილი ამ რიგში ჩვენს გამოსაკვებად აუცილებელი პროდუქტების საყიდლად წავიდნენ, მე ერთ-ერთ მათგანთან ერთად, ჩემი ბილეთის მოსაპოვებლად სალაროებისკენ დავიწყე მოძრაობა, სადაც ჩემი პასპორტის და შესაბამისად, მისი ნომრის, გადამოწმების შემდეგ, საბოოლოდ მომეცა იმის საშულება, რომ ბარსელონას “პალაუ სანტ ჯორდისთან” ხელში დამეკავა ის, რაც რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ტელევიზორის წინ ჩუსტებში გამოწყობილმა, ტელეფონის ყურმილით ხელში შევუკვეთე…

რიგში დაბრუნებულმა, მადონას შესახებ დავიწყეთ საუბარი, რომელიც, ჩვენი ბარსელონაში ერთად შეკრების მიზეზი გახდა. ოფიციალურად, მადონას ამ დაჯილდოებაზე არანაირი გამოსვლა არ იგეგმებოდა, თუმცა ბევრ ფან-საიტზე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მომღერალი “საიდუმლო სტუმრის” ამპლუაში წარსდგება მსმენელის წინაშე. როგორც არ უნდა იყოს, ყოველ ჩვენთაგანს გულის სიღრმეში სწამდა, რომ ეს უკანასკნელი ინფორმაცია მართლაც შეესაბამებოდა სიმართლეს… თუმცა, ეს რწმენა დიდხანს არ გაგრძელდა…

საუბრით და ლოდინით დაღლილმა, აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება და შორი-ახლოს რუსეთის ემ-ტი-ვის ვიჯეი – ალექსანდრ ანატოლიევიჩი შევნიშნე, რომელიც სავარაუდოდ, დაჯილდოების შესახებ თავის სთენდ აპს წერდა. საერთოდ, როდესაც საკუთარ სიმართლეში ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი, აუცილებელია შენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმო, მაგრამ როცა საქმე რწმენას ეხება… ეს უკანასკნელი პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც არ უნდა იყოს, მოვიკრიბე ძალა, მივუახლოვდი წამყვანს და თავაზიანად დავეკითხე იმის შესახებ, ქონდა თუ არა რაიმე ინფორმაცია მადონას გამოსვლის შესახებ, რაზეც ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიპასუხა: “Нет. Мадонны здесь не будет!”. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავის ვუთხარი და ალექსანდრე მეგობრების წინაშე უცოდინარობაში და არაკომპეტენტურობაში დავადანაშაულე.

იურენა, მე, ანა, მიგელი და მიგელი

იურენა, მე, ანა, მიგელი და მიგელი

ასეა თუ ისეა, აუცილებელ საჭმელთან ერთად, დაბრუნებულმა ესპანელმა მეგობრებმა თან ყვითელი ბუშტებიც მოიტანეს, თუმცა მათი ფუნქცია ბოლო მომენტამდე ჩემთვის გაუგებარი იყო. ვერაფრით წარმოვიდგინე, რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს მრავალათასკაციან დარბაზში ყვითელი ბუშტის ქნევა, რომელიც შესაძლოა საერთოდ დაიკარგოს ხალხის ამხელა მასაში და თანაც, მისი სიმბოლური დატვირთვა იმ კონკრეტულ ღონისძიებაზე საკამოდ ბუნდოვანი იყო. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მას შემდეგ, რაც მთავარი ჭიშკარი გაიხსნა და სირბილით თუ ერთმანეთზე გადაბიჯებით, დარბაზში შეღწევა საბოლოოდ მოვახერხეთ, ამ ყვითელი ბუშტის ქნევის საპასუხისმგებლო ფუნქცია, რატომღაც მე მხვდა წილად… იურენამ (ასე ქვია ერთ-ერთ მეგობარს) კი, ჩემი ფოტოაპარატი აითვისა… რომელშიც სათადარიგო ფირი შავ-თეთრი აღმოჩნდა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ამ ყველაფრის დაწერა კი ჩემმა ინტერნეტში ბორიალმა გადამაწყვეტინა და რამდენიმე წუთის წინ ნაპოვნმა ვიდეომ, სადაც დაჯილდოების “ქუდის” შემდეგ, გამხსნელ კადრში, პირველი რაც დარბაზში ჩანს სწორედ ის ყვითელი ბუშტია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იყო. პრინციპში, მისი ნახვა და შესაბამისად, იმის გამოცნობა, ვისაც ეს ყვითელი ბუშტი უკავია ანუ “ჩემი”, თავადაც შეგიძლიათ ამ ვიდეოში:

Advertisements

6 thoughts on “MTVმუარები

  1. :)))
    ბუშტი რომ არა, ვაFშე არც გამოჩნდებოდი.
    ტაკ შტო მადლობა მიგელებს და იურენას )))
    და Онотоле-ს კიდე.
    ისე 50 ევრო რაამბავია O_o

  2. ასე დაწვრილებით არ ვიცოდი, რა მაგარიაა და თან კარგად დაწერილი. ზღაპარივითაა <3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s